მთავარია, გაიმარჯვოს საქართველომ და არა რომელიმე ჩვენთაგანმა!

მთავარია, გაიმარჯვოს საქართველომ და არა რომელიმე ჩვენთაგანმა!

 

თეიმურაზ შაშიაშვილის ღია მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატებს

 

 

 

უდიდესი წარსულისა  და ასეთივე მომავლის ქვეყანა - ჩვენი სამშობლო, საქართველო, პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა უაზრო დაპირისპირების მსხვერპლად იქცა...

 

ეს არის არა იდეათა, პროგრამათა და პოზიციათა დაპირისპირება, არამედ, გარედან მართული და დაფინანსებული პოლიტიკური ჯგუფების  დაპირისპირება ფულის, მეტიც, დიდი ფულის შოვნის პოლიტიკური უფლების მოპოვებისთვის! 

 

მწამს და მჯერა: მსოფლიო გამოცდილებაც ამას ადატურებს,  ამის მაგალითია დამოუკიდებლობის ეს ოცდაათი წელიც -  დაპირისპირება სუსტების პოლიტიკური მექანიზმია თავიანთი  გავლენის დამკვიდრებისთვის.  შედეგად კი მივიღეთ უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე. დიახ, დღეს ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთნაირად უბედურია მდიდარიც და ღარიბიც. 

 

 ეს უნდა დამთავრდეს - უნდა დამთავრდეს პოლიტიკურ სამთავროებად საქართველოს დაყოფა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობის პოლიტიკას: თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. 

 

ხელისუფლებავ, პრეზიდენტობის კანდიდატებო, თუ ძლიერები ვართ,  გადავდგათ ეს ნაბიჯი ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ერთად დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკოსების პარპაში, პოლიტიკურ პარტიათა აღვირახსნილობა, ხალხს დავუბრუნოთ პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო  და   ფულისუფლების ქვეყნიდან  წავიდეთ ნიჭის ძალაუფლების სახელმწიფოსკენ!

 

ჩვენ  სრულიად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ, რადგან ვიცით, რომ საქართველოს სხვა სტანდარტების პოლიტიკა სჭირდება. რაც მალე დავამთავრებთ:

 

 

- საარჩევნო კამპანიას,როგორც ბიზნესს,როცა ე.წ. საარჩევნო შტაბები,რეალურად ფულის კეთების ცენტრებია, პირდაპირ ვთქვათ, ბიზნეს-ჯგუფებია, სადაც მთავარი ფულია და არა ზნეობა, მორალი, ქვეყნის ინტერესი.

 

- ინტელიგენციის დამონებას პოლიტიკოსების მიერ, როცა ყველაფერი ხათრით და ფულის ძალით კეთდება..

 

- ეკლესიისა და საერთოდ სამღვდელოების ჩართვას საარჩევნო პროცესში - პატრიარქთან გადაღებული სურათებით პოზიორობას საარჩევნო გვერდებსა და პროსპექტებზე 

 

ქვეყანაში მით უკეთესი მდგომარეობა იქნება…

 

წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში. წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული, უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსებიც!  წარსულს უნდა ჩაბარდეს პარტიიდან პარტიაში მომთაბარე პოლიტიკოსთა გაყვანა ხელისუფლებაში.  წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

 

წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

 

ქვეყანას ყველა დონეზე, ხელისუფლებაში,  პიროვნებები სჭირდება და არაყურმოჭრილი შემსრულებლები.  ვაღიაროთ და მოვინანიოთ, ოცდაათი წელია, გვღუპავს არა ქვეყნის, არამედ  პირადი ერთგულებით კადრების შერჩევა.

 

ჩვენ სახალხოდ და საჯაროდ, სწორედ ხალხის წინაშე  უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე, ვთქვათ, ვის როგორ წარმოგვიდგენია მაღალი პოლიტიკაში რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრება. რისი გარანტიც,  ჩემი აზრით, ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

 

დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას.  სისტემა, რომელიც ძლიერზე – რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული. სისტემა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი, თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

 

ჩემთვის შემზარავია, პოლიტიკოსების არცთუ იშვიათი მძიმე შეფასება  ხალხის მისამართით გაკეთებული, ხშირი გამოთქმები „ხალხი გაფუჭდა“. გულახდილად ვთქვათ, ჩვენ, პოლიტიკოსები გავფუჭდით,  ხალხი კი  მართლა ძლიერი ყოფილა, რომ გაგვიძლო! როგორ უნდა ელოდოს ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერას, როცა ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილის ხმა ფულით იყიდა. რა ნამუსით უნდა ელაპარაკო ხალხს წესიერებაზე, როცა ყოველ კუთხე-კუნჭულში ამომრჩეველთა მოსყიდვაზეა საუბარი და ამ „საქმიანობას“ შტაბები და ე.წ. კოორდინატორები ეწევიან.  და საერთოდ, საიდან ეს ფული?!! 

 

სწორედ ეს ფული გვანგრევს და არა უფულობა! სწორედ ისინი გვიყიდიან ქვეყანას, ვინც ჩვენს ხმებს ყიდულობს და ჩვენ კი მონობა, გაუსაძლისი ცხოვრება მოგვყიდეს, ცოდვა ჩაგვადენინეს - შვილებისა და შვილიშვილიშვილების მომავალი გაგვაყიდინეს!

 

სწორედ ამ საკითხებს ითვალისწინებს ჩვენს მიერ, მეცნიერებთან და ცნობილ მოღვაწეებთან ერთად შემუშავებული პროგრამა „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, რომელსაც  ჩვენ  ბორჯომში წარვადგენთ მომდევნო კვირაში. 

 

ეს არ იქნება მხარდამჭერთა შეხვედრა: პრეზიდენტობის კანდიდატს ყველასთან უნდა შეეძლოს საუბარი. ის ყველას პრეზიდენტობის კანდიდატია. 

 

თანამშრლომლობის პირველი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომ წარდგენაზე ვიწვევთ ხელისუფლებას, პარტიებსაც და, რაც მთავარია, კოლეგებს - პრეზიდენტობის კანდიდატებს. ჩვენ ვართ ღია და ნებისმიერ ჩვენს შეხვედრაზე მივესალმებით მათ მონაწილეობას. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მათ  ყველა მოწვევას,  იქნება ეს საერთო ხასიათის, თუ მიზნობრივი შეხვედრა.

 

სამწუხაროა, რომ ხალხს, მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, არ უნახავთ მათ წინ ცოცხლად მოპაექრე პოლიტიკოსები. პატივი ვცეთ ამომრჩევლებს. პატივი ვცეთ  მეცნიერებს, ზოგადად ინტელიგენციას  და დავდგეთ მათ წინაშე ერთად. ვთქვათ ჩვენი აზრიც, მოვუსმინოთ მათაც და ერთად ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს.

 

ბუნებრივია, ამას სჭირდება ორგანიზება,  პრეზიდენტობის ყველა კლანდიდატმა დავასახელოთ თითო კაცი, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და სრული კონსესუსით დავამკვიდროთ ასეთი შეხვედრების გამართვის პრინციპები. 

 

ჩვენ დღესვე ვასახელებთ ჩვენს კანდიდატურას -  ქალბატონ ლელა ებრალიძეს

 

ვფიქრობ, არასწორია, როცა სახელმწიფოსგან დაფინანსებული ორგანიზაციები -  ეს ეხება უპირველესად განათლების, კულტურის, მედიცინის სისტემას, ხვდებიან მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატს, ან კიდევ ყოფილი ხელისუფლების  კანდიდატებს. 

 

მე პირადად ვისურვებდი, რომ განათლების, კულტურისა და მედიცინის სისტემის პოლიტიზება არ მოგვეხდინა, არ შევხვედროდით  ამომრჩევლებს მწერალთა და საერთოდ, შემოქმედებით კავშირებში. ამომრჩევლებს ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, უბნებში -  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით  უნდა ვხვდებოდეთ.

 

ამასთან პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს ვთავაზობთ   ერთობლივ თემატურ შეხვედრებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებით: ტერიტორიული მთლიანობა, უმუშევრობა, საპენსიო სისტემა, ახალგაზრდობის პოლიტიკა, განათლება, კულტურა, მედიცინა, სპორტი, საბიუჯეტო მოწყობა, საფინანსო და ეკონომიკური სისტემის დეცენტრალიზაცია, სოფლის მეურნეობა. ბიზნესის პრობლემები, სამხედრო სტრატეგია და მრავალი სხვა. 

 

ერთად შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს  -  დაამთავრებს სოციალურ დემაგოგიას და ხალხის ზღაპრებით გაბრუებას.  გავიხსენოთ, დღემდე ხომ ერთი მილიონი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნა, დღემდე ხომ კორუფცია უნდა დაგვემარცხებინა, დღემდე ხომ სიღარიბე უნდა დაგვეძლია, დღემდე ხომ ცივილიზებული საბანკო სისტემა უნდა შეგვექმნა, დღეს ხომ სამართლიანი სასამართლო უნდა გვქონდეს და საერთოდ, სამართლიანობა უნდა იყოს აღდგენილი და დამკვიდრებული. ეს ხომ ის ლოზუნგებია, რომლითაც დამოუკიდებელ საქართველოში იმარჯვებდნენ პარტიები. რომელი ერთია შესრულებული?! პასუხი ხომ უნდა ვაგოთ პოლიტიკოსებმა?! ამ არჩევნების დროს, გულწრფელად ბოდიში მაინც უნდა მოვუხადოთ ხალხს! 

 

ვინმე იტყვის, ეს დისკუსიები ხომ ტელევიზიებით მიდისო. აქაც ნუ ვატყუებთ ხალხს. ჯერ ერთი, სამარცხვინო და დისკრიმინაციული და პირდაპირ ვიტყვი, ანტიკონსტიტუციურია კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად დაყოფა. და რაც მთავარია, კიდევ უარესი: ტელევიზიებს თავიანთი პრეზიდენტობის კანდიდატები ჰყავთ. ეს ტრაგედიაა! თანამედროვე მსოფლიოში დღეს ეს მხოლოდ განუვითარებელ ქვეყნებში თუ შეიძლება ხდებოდეს! 

 

აქედან გამომდინარე, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. მხოლოდ ღია და პირდაპირი შეხვედრები, ყოველგვარი პომპეზურობის, მოსაწვევი ბარათების,  ტაშისა და ფამილარობის გარეშე! ეს, მხოლოდ ეს გაგვიყვანს სწორ გზაზე, გაგვაერთიანებს ხალხს და ქვეყანას მომავლის საქართველოსთვის! 

 

სერიოზული  საქმის შესრულება შეუძლიათ ქალაქებისა და რაიონების სახელით შექმნილ ორგანიზაციებს (საზოგადოება „თბილისელი“, „ქუთაისელი“, „ბათუმელი“, „ფოთელი“, „რუსთაველი“ და ა.შ.საბედნიეროდ, ყველგანაა შექმნილი ასეთები).  ძალიან ცუდია, რომ ბევრმა მათგანმა სახელისუფლებო კანდიდატის მიწვევით დაიწყო. პოლიტიკაში მაინც უნდა დამთავრდეს სახელისუფლებო მონოპოლია, რომელიც ოცდაათი წელია ებრძვის საქართველოს და ქართულ სულს!

 

ჩვენი დევიზია: „ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!“ ეს შემთხვევით არ აგვირჩევია. დღემდე საქართველოში იმარჯვებდნენ  პარტიები, პარტიული ჯგუფები, ცალკეული პოლიტიკოსები და დამარცხებული იყო და არის საქართველო!!! 

 

ჩემი ამოცანა არ არის პიროვნული გამარჯვება, ამ არჩევნებში მე  ვიბრძვი საქართველოს გამარჯვებისთვის!  საარჩევნო ნომერიც  - 65 გვიწყობს ხელს. 2018 წლის 28 ოქტომბერს ვირჩევთ უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში მეექვსე სახელმწიფო მეთაურს და მეხუთე პრეზიდენტს.

 

ჩვენ საარჩევნო სიაში ბოლო ვართ. ვისურვებდი, რომ არჩევნების შედეგებით პირველი ვყოფილიყავით! 

 

იამაყებს, ყველა ვინც ხმას მოგვცემს, ჩემგან ღალატი არ იქნება, რამეთუ ვიცი, დღეს პოლიტიკოსობა საერთოდ, და მითუმეტეს, პრეზიდენტობა - ეს ხალხისთვის თავგანწირული მუშაობაა!

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

საქართველოს  პრეზიდენტობის კანდიდატი

25 სექტემბერი, 2018წელი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: