ზაურ ნაჭყებია: რას აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, ანუ მარიხუანას პლანტაციებიდან ნარკოკარტელამდე!

ზაურ ნაჭყებია: რას აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, ანუ მარიხუანას პლანტაციებიდან ნარკოკარტელამდე!

 

„თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, ნახავენ ჩვენს ძალას... ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებთ“ - ეს სიტყვები საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე იაკობს ეკუთვნის, რომელიც მან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე - „ნარკოპოლიტიკა - საქართველო, გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ - გააჟღერა.

 

სხვათაშორის, იგივე პოზიციას აფიქსირებდნენ კონფერენციაზე სიტყვით გამოსული სხვა მღვდელმთავრებიც.

 

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ, როგორც იქნა, ეკლესია აქტიურ ფაზაში გადავიდა (სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ამ ბოლო ხანებში გაკეთებული განცხადებები უკან მიდევნებული ლამპარის შთაბეჭდილებას ტოვებდა) და მან საკუთარი - ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენის მისია ბოლომდე გაისიგრძეგანა.

 

გულახდილად უნდა ითქვას: მიუხედავად, ამ ბოლო წლებში საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესებისა, ქვეყანაში ეკლესია რჩება (მომავალშიც დარჩება) ერთადერთ ავტორიტეტად, რომელსაც ხალხის (თავისი სამწყსოს) უანგაროდ ფეხზე დაყენება შეუძლია - თუ რამდენად საშიშია ეკლესიის მიერ დამუხტული აბობოქრებული მასის მოგერიება, საქართველოს მარიონეტმა ხელისუფლებამ და მათმა პატრონებმაც კარგად იციან!!!

 

კონფერენციაზე მღვდელმთავრებს არც დაუმალავთ, რომ თუ სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება) გადაწყვეტს მარიხუანას პლანტაციების გაშენებას ექსპორტის მიზნით, მაშინ მათ „ეკლესიაც დაუპირისპირდება და ხალხიც“ (მეუფე იაკობი).

 

სიცხადისთვის ვიტყვი: საქმე ეხება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის ქვეყანაში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საქმიანობისთვის.

 

რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მთავრობა ამ ინიციატივას ეკონომიკის განვითარების მოტივით ამართლებს - აცხადებენ, რომ მარიხუანას ექსპორტზე გატანით საქართველოს ბიუჯეტი კოლოსალურად გაიზრდება, თუმცა, რა ციფრებზე შეიძლება იყოს საუბარი, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

 

მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება, ასევე გამოცხადდება სალიცენზიო პირობებში საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალიც.

 

ერთი სიტყვით, საქართველოს მთავრობამ, როგორც იქნა, ხალხზე „ზრუნვა“ დაიწყო და ეკონომიკის განვითარებას და ბიუჯეტის შევსებას მარიხუანას პლანტაციების გაშენებით და მისი ექსპორტირებით აპირებს!

 

თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მარიხუანას ლეგალიზებას საქართველოსთვის, ამაზე სპეციალისტებმა საგანგაშო დასკვნები უკვე დადეს. მითუმეტეს, რისკი იზრდება პლანტაციების ლეგალურად გაშენების პირობებში. ვეთანხმები მეუფე იაკობს, როცა ამბობს: „საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ ჩვენ, სადაც მილიარდობით საქონელი იქნება?!“.

 

რაც არ უნდა ლიცენზირების აუცილებლობა მოიმიზეზონ და შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან პლანტაციების მაქსიმალურად გაკონტროლებაში დაგვარწმუნონ (არადა, ბლეფია), მთავრობის ამ ინიციატივას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია - არალიცენზირებული პლანტაციებიც გაჩნდება და ნებისმიერი გზით ფულის შოვნაზე დახარბებული ქართველები (ბუნებრივია, არაქართველებიც) გამდიდრების ახალი წყაროს მიღების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ!

 

აქსიომაა, ხელისუფლებას ხალხის მძიმე პირობები და ეკონომიკის განვითარება რომ აწუხებდეს, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარებაზე აიღებდა ორიენტაციას, რომელსაც საქართველოს კლიმატური პირობები უწყობს ხელს და რაც ტრადიციულად ვითარდებოდა ქვეყანაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ ინიციატივის შეფუთვას - მარიხუანას პლანტაციის გაშენებას ექსპორტზე გატანის მიზნით ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ცდილობს, წინასწარ შეგვიძლია გავიაზროთ ქვეყნისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგები.

 

როგორც სპეციალისტები ამბობენ (ამას პრაქტიკაც ადასტურებს), მარიხუანას მოხმარება რადიკალურად მძიმედ მოქმედებს ადამიანის (განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის) ჯანმრთელობაზე და მის მენტალურ განვითარებაზე.

 

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მთავრობის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოში ახალგაზრდა თაობის მასობრივი გამოლენჩების (განადგურების) პროცესი დაიწყება - ჯერ მარიხუანას დეკრიმინალიზაციამდე რა დღეში ვიყავით და ახლა პლანტაციების ლეგალურად გაშენების პირობებში რა დღეში ჩავვარდებით, ძნელად წარმოსადგენი არ უნდა იყოს!

 

კიდევ ვიმეორებ: თვალში ნაცრის შეყრაა (მეტიც, დაცინვაა) მთავრობის განცხადება, რომ მარიხუანას პლანტაციებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს და ამ მხრივ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება!

 

ცრუობს მთავრობა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს - საკამათო არ არის, რომ ასეთი ნარკოპოლიტიკის დაკანონებით ქვეყანას სერიოზული გამოწვევების წინაშე ვაყენებთ. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თუ საზოგადოების პროტესტმა საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან ქუჩაში არ გადაინაცვლა, ეკლესიამ და ერში ჯერ კიდევ დარჩენილმა პატრიოტებმა, ხალხს მასობრივი პროტესტისკენ არ მოუწოდეს, ქვეყანას მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრება!!!

 

როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე ღიად საუბრობენ, რომ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის და მარიხუანას პლანტაციების გაშენების ინიციატივის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ იგი ამ მომაკვდინებელი ინიციატივით საკუთარი ბიზნესის აყვავებას და საქართველოს ნარკოკარტელად გადაქცევას ცდილობს.

 

მინდა ვირწმუნო, რომ ასეთი განცხადებები მისი ოპონენტების შავი პიარია. ასევე, მინდა ვირწმუნო, რომ ივანიშვილი ამ სიტუაციის მძევალია და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს!

 

თუმცა, ეს ვერავითარი შეღავათია საქართველოსთვის, რომელმაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ქვეყნის ბედი ერთი ადამიანის კისერზე (რბილად თუ ვიტყვით, ხოშზე) ჩამოკიდა.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში იმდენი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადაიდგა, საზოგადოებამ ან ცოტათი წამოიკნავლა და მერე ჩაიფუშა (ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარებისთვის, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით), ან საერთოდ საშიშ გამოწვევებს იგნორი გაუკეთა და ბოლომდე გადაყლაპა. სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგია ის „სიურპრიზიც“, რაც ამ ბოლო დღეებში ივანიშვილის მთავრობამ ქართულ საზოგადოებას შესთავაზა - რაც არ უნდა გვარწმუნონ, რომ მარიხუანას პლანტაციების გაშენება-ექსპორტი ეკონომიკის გაჯანსაღების წინაპირობა იქნება, ეს ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ქვეყნის ღალატი და ერის დეგრადირებისკენ მიმართული ნაბიჯია. ალბათ, შემდგომი ნაბიჯი ლგბტ-ს ოფიციალური აღლუმები და მათი იდეოლოგიის (აღვირახსნილობის) დამკვიდრება იქნება!

 

არც იმაში უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ თუ მარიხუანას პლანტაციების გაშენებას წავუყრუეთ, უახლოეს მომავალში მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციასაც დაგვიკანონებენ. სხვა რა არის სოდომ-გომორი?..

 

და ეს უნდა მოხდეს მართლმადიდებულ ქვეყანაში, წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში?!

 

ღმერთმა ნუ ქნას, ესეც ჩავყლაპოთ და ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივას სათანადო პროტესტი არ მოჰყვეს ეკლესიისა და საზოგადოების მხრიდან - განგაშის ზარებმა არ უნდა დაიგვიანოს! მე ერთი რამ ნამდვილად მიკვირს - მთავრობის მხრიდან თემა შემოგდებულია საპრეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ან არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებით დაინტერესებული არ არის და არეულობას წინასაარჩევნოდ გეგმავს, ან ხალხის მოთმინებას ამოწმებს.

 

რაც არ უნდა ჩაგვჩიჩინონ პრეზიდენტის შეკვეცილ უფლებებზე, ფაქტია, რომ მომავალ პრეზიდენტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, საზოგადოებისთვის მეტნაკლებად მისაღები პიროვნების არჩევა ბევრ რამეს წყვეტს ქვეყანაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი პრეზიდენტი, თუნდაც შეკვეცილი უფლებებით, წყვეტს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედსაც (თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში, ალბათ, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს)!

 

რატომ ცდილობს ხელისუფლება საპროტესტო „ტემპერატურის“ აწევას არჩევნების წინ, რაც შეიძლება არჩევნების ჩაშლის მიზეზი გახდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

 

ვიმეორებ: ალბათ, ერთის მხრივ, ცდილობს ბოლომდე შეამოწმოს საზოგადოების მოთმინების უნარი, ხოლო, მეორეს მხრივ, შეცვალოს პოლიტიკური ბალანსი, ქვეყანაში ახალი საგარეო-პოლიტიკური ვექტორის გათვალისწინებით.

 

თუ ხალხის რეაქცია დროული არ იქნება, თუ  ხელისუფლებას უხეში მანევრირების - საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის და ქაოტური სიტუაციის შექმნის უფლება მივეცით (რომლითაც მხოლოდ სახელმწიფოს მტრები ისარგებლებენ), საზოგადოების საბოლოოდ დაჩმორებას (ბოდიშს ვიხდი ლექსიკისთვის) უახლოეს პერსპექტივაში უნდა ველოდოთ - ამის შემდეგ უკვე პროტესტსაც ძალა არ ექნება!

 

თუმცა, არ მგონია ქართველმა ერმა თვითლიკვიდაციას ხელი უბრძოლველად მოაწეროს!

 

რაც შეეხება მთავრობის ახალი ანტიქართული ინიციატივისადმი საპრეზიდენტო კანდიდატების დამოკიდებულებას (განსაკუთრებით, ანგაჟირებულ კანდიდატებს ვგულისხმობ) მათი მხრიდან პროტესტის ხმა ჯერ არ გამიგია. პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს „ნაციონალების“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ამ საკითხში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება, რადგან ფაქტია, რომ აღნიშნულ ინიციატივას ლიბერალები (მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც) შინაგანად უჭერენ მხარს!

 

ჯერჯერობით ერთადერთი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილია, რომელიც მთავრობის ანტიქართულ ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა და მას ხელისუფლების მხრიდან ერის ღალატი და მომაკვდინებელი ნაბიჯი უწოდა. მისი პოზიცია ბოლომდე ურყევია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხი არ უნდა შეეგუოს საქართველოს ნარკოკარტელად გადაქცევას, რაც ერის დაღუპვის ტოლფასი იქნება!

 

ერთი რამ ცხადია, თუ მთავრობამ  ამ მომაკვდინებელ განზრახვაზე უკან არ დაიხია, ხალხის პროტესტმა სოციალური ქსელიდან  და დარბაზებიდან ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს, დარწმუნებული ვარ,  ხალხის პროტესტს კი წინ ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება!

 

P.S. საპატრიარქოს უნივერსიტეტში საგანგებოდ გამართულ კონფერენციაზე კობა დავითაშვილმა თავისი სახელი დაარქვა ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მარიხუანას დეკრიმილანიზაცია მოახდინა და იქ მსხდომ პარლამენტარებსაც შეახსენა, რომ ისინი თავიანთი უმოქმედობით ამ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების თანამონაწილენი არიან.

 

ბ-ნმა კობამ პარლამენტარებს ისიც შეახსენა, რომ, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, სწორედ პარლამენტს შეუძლია გააუქმოს ის მუხლი, რომლითაც ისარგებლა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამასთან, კატეგორიულად მოითხოვა საერთოდ გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ჩანასახი, რადგან არ არის გამორიცხული, რომ მისი მხრიდან მომავალშიც უფრო მძიმე გადაწყვეტილების მოწმენი გავხდეთ.

 

„ქართულ ოცნებას“ ეს შეუძლია. იგი თუ მისთვის მინიჭებულ საკონსტიტუციო უფლებებს არ გამოიყენებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ერის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გამოდის და თავს კანონგარეშედ აცხადებს.

 

ვიფხიზლოთ და ვიმოქმედოთ, სანამ გვიან არ არის...

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: