ძირს ბუტაფორიული მეფე! ანუ, ფხიზლად, ქართველებო!

ძირს ბუტაფორიული მეფე! ანუ, ფხიზლად, ქართველებო!

„კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ იქნება, მაგრამ უნდა გავიაზროთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი“ - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოლო საკვირაო ქადაგებაზე.

 

პატრიარქისგან კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე მინიშნება ახალი არ ყოფილა, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი ადრე არ გამოუწვევია. სხვათაშორის, ეს მისი მეორე, შეიძლება ითქვას,  საკამათო და ორაზროვანი განცხადებაა ბოლო ორი თვის მანძილზე - პირველში ვგულისხმობ მისი უწმინდესობის მიმართვას ქართველი ემოგრანტებისადმი - „არ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ არ დაივიწყონ საკუთარი სამშობლო“.

 

პირველ განცხადებაზე საკუთარი აზრი თავის დროზე გამოვთქვი და ახლაც მოკლედ ვიმეორებ: რაც არ უნდა მოსალოდნელ განსაცდელებს ხედავდეს ერის სულიერი მწყემსმთავარი, არ შეიძლება საკუთარი სამწყსოს უცხო მიწაზე დარჩენა ურჩიო - უფრო შორს არც ამჯერად წავალ.

 

რაც შეეხება მის ბოლო განცხადებას კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე, რომელსაც „სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში“, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არა მარტო საკამათოა, არამედ სერიოზული დაფიქრების საბაბსაც იძლევა - რატომ შემოაგდო პატრიარქმა ეს თემა მაინცდამაინც კონსტიტუციური ცვლილებების წინ?

 

ვიდრე ამაზე პასუხს გავცემდე, უპრიანია, პასუხი გავცეთ ერთ ყველაზე მეტად საჩოთირო კითხვაზე: რატომ აიტაცა ხელისუფლებამ ეს იდეა უკრიტიკოდ და რა იმალება ამ „მკვრადშობილი“ ინიციატივის მიღმა?!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მირონცხებული მეფის ინსტიტუტი თავის დროზე ანტიმართლმადიდებელმა (მასონურმა) ძალებმა ამოშანთეს, იგივე ძალებს, რომლებიც არა მარტო პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიოს მართვაზე, არამედ, ფაქტიურად მართავენ კიდეც, არ უნდა აწყობდეთ სახელმწიფოს მოწყობის ისეთი ინსტიტუტის აღგენა-დამკვიდრება, რომელსაც „ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს“! პატრიარქის იდეით ხელისუფლების აღტაცება მიგვანიშნებს, რომ მომავალი მონარქი (თუ ეს იდეა განხორციელდა) არა მარტო ბუტაფორია, არამედ, დისკრედიტებული პერსონა იქნება (უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ „ტახტის“ კანონიერი მემკვიდრის მოძებნა ძნელია, ამასთან, შეიძლება ეს ბაგრატიონებს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლის საფუძველიც გახდეს)!

 

ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, არის თუ არა მზად შინაგანად და მენტალურად საზოგადოება მონარქის მისაღებად. უფრო საყურადღებოა პატრიარქის სიტყვები - „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“. თუ მეფე არ მართავს, მაშინ, რანაირად შემოაქვს მას სიმშვიდე ქვეყანაში, ან ვის რაში სჭირდება ისეთი მონარქი, რომლის ფუნქცია მხოლოდ სიმბოლური (რიტუალური) იქნება?!

 

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მაგალითები, სადაც მეფეს სიმბოლური დატვირთვა აქვს და მისი ფუნქცია მხოლოდ წარმომადგენლობითია.

 

საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება თავისთავად გამორიცხავს პრეზიდენტის ინსტიტუტის (რომელიც დღევანდელ პირობებში ისედაც სიმბოლურია) არსებობას, რომლის შენახვის ხარჯები თავისუფლად საკმარისი იქნება მონარქის და მისი გარემოცვის შესანახად, ანუ შიში, რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, საფუძველს მოკლებულია!

 

ასევე საფუძველს მოკლებულია შიში იმის თაობაზეც, რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღება თავისთავად ნიშნავს თავად-აზნაურთა ინსტიტუტის აღდგენასაც. ეს რომ ასე არ იქნება, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“, ანუ, სიმბოლური (ბუტაფორიული) ფიგურაა, რომელიც მეფის ტრადიციული  (თავად-აზნაურული) ინსტიტუტის აღდგენას არ ითვალისწინებს!

 

სამწუხაროა, რომ ამ თემაზე მსჯელობისას არარსებით საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას და პასუხს არ ეძებენ მთავარ კითხვაზე: რამ, ან ვინ აიძულა პატრიარქი გაეკეთებინა ეს - იდეაშივე მკვდრადშობილი (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არამართებული) განცხადება?

 

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხელისუფლება (მის უკან მდგომი საერთაშორისო ძალები) აშკარა ზეწოლას ახდენს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე (ამ შემთხვევაში, პატრიარქზე) და საბოლოოდ ძირს უთხრის ეკლესიის ავტორიტეტს?!

 

სამწუხაროდ, მისი უწმინდესობის ბოლო ორი ინიციატივა (მიმართვა ემიგრანტებისადმი და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა) არა მარტო გაორებას იწვევს საზოგადოებაში, არამედ, არსებითად აბრკოლებს და ეკლესიის მიმართ რწმენასაც უკარგავს.

 

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოუდგენელია, ბოროტმა ძალებმა ხელი შეუწყონ მირონცხებული მეფის ინსტიტუტის აღდგენას, რომელიც საუკუნეების წინ თვითონ დაამხეს და ამოშანთეს!

 

მაშ, რად გვინდა მეფე-ბუტაფორია, რომელსაც არანაირი უფლებები არ ექნება?!

 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, მაგრამ, ეს „ვიღაცას“ სჭირდება ჩვენივე გასაბითურებლად და არარსებითზე ყურადღების გადასატანად! ნიშანდობლივია, რომ ეს კეთდება საკონსტიტუციო ცვლილებების წინ, რომელიც ყირაზე აყენებს ქართულ იდენტობას და საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს არსებობასაც.

 

ფხიზლად ქართველებო, უკვე არც გვეთამაშებიან - მონარქიის იდეა მხოლოდ ანკესია, რომელსაც არ უნდა წამოვეგოთ!

 

P.S. ბევრმა ისე გაიგო, თითქოს მე პატრიარქს ვაკრიტიკებდე. არადა, ჩემი სტატიის პათოსი გულისხმობს, რომ მას აიძულეს გაეკეთებინა მსგავსი განცხადება. ჩემი ვარაუდი თვალნათლივ დაადასტურა პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარმა, სადაც იგი ადასტურებს, რომ კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებაზე ინიციატივა მისი უწმინდესობისგან არ მოდის და მან მხოლოდ სხვისი დავალება (სურვილი) გააჟღერა. ანალოგიურ სიტუაცისთან გვაქვს საქმე ემიგრანტებისადმი მიმართვის შემთხვევაშიც.

ყველაფერი ეს კონკრეტული დასკვნის საშუალებას იძლევა: კერძოდ, ანტიქრისტეს მოციქულებმა ღრმად შეაღწიეს ეკლესიის წიაღში და იქიდან ცდილობენ მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას. თუ სხვანაირად ვიტყვით, პატრიარქს ამ ინიციატივის გაჟღერება აიძულეს, რაც საკმაოდ მძიმე პერსპექტივის მიმანიშნებელია, თუ, რა თქმა უნდა, დროზე არ გამოვფხიზლდით!

P.S.P.S.მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგადად საქართველოში მეფის ინსტიტუტი აღდეს (ეს ნაწინასწარმეტყველებია კიდეც), მაგრამ, დღევანდელ სიტუაციაში კონსტიტუციურ მონარქიაზე მსჯელობა არა მარტო უაზრო და უნაყოფოა, არამედ, მკრეხელობაცაა!!!

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: