რატომ გვეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის?!

რატომ გვეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის?!

ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟი (ხშირად უარგუმენტო და ზერელე) მაიძულებს დავარღვიო ცოტა ხნის წინ გამოცხადებული მორატორიუმი და გამოვთქვა საკუთარი მოსაზრება, ვის უნდა მივცეთ ხმა არჩევნების მეორე ტურში და რამდენადაა საშიში საკონსტიტუციო უმრავლესობა დღევანდელ საქართველოში?

 

საზოგადოება სერიოზული დილემის წინაშე დგას: თუ მეორე ტურში ხმას მივცემთ „ქართულ ოცნებას“ ამით ფაქტიურად ვაფორმებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც თავის თავში საშიშ ელემენტებს შეიცავს - შეუზღუდავი ძალაუფლება, თუ იგი სათანადო ბერკეტებით არ არის დაბალანსებული, რყვნის ნებისმიერ ხელისუფლებას და ანტისახალხო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს!

 

თუ ხმას მივცემთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამით ფორმალურად ერთპარტიული დიქტატისგან (საკონსტიტუციო უმრავლესობისგან) ვიხსნით ქვეყანას, მაგრამ ვაძლიერებთ იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, რომლის 9-წლიანი მმართველობა მძიმე ტვირთად აწვა საქართველოს!

 

სტატიაში, „რა მაინტერესებს და რა არ მაინტერესებს“, რომელიც არჩევნების წინა დღეს - 7 ოქტომბერს „ივერიონში“ გამოქვეყნდა, ვწერდი: „არ მაინტერესებს, ვინ მოვა და ვინ დარჩება ხელისუფლებაში, რადგან, ვიცი, რომ ყველა ერთი „თიხისგანაა“ მოზელილი და ყველას ერთი საერთო პატრონი ჰყავს - უცხოური ბნმელი ძალების სახით“.

 

მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ნაცმოძრაობა“ 27 მანდატს აიღებდა, ხოლო, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პერსპექტივა გაუჩნდებოდა!

 

მიუხედავად იმისა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია არც იდეოლოგიით და მითუმეტეს, არც ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითად არ განსხვავდება ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებისგან, სასურველად მიმაჩნდა მიგვეღო მრავალპარტიული პარლამენტი „ქართული ოცნების“ უბრალო უმრავლესობით, რომელიც უფრო მეტად დაგვაზღვევდა მოსალოდნელი ერთპარტიული დიქტატისგან!

 

 „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი ტურის შედეგებით პოლიტიკურად და მორალურად არათუ განადგურდა (როგორც ველოდით), არამედ, „გაცოცხლდა“ კიდეც _ მიუხედავად ამისა, იგი თავისი დანაშაულებრივი წარსულის გამო ვერ შეასრულებს კონტრუქციული ოპონენტის ფუნქციას და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში სიტუაციას ვერ დააბალანსებს.

 

„ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში პოზიტიური როლის შესრულება არც  „პატრიოტთა ალიანსის“ მცირერიცხოვან ფრაქციას შეუძლია - მათი ხმაც არანაირ გავლენას არ მოახდენს საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე და არც „ნაცმოძრაობის“ კუთხეში მიყენებას შეძლებს.

 

ასე რომ, გვინდა, არ გვინდა, მეორე ტურის შედეგებით, სავარაუდოდ, მივიღებთ რეალობას, როცა ნებისმიერი სახელმწიფოებრივად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ერთი პარტიის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული!

 

 

რა გვიჩვენა არჩევნებმა?

 

იმის ილუზია, რომ 9 ოქტომბრიდან საქართველოში ახალი ერა დაიწყებოდა, საპნის ბუშტივით გაქრა.

 

რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ „ნაციონალების“ აღზევებას „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა სჯობს, ეს მოსალოდნელ რეციდივებს არ აბათილებს - ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რისთვის გამოიყენებს მაქსიმალური მხარდაჭერით (ეს ფორმალურად, რადგან ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია) მოსული უმრავლესობა შეუზღუდავ უფლებამოსილებას, რამდენად იქნება მისი პოლიტიკური ძალისხმევა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული. დაეჭვების საფუძველს პარლამენტში ძალთა დისბალანსი გვაძლევს. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების გაკონტროლებას ვერც საბოლოოდ მარგინალიზებული არასაპარლამენტო ოპოზიცია შეძლებს.

 

 

ბრბოს ინსტინქტიდან... ფულის მონობამდე!

 

არჩევნების პირველმა ტურმა დაადასტურა, რომ საქართველოში ბრბოს ინსტინქტით დასნებოვნებულ მასასთან გვაქვს საქმე - მასასთან, რომელსაც სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობაც არ გააჩნია. მას იმდენად  მოუწამლეს ცნობიერება, რომ მხოლოდ ქვევრის ფუნქციას ასრულებს - რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს...

 

ხალხმა დაიჯერა, რომ მისი აქტიურობით და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით მაინც არაფერი შეიცვლება და თავს საარჩევნო ყუთთან მისვლითაც არ იწუხებს.

 

არადა, მტკიცება არ უნდა, ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნებზე მონაწილეობა რომ მიეღო, სულ სხვა შედეგი დადგებოდა - არც ერთპარტიული დიქტატის საშიშროება იარსებებდა და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ სასუნთქი მილი გადაეკეტებოდა - ყოველ შემთხვევაში, მეორე პარტიად ვერ დაფიქსირდებოდა!

 

ბრბოს ინსტინქტზე მეტყველებს ისიც, რომ ხალხმა მართლაც დაიჯერა:  მიხეილ სააკაშვილი გვირაბს გათხრიდა ოდესიდან სოლოლაკამდე, ან შავ ზღვას მთვარეულივით გადაცურავდა და ხელისუფლებას დაამხობდა. სამწუხაროდ, ეს ილუზია ვერც „ნაციონალების “ ბოლო აქციამ დაამსხვრია, როცა ვარდების მოედანზე მხოლოდ რამდენიმე ათასის მობილიზება შეძლეს.

 

ანუ, მასამ ვერ გააცნობიერა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ქვეყანაში რეალური ფონი არ არსებობდა, თუ თვითონ ხელისუფლება ავანტიურაზე არ წავიდოდა და ნებაყოფლობით არ ჩაბარდებოდა!

 

თუ „ნაციონალებმა“ ამომრჩევლის მხარდაჭერა ფულით და სხვა მაქინაციებით მიიღეს, „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური შედეგი უფრო წინა რეჟიმის პროტესტითა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით იყო გამოწვეული - ამომრჩეველმა ხმა „ნაციონალების“ წინააღმდეგ მისცა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ!

 

მან ვერ გააცნობიერა, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამომრჩევლის ხმა სხვა კვალიფიციურ სუბიექტებში გადანაწილებულიყო - ამით ერთპარტიულ დიქტატს თავიდან ავიცილებდით და „ნაციონალური მოძრაობაც“ პოლიტიკური ვექტორიდან გაცილებით ადრე გაქრებოდა!

 

ის, რომ „ნაციონალებმა“ 400 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღეს, გვაფიქრებინებს, რომ მათი, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემის გასამართლების ილუზია საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა! პირიქით, თუ  კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში გადავლენ, „ქართული ოცნების“, როგორც საკონსტიტუციო უმრავლესობის  ხრიდან დაშვებული შეცდომების ფონზე მათ რეალური შანსი ეძლევათ მოახდინონ პოლიტიკური ტრანსფორმაცია და 2020 წლის არჩევნებზე სერიოზულ პოლიტიკურ სუბიექტად იქცნენ!

 

ამ შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებელია არა იმდენად ის ამომრჩეველი, ვინც ხმა ინსტიქტურად მისცა, არამედ, ის უპასუხისმგებლო თანამოქალაქე, ვინც საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დააფიქსირა და ამით ფაქტიურად, ხელი შეუწყო ერთპარტიული დიქტატურის დაკანონებას ქვეყანაში!

 

ფაქტია ისიც, რომ დღეს „ნაციონალებს ფორმალურად იმდენი მხარდამჭერი ჰყავთ, რამდენი მანდატიც მათ მიიღეს. ამბობენ, რომ მათ კარგად იმუშავეს - ხალხში საკმაოდ ფული დაარიგეს (განსაკუთრებით რეგიონებში) და ამით პოლიტიკური  სახე შეინარჩუნეს. თუმცა, ტრაგედია არა იმდენად „ნაციონალების“ მხრიდან 27 მანდატის მოპოვებაა, რამდენადაც 400000 თანამოქალაქის სულიერი დაცემა - მათ ხმა ფულზე გაყიდეს და ამით იმ საზარელი ცხრაწლიანი ჯოჯოხეთის თანამონაწილეებად იქცნენ!

 

მიუხედავად შესაძლო საკონსტიტუციო უმრავლესობით მინიჭებული უპირატესობისა, მმართველ პარტიას თავისი შემადგენლობით ძალიან გაუჭირდება „ნაციონალებთან“ ოპონირება - თუ პირველი ორიენტირებული იყო გამოცდილებაზე და მან თავისი რიგები მაქსიმალურად პროფესიონალებით დააკომპლექტა, მეორე ამ თვალსაზრისით საკმაოდ მოიკოჭლებს და ეს საპარლამენტო დებატებშიც მკაფიოდ გამოჩნდება!

 

 

 

საიქიოდან მიცვალებულები არ ბრუნდებიან!

 

არასაპარლამენტო ოპოზიციამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ყველა რესურსი ამოწურა და მარგინალიზებულ ძალად იქცა. საარჩევნო ბარიერი ვერც მმართველი კოალიციიდან გაგდებულ-გამოქცეულებმა გადალახეს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი ივანიშვილის გარეშე „პოლიტიკურ გვამს“ წარმოადგენენ!

 

დღევანდელი რეალობით, ფაქტიურად ორპარტიული სისტემა მივიღეთ - პოლიტიკურ რინგზე ისევ „ნაციონალები“ და ივანიშვილთან ასოცირებული „ქართული ოცნება“ დარჩა, რომელიც მალე საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატს გაიფორმებს („პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ ამინდს არსებითად არ ცვლის).

 

შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სწორედ ეს ორი პარტია დარჩეს ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე, რადგან, ყველა ერთად აღებული არასაპარლამენტო ოპოზიცია რომ გადავადნოთ, საშუალო რანგის ერთ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ მივიღებთ - მათ იმდენად გაიფარჩაკეს თავი, საეჭვოა  პესპექტივაშიც კონკურენტუნარიან ძალად იქცნენ.

 

თუმცა, ჩვენ უფრო სერიოზული დილემის წინაშე ვდგებით - დღევანდელი მდგომარეობით, საკმაოდ ძნელია ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომელიც ახალ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს!

 

ივანიშვილმა ამისთვის ყველა სასიცოცხლო არტერია გადაკეტა - თვითონ კი მიიღო ის, რასაც 2011 წლის ოქტომბერში გვპირდებოდა - ორპარტიული პარლამენტი მისთვის დამახასიათებელი ნეგატიური შედეგებით! (იგულისხმება „ნაცმოძრაობა“, როგორც ხელისუფლების საპირწონე ძალა).

 

სამწუხაროდ, ახალი, თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური ძალის აუცილებლობას ხალხი ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს (ყოველ შემთხვევაში, მათი ძალისხმევა სოციალურ ქსელს არ სცილდება). ქართულ ბიზნესშიც ამისთვის მზაობა არ არის - მათ „თავის ატკიებას“ ყოველთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება ურჩევნიათ და ნებისმიერ ხელისუფლებასთან კონფლიქტში შესვლას ერიდებიან. საზოგადოებაში არსებული მენტალობის მიხედვით კი, უფულოდ საქმის გაკეთება (პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება-განვითარება) შეუძლებელია, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. თუ სურვილი მყარად გააზრებული იქნება, საჭირო რესურსები საკუთარ ჯიბეში უნდა მოვიქექოთ. დიახ, ვიდრე სწორება მხოლოდ ფულზე იქნება, მოჯადოებულ წრეს ვერასდროს გავარღვევთ!

 

ბოლოთქმა: არჩევნების პირველი ტურის გამოცხადებიდან დღემდე სოციალურ ქსელში და პირად საუბრებში არ წყდება კაკაფონია, თუ ვის უნდა მივცეთ ხმა მეორე ტურში - „ნაციონალებს“, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მივიღოთ, თუ „ქართულ ოცნებას“, რადგან, „ნაციონალებისთვის“ ხმის მიცემა წარსულში დაბრუნებას, ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, სატანასთან წილნაყარობას ნიშნავს!

 

ამ თემაზე კამათმა იმდენად არაკვალიფიციური ხასიათი შეიძინა, ჭეშმარიტების დადგენა ძნელია: ბრბოს ინსტიქტებით შეპყრობილი ნაწილი პირდაპირ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებს და საზოგადოებაში გაჩენილ შიშს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთპარტიულ დიქტატს ნიშნავს, რაც თავის მხრივ სახიფათოა, არარეალურს უწოდებს. ისინი ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია ამ შეუზღუდავ ძალაუფლებას კონსტიტუციური ნორმების სრულყოფისთვის და „ნაციონალების“ საბოლოოდ დამარცხებისთვის გამოიყენებს.

 

„ნაციონალების“ მომხრეები და „შუაშისტები“ პირიქით ამტკიცებენ. მათი აზრით, ხმა „ნაციონალებს“ უნდა მივცეთ, რომ მათ პარლამენტში მმართველი ძალის დაბალანსება შეძლონ!

 

საკმაოდ არგუმენტირებული პოზიცია აქვს ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს სალომე ასათიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ერი დღეს სერიოზული დილემის წინაშე დგას - მისი აზრით, საზოგადოების მნისვნელოვანი ნაწილი თავს იკავებს „ნაციონალების“ მხარდაჭერისგან და მისი გაძლიერებისგან, მაგრამ სამაგიეროდ ღებულობს „ქართული ოცნების“ შეუზღუდავ ძალაუფლებას, რომელსაც რეალურად „ვერაფერი შეაკავებს“.

 

ქ-ნ სალომეს ვეთანხმები იმაში, რომ „ქართული ოცნება“ „ამორფული“ დამოუკიდებელი პარტიული გამოცდილების არმქონე პოლიტიკური ორგანიზაციაა, სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი“.

 

ასათიანის აზრით, „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის ნეგატიური შედეგები უკვე სხეზეა, როცა მეორე ტურის ჩატარებამდე საუბარი იწყება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე. ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ „ამ ძალამ ზედმეტი ხელისუფლებით ბოროტად არ ისარგებლოს!“

 

მიუხედავად არცთუ უსაფუძვლო შიშისა, სალომე ასათიანი არ გვირჩევს როგორ მივიქცეთ - „ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს“ რა არჩევანს გააკეთებს. სიტუაცია მძიმეა“ - ამბობს იგი.

 

რა თქმა უნდა, როგორც არასდროს, დღეს ქართველი ამომრჩეველი სერიოზული არჩევანის წინაშე დგას, - მან არ იცის, რას და ვის მისცეს ხმა: წარსულში დაბრუნებას, ანუ დესტრუქციული ძალის გაძლიერებას, თუ ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის ხელში მაქსიმალური (შეუზღუდავი) ძალაუფლების ჩაგდებას, რომელსაც კაცმა არ იცის, როგორ გამოიყენებს!

 

ასათიანისგან განსხვავებით, მე პირდაპირ ვაცხადებ: ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მივცეთ, მაგრამ შეუზღუდავი ძალაუფლებით გამოწვეული შესაძლო დიქტატურის შემაკავებელი ძალის ფორმირებაზე არჩევნების მეორე ტურის დამთავრებისთანავე უნდა ვიზრუნოთ!

 

თუ რას ვგულიხმობ, ამაზე არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ვისაუბრებ!

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: