ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ-კიხოტი, თუ სწორი ქართული პოლიტიკის დამკვიდრების ინიციატორი?!

ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ-კიხოტი, თუ სწორი ქართული პოლიტიკის დამკვიდრების ინიციატორი?!

ეს პატარა სტატია „ივერიონს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი რურუამ გამოუგზავნა.

მისი ხედვა ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული მავნებლური პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე იმდენად აქტუალურია, ვბეჭდავთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სერიოზული გარდაქმნის დროა ქართულ პოლიტიკაში - კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ქართული პოლიტიკის უცხოური კაპიტალით დაფინანსება. არადა, ქართული პოლიტიკა მიჩვეულია უცხო ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხებით პოლიტიკური კამპანების ჩატარებას და პლაკატებსა თუ ბანერებზე თავშივე დაპირებული ტყუილებით მოსახლეობის გაბრიყვებას!

ზუსტად იმ თანხების მერე იწყება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებების შესრულება და მათი პოლიტიკის გატარება.

მე მომიწია საბანკო ანგარიშის გახსნა „საქართველოს ბანკში“, იმიტომ რომ აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი კანონით გამჭვირვალე იყოს ფულის ხარჯვა. ეს რომ სავალდებულო არ ყოფილიყო მე საბანკო ანგარიშსაც კი არ გავხსნიდი, რადგან დიდი ფულის ტრიალით პოლიტიკაში მოსვლას ვემიჯნები...

აქედან გამოდინარე, მე მოვუწოდებ ყველას: პოლიტიკოსს, შემომწირველს თუ გადმორიცხული თანხების მომხმარებლებს, ეგ თანხები გადაურიცხონ იმ გაჭირებულ ოჯახებს, რომლებიც სულს ღაფავენ და პურის ფულს ქუჩაში ეძებენ.

შემიძლია გავასაჯაროო ჩემი საბანკო ანგარიშის ნომერი და იმ შემთხვევაში, თუ ერთი თეთრი ჩაირიცხება ანგარიშზე, აუცილებლად მხოლოდ ქველმოქმედებას მოვახმარ.

ვისაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ერი, მას ფინანსები სულ არ სჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკაში მოვიდეს და სახელმწიფოს შენება დაიწყოს!

უნდა დასრულდეს ის სტერეოტიპი: პოლიტიკაში უფულოდ არ მიდიან.

მე ხმამაღლა ვამბობ: პოლიტიკაში არავისი ფულით არ მოვდივარ. დროა ძვირადღირებულ ოფისებზე კი არ იფიქრონ პოლიტიკოსებმა, არამედ, ხალხის გასაჭირზე! ძვირადღირებული მანქანებით კი არ იარონ, არამედ ფეხით შემოიარონ თავიანთი ოლქი, უბანი თუ ქუჩა და თითოეულ მოქალაქემდე მივიდნენ!

ამიტომ, როდესაც პოლიტიკოსი ფიქრობს ვინ დააფინანსებს ან ვინ ჩასვამს პირველ ნომრად, ან მაქსიმუმ ათეულში, ის არის ცარიელი ადგილი და სხვა მეტი არაფერი!

ეს ცარიელი ადგილები უნდა შეავსოს შრომისმოყვარე, გონიერმა და მოუსყიდველმა თაობამ, რომლებიც გროშების სანაცვლოდ საკუთარ ღირსებას არ გაყიდიან და სახელმწიფოებრიობას არ გაანადგურებენ.

ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო არიან და მათ მხოლოდ მცირეოდენი მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ ის ცარიელი ადგილები შეავსონ და მართონ ხელისუფლება!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ სუსის სამსახურს, რომ მკაცრად გააკონტროლოს უცხო ქვეყნის ფინანსების შემოდინება ქართულ პოლიტიკაში!

გიორგი რურუა,
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბის რაიონში

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: