მიხედეთ ადგილობრივ „ფეოდალებს“ - ისინი ძირს უთხრიან თქვენს ხელისუფლებას!

მიხედეთ ადგილობრივ „ფეოდალებს“ - ისინი ძირს უთხრიან თქვენს ხელისუფლებას!

20 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო-გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა სენაკის კულტურის სამსახურის უფროსის, უკანონოდ დევნილი გამორჩეული პოეტის ვასილ ბესელიას მხარდასაჭერად.

 

აქციის მონაწილეებმა შეიმუშავეს მიმართვის ტექსტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი.

 

რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო-გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეთა მიმართვა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ. გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ, ირაკლი კობახიძეს

 

 

ბატონებო,

 

საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ფონზე მტკიცედ იკიდებს ფეხს მეტად საშიში ტენდენცია, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ოპტიმიზაციის მოტივით პროფესიონალი კადრების უაპელაციოდ (სათანადო მოტივაციის გარეშე) სამსახურიდან დათხოვნასთან.

 

ისინი თვლიან რა თავს არჩეულ მერებად, მიაჩნიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ - თავს გრძნობენ ადგილობრივ ფეოდალებად და ქოთანს ისე აბამენ ყურს, როგორც მოეპრიანებათ!

 

ამის თვალსაჩინო ნიმუშია სენაკის მინიციპალიტეტის მერის, ბ-ნ ლევან კუპრეიშვილის უკანონო და უტიფარი გადაწყვეტილება, სენაკის კულტურის სამსახურს საერთოდ ჩამოაშოროს ამ სფეროს ღვაწლმოსილი მუშაკი, არაერთი მასშტაბური ღონისძიების სცენარის ავტორი და ორგანიზატორი („ეგრისობა - 2014“, „ეგრისობა - 2015“, „ეგრისობა - 1016“, „მარულა - 2016“ და ა.შ.), სენაკის კულტურის სამსახურის უფროსი, ცნობილი პოეტი, ვასილ ბესელია.

 

ბატონი კუპრეიშვილი სტრუქტურის რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის მოტივით, ანთავისუფლებს რა ბ-ნ ვასილ ბესელიას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, უტიფრად უცხადებს: „შენს კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მე სხვა კრიტერიუმებით ვზომავო“. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება, რომ ბ-ნი ვასილი არის „პრინციპული“ და „ზედმეტად პატიოსანი“ (ეს მისი სიტყვებია!).

 

მიუხედავად კომპეტენციისა, ბ-ნი ვასილი თანახმა იყო ემუშავა მისთვის ჩვეულ (კულტურის) სფეროში - თუნდაც, პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მეტიც, კუპრეიშვილმა ცინიკურად უთხრა, რომ მის ადგილს კულტურის სფეროში საერთოდ ვერ ხედავდა!!!

 

ჩვენ, აქციის მონაწილენი, აღშფოთებული ვართ ადგილობრივი ხელისუფლების ცინიკური (თავხედური) დამოკიდებულებით პროფესიონალი, საზოგადოებაში გამორჩეული პიროვნების მიმართ. მოვითხოვთ დაინტერესდეთ ამ ფაქტით და ოპერატიულად მოახდინოთ სათანადო რეაგირება.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ სენაკის მერი თავისი უტიფარი საქციელით აშკარად საფრთხეს უქმნის მმართველი პარტიისა და შესაბამისად, ხელისუფლების იმიჯს, რომელმაც იგი წარმოადგინა მერის თანამდებობაზე ასარჩევად.

 

გაუწყებთ იმასაც, რომ თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება, ბატონ ვასილს საკუთარი ღირსების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს შიმშილობა, რომელიც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფატალური შედეგით დამთავრდეს.

 

ჩვენის მხრივ კი დავძენთ: თუ ამ მიმართვას და დღევანდელ საპროტესტო-გამაფრთხილებელ აქციას შედეგი არ მოჰყვება, მზად ვართ დავიწყოთ მასშტაბური პერმანენტული აქციები უკანონოდ დევნილი საჯარო მოხელის, გამორჩეული ქართველი პოეტის, ბ-ნ ვასილ ბესელიას მხარდასაჭერად.

 

20 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

 

აქციის მონაწილეთა სახელით:

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: