Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
3-09-2016, 16:48
ნანახია: 2034

მიხეილ ჯიბუტი: ბედნიერებას ადევნებული კაბინეტური რეპორტაჟი აჭარიდან

(1 სექტემბერს ბ.ივანიშვილის აჭარის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)

                                                       

              საქართველოს პარლამენტის  2016 წლის  8 ოქტომბრის   არჩევნები მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები, არამედ, იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც  საქართველოში და საქართველოს ირგვლივ გეოგრაფიულ სივრცეში სუფევს.

             ამიტომ, ამ არჩევნების მიმართ ყველას თავისი ინტერესი გააჩნია.

             მიუხედავად იმისა , რომ დარწმუნებული ვარ ამ არჩევნებს ზოგადად აზრი არ აქვს მოცემული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, მეც მაქვს ჩემი ინტერესი.  ეს ინტერესი  რეალური მდგომარეობის სრული გამოაშკარავება და მომავალში უარსაყოფი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების მხილებაა. ჩემი აზრით, ეს არა მარტო ჩემი, არამედ ერის ჯანსაღი ნაწილის საზოგადო საქმეა.

             ამ მიზნით, არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა შევისწავლოთ და გავაანალიზოთ.

            გამომდინარე ნათქვამიდან, ბუნებრივია  უდიდესი ინტერესის საგანია ამჟამად საქართველოში ყველაზე გავლენიანი პირის - ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო აქტივობა.

            ამ აქტივობებიდან ყველაზე ორგანიზებულია ე.წ. „რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან“  შეხვედრები.

           პირველი ასეთი შეხვედრა  ბ.ივანიშვილმა ა.წ. 1 სექტემბერს გამართა აჭარის მასმედიის წარმომადგენლებთან GDS -ის სტუდიაში (წამყვანები:  ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიშა ფეიქრიშვილი).

           მთავარი კითხვა, თუ რით განსხვავდებოდა „ქართული ოცნების“ კოალიციის მმართველობის ოთხი წელი (2012-2016წწ.), წინა ხელისუფლების მმართველობისაგან - უპასუხოდ დარჩა საეთერო დროს უქონლობის გამო (!!!). ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხი სამომავლოდ დაგეგმილი 9 შეხვედრიდან, რომელიმეზე მაინც გაჟღერდება.

           ჩემთვის ამან განსაზღვრა შეხვედრის პოლიტ-ეკონომიკური ფასეულობა.

           სხვა უკვე დეტალები იყო. თუმცა დეტალებიცაა და დეტალებიც.

ბ. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი ინტერესია "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება.

ბ. ივანიშვილმა გამოამჟღავნა იმის სურვილი, რომ მას არ უნდა ჰქონდეს არავითარი პასუხისმგებლობა  და განაცხადა ამის შესახებ.

შეკითხვებზე - ქობულეთის სტატუსთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში „ოცნების ქალაქად“ სამხედრო ბაზაზე შესახლებული ადამიანების პრობლემებზე, იპოთეკარებზე, ხულო - ადიგენის გზის მშენებლობაზე - პასუხები და პასუხისმგებლობა ხელისუფლებისკენ გადაამისამართა, ხოლო, მათი შეუსრულებლობა ხელისუფლებაში ყოფნის მოკლე ვადითა და „კულტურული“ მმართველობით ახსნა.

გონიოს მიწების პრობლემებთან დაკავშირებით ბ.ივანიშვილმა საკითხი ხელისუფლების უფრო სწრაფად მოქმედების შეუძლებლობაზე დაიყვანა.

გონიოს მიწების საკითხი ურთულესი საკითხია. საერთოდ მიწის საკითხს უნდა მოჰყოლოდა ახსნა-განმარტება, თუ რატომ ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს მიწის საკითხის მოწესრიგება და „მიწის კოდექსის“ მიღება? რატომაა რომ დღეს, როდესაც ხელისუფლებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, მიწების უპირობო და თავაშვებული მიყიდვა მიმდინარეობს ნებისმიერი მსურველისათვის მთელი მსოფლიოდან! რატომაა ეს პროცესი გააქტიურებული ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში?

 

ქართველები საარჩევნო ბატალიებშია გართული, ხელისუფლება კი-მიწების გაყიდვაში. რატომ?

 

გონიოს ე.წ. პოლიგონის მიწების საკითხი როგორ წყდება? ოფიციალურად გამოცხადებულია მისი რომელიღაც „შეიხისთვის“ მიყიდვა?

 

ბ. ივანიშვილმა ძალიან დიდი ტაქტით ისაუბრა მაჰმადიანებთან ურთიერთობაზე , რასაც კარგი დაპირებაც  მოაყოლა, რომ არსებული მეჩეთის გაფართოებაზე მზადაა 10-20-30 მილიონი ლარი გაიღოს.

 

ქართველთა ტოლერანტობის ისტორიულობის დასადასტურებლად სწორად მოუხმო დავით აღმაშენებლის მაგალითს, მაგრამ  ძალიან უხეშად გამოთქვა ეს აზრი , თითქოს დავით აღმაშენებელი „ მიდიოდა და მეჩეთში მოილოცებდა“. ეს აზრი მცდარია და პირდაპირი მნიშვნელობით გაგებული - მიუღებელი. მე მქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უპირველეს ავტორიტეტებთან, რომლებმაც უარყვეს აღმაშენებლის მეჩეთში „მოლოცვის“

(გაგებული როგორც „ლოცვა“) ფაქტი. იყო აღმაშენებლის, როგორც ქვეყნის მმართველის მხრიდან მეჩეთში მისვლის ფაქტები, მუსლიმებისათვის სრულფასოვანი მოქალაქეობის განმტკიცებისა და დამტკიცების მიზნით, შემონახულია მის მიერ ისლამის ღრმა ცოდნის დამადასტურებელი შემთხვევები, მაგრამ არც დასტურდება და არც შეიძლებოდა, რომ მართლმადიდებელ მეფეს ელოცა მეჩეთში.  

 

ავტორიტეტთა აზრით, შეიძლება ბ.ივანიშვილმა „მოილოცებდას“ ქვეშ იგულისხმა ის შემთხვევა, როდესაც აღმაშენებელი შეიძლება მეჩეთში ყოფილიყო ლოცვის დროს. მეც მინდა, რომ ეს ასე იყოს. თუმცა, საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ამოიწუროს, როდესაც ბ.ივანიშვილი თავის პოზიციას სხვა შემთხვევაში უფრო დააზუსტებს.

 

ბ.ივანიშვილის შემდგომი შეხვედრებისთვის მნიშვნელვანია გავერკვეთ, თუ რას გულისხმობს ის ზოგიერთი აზრისა და ცნების შესახებ.

 

როდესაც ის ამბობს, რომ მან დაამკვიდრა მმართველობაში „თავისი სტანდარტი“ , როდესაც მთავრობაში კანონს ექვემდებარებიან. ეს იწვევს გაუგებრობას. თუ არსებობს ხელისუფლების ქცევის რაიმე სტანდარტი, ის გაწერილი უნდა იყოს ნორმატიულ აქტებში.

 

თუ ეს ასე არაა, მაშინ ის,   როგორი უკელთიშობილესი ზრახვებითაც არ უნდა იყოს მომხდარი,  წარმოადგენს არაფორმალურ შეთანხმებას - არაფორმალური მმართველობის კომპონენტს.

 

აქართველოს მთავრობა დღეს თავს ნებას აძლევს არ შეასრულოს კანონებით განსაზღვრული ნორმები. საკმარიასია დავასახელოთ სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების შეუსრულებლობა (ენის პალატის შექმნა და სხვ.)

 

 ყველაზე ხშირად გამოყენებული არგუმენტი ბ.ივანიშვილის გამოსვლებში, რისთვისაც ის ითხოვს „მოსახლეობის სიმპათიების დივიდენდს“ არის ის, რომ მას არ აქვს ბიზნესი საქართველოში. რისი თქმა უნდა ბ.ივანიშვილს, როდესაც ის ამბობს: „მე არ მაქვს ბიზნესი საქართველოში“?

 

ჯერ ერთი, ის, რომ მას არ აქვს ბიზნესი საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ზუსტი. მასთან და მისი ოჯახის წევრებთანაა დაკავშირებული საბანკო, სამშენებლო და სხვა კომპანიათა საქმიანობა.   თანაინვესტირების ფონდში, მისი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბ.ივანიშვილის კაპიტალი ერთ მილიარდამდეა.

(   http://www.for.ge/top_news.php?news_id=1032).

მეორეც, ფაქტოლოგია არაა აქ  მთავარი. აქ მთავარია რა მორალურ-ზნეობრივ შინაარსს დებს ზემოთ მოტანილ გამოთქმაში ავტორი?

ჩემი აზრით, ის რომ ბ.ივანიშვილს, როგორც თვითონ თვლის, „არ აქვს  ბიზნეში საქართველოში“,  ეს დადებითი კი არა, ძალიან უარყოფითია!

თუ ბიზნესის საქართველოში არქონა რაიმე პოზიტიურის მატარებელია (კიდევ ვიმეორებ - მე პირიქით ვთვლი), მაშინ, საქართველოში ბიზნესის ქონა იმავე ოდენობით უარყოფითის შემცველია.

 

მე არ ვეთანხმები თეორიულად თეზისს, რომ ქვეყანაში ბიზნესის არ წარმოება უნდა იყოს გამორჩეულად სანაქებო. ამით აკლდება ქვეყანას ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და ა.შ. თუმცა, მეტი მოგების მიზნით ბიზნესის არჩევანი თავისუფალია.

 

ამ სფეროში  არსებული მდგომარეობის შეფასებაში მე სრულად ვენდობი ბ.ივანიშვილის ანალიზს. ალბათ ასეა. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ საქართველოს ბიზნესმენები საწინააღმდეგოს არ იტყვიან, უნდა დავიჯეროთ, რომ საქართველოში ბიზნესის მწარმოებლები რაღაც ისეთები ვერ არიან, როგორიც უნდა იყვნენ, ამიტომაც  არც მოსაწონები არიან.

 

სამწუხარო ერთია, რომ იმ უზარმაზარი შესაძლებლობების რეალიზება არ ხდება, რაც დღეს საქართველოში საერთოდ და თუნდაც ერთ პიროვნებაში - ბიძინა ივანიშვილშია დაუნჯებული.

 

აჭარას როდის ეტყვიან, რომ ტურიზმი მას ვერ ააყვავებს?

როდის ეტყვიან, რომ ბათუმის პერსპექტივა ინდუსტრიული განვითარებასა და საზღვაო ქალაქის უპირატესობების რეალიზაციაშია?  

როდის ეტყვიან, რომ აჭარაში ჩატარდება მიწის რეფორმა, რომელიც ბევრ ადგილას არ დაწყებულა?

როდის ეტყვიან აჭარას ეკომიგრანტების პრობლემის გადაჭრის შესახებ (შუახევში დღესაც მრავალსართულიან შენობაშია შესახლებული მიწის დამუშავების მოსურნე ხალხი)

როდის გადაწყდება აჭარის მთიანეთის განტვირთვა „ჭარბი სახლეობისაგან“ და მათთვის ღირსეული პირობებით საქართველოს დაცლილი ადგილების  ათვისება? როდის ეტყვიან აჭარას, თუ როგორ მოიშორონ ოსმალეთის იმპერიის მიერ მიყენებული ჭრილობები და როგორ აიშორონ ამ იმპერიის რესტავრაციის მოსურნეთა კულტურული, საგანმანათლებლო ზეგავლენა?

როგორ გააძლიერონ ურთიერთობები თურქეთის მმართველ დემოკრატიასთან, თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებთან?

როგორი იქნება აჭარის განვითარების სტრატეგია იმის გათვალისწინებით, რომ აჭარას ბოლომდე არ დაუძლევია ოსმალეთის ნამუხთლარის  (აჭარის გახლეჩა და სხვ.) შედეგები და ახლა ამას დამატებული უწევს  საბჭოთა სისტემის ტრანსფორმაცია?

 

                P.S. მომავალ რეპორტაჟში გამოჩნდება მასმედიაში გამოხატული აზრების უკუკავშირი. ბ.ივანიშვილის შემდეგი შეხვედრა რეგიონულ მედიასთან დაგეგმილია გურიაში 5 სექტემბერს.