Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
16-06-2016, 14:50
ნანახია: 1513

რუსეთის ანექსიის მოლოდინში თუ ხაჩიშვილ-ბედუკაძის წინასაარჩევნო ხუმრობები!

საქართველოში პოლიტიკური ვაკხანალია პიკს აღწევს - საზოგადოების კიდევ უფრო დაქსაქსვისა და დაზომბირების მიზნით წამდაუწუმ ჩნდებიან სხვადასხვა ჯურისა და იდეოლოგიის (თუმცა, რა იდეოლოგია, რის იდეოლოგია!) პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავიანთი ოდიოზური ლიდერების წყალობით საბოლოოდ აფარჩაკებენ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის იდეას!

 

როგორც იქნა, გვეშველა - ახალგამოჩეკილი „ცენტრისტების“ ძალისხმევით (რომელსაც, როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე) მალე ქართველი პენსიონრები 400 ლარიან რუსულ პენსიას მიიღებენ, 2017 წლის ბოლომდე აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) საქართველოს დაუბრუნდება, საქართველო რუსეთთან ერთად შექმნის ახალ ერთიან „იმპერიას“, საბოლოოდ დავიწყებას მიეცემა „NATO“-„NATO“ს ძახილი და არც ევროკავშირის კარებთან ვიქნებით ატუზული უიმედო წყალობის მოლოდინში...

 

რა არის ამისთვის საჭირო?

 

ბევრი არაფერი - მხოლოდ უნდა ვირწმუნოთ, რომ თემურ ხაჩიშვილს „ჯადოსნური კვერთხი“  (რომელიც, ეტყობა, გარკვეული დამსახურებისთვის ვლადიმერ პუტინისგან ებოძა), ხოლო, ვლადიმერ ბედუკაძეს - ე.წ. „ციხის კადრების“ მამამთავარს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (იგივე სამაჩაბლოს) დაბრუნების გასაღები ხელში უჭირავთ.

 

ჩვენ მხოლოდ უნდა შემოვხაზოთ პარტია „ცენტრისტები“ (ნეტავ, რა ნომერი იქნება!) და ამ პოლიტიკურ ძალას უნდა მივცეთ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის საშუალება (სხვანაირად, ვერც საქართველოს გააერთიანებენ და ვერც 400 ლარიან რუსულ პენსიას დაარიგებენ!).

 

ბოლო-ბოლო, ვიღაცას ხომ უნდა ვენდოთ?! (მითუმეტეს, ასეთი ბეგრაუნდის მქონე პიროვნებებს).

 

არადა, დაგვაწყდა ნერვები აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების მოლოდინში!

 

მახსოვს, არც თუ დიდი ხნის წინათ სინანულით ვწერდი: ქართველებს ყველაზე მეტად აზროვნების დაფიციტი გვაქვს-მეთქი.

 

დიახ, ჯანსაღი აზროვნების პრობლემას ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ რაც ამ დღეებში გვესმის, უკვე მეტისმეტია!

 

რომელმა ჭკუათმყოფელმა უნდა დაიჯეროს, რომ თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არიან ის ერისკაცები, რომლებმაც საქართველოს გამთლიანების ყველაზე ფაქიზი და მტკივნეული მისია უნდა იკისრონ?!

 

აქ ორი გამოსავალი არსებობს - მაქსიმალური ნდობის მანდატით (იგულისხმება საპარლამენტო მანდატი) აღვჭურვოთ მათი უდიდებულესობა „ცენტრისტები“ და მივცეთ საშუალება ბეჭედი დაუსვან „ახალი ერთიანი იმპერიის“ შექმნას რუსულ ცისქვეშეთში, ან უარი ვთქვათ საერთოდ არჩევნებზე და დაველოდოთ რუსეთის კეთილი ნების აღსრულებას, რომელიც გულისგამაწვრილებლად აგვიანებს!

 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევა რუსეთის კეთილი ნების გარეშე რომ შეუძლებელია, საკამათო არ არის, მაგრამ რა შუაშია 400-ლარიანი რუსული პენსია, ჩემამდე ვერ დადის!..

 

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნოდ (ან არჩევნების მეორე დღესვე) პოლიტიკური სიტუაცია ისე აიჭრება ქვეყანაში, რომ „რუსული ჩექმა“ დაგვჭირდება დაპირისპირებულთა დასაშორიშორებლად(?!).

 

ანუ, ყველაფერი ახალი ანექსიისკენ ხომ არ მიდის?!

 

რას ნიშნავს ხაჩიშვილის განცხადება, რომ ივანიშვილის მტრებს ჩემს პარტიაში არაფერი ესაქმებათო?!

 

მე ისევ აზროვნებას ვუბრუნდები. სოციალურ ქსელში ამ თემის (ხაჩიშვილ-ბედუკაძის „უძლეველობის“) გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რომ წავიკითხე, ძალიან შემეშინდა!

 

ისე როგორ დაგვაზომბირეს, რომ ელემენტარული აზროვნების უნარიც წაგვერთვა?!

 

აბსურდამდე დასული „ხბოს აღტაცება“ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული სისულელეების მოსმენა მაღიზიანებს, თორემ, „მგელი მოდის“, „მგელი მოდის“ ძახილს ნამდვილად მირჩევნია ერთხელაც მოვიდეს და გემრიელი ლუკმით პირი გაიტკბარუნოს!

 

ღირსი არა ვართ, თუ?!

 

P.S.ისე არავინ გაიგოს, რუსეთის ფაქტორს თანამედროვე მსოფლიოში არ ვაცნობიერებდე და ისიც არ მესმოდეს, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე (თუმცა, გააჩნია რის ფასად) ვერ დავწყნარდებით და ვერც სეპარატისტულ რეგიონებში აღვადგენთ საქართველოს იურისდიქციას, მაგრამ ამას რეალური სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება (სახალხო დოპლომატიის ჩათვლით) და არა ხაჩიშვილ-ბედუკაძის ერისკაცებად „კურთხევა“!

 

როდემდე უნდა ვიყოთ სასაცილო მდგომარეობაში ფეისბუკ-რაინდებო?!

 

ზაურ ნაჭყებია