Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
19-03-2018, 16:56
ნანახია: 1248

ნიკა გვარამიას თავხედური შანტაჟი პირდაპირი ეთერით!

 

 

საქართველოს საპატრიარქომ მიმდინარე წლის 14 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო: „იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“. 

 

მეორე დღეს მის უწმინდესობასთან შეხვედრა ითხოვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, შეთავსებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლაგამოჩენილმა „მოხალისე ვექილმა“. ორი დღით ადრე იგი თავისივე ტელეკომპანიის ეთერიდან საზოგადოებას „აღშფოთებული და განცვიფრებული“ ამცნობდა ერთი წლის წინ დაკავებული და უკვე მსჯავრდებული დეკანოზის შესახებ, ვითომდაც, „მის მიერ ახლადაღმოჩენილ“, მაგრამ, სინამდვილეში, ყველასთვის ცნობილ, მრავალგზის საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციას.

 

ემოციურად მოგვაწოდა რა მისი და დეკანოზის შეხვედრის პერიპეტიები, გვარამიამ პარალელურად სკ „რუსთავი-2“-ის კარი ფართოდ გაუღო საქართველოს საპატრიარქოს და, შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის მრავალგზის გამოყენებულ „პოლიტიკური“ თუ „სამოქალაქო“ სივრცის „ვარსკვლავებს“. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი „რუსთავი-2“ ამ ბინძურ კამპანიაში მარტო არ იყო - მას სხვა მედიასაშუალებებმაც აუბეს მხარი.

 

გვარამიას სიმართლისთვის ბრძოლა, დეკანოზ მამალაძის უფლებების დაცვა  და პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა რომ სდომოდა, საკმაო დრო ჰქონდა. მთელი წლის განმავლობაში „რუსთავი-2“-ის ეთერით სკანდალური ანტიეკლესიური რეპორტაჟების ნაცვლად შეეძლო შეეთავაზებინა საპატრიარქოსთვის ერთობლივი ბრძოლა სიმართლის დასადგენად, ჯანსაღი და მიუკერძოებული დიალოგის გამართვა. 

 

ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობდა დახურული სასამართლო პროცესზე მოსახლეობის სწორ ინფორმირებას, სასულიერო პირებისა და მრევლის ჩართვას ღია დისკუსიაში, მედიის მიმართ ნდობის ხარისხის ზრდასა და საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევას, რაც, თავის მხრივ, ამაღლებს ეკლესიაში თუ მის გარეთ არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას. 

 

მეორე მხრივ, გაირკვეოდა მტყუან-მართალი, გაიოლდებოდა უდანაშაულო ადამიანის დაცვა და საზოგადოება ერთიანი ძალიხსმევით მოსთხოვდა პასუხს დამნაშავეს, რა რანგისა თუ მდგომარეობისაც არ უნდა იყოს ის!

 

თავისუფალი მედიის პრინციპის დაცვის ვალდებულება ნიკა გვარამიას ისედაც ჰქონდა, მაგრამ არ გახსენებია. პირიქით, მთელი წელი “რუსთავი 2“ და გიორგი მამალაძის სასულიერო თუ საერო ფსევდოდამცველები დეკანოზის ვითომდა დაცვის საფარქვეშ ეწეოდნენ  ეკლესიის დისკრედიტაციას. ცდილობდნენ ეკლესიის შიგნით დაძაბულობის შექმნასა და ეკლესიასა და საზოგადოებას შორის გაუცხოების წარმოქმნას. 

 

მიმდინარეობდა კონკრეტული იერარქებისა და მოძღვრების კომპრომეტირება, ეკლესიის შიგნით არსებული განსხვავებული მოსაზრებების დაპირისპირებამდე გამწვავების ინსპირაცია, მეტი ინტრიგისა და დამაჯერებლობისთვის. 

 

არ მორიდებიან იმასაც, რომ მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული და  ნაწილ-ნაწილ მოწოდებული ფარული ჩანაწერები თუ დახურული სასამართლო პროცესის მასალები (საკითხავია რომელი სახელმწიფო უწყება ამარაგებდა ამით?!) უარყოfით იმიჯს უქმნიდა თვითონ დეკანოზ მამალაძეს, რომლის დასაცავად თითქოსდა ირჯებოდნენ - ნამდვილი მიზანი ხომ მთლიანად ეკლესიის მიმართ მოსახლეობის პატივისცემისა და ნდობის შემცირება იყო!

 

რას მივაწეროთ გვარამიას ამჟამინდელი მეტამორფოზა: „გაკეთილშობილება“, „გავაჟკაცება“ და, მით უმეტეს, ეკლესიის სიწმინდისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის“ ექსტაზით მისი აგზნება?!

 

რა მიზნები ამოძრავებს მას და მის ფარულ დამკვეთებს?!

 

ღიმილისმომგვრელია გვარამიას ადეპტების ცუღლუტობა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებiს გზით მათი პატრონის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩინების უსუსური მცდელობა - თითქოს პატრიარქთან შეხვედრა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით მომხდარიყოს!

 

მათ არც თავად გვარამია ჩამორჩენია: ეტყობა, ჩვენი გულის აჩუყეებას ელოდა, როცა გამოაცხადა, რომ თითქოს პატრიარქმა „რუსთავი 2“-ზე თქვა - „სიკეთეს აკეთებთ“. მაგრამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, უწმინდესმა დამშვიდობებისას უსურვა - „სიკეთე აკეთეთ“. ამ ორ გამონათქვამს შორის განსხვავება ერთი ასოა. ასო რომ  შინაარს მთლიანად ცვლის, გვარამიას კი მოეხსენება, მაგრამ, რა ქნას, თვითპიარი სისხლში აქვს გამჯდარი. 

 

მთავარი კი ამ შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიას მიერ 17 მარტს გაკეთებული განცხადება გახლავთ. „კურიერის“ ეთერში მისი მხრიდან პატრიარქის მიმართ ხაზგასმით გამოხატული რევერანსებისა და სხვა მაღალი იერარქების აგდებული მოხსენიების შემდეგ გაიჟღერა ფრაზამ, რომელზეც მორწმუნე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებამ რეაგირება უნდა გააკეთოს.

 

„რუსთავი-2“-ს ეთერიდან ითქვა:  „ან ის კანონიერად იქნება გათავისუფლებული, ან ჩვენ დავიწყებთ დეკანოზ მამალაძის მიერ მოკვლეული ინფორმაციის გასაჯაროებას“. ე.ი. ნიკა  გვარამია აცხადებს, რომ თუ დეკანოზ მამალაძეს  არ გაათავისუფლებთ,  „რუსთავი-2“ დაიწყებს  მამალაძის სახელით ეკლესიის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას!

 

თავხედური შანტაჟი ღია ეთერით!

 

თანამედროვედ ჩაცმული და გაკრეჭილი „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ რეანიმირებული სახე კვლავ უტევს საქართველოს ეკლესიას! ამ გადასახედიდან მისი წინაპრები უკეთესად გამოიყურებიან - ისინი გულწრფელები მაინც იყვნენ, არ ფარისევლობდნენ, მავზოლეუმში დასვენებულ კერპს ღიად ემსახურებოდნენ და ეკლესიის შვილად არ მოჰქონდათ თავი!

 

განათლებით იურისტმა გვარამიამ იცის, რომ სამართლებრივად, პატიმრის შეწყალების  ან რაიმე სხვა ფორმით გათავისუფლების უფლება ეკლესიას არ აქვს. ისიც იცის, რომ მისი უფროსი - სააკაშვილი - აღარ არის პრეზიდენტი, მაშინ რა დიდ გულზეა?

 

გასაგები იქნებოდა, მას ულტიმატუმი ხელისუფლებისთვის რომ წაეყენებინა და ეკლესიასთან შეთანხმებით ემოქმედა, მაგრამ იგი საპატრიარქოს მიმართავს ულტიმატუმით. როგორ ჰგონია მას, რა შეუძლია დღეს საპატრიარქოს? რომელმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ „ციანიდი საქმე“ უპირველეს ყოვლისა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა გვარამია გარკვეული ძალაუფლების მქონე პირებთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად, ამას ვერ გაბედავდა! 

 

მოვლენები ლოგიკურად მხოლოდ ორი სცენარით შეიძლება გაგრძელდეს - თუ მამალაძეს არ გაათავისუფლებენ, „თავისიანებზე ნაწყენი“ დეკანოზისა და მის „უკან მდგომი“ სასულიერო თუ საერო პირების სახელით, „სიმართლისთვის მებრძოლი“ „რუსთავი-2“  იძენს ახალ საბაბსა და მოტივაციას  ეკლესიის წინააღმდეგ „ანტიკორუფციული“ ბრძოლისთვის. თუ მამალაძეს გაათავისუფლებენ, მაშინ იტყვიან, რომ  გამოჩნდება ხელისუფლებასთან „კორუფციაში გარიგებული“ ეკლესიის „ბნელი“ და „დევნილ“ სასულიერო პირთა „უსპეტაკესი“ სახე.

 

გამოდის, ორივე შემთხვევაში ეკლესიის და, შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის მორიგ მრავალსერიან ტრაგი-კომიკურ ფარსს უნდა ველოდოთ. ფაქტობრივად, ზუსტად იმას, რაზეც საპატრიარქოს 14 მარტის განცხადებაში იყო საუბარი: „...აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“.

 

როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ საქრთველოს ეკლესია და ჯანსაღი ეროვნული სპექტრი ისე დასუსტდა,  რომ  მსგავს შემოტევებზე რეაგირებას ვეღარ მოახდენენ!

 

მოვუწოდებთ სასულიერო პირთა და მრევლის ჯანსაღ ნაწილს, რომლებიც სიღრმისეულად აცნობიერებენ მდგომარეობას, ყველას, ვინც გულწრფელად განიცდის შექმნილ საგანგაშო ვითარებას, არ ჩავათრევინოთ თავი ამ ბინძურ ქმედებებში, მოვთოკოთ ემოციები, დავიცვათ დასაცავი და პასუხი მოვთხოვოთ მას, ვინც ამას იმსახურებს (მანამდე გავარკვიოთ რომელი რომელია!).

 

შევაერთოთ ჩვენი ძალისხმევა ათეულობით წლების განმავლობაში მებრძოლი ათეიზმისა და ბოლშევიზმის მიერ დატოვებული მეტასტაზებისგან გასათავისუფლებლად. შესაბამისი ფორმებით, ერთობლივი აქტიური, გააზრებული და თანმიმდევრული ნაბიჯებით ყველას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ თითქოს და მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც თავად მოესურვება და ამისთვის არავინ მოსთხოვს პასუხს.

 

უნდა დაიმსხვრეს მავანთა იმედი, თითქოს რაიმე მოღალატური თუ დანაშაულებრივი ქმედება შესაძლებელია დაუსჯელი დარჩეს!

 

 

მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტია 

 

თბილისი 18.03.2018