Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (8)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
7-02-2017, 12:05
ნანახია: 1310

ზაურ ნაჭყებია: სად იმალება მისი უდიდებულესობა - „მოქალაქე“?!

წინასწარმეტყველებაზე პრეტენზია არა მაქვს, თუმცა, საკუთარ ინტუიციას ყოველთვის ვენდობი. დიახ, უფრო ინტუიციას, თორემ, ქვეყანაში მოვლენები ისე უკუღმართად ვითარდება, პროგნოზს და ლოგიკას ვერც დაეყრდნობი!

 

როცა ექსპრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებიდან (პოლიტიკიდან) ოფიციალურად წასვლაზე განცხადება გააკეთა, მან თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: როგორც დაგპირდით, მე მივდივარ ხელისუფლებიდან, მაგრამ, მივდივარ იმ რწმენით, რომ გავაძლიერებ სამოქალაქო საზოგადოებას და ჩემს მიერ დანატოვარ მთავრობას ოპოზიციაში ჩავუდგებიო.

 

ბევრმა ექს-პრემიერს ეს ნაბიჯი (ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით წასვლა) გმირობად ჩაუთვალა (სკამს არ ებღაუჭებაო) და ისიც ირწმუნა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებდა!

 

გადადგომიდან მეორე დღესვე „ივერიონში“ დავწერე, რომ ექსპრემიერი შეიძლება ცრუობდა და ამ სიცრუის მიზეზებიც ჩემებურად ავხსენი.

 

კერძოდ, ვწერდი, რომ ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის თითსაც არ გაატოკებდა, რადგან, არც ერთი ხელისუფლება (ივანიშვილი დღესაც ხელისუფლებასთან ასოცირდება!) არ არის დაინტერესებული, სამოქალაქო საზოგადოების სახით ჰყავდეს სერიოზული ოპონენტი, რომელიც ყველა მის ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს თუ ინიციატივას გააკონტროლებს და სათანადო ვერდიქტსაც გამოუტანს!..

 

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამომიჩნდნენ ყალბი ოპონენტები. ისინი „მიმტკიცებდნენ“, რომ მე ხალხი შემყავდა შეცდომაში, ბატონი ბიძინა კი დანაპირებს აუცილებლად შეასრულებდა (რომელი ერთი არ შეუსრულებია!). საყვედურებმა განსაკუთრებით მაშინ იმატა, როცა ივანიშვილმა სამოქალაქო სექტორის „ჩანასახი“ _ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა.

 

როგორც „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ამჯერადაც სახელწოდება ორიგინალურად იყო შერჩეული - სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე ზრუნვა სწორედ „მოქალაქეს“ უნდა დაეწყო!

 

მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი „მოქალაქის“ პრეზენტაციას, სადაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ექს-პრემიერს ეს მხოლოდ თავისი დანაპირების საილუსტრაციოდ სჭირდებოდა!

 

განსაკუთრებით, საეჭვოდ მეჩვენა ის გარემოება, რომ სწორუპოვარი მეცენატი „მოქალაქის“ ფონზე საკმაოდ ხელმომჭირნედ გამოიყურებოდა. მან ცივი წყალი გადაასხა ჟურნალისტთა გაძლიერებულ ინტერესს - შეუწყობდა თუ არა იგი ხელს სხვადასხვა მიმართულების ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნება-დაფინანსებას ქვეყანაში და დადგებოდა თუ არა საკუთრივ „მოქალაქე“ სამოქალაქო სექტორის ფორმირების ავანგარდში, ანუ, მის წიაღში გაჩნდებოდნენ თუ არა სხვა არასამთავრობოებიც.

 

ბატონმა ბიძინამ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას არ აპირებდა, რაც შეეხებოდა „მოქალაქეს“, მას განსაზღვრული ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა და მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.

 

მე არ ვიცი, რამდენად შეუწყო ხელი ივანიშვილის „მოქალაქემ“ საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას, ან, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: ექს-პრემიერს სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად თითქმის, ან საერთოდ, არაფერი გაუკეთებია!

 

თუმცა, მაშინვე უნდა გვეფიქრა, რომ არც გააკეთებდა, რადგან, ეს მის გეგმაში, ალბათ, არ შედიოდა და გადადგომისწინა განცხადება მხოლოდ გულუბრყვილოთა ეიფორიაში ჩასაგდებად გადაგდებული ანკესი იყო!!!

 

საქმე ისაა, რომ არავინ დაუშვებდა ქვეყანაში ქართული (ხაზს ვუსვამ, ქართული, თორემ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეო-ები რა ზიანსაც აყენებენ ქვეყანას, ყველა კარგად ხედავს) არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას - იმ სექტორის, რომელიც მოწოდებულია „კრიჭაში ჩაუდგეს“ ხელისუფლებას და მისი ყველა ნაბიჯი აკონტროლოს!

 

უდავოა: საქართველოში სამოქალაქო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) ჩანასახიც რომ იყოს, ქვეყანა ასეთ დღეში არ იქნებოდა. არც ხელისუფლება გაბედავდა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივების გაჟღერებას, რომელსაც გათითოკაცებულნი ვერა და ვერ ვეწინააღმდეგებით!!!

 

როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოება საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების მცოდნე საზოგადოებაა, რომელსაც არა მარტო ანგარიშს უწევს ნებისმიერი ხელისუფლება, არამედ, ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს კიდეც მას!

 

საინტერესოა, რას ფიქრობენ დღეს ის ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის დანაპირებს შეასრულებდა და ამით უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას, ვიდრე, ხელისუფლებაში ყოფნისას.

 

ლოგიკურად ისმება კითხვა: რატომ იცრუა ასე მწარედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და სად „იმალება“ დღეს მისი უდიდებულესობა - „მოქალაქე“?!

 

პასუხი მარტივია: მაშინ იგი მის მიმართ დაკისრებულ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ ამ ნაბიჯით ფაქტობრივი ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა!

 

ბოლოთქმა: სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორია.

 

ქართული მედია, დღეს რა წუმპეშია ჩაძირული და როგორ უწყობს იგი ხელს საზოგადოების ტვინის გამორეცხვას, კარგად ვხედავთ და საკუთარ თავზეც ვგრძნობთ. ქართული ფულით დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი კი ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის - ქართულ ბიზნესს დღეს ამისთვის არ სცხელა!

 

ასე, რომ, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე საუბარი, უბრალოდ, წყლის ნაყვაა და, სამწუხაროდ, მისი ჩანასახის შორეული კონტურებიც არ ჩანს.

 

ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ტელეკომპანია „იმედის“ ხელოვნური გამსხვილება და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც - არ გამოვრიცხავ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება „რეფორმირების“ თითიდან გამოწოვილი მიზეზით გარკვეული ვადით შეჩერდეს ან ისიც, როგორც არაეფექტური ტელემედიასაშუალება ახლად აღმოცენებულ მონსტრს შეუერთონ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში ტელემედიასაშუალებათა სრული მონოპოლიზება და საინფორმაციო სივრცის დახშობა იგეგმება.

 

სამწუხაროდ, ჩემი ინტუიცია ამას მკარნახობს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!