საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი ბიძინა ივანიშვილს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი ბიძინა ივანიშვილს

საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან მიერ 22 ნოემბერს ჟურნალისტენთან სეხვედრისას გააკეთა. პრემიერის განცხადება ამჟამად მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ბაზაზე „ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესაძლო ჩამოყალიბებას ეხებოდა.


„ივერიონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა წინადადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის,  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის „მე-9 არხის“ სავარაუდო შერწყმის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია რამდენიმე სამართლებრივი გარემოება:


პირველ რიგში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის, მე-15 მუხლის შესაბამისად: „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას“.


პრემიერის განცხადებების ის ნაწილი, რომელიც მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებებს შეეხებოდა, ისევე როგორც შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ალტერნატიული საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონის დამფუძნებელ  და სხვა (16,18) მუხლებთან. შესაბამისად, პრემიერის წინადადებიდან სამართლებრივი თვალსაზრისით განხილვას შეიძლება ექვემდებარებოდეს მხოლოდ ორი შემოთავაზება. კერძოდ:


1. ,,მე-9 არხის“ მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გადაცემა - მოქმედი კანონმდებლობით „მე-9 არხისგან“ შემოსულ, შესაბამისი აუდიტორული დასკვნებით გამაგრებულ ასეთ შემოთავაზებას იხილავს მაუწყებლის გენერალური დირექტორი. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 30, ე)პუნქტის თანახმად, თუ შეთანხმების (გარიგების) ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს (სავარაუდოდ „მე-9 არხის“ აქტივების ღირებულება გადააჭარბებს მითითებულ ციფრს) საბოლოო გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო იღებს.


2. „მე-9 არხის“ ადამიანური რესურსის (ან მისი ნაწილის) საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმება -  მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 32, 4 პუნქტის თანახმად, გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს და წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, შესაბამისად მხოლოდ მის უფლებამოსილებაშია თანამშრომელთა დაქირავება.


ნებისმიერ სხვა ასპექტში საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალზე აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი, ან ირიბი ზეწოლა და მმართველი კოალიციისა და მისი ლიდერების პოლიტიკური სურვილებისა და ინტერესების საკანონმდებლო ლეგალიზაცია. ორივე ეს შემთხვევა თანაბრად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: