ვის და რატომ გაეჩხირა ყელში ზუგდიდი, ანუ, „ორიგინალობიდან“ მკრეხელობისკენ!

ვის და რატომ გაეჩხირა ყელში ზუგდიდი, ანუ, „ორიგინალობიდან“ მკრეხელობისკენ!

 

ორიგინალური ხალხი ვართ, მეგრელები, იმდენად ორიგინალური, ხშირად ამის გამო დანარჩენი ქართველები ვერ გვგუობენ ხოლმე (ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით)!

 

მორიგ „ორიგინალობად“ ჩავთვალე ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილებაც მიცვალებულის დაკრძალვის ახალი რეგულაციის შემოღების შესახებ, რაც მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვას ითვალისწინებს.

 

გადაწყვეტილებაში საუბარია სხვა ნიუანსებზეც, მაგრამ, ეს ნაკლებად საინტერესოა.

 

თუმცა, ჩემი აღტაცება მეგრელების მორიგ ორიგინალობაზე გაფერმკრთალდა, როცა შევიტყვე, რომ ასეთი რეგულაციები სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც მიუღიათ, მაგრამ, მავანს და მავანს მაინცდამაინც ყელში ზუგდიდი გაეჩხირა-ალბათ იმიტომ, რომ ზუგდიდია, ალბათ იმიტომ, რომ , სამეგრელოა.ალბათ იმიტომ, რომ მორიგი საქილიკო და თითის გასაშვერი თემა გამოუჩნდათ!!!

 

არ ვაჭარბებ: ასეთი მიზანმიმართული მკრეხელობა მარტო ზუგდიდელების ტვინში რომ მომწიფებულიყო, საჩქაროდ ჩავიდოდი ზუგდიდში და პროტესტის ნიშნად კარავს დავცემდი საკრებულოს შესასვლელის წინ, მაგრამ, მეც გადავრჩი და ...ზუგდიდელებიც ჩემს „მრისხანებას“ გადაურჩნენ!!!

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს საქილიკო თემად იქცა, სულაც არ არის საქილიკო-21-ე საუკუნეში ქრისტიან ერს წარმართული წეს-ჩვეულება უნდათ დაუბრუნონ და ამას ადგილობრივ დონეზე აკვარახჭინებენ.

 

როგორც იტყვიან, არა მარტო ამ ანტიქრისტაინული ინიციატივის, არამედ, მისი უსიტყო შემსრულებლის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!!!

 

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მალე საკუთარ სახესაც დაგვაკარგინებენ და ეს ყალბი დემოკრატიის და ევროპული „ღირებულებების ქოლგის ქვეს მოხდება!

 

სხვათაშორის, ამ ორიოდე კვირის წინ გახლდით ზუგდიდში კულტურულ ღონისძიებაზე. სწორედ იქ გავიცანი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი წოწერია - საკმაოდ დადებითი, ნიჭიერი და გაწონასწორებული საჯარო მოხელის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ, რად გინდა? ასეთ ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ გადაწყვეტილებაზე ხელს როცა მოაწერ, იქ უკვე მთავრდება შენი კარგი ბიჭობა და კარგი ქართველობაც!

 

წუხელ, მისი კომენტარი მოვისმინე რომელიღაც ქართულ არხზე და შემეცოდა - იმიტომ შემეცოდა, რომ ამ მკრეხელური გადაწყვეტილების შეფუთვას ცდილობდა, მაგრამ, არ გამოუვიდა!

 

კარგი ბიჭობა და ასეთი ანტიქრისტიანული გადაწყვეტილებისთვის მწვანე შუქის ანთება ერთმანეთში ვერ განივთდებიან - ან უნდა გადადგე ამ დროს, ან ყველაფერზე უსიტყვოდ დათანხმდე და ამქვეყნიური კომფორტი გაიხანგრძლივო! ეტყობა ზუგდიდის საკრებულოს მესვეურებმა ეს გზა აირჩიეს, რაც სამწუხაროა!

 

სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენ, ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია: რას გვიპირებენ და საით მიჰყავს სულწაწყმედილ, სულგაყიდულ ქართველად წოდებულ არაქართველებს ქვეყანა და ყველაფრის წაყრუებით როგორ ამოვყოფთ თავს ჯოჯოხეთის კუპრში!

 

და ბოლოს იმითვე დავამთავრებ, რითაც დავიწყე: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკრეხელობა სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც დაუმტკიცებიათ, თითი მაინც ზუგდიდისკენ გაიშვირეს - იმიტომ, რომ ზუგდიდია, იმიტომ, რომ სამეგრელოა, იმიტომ, რომ ახალი საქილიკო თემა გაჩნდა!

 

უაზრო ქილიკს და საქართველოს კუთხეებად დაყოფას თავი დავანებოთ და ქვეყანას მივხედოთ - იმ ქვეყანას, ლამისაა თავზე რომ დაგვამხეს ურჯულოებმა!

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: