„ნაციონალების“ ბოლო გაბრძოლება თუ შეთქმულება საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ?!

„ნაციონალების“ ბოლო გაბრძოლება თუ შეთქმულება საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ?!

„ნაციონალები“ კარს მომდგარი არჩევნების შედეგებს წინასწარ არ ცნობენ, რადგან, მათი აზრით, „ქართული ოცნება“ მაინც გააყალბებს და მათ ერთადერთი გზა რჩებათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად - დესტაბილიზაცია და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

 

სხვათაშორის, რაც მეტად ვუახლოვდებით საარჩევნო ფინიშს, მით უფრო იზრდება ეჭვიც და შიშიც, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემოქმედნი ახლა ყველაფერზე წავლენ და ამ ხელისუფლებას მათი შეკავების უნარი არ გააჩნია!

 

„ნაციონალები“ რომ ყველაფერს ეცდებიან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან, სწორედ არჩევნების შედეგებით დაესმება წერტილი მათ ბრექიობას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად არის დღევანდელი ხელისუფლება მზად ჩანასახშივე აღკვეთოს ძალადობისა და დესტაბილიზაციის ყოველგვარი გამოვლინება?!

 

ძირითადად ორ ფაქტორთან გვაქვს საქმე, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს:

 

პირველი - ეს არის „ნაციონალების“ ტვინნაღრძობი, ორ შაურად გაყიდული ე.წ. მომხრეები, რომლებიც იმდენად არიან ზომბირებულნი, რომ ყველაფერზე წავლენ (მათ შორის, თანამოქალაქეების უკიდურეს ანგარიშსწორებაზეც).

 

მეორე, ეს გახლავთ ძალოვან სტრუქტურებში შემორჩენილი ე.წ. „ვანოს ბიჭები“, რომლებიც, როგორც ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ხელი შეუწყონ სახელმწიფო სისტემის ჩამოშლას (თუ ეს ასე მოხდა, ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების კისერზე იქნება, რომელმაც არათუ ჩამოაშორა ძალოვან უწყებებს „ნაცზონდერები“, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში დააწინაურა კიდეც!).

 

სხვების არ ვიცი, მაგრამ, მე ასე ვფიქრობ: თუ სერიოზულ გართულებამდე მიდგა საქმე, არ გვაქვს ასპროცენტიანი გარანტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ გამოწვევას სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უპასუხებს - ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულება „ნაცზონდერების“ მიმართ, რასაც „ქართული ოცნება“ იჩენდა და დღესაც იჩენს!

 

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ძალადობით დაემხო ხელისუფლება, ან დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რაც ერის თვითმკვლელობის ტოლფასია, მაშინ, საქმე გვექნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებასთან, რომლის სათავეში 2012 წლის 1 ოქტომბრის აღიარებული გმირი ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მოვიაზროთ (მან ბოლომდე ისარგებლა ხალხის მხარდაჭერით და პასუხისმგებლობაც აიღო საქართველოს უახლოეს მომავალზე).

 

რაც არ უნდა უცხო ქვეყნებიდან სერიოზულ ზეწოლაზე იყოს საუბარი, რაც არ უნდა მათი მხრიდან „ნაციონალების“ მხარდაჭერაზე იყოს საუბარი, ხელისუფლება, რომელიც ხალხის მაქსიმალური მხარდაჭერით მოვიდა სახელმწიფოს სათავეში, ვალდებულია, დაიცვას ხალხისვე ინტერესები - წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ ხალხმა უნდა გამოიჩინოს სიფხიზლე და ამ შეთქმულების (თუ რეალურად შეთქმულებასთან გვაქვს საქმე) ორივე მონაწილეს კუთვნილი ადგილი უნდა მიუჩინოს პოლიტიკურ სანაგვეში!!!

 

ისტორიას ახსოვს სახალხო აჯანყების მაგალითები, რომელიც, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, მაგრამ იძულებითი გამოსავალია მაშინ, როცა სახელმწიფოს აშკარა ღალატთან და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან გვაქვს საქმე!

 

ღმერთმა ნუ ქნას, აქამდე მივიდეთ, მაგრამ, თუ ამის საშიშროება გაჩნდა ქვეყანაში, ხალხმა (შეგნებულად არ ვამბობ საზოგადოებას, რადგან, როცა შემდგარ საზოგადოებაზეა საუბარი, ასეთი რამ არ ხდება!) თვითორგანიზებას უნდა მიმართოს და საკუთარი სახელმწიფო მოსალოდნელი კატასტროფისგან უნდა იხსნას!

 

ნონსენსია: ყოფილი ხელისუფლება („ნაციონალებს“ ვგულისხმობ), რომელმაც 9-წლიანი ჯოჯოხეთი მოუწყო საკუთარ ხალხს, 4 წლის შემდეგ ისევ სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრება.

 

დიახ, ნაცვლად იმისა, რომ ბუჩქებში იყოს შემძვრალი, უტიფრად გეუბნება - მე დავბრუნდები და დედას გიტირებო!

 

ხალხო, შეიძლება გადაჭარბებული იყოს „ნაცების“ ბაქიობა, მაგრამ ეშმაკს ნამდვილად არ სძინავს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საზოგადოების ნაწილი იმდენადაა დათრგუნული და დაზომბირებული, რომ ლამისაა ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს და ყველაფერს შეეგუოს! აქედან გამომდინარე, მთლად ხელისუფლების იმედზე ნუ ვიქნებით - მაქსიმალურად ვიფხიზლოთ, რომ საბოლოოდ ღირსებააყრილი და განადგურებული არ დავრჩეთ!!!

 

ბოლოთქმა: რბილად რომ ვთქვა, უადგილოდ მენიშნა (ღმერთმა ქნას,  გაუაზრებელი იყოს) ბიძინა ივანიშვილის მიერ ბაზალეთში გაკეთებული გუშინწინდელი განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში 48-54%-ს აიღებს, ხოლო, მაჟორიტარულში მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარს გაიყვანს.

 

არ გამიკვირდებოდა, ასეთი ხმამაღალი და პიარშემცველი განცხადება „ნაციონალებს“ ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტს გაეკეთებინა, მაგრამ, როცა ამას ამბობს სახელმწიფოს ფორმალური მმართველი (არაფერს ვაბრალებ, თუმცა, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები დაეჭვების საფუძველს ნამდვილად იძლევა) ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს.

 

ჯერ ერთი, მან საიდან უნდა იცოდეს, რამდენ პროცენტს აიღებს მისი ფავორიტი პარტია (რომ ეთქვა, არჩევნებში გაიმარჯვებსო, არ გამიკვირდებოდა)! მეორეც, ხომ შეიძლება ეს განცხადება „ნაციონალებმა“ და მათმა ბრმა მხარდამჭერებმა ხელზე დაიხვიონ, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო მუხტი ააგორონ და თქვან, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, რადგან, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ იცოდა, რომ „ქართული ოცნება“ ამდენ დეპუტატს გაიყვანდა პარლამენტშიო.

 

მინდა ვირწმუნო, რომ ექს-პრემიერს ეს პოლიტიკური უმწიფრობით მოუვიდა, სხვა შემთხვევაში შეგნებულ ავანტიურასთან გვაქვს საქმე მისთვის დამახასიათებელი  ნეგატიური შედეგებით!

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: