ზაურ ნაჭყებია: გადახაზეთ 48, შემოხაზეთ 65 და ხელისუფლებას ერთობლივი პროტესტი ამით ვაგრძნობინოთ!

ზაურ ნაჭყებია: გადახაზეთ 48, შემოხაზეთ 65 და ხელისუფლებას ერთობლივი პროტესტი ამით ვაგრძნობინოთ!

ივანიშვილის ანგაჟირებული ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრამ ბევრ ჩემთვის საინტერესო კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი გამცა, თუმცა, ვერ მივიღე პასუხი ერთადერთ კითხვაზე: რას ემსახურებოდა საკუთრივ ეს შეხვედრა, რომელიც თავად ივანიშვილის ინიციატივით შედგა - ქულები ჩაიწერა „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების კვირაძალზე, თუ პირიქით მოხდა?!

 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა (და არა ინტერვიუ, როგორც ამას სოციალურ ქსელში ვკითხულობთ) ძალიან მძიმედ მოსასმენი (არა მარტო ეკა კვესიტაძის მიზეზით) და ასევე მძიმე აღსაქმელი იყო, გამაოგნა საზოგადოების უმეტესი ნაწილის შეფასებამ: აქცენტი მართულ ჟურნალისტებზე, მათ არაკომპეტენტურობაზე და ეკა კვესიტაძის თავხედობაზეა გადატანილი და არა იმ უბედურებაზე, რაც ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერის შეხვედრისას გამოიკვეთა.

 

ჟურნალისტების მხრიდან ეთიკური ნორმების დაცვა მათ უკან მდგარი ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკის ადეკვატურია და ამდენად, სულაც არ გამკვირვებია ეკა კვესიტაძის თავხედობა ან თუნდაც, ირაკლი ჩიხლაძის „აკადემიურობა“, არც მათ მიერ დასმული კითხვების მიმართ მექნება პრეტენზია, რადგან ისინი სვამენ ისეთ კითხვებს, რაც მათ პატრონებს და არა საზოგადოებას აინტერესებს!

 

მე უფრო ბიძინა ივანიშვილის თავდაჯერებულობამ და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრამ შემაძრწუნა - თურმე ქვეყანაში ყველაფერი კარგად ყოფილა და ჩვენ ვერ  გვიგრძვნია და ვერ გაგვიგია;

 

თურმე მთავარი პრობლემა „რუსთავი-2“ და „ნაციონალები“ ყოფილან (ხელისუფლებიდან წასვლის 6 წლის შემდეგ) და არა დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა და სახელმწიფოს (ხალხის) ინტერესების ფეხებზე დაკიდება;

 

თურმე კანაფის პლანტაციების გაშენებას და ექსპორტზე გატანას ეკონომიკური ხიბლი ჰქონია და ჩვენ ვერ გაგვიცნობიერებია;

 

თურმე, მის მიერ შერჩეული მთავრობა კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყოფილა და ვერ გვიცნია;

 

თურმე, „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიღებული ანტიქართული კანონები ჭეშმარიტად ქართული ყოფილა და ჯეროვნად ვერ შეგვიფასებია;

 

თურმე, ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორში გადასვლით („მოქალაქე“) სამოქალაქო საზოგადოების კონტურები გამოუძერწავს და ვერ დაგვინახია;

 

თურმე, აქტიურ პოლიტიკაში „ქართულ ოცნებაში“ გაჩენილი ბზარების და მისი გადარჩენის მოტივით დაბრუნებულა და ვერ გაგვიცნობიერებია...

 

მოკლედ, ივანიშვილის წუხანდელმა მონოლოგებმა და მონოტონურ რეჟიმში გადასულმა თვითკმაყოფილების დემონსტრირებამ დამარწმუნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა არ უნდა მისცეს ქართველმა ამომრჩეველმა, რადგან ჩვენი ჭაობში ყოფნა დიდხანს გაგრძელდება და ღმერთმა იცის, რა „სიურპრიზებს“ შემოგვთავაზებს ივანიშვილისგან პატივდებული, შინაგანად კი უმართავი და ზედმეტად „თავისუფლად მოაზროვნე“ ქალბატონი პრეზიდენტი!

 

იმაშიც დავრწმუნდი, რომ „ნაციონალებ“-„ევროპელებ“-„ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, ბოდიში მომხდია და შუა თითი უნდა უჩვენოს ქართველმა ამომრჩეველმა - ხმა ნებისმიერ დამოუკიდებელ კანდიდატს (კარგია თუ ამას გააზრებულად გავაკეთებთ და უკეთეს ვარიანტს შევარჩევთ) მისცეს და ამით აჩვენოს ხელოვნურად (ფორმალურად) დაპირისპირებულ პოლიტიკურ მონსტრებს, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ქართველი ამომრჩეველი მათ არ ენდობა!!!

 

ჟურნალისტებთან მოპაექრე ივანიშვილის „ვაჟკაცობით“ ეგზალტირებულ მასას კი შევახსენებ: რა ხდება ჩვენს თავს ბატონებო და ქალბატონებო? ნუთუ ისე დავბრმავდით და დავყრუვდით, არა მარტო თეთრისა და შავის, არამედ მოჩვენებითის და არსებითის ერთმანეთისგან გარჩევა გვიჭირს?!

 

ნუთუ ვერ ვხვდებით, როგორ გვაჩვევენ უზნეობას, უპრინციპობას, უღირსობას და თან ტაშსაც გვაკვრევინებენ?

 

ვინ არის კვესიტაძე, გვარამია, ერთად აღებული „რუსთავი-2“ ან თუნდაც „ნაცმოძრაობა“, რომ მათ უზნეობას და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიას ქვეყანა გადავაყოლოთ?!

 

წუხანდელმა ვაკხანალიამ იმაშიც დამარწმუნა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან და რაც შეიძლება მალე უნდა გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებისთვის, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით გავისტუმროთ ორივე მონსტრი პოლიტიკური ავანსცენიდან.

 

იმაშიც დავრწმუნდი, რომ ივანიშვილის მეცენატობა თვალის ახვევაა ქართველებისთვის გადაჭარბებული ნდობის მოსაპოვებლად, რომლის შედეგი სწორედ დღევანდელი მდგომარეობაა!!!

 

ასე გაგრძელება მართლაც არ შეიძლება!

 

გადახაზეთ 48, შემოხაზეთ 65 (თეიმურაზ შაშიაშვილი, რომელიც დღევანდელ მოცემულობაში უალტერნატივო პრეზიდენტობის კანდიდატია) და ამით ვაგრძნობინოთ ხელისუფლებას პირველი მშვიდობიანი ერთობლივი პროტესტი, რომლის გაგრძელება საპარლამენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრება უნდა გახდეს!

 

სხვანაირად ვერ გადავრჩებით, სხვანაირად არა მარტო კანაფის პლანტაციებს დაგვითესავენ და საქართველოს უცხოტომელების სათარეშოდ აქცევენ, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე თვით სახელმწიფოსაც კი გააქრობენ.

 

დიახ, სხვანაირად წინ დიდი კოშმარი და იმედგაცრუება გველოდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: