Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
14-03-2018, 10:14
ნანახია: 3002

მიხეილ ჯიბუტი: თბილისელების ლუსტრაცია „სითი პარკით“!

კახი კალაძემ სიტყვა შეასრულა და „სითი პარკისგან“ თბილისის განთავისუფლების თარიღი 2018 წლის 10 აპრილი დაასახელა. (http://www.tbilisi.gov.ge/news/4959).

 

 

სითი პარკს“ თბილისის „დაპყრობა“ „ნაყიდი“ ჰქონდა 2007 წლიდან (თბილისის მერი 2005 -2014 წლებში გიგი უგულავა, 2014-2017 წლებში დავით ნარმანია) 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

 

„სითი პარკის“ თბილისიდან გაძევებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა!

 

რაში მდგომარეობს ეს მნიშვნელობა?

 

უპირველეს ყოვლისა, ეს არის თბილისელებისთვის წართმეული და კერძო პირთა ერთი ჯგუფის მიერ დაპყრობილი ქალაქის ტერიტორიის უკან დაბრუნება.

 

თბილისის ეს გათავისუფლება ნამდვილად არ არის რაიმენაირად შესადარისი მისი არაბებისგან გათავისუფლებასთან თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბებით, თუმცა ის იძლევა იმ დადებით მოქალაქეობრივ იმპულსებს, რომელიც შესაძლებელს ხდის წარმოიდგინო მასშტაბური გამარჯვების „ეროვნული გემო“.

 

როგორც მერიის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ის რასაც აკეთებდა „სითი პარკი“, ქალაქში პარკირების ახალი მოდელის ამუშავებამდე, შეასრულებს ქალაქის სატრანსპორტო კომპანია.

 

ანუ, თბილისელებისა და მძღოლებისთვის არაფერი არ შეიცვლება. ისინი დაჯარიმდებიან ისე და იმ თანხით, როგორც „სითი პარკის“ დროს და ისევე გადაიყვანენ მათ ავტომობილებს საჯარიმო სადგომებზე, როგორც მანამდე.

 

(თბილისის მერიის 2018 წლის 13 მარტის განცხადება - http://www.tbilisi.gov.ge/news/4960).

 

მაშინ, რას ეფუძნება ზემოთგამოთქმული სიხარული?

 

დიახ, ფორმალურად არაფერი არ შეიცვლება დასაწყისში ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ შეიცვლება ძირეულად, როგორც ქალაქის მკვიდრისთვის. თუ ჯარიმების თანხა მიდიოდა თბილისის „დამპყრობელთა“ ჯიბეებში, წარმოადგენდა მათი პირადი სურვილების დაკმაყოფილების წყაროს და მას ჰქონდა „ბეგარის“ ხასიათი, ახლა ეს თანხა წავა ქალაქ თბილისის ბიუჯეტში და ბიუჯეტიდან დაფინანსებული საქმეების მიხედვით შეუძლია გახდეს თბილისის თითოეული მოქალაქისთვის საზოგადოებრივი სიკეთის მიღების წყარო!

 

სასიხარულოა სახელმწიფოებრივი წესრიგის აღდგენის მცდელობა - არ შეიძლება სახელმწიფო ფუნქციების დელეგირება კერძო სტრუქტურებისთვის. არ შეიძლება თავისუფალი მოქალაქის დასჯის უფლება მიანიჭო მოგებაზე ორიენტირებულ კომერციულ სტრუქტურას. ამაზე დიდი უსამართლობა, ანუ ერთისთვის იმის მონოპოლიური უფლების მიცემა, რომ მან სახელმწიფო ორგანოების, მოკვლევისა და სასამართლოს გარეშე გამოაცხადოს მეორე დამნაშავედ და დასაჯოს - არ არსებობს! 

 

სასიხარულოა ეს ფაქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც „სითი პარკის“ გამოჩენის დღიდან იყო ამ მოვლენის წინააღმდეგი და პირდაპირი მნიშვნელობით ებრძოდა (რა თქმა უნდა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ფარგლებში) მას. ამ ბრძოლაში კახი კალაძემდე თბილისის მერია „სითი პარკის“ მხარეს იდგა ბოლომდე!

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „სითი პარკის“, როგორც „დამპყრობელის“, თბილისიდან გაძევების ფაქტი, ისე როგორც ქალაქისთვის ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, მოსახლეობაში აჩენს ხელისუფლებისადმი ნდობის ჩამოყალიბების დასაყრდენებს. 

 

2018 წლის 13 მარტს კახი კალაძემ რუბიკონი გადალახა. Alea iacta est! 

 

წილი ნაყარია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია კახი კალაძის გამარჯვება?

 

„სითი პარკის“ გაძევება ერთმნიშვნელოვნად კარგია და კახი კალაძისა და მისი გუნდის სახელმწიფოებრივი ნაბიჯია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა გამარჯვება.

 

გამარჯვებისთვის, არაა საკმარისი, რომ თბილისმა მიიღოს მარტო სამართლებრივად სწორი პარკირების რეგულირების სისტემა და ამის შედეგად ირიბი საბიუჯეტო სარგებელი, რასაც „სითი პარკის“ გაძევება უზრუნველყოფს.

 

ამისთვის აუცილებელია, რომ თბილისმა მიიღოს ისეთი სისტემა, რომელიც გადაჭრის პარკირების პრობლემას ისე, რომ პარკირების წესების დარღვევა არ იყოს ტექნოლოგიური აუცილებლობა. დღეს 15 ავტომობილზე ქალაქის საქმიან ცენტრებში მოდის ერთი სადგომი ადგილი. პარკირების წესების დამრღვევი დღეს უმრავლეს შემთხვევაში არ არის „არაკანონმორჩილი მოქალაქე“. 

 

ავტომობილების სადგომების ინფრასტრუქტურისა და პარკირების ახალი წესრიგის დასამკვიდრებლად თბილისის მერიამ (კახი კალაძემ მის თანაგუნდელებთან ერთად) უმოკლეს დროში უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კონცეფცია და პროგრამა. გაწეროს დროში ამ პროგრამის განხორციელების გეგმა. ამასთან, ეს რეფორმა ყველა ეტაპზე უნდა განხორციელდეს თბილისელების (განსაკუთრებით მეცნიერებისა და სპეციალისტების) ჩართულობით - უნდა განხორციელდეს თბილისში თვითმმართველობისთვის დამახასიათებელი აქტივობა, ყველა თბილისელმა უნდა დაინახოს თავისი თავის ადგილი და საჭიროება თბილისის პრობლემების გადაჭრაში.

 

თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა და კახი კალაძე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ 10 აპრილამდე ბევრი ეჭვი გამოითქმება მათი გადაწყვეტილების საზოგადო, თუ კერძო ინტერესებიდან მომდინარეობის გამო.

 

დიდი უნდობლობაა ხელისუფლებისადმი ხალხში.

 

ამას აღვივებს და კიდევ უფრო გააღვივებს ის ადამიანები, რომლებსაც „სითი პარკთან“ ერთად „დაპყრობილი“ ჰქონდათ თბილისი, ჰქონდათ მატერიალური ინტერესი ამ საქმეში, 10 წელი ხარკს კრეფდნენ თბილისელებისგან და კიდევ მინიმუმ 7 წელი ფიქრობდნენ ასე გაგრძელებას!

 

არკირების „ძველი“ სისტემის „ახალ“ ჭურჭელში გადატანის პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში ნიჰილიზმის დანერგვას ეცდებიან ისინი, ვინც თანამშრომლობდა „სითი პარკთან“ და ეშინია არ გამჟღავნდეს ამ თანამშრომლობის კანონსაწინააღმდეგო ფაქტები.

 

„სითი პარკის“ გაძევების წინააღმდეგ პოლიტიკური ძალები ქულებს ვერ ჩაიწერენ. მხოლოდ სიბრიყვისა და კორუმპირებულობის თვითაღიარების გამოხატულებად იქნება აღქმული ყველა ასეთი პოზიცია. თუმცა, „სითი პარკის“ ქცევების გამეორება, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ოპოზიციის მიერ. საზოგადოებას ერთჯერადი კარგი საქმეების მიმართ დიდი „მეხსიერება“ არ გააჩნია იმიტომ, რომ ისინი საბოლოო ჯამში, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იწვევენ. 

 

მერია ფრთხილად უნდა იყოს „სითი პარკის“ თანამშრომლების გამოყენების საქმეში. მათ შორის ბევრია ამორალურ საქციელს დაჩვეული თანამშრომელი, რომლებიც ჩადიოდნენ სიყალბეს და ავტომობილების 12 საათიანი დგომის ფაქტს აყალბებდნენ. ბევრ მათგანს მოუწევს ამ ფაქტების გამო სამართლის წინაშე წარდგომა და დიდი გაუგებრობა იქნება, თუ ისინი წარდგებიან როგორც მერიის თანამშრომლები. 

 

რა თქმა უნდა ბოლომდე იბრძოლებენ „სითი პარკის“ აშკარა და ფარული მესაკუთრეები!

 

„სითი პარკისადმი“ თბილისის მიერ ხელშეკრულების მოშლის აპრიორი უკანონოდ შეფასება ჩანს კითხვებში, მოუწევს თუ არა თბილისის ბიუჯეტს ჯარიმების გადახდა (ირაკლი ნადირაძე http://www.for.ge/view_news.php?news_id=78408&news_cat=0), როგორ გადაიხდის „საერთაშორისო ხელშეკრულების“ „პირგასამტეხლოს“ (გიგი უგულავა http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/482672-gigi-ugulava-satransporto-kompania-araa-mzad-im-datvirthvisthvis-rac-sithi-parkthan-khelshekrulebis-gatsyvetis-shemdeg-daekisreba-10-aprilis-shemdeg-sheidzleba-ubralod-qaosi-mivighoth.html).

 

კიდევ ვინ როგორ მოიქცევა, ეს რამოდენიმე დღეში სრულად გამომჟღავნდება.

 

„სითი პარკის“ საქმე თბილისელების მნიშვნელოვან ლუსტრაციას მოახდენს: გამოაჩენს ვის უყვარს თბილისი და ვის არ უყვარს, ვინ თბილისში ხედავს ქართველი ერის კონცენტრირებული ენერგიის გამოხატულებას და ვინ საკუთარი კერძო და ჯგუფური ინტერესების დაკმაყოფილებისათვის საშოვარის წყაროს!

 

ყურადსაღებია „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ტაბიძის განცხადება, კერძოდ, ის ნაწილი, სადაც ის აცხადებს, რომ „კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავს - როგორც ბიზნესის, ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესებს“, - აბსოლუტურად გასაგებია. 

 

თუმცა, ბევრ კითხვებს აჩენს სხვა ნაწილი, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე. პოლიტიკური განცხადება აუცილებლად, ასევე იმოქმედებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულაციაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში დასაქმებულთა, საქართველოს მოქალაქეთა უფლებები“ (http://presa.ge/new/?m=society&AID=64201).

 

ეს განცხადება საყურადღებოა. 

 

სასამართლო გადაწყვეტს თბილისის მერიის სისწორეს.

 

თუმცა, მერია ამ საკითხს არ უნდა მიუდგეს მარტივად. 

 

საჭიროა თბილისის მერიამ შექმნას იურისტთა, ეკონომისტთა, აუდიტორთა, ურბანისტთა, ტრანსპორტის სპეციალისთთა მუდმივმოქმედი ჯგუფები. ეს შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით საწყისებზე.

 

ამ ჯგუფებმა უნდა განახორციელონ „სითი პარკის“ საქმიანობის სრული და ყოველმხრივი ანალიზი, თავი მოუყაროს იმ უამრავ მასალებს, რაც არსებობს „სითი პარკის“ მიმართ სარჩელების სახით, მოახდინოს „სითი პარკის“ მიმართ საჩივრებისა და მათ შორის, მატერიალური ზარალის შემცველი „სითი პარკის“ მიერ უკანონოდ დაჯარიმებული პირების საჩივრების შეკრებას, სხვა მასალებისა და ინფორმაციის მიღებას.

 

ამის საფუძველზე დოკუმენტურად დადასტურდება იმ ფინანსური ზარალის ოდენობა, რომელიც „სითი პარკის“ საქმიანობით მიადგა თბილისელებსა და თბილისის ბიუჯეტს. შეიქმნება პრეცედენტი, რომ იმ საზიანო საქმიანობის შესახებ, რომელიც ყველასთვის ცნობილია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, შეიქმნება დოკუმენტური და ობიექტური დადასტურებული მტკიცებულება.

 

ეს შესაძლებელია, თუ „სითი პარკის“ ლუსტრაცია გამოამჟღავნებს თბილისელების იმ ნაწილს, რომელთაც უნდათ მომავლის მქონე ქალაქში ცხოვრება.

 

ასეთ შემთხვევაში, „სითი პარკის“ პრეცედენტი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეასრულებს გაკვეთილის მაგალითს, ამ ორი ერის მეგობრობა თუ როგორ არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული!