Iverioni
«    სექტემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
22-06-2017, 17:35
ნანახია: 398

კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ნება უნდა ჩანდეს და არა რომელიმე პარტიის!

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს.

ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ (ერთი პარტიის წარმმართველი როლით) ერთი და იგივე ფორმატში მიმდინარეობს უკვე მრავალი ათეული წელია. როგორც ადრე, საბჭოთა პერიოდში (პარტიულ აქტივთან, მშრომელებთან, მწველავებთან, მეტალურგებთან და ა.შ), ისე დღესაც ე.წ განხილვებში (უფრო ზუსტად განხილვის იმიტაციაში) ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადმინისტრაციული რესურსია ჩართული.

სხვათაშორის, კონსტიტუციის შექმნაში სახალხო ჩართულობის ბოლო პრეცენდენტი სულ ახლახან ისლანდიაში მოხდა, როდესაც ცხრაასზე მეტმა ადამიანმა თავისი ინიციატივით ძირითადი თეზისები წარმოადგინა, განხილვაში ჩართული იყო საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი, ყველა პოლიტიკური პარტია. ეს თეზისები შეაჯერა 150-მდე პროფესიონალმა იურისტმა და კონსტიტუციონალისტმა, საერთო დოკუმენტი გაკეთდა და შემდეგ, ეს დოკუმენტი საერთო სახალხო განხილვით დაამტკიცეს.

კონსტიტუცია ფუძემდებლური სამართლებრივ დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს იმ წესრიგის საფუძვლებს, რომელზეც დგას სახელმწიფოს, როგორც ორგანული სოციალური სისტემის ინდივიდუალობა და მთლიანობა. იგი უნდა ასახავდეს ხელისუფლების ორგანიზებისა და საზოგადოების მართვის, სამართლისა და სამართლებრივი სისტემის მოწყობის ზოგად წესებს, ასევე იმ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებსა და ნორმებს, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების ცხოვრების ერთიანობას, არეგულირებენ და იცავენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უნიკალობას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გამოტანილი საქართველოს კონსტიტუციის პროექტი ვერ აკმაყოფილებს ამ სახის დოკუმენტისადმი წაყენებულ პირობებს.

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს პოლიტიკურ-სამართლებრივი კონსესუსის პროდუქტს. კერძოდ, მასში შეუთანხმებელია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო საქართველო და როგორ ვაპირებთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. კომისიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი აარიდეს სახელმწიფოს განვითარებისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს. ამ მხრივ, თვალშისაცემია თუნდაც საკითხი, თუ ვინ დაადგინა სახელმწიფო-პოლიტიკური მოწყობის ფორმა? სახელმწიფო მოწყობა ხალხისთვის არავის არ უკითხავს.

კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ნება უნდა ჩანდეს და არა რომელიმე პარტიის. ხალხი გამოთიშულია სახელმწიფოებრივ საქმეებში მონაწილეობისგან. კონსტიტუციით გარანტირებული რეფერენდუმი (მუხლი 3.) პრაქტიკულ ცხოვრებაში აუხდენელი ოცნებაა!

არადა, კონსტიტუციის პრეამბულა ცალსახად ამტკიცებს: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცხადებთ ურყევ ნებას, რომ საქართველო იქნება“... ანუ, პრეამბულის მიხედვით, ეს ერის დოკუმენტი უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული.

მართალია, პრეამბულა გვაუწყებს, რომ „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას, მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, ტექსტში აუხსნელია. გაურკვეველია რა მიბმა გვაქვს 1918-21 წლების საქართველოსთან. ვერ ჩამოვყალიბდით მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანა ვართ თუ საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი.

დამაჯერებელი არგუმენტების გარეშეა დარჩენილი ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ:
 
- რა აუცილებლობა და რა მიზეზ-ფაქტორი განსაზღვრავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას?!, ანუ: - რა სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ მიზანს ისახავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება. რა ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის მიღება (პოლიტიკური სტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობათა პრობლემების ახლებური რეგულირება, სამართლერბრივი და სოციალურ- ეკონომიკური სფეროს მოწესრიგება და/ან სხვა)?

სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საგანგაშო ნაღმების ჩადება პროექტის ტექსტში (მიწის განუკითხავი გასხვისება, ორმაგი მოქალაქეობის დაშვება, მიმართება სახელმწიფო ენასთან, საქართველოს ეკლესიასთან, ეროვნულ ღირებულებებთან, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების მოშლასთან და სხვ.) ძალიან ძვირი დაუჯდება ქართულ სახელმწიფოს.

მთლიანად კონსტიტუციის პროექტი ზოგად დეკლარაციულ ხასიათს ატარებს, საუბარია სახელმწიფოს კეთილ სურვილებზე და არა მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობაზე, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

საერთოდ, იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ფუნქციის განხორციელება. მკაფიო ჩანაწერს საჭიროებს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის აღკვეთის, ასევე, უკანონოდ მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურების მექანიზმები; საკუთრების, შრომის სამართლიანი ანაზღაურების, უმუშევრის სტატუსის, მოქალაქის დასაქმების, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებისა და უფლების მყარი დაცვის მექანიზმები და საკრედიტო ურთიერთობებში ისეთი მკაცრი რეგულაციები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ისედაც გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის ინტერესები.

კონსტიტუციის პროექტი ზღუდავს მოქალაქის შესაძლებლობას დაიცვას თავი ძალადობისგან სახელმწიფოს მხრიდან. ადგენს მიმართებას შეუზღუდავ სახელმწიფო ძალასა და დაუცველ მოქალაქეს შორის. ნათელია, სამწუხაროდ ისიც, რომ კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ბრმა სიჯიუტით უგულვებელყოფენ და ეწინააღმდეგებიან სწორედ იმას, რაშიც დასავლური დემოკრატიის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება გვმართებს, და იმავდროულად ცდილობენ მისდიონ იმას, რასაც სახელმწიფოს, როგორც ეროვნული ნების, პარალიზაცია მოსდევს.

არ იცვლება ხელისუფლების ფორმირების ფუნდამენტური არსი მთლიანად მორგებული ხელისუფლების კონკრეტულ ინტერესებზე და არა საქართველოს ისტორიულმასშტაბიან თუ მიმდინარე ამოცანათა გადაწყვეტაზე.

პროექტით წახალისებული ტენდენციები არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური ინფრასტრუქტურის, ძლიერი პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ორიენტირებულია ძალაუფლების გამყარებისკენ, მტკიცდება კლანურ-მონოპოლისტური სისტემა (რომლისთვისაც ადამიანი პროცესებიდან გარიყული მომსახურე პერსონალია), კონკურენტული და დაბალანსებული პოლიტიკური ინფრასტრუქტურის (სადაც ადამიანი პროცესების წარმმართველი ხელისუფლების წყაროა) ნაცვლად.

დარღვეულია დემოკრატიის საფუძველი - საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის წონასწორობა და ბალანსი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ჩვენთან ფაქტობრივად ერთ ადამიანზე, ერთ ვერტიკალურ სტრუქტურაზეა ყველაფერი აგებული. ეს არის საბჭოთა ბოლშევიკური სისტემა, ცნობილი სახელწოდებით _ „დემოკრატიული ცენტრალიზმი“.

კონსტიტუციის ავტორთა ძირითადი ენერგია დაიხარჯა „დახვეწილი იურიდიული ტექნიკის“ გამოყენებით ერთი სუბიექტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისა და ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიების უზრუნველყოფისთვის - თან ისე, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა არავის დაეკისროს.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი საჭიროებს ფუნდამენტურ დამუშავებას.

სხვა შემთხვევაში ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი მუხტი და მათში არსებული არარეალიზებული ენერგია მოსახლეობის პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების საფუძველი გახდება. საქართველოს უახლესი წარსულის მწარე გამოცდილებით, პროცესების ესკალაციამ დღეს თუ არა ხვალ შესაძლებელია კვლავ რუსთაველის გამზირზე გაიყვანოს ხალხი.

სანამ კრიტიკულ ზღვრამდე მივა საქმე, საჭიროა პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების იძულება, რათა კონსტიტუცია ერთხელ მაინც ფართო საზოგადოებრივი განხილვითა და საერთო სახალხო კონსესუსით იყოს მიღებული!

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი