დავით ფერაძე: კატეგორიულად ვითხოვ გამოძიების დაწყებას თამარ სანიკიძის წინააღმდეგ!

დავით ფერაძე: კატეგორიულად ვითხოვ გამოძიების დაწყებას თამარ სანიკიძის წინააღმდეგ!

საქართველოს მთავარ პროკურორს

ირაკლი შოთაძეს

 

ასლები:

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციას  

(Human Rights Watch)  

დიპლომატიურ კორპუსს



პირდაპირ და ღიად ვდებ ბრალს განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელ მინისტრს თამარ სანიკიძეს ჩემს დევნაში, დისკრიმინაციაში, ჯანმრთელობის ხელ-ყოფასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში, მიყურადებაში, ჩემი ოჯახის წევრების საარსებო შემოსავლის გარეშე დატოვებაში და ამით მთლიანი ოჯახისთვის ფიზიკური განადგურების საშიშროების, მათ შორის ჩემი მცირეწლოვანი შვილების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში!

 

ასევე ბრალს ვდებ თამარ სანიკიძეს  თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებზე ძალადობის ორგანიზებასა და წაქეზებაში, მათ დაშანატაჟებაში, შეურაცხყოფაში, ჩემი ნათესავების იძულებაში - გადასულიყვნენ სხვა სკოლაში სასწავლებლად.

 

თამარ სანიკიძის მიერ ამ დანაშაულებრივი კამპანიის დაგეგმვა და აღსრულება  გამოწვეულია ჩემ მიერ გამოხატვის, აზრისა და სიტყვის ფუნდამენტური უფლების კანონიერად სარგებლობის, სანიკიძისა და მისი გარემოცვის ნეპოტიზმში, კორუფციასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო თუ ამორალურ დარღვევებში მხილების გამო.

 

აქედან გამომდინარე, კატეგრიულად მოვითხოვ, რომ დაიწყოს გამოძიება:

1.დაიკითხონ  და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისმგებლობა დაეკისროთ  თამარ სანიკიძეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, (როგორც ხსენებულ დანაშაულების ორგანიზატორსა და დამგეგმავს); 

2.ალექსანდრე ონოფრიშვილს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, როგორც სანიკიძის დანაშაულებრივი განკარგულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს; 

3.ნანა ღაჭავას - თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, როგორც დანაშაულებრივი განკარგულების უშუალო შემსრულებელსა და მონაწილეს.

 

ასევე მოვითხოვ, დაიკითხონ ის პირები (დაახლოებით ოთხი პედაგოგი და ორი მშობელი), რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ნანა ღაჭავას ფსიქოლოგიურმა თუ სიტყვიერმა ძალადობა-შანტაჟმა აიძულა გამხდარიყვნენ ხსენებულ დანაშაულობათა თანამონაწლენი და დაეწერათ ჩემი საწინააღმდეგო ცრუ წერილები, ან ემოქმედათ ჩემ წინააღმდეგ. აღნიშნულ პირებს დავასახელებ ჩვენების ჩამორთმევის დროს. 

 

გამოძიების დაწყების დროს დავასახელებ ასევე  ფაქტებს, რომლის საფუძველზეც ვაყენებ თამარ სანიკიძისა და სხვა პირების ბრალეულობის საკითხს.

 

დანაშაულებრივ ქმედებები  ხორციელდებოდა 116-ე საჯარო სკოლაში ჩემი მასწავლებლად მუშაობის დროს, გათავისუფლების პროცესში და ამჟამადაც.  პოლიტიკური დევნის მასშტაბებმა სასამართლო შტომდეც მიაღწია. 

 

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამსახურიდან ჩემი უკანონო გათავისუფლების საქმის განხილვა თამარ სანიკიძის ჩარევით დაეკისრა მოსამართლეს, რომელიც მოპასუხე მხარის ინტერესს იცავს. 

 

ესაა სახელმწიფოს ბრძოლა ერთი კონკრეტული ადამიანის, ერთი პედაგოგისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.  ბიუროკრატიის თავდასხმებით მე და ჩემ ოჯახი ვიმყოფებით ურთულეს სიტუციაში და  ქვეყნის იძულებით დატოვების აუცილებლობის წინაშე.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვითხოვ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას.

 

პატივისცემით 

დავით ფერაძე,

პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

01.03.2016 წ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: