წინ საბედისწერო და სახიფათო არჩევნები გველის!!!

წინ საბედისწერო და სახიფათო არჩევნები გველის!!!

არჩევნებამდე წყნარად და მშვიდად მივდივართ. არის ცალკეული უმნიშვნელო ინციდენტები, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ არერთ პარტიას ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამა არა აქვს და უმრავლესობა მათგანი პოპულიზმით და ცრუ, არარეალური დაპირებებით ცდილობენ ხალხის მოტყუებას.

შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ამ არჩევნებზეც არ გამოჩნდა რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც „დადებდა“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და სწრაფი განვითარების პროგრამას. ესაა სწორედ ჩვენი ქვეყნის უბედურება და ტრაგედია.

ქვეყნის განვითარების პროგრამა რომ არ არსებობს, ხალხმა არ იცის ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებზე. რომ არსებობდეს მაღალი დონის „კრიზისის დაძლევისა და ქვეყნის განვითარების პროგრამა“, მაშინ ყველაფერი მარტივად იქნებოდა - ხალხი ხმას მისცემდა პროგრამას და ამ პროგრამის შემომქმედ პოლიტიკურ ძალას (თუმცა, „ივერიონში“  ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ასეთი პოლიტიკური ძალის წარმოშობა ძალიან ძნელია).

სამწუხაროდ ისე ხდება, რომ დღეს უკვე ქვეყნის განვითარებაზე კი არა, ქვეყნის გადარჩენაზე და იმის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, რაცა გვაქვს და იმაზე მოგვიწევს ბრძოლა, რომ 9 წლიანი წარსული უკან არ დაბრუნდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს რომ ხალხს წარსული დაავიწყოს, ყველა მათ გამოსვლაში აღნიშნავენ, რომ დავანებოთ წარსულს თავი და ქვეყნის შენებას მივხედოთ - ჩვენ ქვეყნის შენებაზე ვართ ორიენტირებულიო. როგორც ააშენეს ქვეყანა კარგად ვნახეთ, ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, 400 წლის უკან შადიმან ბარათაშვილის ჩადენილი საქმეები ერს დღესაც ახსოვს და არ ივიწყებს, „ნაცმოძრაობას“ კი უნდა რომ 4 წლის წინ ჩადენილი საშინელებები ხალხმა დაივიწყოს.

აცხადებენ და ამტკიცებენ რომ მკაცრად ექცეოდნენ ქვეყნის მოღალატეებს, რაშიც სერიოზული ეჭვებია. დაუშვათ, რომ მართლაც იყვნენ ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ იმათაც ხომ აქვთ უფლებები. არაადამიანური მოპყრობა, არის არაადამიანური მობყრობა, არა აქვს მნიშვნელობა ვის ექცევი არაადამიანურად - ქვეყნის მოღალატეს, რიგით ადამიანს, შინაურს თუ გარეულს!

ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა განავითარეს და ბევრი რამე გააკეთეს. მართლა ბევრი გაკეთდა, მაგრამ რის ხარჯზე, მთავრობის ვალი 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ქვეყნისა კი 12 მილიარდი დოლარით. ეკონომიკის რეალურ სექტორში, იქ, სადაც რეალური პროდუქტი იქმნება, არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ბიზნესების ჩამორთმევამ, თანხების გაურკვეველ ფონდებში გადარიცხვამ, ბიზნესმენთა დაჭერებმა და ა.შ. რაც იყო, ისინიც გააჩერა.

სახელმწიფო ბიუჯეტი 1,5 მილიარდიდან 9 მილიარდამდე გავზარდეთო იბრიქებიან, მაგრამ რის ხარჯზე? მოსახლეობის ძარცვით და ქვეყნის ქონების გაყიდვით, ყველაფრის გაყიდვის შედეგად. სოფლებს მიცვალებულების დასაკრძალი მიწა აღარ დაუტოვეთ ყველაფერს ყიდიდით და ბიუჯეტში შეგქონდათ. მთელი თბილისის მიწები დაყიდეთ და თანხები ბიუჯეტში შეიტანეთ და ქალაქი დაამახინჯეთ. ასე ხდებოდა თქვენი ბიუჯეტის შესრულება.

ეს მთავრობა ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ეკონომიკის ზრდა არა არისო ამტკიცებთ. მე ის მიკვირს, თქვენს მიერ დანგრეულ ქვეყანაში, თქვენი ნაცადი არაადამიანური მეთოდების გარეშე 9,0 მილიარდიან ბიუჯეტს როგორ ასრულებენ!

რა არ დასწამეთ ფინანსთა მინისტრს რა ეპითეტები არ მიაკერეთ, „ციკნი ჭამია“, „ბიუჯეტის ვირთხა“ და ა. შ., მიწასთან ასწორებდით, ამ დროს დაგავიწყდათ ბიუჯეტის ხარჯებით პარიზში და ევროპის სხვა ქალაქებში როგორ დაფრინავდით საქეიფოდ და საგულაოდ?!

ჩვენმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტს 2,0 მილიარდი ლარი დაუტოვაო, ხშირად ახსენებთ ხალხს, მაგრამ ხალხს არაფერს ეუბნებით თქვენმა მთავრობამ რამდენი მილიარდი დოლარით გაზრდილი ვალი დაუტოვა ამ მთავრობას. არაფერს იძახით, რომ თქვენს მიერ აღებული ვალების ინტენსიური გადახდა 2015 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარია გასასტუმრებელი, რაც სერიოზულად ზრდის უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას და ეროვნული ვალუტის დევალვაციას იწვევს. თქვენივე დატოვებული ვალები ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვა და ეროვნულ ვალუტას, ლარს აუფასურებს. ამ დროს თქვენვე ხალხს ატყუებთ, რომ ეს მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსს ვერ იჭერს და მოსახლეობის მდგომარეობას აუარესებს. მოსახლეობამ არ იცის ის, რომ მათ დღევანდელ მდგომარეობას ძირითადში თქვენი მართველობაში ყოფნის პერიოდი იწვევს და არა ამ მთავრობის მოქმედებები ან უმოქმედობა!

ბიუჯეტში „ამ მუხლში და იმ მუხლში“ მთავრობამ ხარჯები შეამცირაო, მიზეზს არ უშვებთ, რომ მთავრობა აკრიტიკოთ,  მაშ რა ქნან, როცა თქვენს მიერ დატოვილი კოლოსალური ვალები სახელმწიფოს გასასტუმრებელი აქვს?!

350 ათასი პრობაციონისტი გყავდათ, მათ დიდ უმრავლესობას გარიგებითი სამართალით ბოლო ლარი  შეატანინეთ ბიუჯეტში. ახლა გიკვირთ, რომ ეკონომიკა ნელა იზრდება და ამ მთავრობას აბრალებთ. ვინ უნდა გაზარდოს ეკონომიკა, ან როგორ უნდა გაიზარდოს, როცა ხალხს ბიზნესის საკეთებელი ფული კი არა, დასამარხი ფულიც აღარ დაუტოვეთ. თქვენ დროს დაზარალებულ ასი ათასობით ოჯახს დღესაც სახლკარს და ქონებას უყიდიან ბანკები!

შევარდნაძის დროს აკრიტიკებთ. შევარდნაძე, ადამიანი რომ დაიღუპებოდა საფლავს მაინც აძლევდა უფასოდ, თქვენი მთავრობა საფლავებსაც ყიდიდა, მიცვალებულებიც კი ბიუჯეტის შევსების წყაროდ აქციეთ. იგივე მიცვალებულებს თქვენი მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემაზე და ხელისუფლების შესანარჩუნებლად იყენებდა. მთელი ეს მარაზმი გინდათ რომ ხალხმა დაივიწყოს და თქვენ მოგცენ ხმა, ამაზე დიდი უტიფრობა და უზნეობა კიდევ თუ არის სადმე.

შევარდნაძის დროს აკრიტიკებთ და გავიწყდებათ რომ ის შევარდნაძის „დრო“ თქვენ იყავით და მაშინაც თქვენ ანგრევდით ქვეყანას, რასაც ასე საგულდაგულოთ აკრიტიკებთ. ახლა ისე  გინდათ გამოიყვანოთ, რომ ერთი შევარდნაძე იყო ყველაფერში დამნაშავე და თქვენ ყველანი „ანგელოზები“ იყავით. ჩვენ შევარდნაძეს გავემიჯნეთო იძახით. როდის გაემიჯნეთ ხომ არ დაგავიწყდათ? როცა შევარდნაძე უკვე მიდიოდა ხელისუფლებიდან და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შიგნით დაუპირისპირდით ერთმანეთს და დაიშალეთ. ამას თქვენ გამიჯვნას ეძახით...

მთავრობამ ორიენტაცია შეიცვალა და პრორუსული გახდაო ამტკიცებთ, ყველამ იცის რომ ეს ტყუილია, მაგრამ თქვენ რომ თქვენს თავს პროდასავლურს ეძახით, ბოროტების გარდა, რა სიკეთე მოუტანეთ ქვეყანას. თქვენი მოქმედებების შედეგად ხალხს სერიოზული ეჭვები გაუჩნდათ ევროპულ და ამერიკულ ღირებულებებზე და თქვენ იძახით, რომ პროდასავლური პარტია ხართ?!

ერთი რამ მართალია: თქვენ პროფაშისტური დასავლური პარტია ხართ და რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში  21-ე საუკუნეში პროფაშისტური პარტია გაჩნდა!

„ნაცმოძრაობის“ მოქმედებებს კომუნისტების ქმედებებსაც კი ვერ შევადარებთ. კომუნისტები დევნიდნენ და მტრებად თვლიდნენ მხოლოდ იმათ ვინც მათ წინააღმდეგ იყო და მოქმედებდნენ პრინციპით: „ვინც ჩვენ წინააღმდეგაა, ჩვენი მტერია“. ნაცმოძრაობის პრინციპია: „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“ და დევნიდნენ ყველას, ვინც მათ არ უჭერდა მხარს, ამიტომაც გაავსეს ციხეები პატიმრებით.  

შევიცვალეთო, გინდათ რომ ხალხს დააჯეროთ, ჩვენ ის ხალხი აღარა ვართო იძახით. იმავე პარტიით და იმავე სახეებით არჩევნებში მონაწილეობა ცალსახად მიანიშნებს თქვენს უტიფრობაზე და უგუნურობაზე და უტყუარი დასტურია იმისა, რომ არაფერი თქვენში არ შეცვლილა.

„ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულ ხალხის გარკვეულ მცირე ნაწილს ჰგონია, რომ „ნაცმოძრაობა“ უკეთ მართავდა ქვეყანას. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო და მათი მმართველობა გაგრძელებულიყო, დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს საოცნებო და სანატრებელი გვექნებოდა!

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამე, რაც ხალხს დაპირდა, ვერ შეასრულა, თუნდაც სამართლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნების“ ბრალია ის, რომ დღეს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებში მხილებული წევრები ციხეში კი არ სხედან, ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიები აქვთ!

სხვა ბევრი დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა. მიუხედავად ამისა მათ უდიდეს დამსახურებად მიმაჩნია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ დანგრეულ და გაპარტახებულ ქვეყანაში, ოთხი წელი მშვიდობა შეინარჩუნა და აქამდე მოიყვანა, თანაც მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებდა თავის დესტრუქციულ მოქმედებებს ქვეყნის წინააღმდეგ.

წინ საბედისწერო და სახიფათო არჩევნები გველის - მოუწოდებ მოსახლეობას, კარგად დაფიქრდით, ვის აძლევთ ხმას, კარგად გაიხსენეთ წარსულის „გაკვეთილები“ და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება - ვის მისცეთ ხმა. არ მისცეთ ხმა „ნაცმოძრაობას“ არ დაუშვათ „ნაცმოძრაობის“, ფაშიზმის უკან დაბრუნება!

ოთხი წლის წინ საქართველოს მოსახლეობა ოცნებობდა „ნაცმოძრაობის“ დამარცხებაზე და ბევრს მათი გაშვება სისხლის ღვრის გარეშე არარეალურად ეჩვენებოდა. გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც ხალხი გაიყოლეს და სისხლის ღვრის გარეშე ოცნება რეალობად აქციეს. არ გავაკეთოთ ისე რომ ოთხი წლის წინ ასრულებული ოცნება, ისევ საოცნებო გაგვიხდეს!

იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ ძალიან ცოტა პროცენტი აიღოს და ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, ბარიერის გადალახვის პრობლემა დაუდგეს და ამ დამნაშავე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი სამუდამოდ გაუქრეს, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე.

ბევრ რამეში არ ვეთანხმები ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ერთ რამეში უნდა დავეთანხმო: ომი „ნაცებთან“  ჯერ კიდევ მოსაგებია. „ქართულმა ოცნებამ“ ისე გააკეთა, რომ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ დაწყებული ომში გამარჯვება 2012 წელს შესაბამისად ვერ „გააფორმა“ და ამ შეცდომის გამო დღეს ქართველ ხალხს, ეს ომი თავიდან მოსაგები გაუხდა და დიდი ბრძოლა 2016 წლის 8 ოქტომბერს გველოდება.

ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ დღესდღეობით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც „ნაცმოძრაობის“ დამარცხება და ამ ომში გამარჯვება შეუძლია „ქართული ოცნებაა“.   

ნასყიდ დარბუაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: