Iverioni
«    სექტემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
27-10-2016, 11:14
ნანახია: 1810

არჩევნები თუ ტრაგიკომიკური ფარსი?!

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა.

ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა!

ორი ძალის „სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებამ” ყველასთვის თვალსაჩინო გახადა ამ პროცესის არსი და რაობა - ისინი ერთმანეთის გარეშე არ და ვერ იარსებებენ. გამოაჩინა რატომ აცოცხლებდა და რისთვის სჭირდებოდა „ოცნებას“ ნაცმოძრაობა.

მეორე ტურში უნდა აირჩეს პარლამენტის 50 წევრი, რაც მთელი შემადგენლობის მესამედია, ანუ, უნდა გადაწყდეს არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ საერთოდ, პარლამენტის უბრალო უმრავლესობის ბედი!

პირველ ტურში პარლამენტში ვერგასული პარტიების, ასევე „ოცნების“ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი (25%) და არჩევნებზე არმისული (სიაში მყოფთა 50%) ამომრჩევლების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც, წესით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერად უფრო მოიაზრებიან, ქართული ოცნების პერსპექტივა, მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უნდა ჩანდეს!

ხელისუფლება კი პირველი ტურის შედეგებითაც კმაყოფილია და ძალიან მშვიდადაც არის. იმდენად გარანტირებულად გრძნობს თავს, რომ რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, თუნდაც, პოპულისტური ნაბიჯის (მაგალითად, ტარიფების მცირედი შემცირების დაპირება მაინც ან სხვა) გადადგმასაც კი არ აპირებს. უფრო მეტიც, არჩევნების პირველი ტურის დასრულების მეორე დღეს ლარის კურსი დაეცა და პირველადი მოხმარების ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად შაქრის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა (20%). თუმცა, ამაზე თავი არავის შეუწუხებია.

საკითხავია რა აძლევს მას ასეთი სრული „ბედნიერების“ საფუძველს?

პასუხი მარტივია - მისი ძირითადი კონკურენტი არის ნაცმოძრაობა!

„ოცნების“ სილაღე ასეთ პირობებში გასაგებია - მას ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გარანტირებული აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა: „ნაცმოძრაობასთან“ უშუალოდ ასოცირებულთა გარდა, საკუთარი თავის პატივისმცემელი არც ერთი ადამიანი და ორგანიზაცია „ნაცმოძრაობას“ მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს. „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ გამოსვლა კი კარგი “სახელმწიფოებრივი” საბაბი გახდება ზოგიერთი “ოპოზიციური” პერსონისთვის „ოცნების“ ქვეშვრდომობაში გადასასვლელად. ადმინისტრაციული რესურსი მხოლოდ იმ ოლქებში იქნება გამოყენებული, სადაც „ოცნებას“ ძალიან სუსტი კანდიდატები ჰყავს.

ტექნოლოგია ახალი არ არის - მთავარია ფინალში გაიყვანო შენთვის კომფორტული ოპონენტი და დაფნის გვირგვინი გარანტირებულია! პრობლემა ამ „კომფორტული ოპონენტის” ფინალში გაყვანაა.

“პრობლემის” მოგვარების გზაც აპრობირებულია - „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვისა და დევნის იმიტაციის ფონზე ხდება მისი ხელშეწყობა და წარმოჩინება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციად. მანაც სიამოვნებით მოირგო ოპოზიციური აზრის მონოპოლიზების სპექტაკლში მიკუთვნებული როლი და... ამუშავდა “შუა გაკრეფის” პროცესი. კამპანიის მიზანი იყო ძალების ხელოვნური გადანაწილება და საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია.

ვინც ძალიან კარგად მოიქცა „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობიდან, ანუ „ოცნების“ მომსახურებაზე გადავიდა, მისთვის ღიაა „ოცნების“ კარი - ადგილი საპარლამენტო სიაში და თანამდებობა. ამას სააკაშვილის გავლენისგან გათავისუფლებას ეძახიან. ხოლო, ვინც სააკაშვილთან დარჩა, მოუწევთ ლანძღვა-გინების, უფრო ოდიოზურ პირებს თავში წამოთაქების ატანაც კი, რათა დაპირისპირება ხალხის თვალში უფრო რეალურად გამოჩნდეს!..

საზოგადოებას კარის “ბიზმესმენთა” ვარიანტსაც სთავაზობენ. წინა რეჟიმის დამფინანსებელთა უმეტესობა „ოცნების“ მაისურით მოგვევლინა მოედანზე. ისინი უცებ იქცნენ ნიჭიერ, საინტერესო და, რაც მთავარია, ჭკვიან (სააკაშვილსაც კარგად ემსახურებოდნენ) ადამიანებად. თითოეული მათგანი თანახმაა დასჯერდეს ხელის მექანიკურად ამწევ-დამწევის როლს მომავალ პარლამენტში, საკუთარი ქონების გაზრდისა და ხელშეუხებლობის ფასად.

სახეზეა, როგორც პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკური აქტივობისთვის საჭირო საშუალებათა მონოპოლიზაცია. ანუ, პოლიტიკაში შუაგაკრეფის პროცესი განსაზღვრავს ყველა სხვა მიმართულებით შუაგაკრეფასაც.

ამ პროცესებმა ხილული გახადა პოლიტიკოსთა დეფიციტი ჩვენი ქვეყნის მმართველ რგოლში და ისიც, რომ ეს დეფიციტი ხელოვნურად იქმნება.

ამ ხელოვნური გადანაწილებისა და პოლარიზაციის პირობებში, საბოლოოდ, ორივე ძალა მოგებული დარჩა. თავისი წილი დივიდენდი ორივემ მიიღო: „ნაცმოძრაობამ“ - გარანტირებული საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს, ანუ ჩვენს ხარჯზე დაფინანსება, ასევე, კომფორტი, ძველი ცოდვების ჩამოწერა და სამომავლო პერსპექტივა; ოცნებამ - საკონსტიტუციო უმრავლესობა და, შესაბამისად, მთლიანად ხელისუფლება.

მრავლისმეტყველია თვითონ ის ფაქტიც, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელიც არჩევნების მოგებას აანონსებდა, დღეს მხოლოდ „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის არშექმნაზე აპელირებს (რითაც ირიბად მადლობას უხდის „ოცნებას“).

არჩევნების მეორე ტურისთვის მეტი ექსპრესიის შესაძენად, საეთერო დროისა და სივრცის შესავსებად, წამოსწიეს უამრავი ისეთი ფსევდოპრობლემა, როგორიცაა: „ნაცთა“ პარლამენტში შესვლა-არშესვლა, ქორწინების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში, მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის ადგილმდებარეობისა თუ პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე. და ეს ყველაფერი გაურკვეველი და შეუთანხმებელი საკონსტიტუციო კომისიის პირობებში. თითქოსდა, მეტი პრობლემა არ იყოს ქვეყანაში. არც კი გახსენებიათ, რომ ქვეყანას არა აქვს უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი კანონი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოების კვალდაკვალ, პროცესი სულ უფრო მეტად ემსგავსება საპნის ოპერას. რეალობა, რომელსაც ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული ორი „პარტია“ სთავაზობს ამომრჩეველს, ისევ არ სცდება შუაგაკრეფის სპეცოპერაციის ფარგლებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ორივეს ინტერესის სასარგებლოდ ცესკომ საკუთარი დადგენილებით ორგანულ კანონიც კი შეცვალა. როდესაც ერთმანეთის პირისპირ დარჩა ორივე ძალა - „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ იმის მაგივრად, რომ ამომრჩეველს ახლა მაინც სთავაზობდეს საკუთარ ხედვებს სახელმწიფოს განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ქვეყნის წინსვლის პროგრამების შესახებ, ისევ და ისევ მთელ ძალისხმევას ერთმანეთის ლანძღვასა და განქიქებას ანდომებს; შემოიფარგლება სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებზე გათვლილი დაპირებებით. ელექტორატი არჩევანის გასაკეთებლად ვერ აღმოაჩენს ვერავითარ დიდ სხვაობას მათს რიტორიკაში, მიზნებსა და ამოცანებში და ამის მისაჩქმალად ქმნიან ქარიშხალს ჭიქაში.

სიტყვით ორივე ძალა ამტკიცებს საკუთარ პროდასავლურობას, საქმით კი ორივე მათგანი საბჭოთა წარსულიდან გამოყოლილი უნარ-ჩვევების გამოყენებით ამუხრუჭებს საზოგადოების განვითარებასა და წინსვლას. ორივე პოლიტიკურ ძალაში მრავლად იყო და დღესაც წარმოდგენილია პერსონები, რომელთაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ქვეყნის წინაშე ჩადენილ მრავალ დანაშაულში. ორივე ძალას სამართალი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების საშუალებად წარმოუდგენია, ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს საშუალო ფენად წარმოგვიდგინოს საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები და ა.შ. (აქვე აღვნიშნავდით, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ხალხს, ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსს, ეს ორი ძალა ერთმანეთში ინაწილებს).

„ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში ყველაფერი გასაგებია - საზოგადოების უდიდეს ნაწილში მათ შესახებ მკაფიოდ ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული პოზიცია არსებობს. „ქართული ოცნების“ ქვეყნისადმი ერთგულებისა და პოლიტიკური კეთილსინდისიერების მიმართ კი, აზრები იყოფა.

ქართული საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე დადგა. რა უნდა ქნას საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლებმა, ვისაც, „ოცნების” ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, არასდროს უთანამშრომლია სააკაშვილის რეჟიმთან და ამ რეჟიმთან ბრძოლის დროს, არასდროს უფიქრია პირად ინტერესებზე, კომფორტსა თუ კეთილდღეობაზე?

რა უნდა ქნას იმ ხალხმა, რომლებიც ებრძოდა სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს და ეჭვი ეპარება „ოცნების“ სანდოობაში, კარიერული წინსვლისთვის გადანაწილდეს “ქართულ ოცნებასა” და “ნაც-მოძრაობაში”, თუ ქვეყნის ბედზე ფიქრს საერთოდ დაანებოს თავი?

მეორე ტურისთვის ყველაფერი ნათელია. ზედმეტი ვნებათა ღელვა საჭირო არ არის. შექმნილი მძიმე მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ურემი გადაბრუნდა, ახლა მაინც დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ რაც გვჭირს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ამის შემდეგ მაინც შევძლოთ ამ მოცემულობის შეცვლა და ქვეყნის განვითარების გზაზე დაყენება. მით უფრო, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო, ხელისუფალთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენს გვერდითაა და ცდილობს დაგვეხმაროს თავისუფალ ადამიანთა კრებულად ჩამოყალიბებაში. წარუმატებლობა გამოცდილებად მივიღოთ, მისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და იგი მომავალი გამარჯვების დასაბამად ვაქციოთ.

მამუკა გიორგაძე, ჯემალ გუნდიშვილი
„სახალხო პარტია“