ვის გაუმართლა ფორტუნამ - მალე მკითხველი „ემიგრანტის წერილი 2016“-ს მიიღებს

ვის გაუმართლა ფორტუნამ - მალე მკითხველი „ემიგრანტის წერილი 2016“-ს მიიღებს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია - „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანება“ და საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მოქმედი „ქართული სალონი“ წელს მეორედ ატარებს საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსს - "ემიგრანტის წერილი".

 

ლიტერატურული კონკურსის მიზანია: ხელი შუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართულენოვანი ნიჭიერი ავტორების გამოვლენას, მათ წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

 

კონკურსის ძირითადი ამოცანაა: საზღვარგარეთ მცხოვრებ ავტორთა ნაწარმოებების მოძიება-შეკრება და მათი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრება, ქართულ ენაზე შექმნილი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა ქართველი მკითხველისთვის, მათი ბეჭდური და ელექტრონული წიგნების სახით გამოცემა და გავრცელება. 

 

კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც უცხოეთში, ისე, საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

 

კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსოდ წარდგენილმა ნაწარმოებმა მხატვრული ფორმით  უნდა ასახოს ქართული ემიგრაციის ყოფა და მისი სირთულეები, ემიგრანტთა სულიერი ღირებულებები და მისწრაფებები, უცხო ქვეყანაში ადაპტირების საკითხები, პრობლემათა გადალახვის გზები, წარმატებების მიღწევის, თვითდამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის პროცესები.

 

„ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანებამ“ და საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მოქმედმა „ქართულმა სალონმა“ კონკურსი - "ემიგრანტის წერილი 2016" გასული წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. განისაზღვრა ორი ნომინაცია: პოეზია და პროზა.

 

ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა დასრულდა 2016 წლის 30 იანვარს. სულ შემოსულია 80 განაცხადი, მათ შორის - 40 პროზის, ხოლო 40 - პოეზიის ნომინაციაში.

 

საკონკურსოდ წარმოდგენილი ლიტერატურული ნაწარმოებების შეფასებას ახორციელებს ჟიური, რომელიც თითოეულ ნომინაციაში გამოავლენს სამ-სამ გამარჯვებულს (I, II და III ადგილები) ცალკე ემიგრაციიდან და ცალკე საქართველოდან.

 

ამ მომენტისთვის დასრულებულია კონკურსის ფინალისტთა გამოვლენა და მიმდინარეობს პრიზიორების გამოვლენის პროცესი.

 

საბოლოო შედეგები 15 მაისს გამოცხადდება, ხოლო ფინალისტთა და პრიზიორების დაჯილდოება დაგეგმილია ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში (27-28 მაისი).

 

გამოიცემა ლიტერატურული კრებული - “ემიგრანტის წერილი 2016”, რომელშიც შევა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებები. 

 

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“, ჟურნალი „ცისკარი“, კომპანია „ჩვენი ტური“ და „Georgia-Israel“ დიზაინერ მეწარმეთა ასოციაცია.

 

წელს პირველად დაწესდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის პირველი პრიზი „არჩიბალდ მეკეში,“ რომელიც კონკურსში გამარჯვებულ პირველი ადგილის მფლობელებს გადაეცემათ როგორც პროზაში, ასევე პოეზიაში. ასევე  გაიცემა სხვადასხვა პრიზებიც.

 

ასევე, წელს პირველად გამოცხადდა ელექტრონული კონკურსი „მკითხველის პრიზი“. ყველა ნაწარმოების გაცნობის საშუალება ექნება ჩვენი ელექტრონული სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მომხმარებელს კონკურსის გვერდზე და ნებისმიერ კერძო პირს თუ „ორგანიზაციას“ შეუძლია, ამოირჩიოს მისთვის მოსაწონი ნაწარმოები და დააჯილდოვოს მისი ავტორი საკუთარი პრიზით, რაც ფრიად გაახარებს ჩვენს ფინალისტებს. განსაკუთრებით კი ემიგრანტ ავტორებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: