Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (6)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
20-11-2018, 14:32
ნანახია: 184

ზაურ ნაჭყებია: სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას!

მადლობა ღმერთს, არ ვარ უმადური - ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერ მოვლენაში დავინახო მცირედი პოზიტივიც კი, (თუნდაც ნეგატივი სჭარბობდეს) და თავისი კუთვნილი ადგილი მივუჩინო. არც იმას ვერიდები, სათქმელი ბოლომდე ვთქვა ჩემი გადასახედიდან, თუმცა, შეუცდომლობაზე პრეტენზია არა მაქვს!

 

არ ვიცი, რა მიზანს ისახავს „ქართული ოცნების“ პიარ-ჯგუფი, მაგრამ, ამ ბოლო ხანებში ისეთი უხეში (გონივრულ გათვლებს მოკლებული) შეცდომები დაუშვეს, ღირსებაშერჩენილ საზოგადოებაში მათი ცდა კრახით დამთავრდებოდა!

 

ცუდია, თუ მათი პოპულიზმი მხოლოდ „ხბოს აღტაცებით“ გაბრუებული საზოგადოების ნაწილზეა გათვლილი, რადგან, გარდა ამ ნაწილისა, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არსებობს ადამიანთა თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელსაც თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია და მოსალოდნელ საშიშროებებსაც ობიექტურად აცნობიერებს!

 

კიდევ ვიმეორებ, უმადური არ ვარ და არც იმ ადამიანების შემშურდება, ვისაც ე.წ. „შავი სიიდან“ ამოიღებენ და 2000 ლარიან საბანკო დავალიანებას გაუნულებენ - მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასეთი ქველმოქმედებისთვის, მაგრამ...

 

დიახ, ამ „მაგრამ“-ის მიღმა იმალება ის „შავი ხვრელი“, რომლის ამოვსებას სამადლოდ გადაგდებული გროშები (თითოეულ მოქალაქეზე გაანგარიშებით ვგულისხმობ!) ვერ შეძლებს.

 

ის, რომ მეორე ტურის შედეგებით სალომე ზურაბიშვილი უნდა დავნიშნოთ საქართველოს პრეზიდენტად (არაფერი შემშლია - რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს, დანიშვნა იქნება და არა მოსახლეობის ნების დემონსტრირება -ამომრჩეველმა საკუთარი ნება პირველ ტურში დააფიქსირა!) გასაგებია და არც მე ვარ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების მომხრე, მაგრამ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ასეთი პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია ღირსებაშერჩენილი (კიდევ ვიმეორებ) ქართული საზოგადოებისთვის.

 

დიახ, მე ამ საქველმოქმედო მანტიაში შეფუთულ ინიციატივას წინასაარჩევნო პოპულიზმს დავარქმევდი, რომელმაც გააფერმკრთალა ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე კვირის წინანდელი დაპირება!

 

აბა მოვუსმინოთ, რას ამბობს ბატონი ბიძინა თავის ორიოდე კვირის წინანდელ განცხადებაში?

 

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შუქცევადი გახდეს!“

 

ისეთი წონიანი კაცისგან, როგორიც ბატონი ივანიშვილია, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებები არ შესრულდა, მაინც ანგარიშგასაწევი განცხადებაა.

 

ყოველ შემთხვევაში, აქსიომაა: თუ ივანიშვილმა რადიკალურად არ შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, მისი, როგორც პიროვნების საბოლოო კრახი გარდაუვალია და ის ქველმოქმედებაც წყალში ჩაეყრება, რაც დღემდე გაუკეთებია.

 

რაც შეეხება საკუთრივ 600000 მოქალაქისთვის 2000 ლარიანი დავალიანების დაფარვას, ეს ნამდვილად წინასაარჩევნო მანიპულაციაა. უკეთესი იქნებოდა გაცილებით ადრე გაეკეთებინა ეს განცხადება ან არჩევნების მეორე ტურის დამთავრებისთანავე, რომ საზოგადოებას ერწმუნა - ივანიშვილი საკუთარ რესურსს იყენებს ქვეყნის „შეუქცევადი განვითარებისთვის“!!!

 

მეორეც, უფრო უკეთესი იქნებოდა ზემოთ დასახელებული ფინანსური რესურსი ბიუჯეტში მიემართა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად და წარმოების გასავითარებლად!

 

გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ბატონ ბიძინას არჩევნებამდე დარჩენილ დროში წარმოედგინა კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ აპირებს მართვის ყველა ხარვეზის გასწორებას და საკუთარი რესურსის ქვეყნის განვითარებისთვის გამოყენებას!

 

აი, მაშინ დავიჯერებდი, რომ, არჩევნების დამთავრებისთანავე სერიოზული პროცესები დაიწყება ქვეყანაში და ბატონი ბიძინა დანაპირებს ასრულებს!

 

სხვანაირად, ამ ნაბიჯს გინდ წინასაარჩევნო პოპულიზმი დაარქვით და გინდაც ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა - ასეთი ინიციატივა არანაირ შედეგს არ იძლევა სახელმწიფოსთვის და არც საზოგადოებისთვის. მითუმეტეს, 2000 ლარი სიცოცხლისუნარიან ქართულ კომპანიებში საშუალო ხელფასია.

 

მეორეც, ეს კონკრეტული ინიციატივა არ ეხებათ იპოთეკარებს, როლებიც ყოველდღიურად დგანან საშიშროების წინაშე -დაკარგონ საკუთარი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინაც!

 

მესამეც, ამ ე.წ. ჭარბვალიანობის უკან ხელისუფლება დგას, რომელმაც არ ისურვა დაეწესებინა სათანადო საბანკო რეგულაციები (ხელისუფლება არა მარტო საბანკო სექტორის მძევალია, არამედ, საბანკო მაქინაციების თანამონაწილეც) და საკუთარი ხალხი ასეთ დღეში არ ჩაეყენებინა!

 

და ბოლოს: კომიკურია, ამ ინიციატივის გაჟღერებაში პრემიერის მონაწილეობა - რა შუაშია მთავრობა, როცა ინიციატივა კონკრეტული პიროვნებისგან მოდის და ვალების განულებას კონკრეტული სტრუქტურა, „ქართუ ბანკი“ ახორციელებს?!(თუმცა, ისიც საკითხავია, განხორციელდება თუ არა!)

 

ასე , რომ, „ქართული ოცნების“ პიარჯგუფს ათბალიან სისტემაში 0-ს დავუწერ.თანამოქალაქეებს კი ვურჩევ, თავი დაანებონ „ხბოს აღტაცებით“გამოწვეული ნეტარების დემონსტრირებას და პრობლემებს ცოტა რეალურად მაინც შეხედონ!

 

P.S. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ რამდენიმე კვირის წინ სწორი რჩევა მიმიცია ივანიშვილისთვის - ჯანსაღ ოპონენტებს შეხვდი და ისინი შეცდომას არ დაგაშვებინებენ მეთქი!!!

 

მინდა ვირწმუნო, რომ ბოლოდროინდელი კომიკური ტრიუკები (თუნდაც ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ივანიშვილისა და კობახიძის ფოტოების ილუსტრირება) და ეს პოპულისტური ინიციატივა, ივანიშვილის გამოუცდელობის შედეგია და არა გამიზნული საარჩევნო მანიპულაცია დამატებითი ხმების მოსაზიდად.

 

მე ისედაც ჩამოყალიბებული ვიყავი, რა გადაწყვეტილება მიმეღო მეორე ტურში - ვაშაძის გაპრეზიდენტებას მხარს ნამდვილად არ დავუჭერ!