Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
28-09-2016, 14:03
ნანახია: 1338

ზაურ ნაჭყებია: სახიფათო თამაშები უნდა დამთავრდეს!

გუშინ საჯარო სივრცეში გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა ისედაც დაზაფრული და გაურკვევლობაში მყოფი საზოგადოება კიდევ უფრო დაზაფრა და დააბნია!

 

 

აქა-იქ შიშის სიმპტომებიც გაჩნდა - მავანთა აზრით, ღმერთმა ნუ ქნას, „ნაციონალებმა“ შეძლონ  ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და სახელმწიფო გადატრიალება, ისეთი პერსპექტივა გველოდება, რომ დედა-შვილს ვერ აიყვანს!

 

უმრავლესობა აღშფოთებულია და თითს არა მარტო „ნაციონალებისკენ“, არამედ ხელისუფლებისკენაც იშვერს, რომელმაც დამნაშავე რეჟიმი არ გაასამართლა და „მაოხრებელი გზირნი“ საჭირო ადგილას ვერ „მოსვა“!

 

არიან ისეთებიც, ვინც ამაში რუსულ კვალს ეძებს და სააკაშვილის გეგმაში სწორედ რუსულ ავანტიურას კითხულობს!

 

სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, კომენტარების უმრავლესობა ემოციურია და იგი საფუძვლიან ანალიზს არ ემყარება. ზოგიერთი „ჭკუის კოლოფების“ მსჯელობა შაყირისა და ცინიზმის ფარგლებს ვერა გაცდა, რაც ზოგადად დამახასიათებელი გახდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის!

 

ის, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალები“ დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავდნენ, ამაზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც (შიგადაშიგ „ნაციონალების“ მომხრეებიც) მუდმივად გვაფრთხილებდნენ.

 

აქედან გამომდინარე, აუდიოჩანაწერის გასაჯაროება შოკისმომგვრელი ნამდვილად არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, მართლაც შეუძლია თუ არა სააკაშვილს შექმნას ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არჩევნების პროცესში რევოლუციური მუხტი ააგოროს?!

 

თუ წინასაარჩევნო „სპექტაკლს“ დავაკვირდებით (მხედველობაშია ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიციების შექმნა და მყისიერი დაშლა), მარტივად დავასკვნით: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილის 2011 წლის ოქტომბრის დაპირება აღსრულდეს, ანუ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტი დომინირებდეს!

 

თუ ეს ასე არ არის, მაშინ, მმართველ ძალას ეძლევა საუკეთესო შანსი მოხსნას „ნაცმოძრაობა“ არჩევნებიდან და დაიწყოს მისი, როგორც მავნე პოლიტიკური ძალის სამართლებრივი დევნა...

 

ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რომ ხელისუფლება ასეთ რადიკალურ, მაგრამ სამართლიან ნაბიჯზე წავა - ჩანაწერში დაფიქსირებული „ნაცლიდერები“ იმდენად გათავხედებულნი არიან, რომ უწყების ჩაბარებაზეც უარს ამბობენ. „ნაცების“ რუპორი ნიკა გვარამია კი უტიფრად აცხადებს, რომ ეს საუბარი მხოლოდ შინაურულ გარემოში შეიძლება ყოფილიყო!

 

დავუშვათ, ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა და „ნაციონალები“ საარჩევნო რინგს ჩამოაშორა, რა შედეგი შეიძლება დადგეს საქართველოსთვის?

 

ერთის მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობა ნამდვილად იქნება და შესაძლოა საქმე არჩევნების ჩაშლამდეც კი მივიდეს, რაც ყველაზე მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, რადგან მომავალი (ვადამდელი) არჩევნები „ნაციონალების“ გარეშე ჩატარდება.

 

მეორეს მხრივ, ფაქტიურად მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც „ნაციონალების“ მსგავსად ოპონირების გარეშე დარჩება. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, ხოლო, ვინც მათ დემოკრატიული ფასადის შესალამაზებლად მხარს დაუმშვენებს, ფარული თანამოაზრეების ფუნქციას შეასრულებს, ან ფორმალურად „იყეფებს“ და როგორც ყოველთვის, მათი „ყეფა“ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“!

 

დღევანდელი პოლიტიკური „ამინდის“ გათვალისწინებით, საკონსტიტუციო უმრავლესობით რომელიმე არსებული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა ნამდვილად საშიშია (ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, ეს რომ ასეა დროც დაადასტურებს)!

 

არადა, 2012 წლის არჩევნების შედეგებიდან და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, „ნაციონალები“ არა დესტაბილიზაციის მოწყობით უნდა იმუქრებოდნენ, არამედ, პატიებას ითხოვდნენ იმ საშინელი რეჟიმის გამო, რაც მათ ცხრაწლიან პერიოდში საკუთარ მოსახლეობას თავს მოახვიეს, მაგრამ, ეს ასე არ მოხდა, რაშიც ლომის წილი დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებასაც მიუძღვის - ხალხმა ბოლომდე დაითმინა სულში ჩაფურთხება და იმას დაყაბულდა, რაც შესთავაზეს, ანუ კოჰაბიტაციას დამნაშავე რეჟიმთან!

 

მრავალგზის ნათქვამს კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალების“, როგორც „ბუას“ არსებობა „ქართული ოცნების“ ინტერესში შედიოდა. მეტიც, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშიც იყოს, რომლის მიზანი ჯანსაღი ძალების (რეალური ოპონენტების) დათრგუნვა და პოლიტიკურ სარბიელზე არშეშვებაა.

 

არ არის ფული - არ არის ახალი (სხვაგვარად მოაზროვნე) პოლიტიკური ძალა, რომელიც კოჰაბიტაციასაც წერტილს დაუსვამდა და ქვეყანაში ახალი თამაშის წესებს დაამკვიდრებდა.

 

პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშნელოვანია აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რადგან, მაინც მეეჭვება, რომ ხელისუფლება კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ინიციატორებს სამაგალითოდ (კანონით მინიჭებულ ფარგლებში) დასჯის!

 

არც ის არის გამორიცხული, გარკვეულ ფაბრიკაციასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ, ეს სიტუაციას არსებითად არ ცვლის - ორივე შემთხვევაში აუდიოჩანაწერის მიზანი საზოგადოების პანიკაში ყოფნაა, რომელსაც ორივე პოლიტიკური ძალა კარგად ახერხებს.

 

ძალიან დამაფიქრებლად ჟღერს ცოტნე გამსახურდიას რადიკალური შეფასება „ესენი იმდენს იზამენ, ლანჩის წესით მოუწევთ გასამართლება“. დიახ, როცა მთავრობა თავის გასაკეთებელს ვერ, ან არ აკეთებს, მაშინ ხალხი თავად გამოდის მსაჯულის როლში, რაც სახიფათოა!

 

ჩვენ ლინჩის წესით გასამართლებაზე კი არ უნდა „ვიოცნებოთ“, არამედ, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ შეასრულოს თავისი ფუნქცია და დასაჯოს დამნაშავენი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხის ნერვებზე თამაში სახიფათოა!

 

სოციალურ ქსელში უკვე გაიჟღერა გაფრთხილებამ, რომ თუ „ოცნება“ ამას არ იზამს (ანუ, „ნაციონალებს“ არ დასჯის), „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“ ერთი გზა ელით (კომენტარები ცხადყოფს, რომ ხალხში ასეთ განწყობა თანდათან მწიფდება)!

 

მართალია, ჯერჯერობით ხალხი გაურკვევლობაშია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და საზღვარი აქვს. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობა გაძლიერდეს და ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდეს!

 

ყოველ შემთხვევაში, სახიფათო თამაშები უნდა დამთავრდეს, რადგან სახიფათო თამაშები ყოველთვის სახიფათო შედეგებით მთავრდება...

 

ვნახოთ, რა გზას აირჩევს „ქართული ოცნება“!