Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
13-03-2018, 13:39
ნანახია: 647

ნოდარ ჭითანავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

 

 

ცნობილ ნოვატორ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ნოდარ ჭითანავას, 12 მარტს მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაიმართა საზეიმო შეხვედრა. 

 

ნოდარ ჭითანავას საზოგადოებრივ საქმიანობასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე მოხსენება გააკეთა სსუ ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ.

 

დავით ჯალაღონია:

 

დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული დღეა - გამოვხატავთ პატივისცემას ადამიანის მიმართ, რომელმაც უდიდესი ამაგი დასდო მშობლიურ კერას მოშორებულ და თბილისს შეფარებულ ჩვენი უნივერსიტეტის ფეხზე დადგომასა და მის შემდგომ განვითარებას.

 

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: „ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს“. მე ვიტყოდი, დღევანდელი დღე სსუ-ის კოლექტივის მიერ მადლიერების გამოხატვაა ბატონი ნოდარისადმი იმ დიდი თანადგომის გამო, რომელიც მან გაუწია ჩვენს უნივერსიტეტს, კერძოდ კი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და სასწავლო-სამეცნიერო პროცესის წარმართვაში.

 

მინდა მადლობა ვუთხრა სსუ-ს რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს ასეთი ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.

 

ბატონი ნოდარი თავის საქმიანობას თსუ სოხუმის ფილიალში, როგორც მოწვეული ლექტორი მიკრო და მაკროეკონომიკის კათედრაზე იწყებს 2001 წლიდან. იმავე წელს, აღნიშნული  კათედრის ბაზაზე შეიქმნა ორი დამოუკიდებელი მიკროეკონომიკის და მაკროეკონომიკის სასწავლო-სამეცნიერო კათედრა. მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელობა დაევალა ბატონ ნოდარ ჭითანავას. მოგვიანებით, თსუ სოხუმის ფილიალის სამეცნიერ საბჭომ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ამ თანამდებობაზე ბატონი ნოდარი აირჩია. იმ პერიოდში მე ვიყავი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო ნაწილში. კარგად მახსოვს სტუდენტების განწყობა და დამოკიდებულება ბატონი ნოდარის ლექციებისადმი. ბატონი ნოდარი იმდენად საინტერესოდ კითხულობდა ლექციებს, რომ აუდიტორია ყოველთვის  გადავსებული იყო. 

 

ამ პერიოდში ნოდარ  ჭითანავა ხელმძღვანელობდა ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. სწორედ ამ ინსტიტუტში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე,  ჩვენი ფაკულტეტის თანამშრომლებმა მოამზადეს და დაიცვეს არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ამავე წლებში,  ბატონი ნოდარი აქტიურად მონაწილეობდა  ფაკულტეტზე ჩატარებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში. მისი მხარდაჭერთ ინსტიტუტის მიერ გამოცემულ შრომების კრებულში იბეჭდებოდა ჩვენი კოლეგების სამეცნიერო ნაშრომები. ბატონი ნოდარის ინიციატივით ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას  ძალიან საჭირი წიგნადი ფონდი გადმოეცა. 

 

სწორედ, ასეთი ადამიანის მიმართ გამოვხატავთ დღეს ჩვენს მადლიერებას. ბატონმა ნოდარმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ერის და ქვეყნის ისტორიაში, მის ცხოვრებაში, კაცთმოყვარეობით, უანგარო სიკეთით, პატიოსნებით, მამულიშვილობით, ქვეყნისადმი ერთგულებით, თავმდაბლობით, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით. 

 

ამ მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმებით იწერებოდა ბატონი ნოდარის ბიოგრაფია. ცხოვრებისეული გამოცდილებითა და სიბრძნით დახუნძულ წიგნში: „ვაშინერს, ბატონებო, საქართველოს დაშლა“, რომელის სათაურიც საზოგადოებისთვის ფრთიან გამონათქვამად იქცა, წერს: „ყველგან და ყოველთვის ადამიანის ბიოგრაფია იწყება დაბადების ადგილისა და დროის ჩვენებით“. ამით, ბატონი ნოდარი ხაზს უსვამს დაბადების ადგილის მნიშვნელობას ადამიანის მსოფლმხედველობის ფორმირების საქმეში. ამასთან, პირადი თუ ქვეყნის ინტერესების დასაცავად მსხვერპლის გაღებისას ის ყოველთვის გამოდის „ოდაბადეს“ ღირსებების შენარჩუნების და განმტკიცების პოზიციებიდან. ესაა მოწოდება ყველა ჩვენთაგანისთვის იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი საკუთარ ქვეყანას და ხალხს სწორედ, მშობლიური კუთხის გადმოსახედიდან. 

 

ბატონი ნოდარი დაიბადა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ჭკადუაშში. სამაგრელოს ამ ულამაზესმა კუთხემ გაუღვივა მას ქვეყნისადმი უანგარო სიყვარულის და ერთგულების გამორჩეული ნიჭი.  სწორედ, აქედან იწყება სახელოვნად განვლილი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი, რთული და წინააღმდეგობრივი გზა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბ-ნი ნოდარის ცხოვრება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ორ პოლიტიკურ ეპოქას მოიცავს: საბჭოთა პერიოდში ის საზოგადოებისათვის ცნობილ პიროვნებად ჩამოყალიბდა და თავისი მრწამსით, პრინციპებით დღეს აქტიურად მოღვაწეობს დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობაში. ჯერ იყო კომკავშირული და პარტიული საქმიანობის ურთულესი წლები. 24 წლის ასაკში ბატონ ნოდარს ირჩევენ კომკავშირის ზუგდიდის რაიკომის პირველ მდივნად. შემდგომ მას აწინაურებენ, ჯერ კომპარტიის ზუგდიდის რაიკომის მდივნად, შემდეგ კი, ცხაკაიას (სენაკის) რაიკომის პირველ მდივნად. ამ წლებში გამოჩნდა ახალგაზრდა ენერგიული კაცის უდიდესი ცოდნა, ნიჭი და გამჭრიახობა, საკუთარი ქვეყანისა და ხალხისადმი მსახურების გულწრფელი  სურვილი. თამამად ვიტყვი, რომ ბატონი ნოდარის განვლილი ცხოვრება უდიდესი გაკვეთლია ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც ცხოვრების მიზნად და ამოცანად ქვეყნის ერთგული სამსახური გადაუწყვეტია. საქმისადმი სიყვარულმა, ერთგულებამ,  მიზანსწრაფულობამ, შეუპოვარმა ხასიათმა განაპირობა მისი დაწინაურება აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან, ჯერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრად,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდ მისი გარდაქმნის შემდეგ, ამავე სამინისტროს მინისტრად. ამავე პერიოდებში იგი არაერთხელ იყო არჩეული ქალაქის, რაიონის (ორჯერ), ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს (ორჯერ), საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს (ორჯერ) დეპუტატად. 

 

პარტიული საქმიანობის პარალელურად ბატონი ნოდარი უდიდეს ძალისხმევას ახმარდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. 1970 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, 1993 წელს კი, სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.  არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1993-2004 წწ. მუშაობდა სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ათეულზე მეტი მონოგრაფია. მისი მეცნიერული კვლევის სფეროა: გლობალიზაციისა და ეკონომიკის განვითარების, ეკონომიკისა და სახელმწიფოს, გარდამავალი პერიოდის, საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების პრობლემები. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია 30 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. 

 

ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ბატონი ნოდარის მიერ დაგროვილი უდიდესი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ასახულია მის ფუნდამენტურ ნაშრომებში: „საქართველოს აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის მართვის სრულყოფის პრობლემები“ (თბ. 1964, რუსულ ენაზე), „საბაზრო ეკონომიკა და აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების პრობლემები“ (1993), „საბაზრო ეკონომიკის ფორმირების ორგანიზაციული პრობლემები“ (1993), „შერეული, მრავალწყობიანი, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა“ (1995), „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“ (1997 წ., I ნაწილი), „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“ (1999 წ., II ნაწილი), „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“ (2001 წ., III ნაწილი), „სოციალური ეკონომიკა: ფორმირება, განვითარება“ (2008) თანავტორობით, „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“ (2012), საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები (თბ.2015). ამ დღეებში გამოვა მონოგრაფია: საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია (2018). მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ეროვნული ეკონომიკის განვითარების აქტუალური პრობლემების ანალიზს და მათი გადაწყვეტის გზებს. გამოკვლევებში დიდი ადგილი ეთმობა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების თანამედროვე პრობლემებს. მისი აზრით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნული იდეა-სტრატეგია, რომლის გარშემო მოხდება საზოგადოების კონსოლიდაცია და მიიღწევა ეროვნული თანხმობა, საქართველოს სახელმწიფო იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცება, ქართული ფენომენის თვითგანვითარება, გლობალური პროცესებთან ადაპტირება. ეს იდეა, მისი აზრით, ლოგიკურად, ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით განსაზღვრავს საქართველოს როლს ცივილიზაციურ ურთიერთობაში. მისი ღრმა რწმენით, მომავალშიც საქართველომ მსოფლიოს უნდა შესთავაზოს საკუთარი კულტურა, როგორც ექსკლუზიური წვლილი კაცობრიობის განვითარებაში.

 

ბატონი ნოდარის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების განვთარების მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მისი ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, განხორციელდა აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების, რესპუბლიკაში კვალიფიციური კადრების მომზადების ღონისძიებები. უშუალოდ მონაწილეობდა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის, მომსახურების სფეროს რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სამრეწველო საფუძველზე გადაყვანის პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციაში. 

 

საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინაპერიოდში გამორჩეულდ მამულიშვილური იყო ნოდარ ჭითანავას პოზიცია.. 1989 წლის 18 ნოემბერს საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიამ განიხილა ბატონი ნოდარის მოხსენება-პროგრამა, რომლელშიც წარმოდგენილი იყო ეროვნული ეკონომიკის განვითარების ფუძემდებლური პრინციპები, ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები. ამავე უმაღლესმა საბჭომ მიიღო მთავრობის მომზადებული პროექტი „საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის შესახებ“. საკუთრების ფორმების მრავალგვარობა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის ქვაკუთხედად აღიარეს, ხოლო განვითარების ეტაპობრივი თანმიმდევრული (ევოლუციური) გზა - სტრატეგიულ მიმართულებად. ამ პერიოდში, სხვადასხვა ჯგუფების დაპირსპირების ფონზე ბატონი ნოდარი საჯაროდ აცხადებს: „პირადი მოტივების გამო საქართველოს ბედის რთული პოლიტიკური ცხოვრების სასწორზე შეგდება ყველაზე დიდი ღალატია: დღეს ერთობა გვჭირდება. ეროვნული ფენომენის სწორ გაგებაზე დამყარებული სიმტკიცე, გამჭრიახობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, მიმტევებლობა, მომავლის დიდ რწმენაზე აგებული შეკავშირება..., როცა საქართველოს დამოუკიდებლობა რეალური ხდება, მთავარია მზად ვიყოთ დემოკრატიული, სამართლებრივი საქართველოს შექმნისთვის. ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამოცანა. დამოუკიდებელი საქართველო მე, ისე როგორც ყველას, მხოლოდ დემოკრატიული მინდა იყოს, ნებისმიერი პარტიის, პიროვნების დიქტატისაგან თავისუფალი“. ეს იყო საქართველოს საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი პოზიცია. 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკური ძალის „მრგავალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ გამარჯვების შემდეგ, ბატონი ნოდარი უყოყმანოდ ჩადგა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობაში. იგი, როგორც უზენაესი საბჭოს დეპუტატი ხელს აწერს საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აქტს და აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკური რეფორმების კომისიაში. 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ბატონი ნოდარისთვის მიუღებელია წარსულის ხელაღებით უარყოფა. მისი აზრით, აუცილებელია წარსულის ობიექტური ანალიზი, რასაც დროსთან ერთად ცოდნა, მეცნიერული კეთილსინდისიერება სჭირდება. აქ ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორია პოლიტიკური ამბიციები და კრიმინალური მენტალობა, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია დღესაც. სწორედ, ძველის ანალიზი და მომავლის ხედვა აძლევს ბატონ ნოდარს თქვას შემდეგი: „მაღალი ნიჭი, ცოდნის თანამედროვე ჩარხზე გალესილი ჭკუა, ქვეყნის წინაშე უზენაესი პასუხისმგებლობა, ჩაკირულ-ჩადუღაბებული ქართული პატიოსნების ბალავარში - ის პირობა-ფაქტორია, რომელიც 21-ე საუკუნეში საქართველოს აღმავლობის დიდ გზაზე გაიყვანს“.

 

ნოდარ ჭითანავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შეიძლებოდა უფრო ვრცლადაც გვესაუბრა. მრავალთა შორის, ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ ეპიზოდს შევეხეთ, თუმცა ეს „ძლიერ ცოტაც“ ბევრად მეტია იმაზე, რასაც სიტყვა-მადლობა დაიტევს.

 

ბა-ნი ნოდარი იუბილარია. 10 მარტს მას შეუსრულდა დაბადებიდან 82 წლისთავი. 

 

ნება დამრთეთ, მოგილოცოთ ეს დღე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ჩვენი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და გითხრათ მადლობა, დიდი ღვაწლისთვის, ამაგისა და თანადგომისთვის, რაც თქვენგან გვერგო.

 

 გისურვებთ ხანგრძლივ ცხოვრებას და ნაყოფიერ მოღვაწეობას.