Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
3-08-2016, 11:43
ნანახია: 2769

რას ერჩის გიორგი ტიგინაშვილი დავით გიორგობიანს?!

წინამდებარე სტატია „ივერიონის“ ერთგულ ავტორს, თეოლოგსა და მწერალს გიორგი ტიგინაშვილს ეკუთვნის. შეიძლება ზოგიერთმა ტერმინმა ან შეფასებებმა მკითხველის მწვავე რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ ვბეჭდავთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.

დანარჩენი თავად მკითხველმა განსაჯოს.

ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვფიქრობ მსახიობ დავით გიორგობიანის ქმედებებსა და განცხადებებზე, რაზედაც საჯაროდ მინდა განვაცხადო შემდეგი:

ვწუხვარ, მაგრამ ამ ადამიანის მსჯელობა, პათოსი და განწყობები, აბსოლუტურად უცხოა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სწავლებისაგან. მისი მსოფლმხედველობა და დამოკიდებულებები ოკულტურ, ანიმისტურ, პოპულისტურ, წარმართულ და პროვინციულ ხასიათს ატარებენ. მასში არსებული მისიონერის თვითმარქვია ნიღაბი და კადნიერი პათეტიკა ერთობ მდაბიო, აპოკალიპსურ ისტერიასა და ფატალისტურ დრამას ატარებს.

პარადოქსია და წარსულში ხელოვან ადამიანს, აწმყოში სძულს ყოველგვარი ინტელექტუალური და ერუდიციული, შემოქმედებითი თუ ინდივიდუალური წარმონაქმნი, ვერ იტანს ღვთივბოძებულ არჩევანის თავისუფლებას, მტრობს ფართო დიაპაზონის წიგნიერებას, გამოირჩევა რუსოფილური იდეებით, სტალინიზმის საკრალიზაციით, ხიბლისმიერი სიზმართ-მეზღაპრეობის ტირაჟირებით, ეგზალტირებული მხილებით, ფობიებითა და იმპერატიულობით.

მისი რიტორიკა სრულიად ასოციალური და ირაციონალურია არა უბრალოდ სულიერი გაგებით ("რამეთუ სიყუარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა". იაკ. 4,4), არამედ მიზანტროფიული, ფანატიკური და ფუნდამენტალისტური თვალსაზრისით, სადაც მოყვასის ცნება ვრცელდება მხოლოდ თვისტომსა და მრევლის ვიწრო ნაწილზე და არა საყოველთაო საზოგადოებაზე.

ანუ, ეთნო-ფილეტიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია, ნაციონალიზმი და ობსკურანტიზმი - ფუნდამენტურ პოსტულატებს წარმოადგენს მის აზროვნებაში. საუბედუროდ, ის მიიჩნევს, რომ ზეციურ საიდუმლოთა წვდომასა და შემეცნებაზე ექსკლუზივი აქვს საქართველოში, რაც მის გამოსვლებში ძალზე თვალშისაცემი და ცალსახაა.

ძალიან ხშირად, აღნიშნული პიროვნების წერილებსა და მოწოდებებში, შეხვდებით გროტესკულ და კომიკურ დასკვნებს, სავსებით არაადეკვატურ შეფასებებსა და მუდმივად ჯურღმულებში შეთქმულ თეორიებს, რომელნიც "ჯოჯოხეთის ამქვეყნიური ელჩების" (იგულისხმება, მისგან ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი) მეშვეობით "ძალმომრეობით" ვრცელდება ჩვენზე.

ამასთან, ეს პიროვნება, ჩაციკლულია ბიომეტრიული პასპორტებისა და ID ბარათების თემას, რითაც იდეოლოგიურად მანიპულირებს საკითხში გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ემოციებით, განაწყობს რა თითოეულ მათგანს აგრესიულად და ექსტრემისტულად, მოქმედებს სახელმწიფოს მიმართ დესტრუქციული სქემით, რაც ალბათ შესაბამისი ორგანოების კვლევის საგანი უნდა გახდეს!

აგრეთვე, საგულისხმოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ოფიციალურად ფსიქიკურ ავადმყოფებად გამოცხადებულ ყველა, წარსულში (ზოგიერთი ამჟამადაც დაუსჯელად, იგივე რანგში საქმიანობს) მოქმედ სასულიერო პირს და თვითმარქვია ცრუ მოძღვრებსა თუ შარლატან თაღლითებს, იგი "ცოცხალ წმინდანებს, ღვთაებრივ სალოსებსა და სასწაულთმოქმედ მოღვაწეებს" უწოდებს.

მათი იდეალიზაციისა და პოპულარიზებისთვის, პროპაგანდისტულ პიარ-ტექნოლოგიებსაც არ ერიდება და სოციალურ ქსელს, ტელეკომპანია "დრო"-ს, ჟურნალ "ქვაკუთხედს", ტელეკომპანია "ქართულ არხს" და სხვადასხვა საგაზეთო საშუალებებს იყენებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთ გამოცემას, საპატრიარქოს რეცენზია ამყარებს.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოს თუ დავეყრდნობით, ხსენებული ფსევდომქადაგებელი, ისტეროიდი ადამიანების ყველა კრიტერიუმს წარჩინებით აკმაყოფილებს. ცხადია, ტრაგედიაა ხედავდე ნიჭიერ კაცს პროფანაციისა და მარაზმამდე დასული სიბნელის სამსახურში!

თუკი ჩვენს წმიდა და სამოციქულო ეკლესიას, ბოლოს და ბოლოს ჰყავს ეგზეგეტიკის, ეკლესიოლოგიის, კანონიკის, დოგმატიკისა და პატრისტიკის სპეციალისტი, ან უბრალოდ სიმართლის ქომაგი და სიწმინდის მეხოტბე მღვდელმთავრები, მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კეთილსინდისიერად, მიიღონ უმკაცრესი და პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ანათემა გამოუცხადონ სიცრუის გამავრცელებელ დეფაქტო სექტანტებს, ნეო და მარგინალ ერეტიკოსებს, უსულგულო რელიგიურ მოძალადეებსა და წარმწყმედელ, ყალბ მასწავლებლებს.

უმორჩილესად გთხოვთ, არ დაივიწყოთ სახარებისეული საყვირი: “ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელი, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი"(მათ.7,15-16).

ყოველი დაღუპული თუ პოტენციურად დაღუპვის გზაზე მდგომის სულზე პასუხისმგებლობა ეპისკოპატის ყოველ წევრს გაკისრიათ და იმედს ვიტოვებთ, რომ რეაგირებას არ დააყოვნებთ და ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთავთ მავანის მხრიდან ინსპირირებული სუბკულტურისა და ვერაგობის საშინელ ტენდენციებს საზოგადოებაში. ამინ

ღვთისმოშიშებითა და შვილობრივი სიყვარულით - გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი