Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
4-01-2019, 16:33
ნანახია: 640

საით გადაიხარა სასწორის პინა, ანუ „ნამდვილები“, „ძველი გვარდია“ და „კოლექტიური მურუსიძეები“!

ტრადიციად დამკვიდრდა: „ექსპერტ-ანალიტიკოსები“ და თვითმარქვია კრიტიკოსები (უფრო, ძალად კრიტიკოსები) ძირითადად ამა თუ იმ მოვლენის გარეგნულ მხარეზე აკეთებენ აქცენტებს და არსებითს ყურადღების მიღმა ტოვებენ, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში რეალობის არასწორად აღქმას (გაგებას) უწყობს ხელს.

 

სამწუხაროა, რომ არც თუ იშვიათად, ეს მხოლოდ უცოდინრობის ბრალი არ არის - ჩამოყალიბდა ე.წ. „კონიუნქტურშიკთა“ სექტა, რომელიც ქოთანს ისე მიაბამს ყურს, საითაც მოცემულ მომენტში სჭირდება.

 

რაც თავი მახსოვს, ყველა ხელისუფლებას ჰყავდა თავისი ე.წ. „გამპრავებლები“, რომლებიც უტიფრად გიმტკიცებდნენ, რომ თეთრი შავია და თავიანთი „ლიუბიმჩიკებისთვის“ ცივი ნიავის მიკარების საშუალებას არ გაძლევდნენ.

 

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით სააკაშვილ-ივანიშვილის ზეობის პერიოდში იგრძნობოდა და დღესაც იგრძნობა _ ბევრისთვის სააკაშვილი დღესაც საქართველოს ძლევამოსილი პრეზიდენტია და მხოლოდ მას შეუძლია უფსკრულის პირას მდგარი სახელმწიფოს (თუ ამას კიდევ სახელმწიფო ეთქმის) გადარჩენა!(?)

 

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბევრისთვის იგი კვლავ რჩება სააკაშვილის რეჟიმის „დამკრძალავი კომისიის“ თავმჯდომარედ (ოღონდ, სად დამარხეს, ვერ გეტყვით), რომელმაც კაპიტალზე რომ არაფერი ვთქვათ, სასწორზე დადო საკუთარი სიცოცხლეც კი!

 

მიუხედავად იმისა, რომ არც თუ იშვიათად ეჭვი შეაქვთ მისი ქველმოქმედების გულწრფელობაში (სხვანაირად, თუ ვიტყვით, ქველმოქმედებას მას  საზოგადოების მოსყიდვად უთვლიან), იგი ჩვენს მეხსიერებაში რჩება როგორც ყველაზე სწორუპოვარი ქართველი ქველმოქმედი!

 

დღევანდელი რეალობის შემხედვარეს, კიდევ უფრო მიმყარდება 2011 წლის ოქტომბერში საჯაროდ გამოთქმული ეჭვი, რომ ივანიშვილი იძულებით შემოიყვანეს ქართულ პოლიტიკაში - სწორედ მაშინ, როცა ამის აუცილებლობა ყველაზე მეტად მომწიფდა ქვეყანაში (სისხლიანმა 2011 წლის 26 მაისმა ბოლომდე გააშიშვლა სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე...).

 

იმდენად დიდი იყო მაშინ ნდობა ივანიშვილის მიმართ, რომ ყოველგვარი კრიტიკული განწყობა სასტიკად იდევნებოდა. მახსოვს, მეც რამდენიმეჯერ ჯვარს მაცვეს, როცა ეჭვის თვალით ვუყურებდი ქართველი მილიარდერის შემოსვლას პოლიტიკაში.

 

სტატიაში „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია“ (30 ოქტომბერი, 2011 წ. გაზეთი „რეზონანსი“) ვწერდი: მილიარდერის შემოსვლა პოლიტიკაში არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად და გამოვთქვამდი ვარაუდს, რომ იგი დავალებით იყო შემოსული, ამდენად, იგი ანგარიშვალდებული იქნებოდა არა ქართველი ხალხის, არამედ თავისი „დამვალებლების“ წინაშე. ღიად ვაფიქსირებდი იმასაც, რომ თუ დღის წესრიგში დადგებოდა დილემა: ფული თუ საქართველო, სასწორის პინა პირველისკენ გადაიხრებოდა, რადგან ბიზნესმენის ფსიქოლოგია ფულს ასე ადვილად ვერ ელევა და იგი უფრო ფულის მძევალი შეიძლება გამხდარიყო!!!

 

ჩემეულ პროგნოზებს განსაკუთრებით ამყარებდა მის მიერ შერჩეული ე.წ. გუნდი, რომლითაც იგი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ის ცრუ დაპირებებიც, რითაც, სამწუხაროდ, ნოყიერად იკვებებოდა საზოგადოება. ცალკე საუბრის თემაა ყბადაღებული „შუა გაკრეფის“ პოლიტიკა, რომელმაც დაპირისპირებულ ჯგუფებად აქცია ქართული საზოგადოება და ეს დაპირისპირება ხვალ-ზეგ უფრო საშიშ მასშტაბებს მიიღებს!

 

მთელი უბედურება იმაშია, რომ ხალხმა მაშინ ივანიშვილში ახალი მესია დაინახა და არც დაფიქრებულა იმაზე, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვერც რეჟიმს მოვიცილებდით _ აკი აღიარა კიდეც ბატონმა ბიძინამ, რომ მან „მაქსიმალურად გამოიყენა ხალხი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეიფორიაში მყოფმა მასამ ივანიშვილის საქმე უფრო გააკეთა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ქართველმა ხალხმა იგი პოლიტიკაში შემოუშვა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და მხოლოდ ცარიელ დაპირებებს დაყაბულდა.

 

თუ როგორ შეასრულა ივანიშვილმა დაპირებები და როგორ აპირებს მომავალში „ხალხის ინტერესების დაცვას“, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა, განსაკუთრებით, ბოლო ორმა კვირამ დაგვანახა. არც იმის გამოცნობაა ძნელი, თუ რა სიკეთეს შეიძლება ველოდოთ ივანიშვილისგან დაპირებულ 1 წელიწადში.

 

ამ დღეებში ხშირად გვესმის: „კოლექტიური მურუსიძე“, „ნამდვილები“, „კობახიძე-ზარდიაშვილ-მდინარაძის“ კლანი, რაც „ქართული ოცნების“, როგორც სიყალბეზე აგებული პოლიტიკური დაჯგუფების ზუსტი ანარეკლია.

 

სხვას რას ელოდით ბატონებო და ქალბატონებო, იმ ხელოვნურად შეკოწიწებული მონსტრისგან, რომელმაც ანტისახელმწიფოებრივი (ანტიქართული) ინიციატივებითა თუ გადაწყვეტილებებით „ნაციონალების“ სისხლიან რეჟიმსაც კი უკვე გადაუსწრო?!

 

მურუსიძე მხოლოდ ერთ-ერთი სახეა „ქართული ოცნების“ „ნაციონალებისგან“ ფეშქაშად მიღებული - გაფრთხილებაა, რომ წინ ახალი სიურპრიზები გველოდება.

 

რაც შეეხება ფოფხაძე-ბესელიას, რომლის გარშემოც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, რა მნიშნელობა აქვს ჩვენთვის: ვინ იქნება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ან მისი პირველი მოადგილე?!

 

ეს მხოლოდ შიდა კულუარული ფინთებია, რომელიც არა მარტო ხელის გადაგრეხვას, არამედ საზოგადოებაში ახალი ცრუ მოლოდინების გაჩენას ემსახურება.

 

ვიღაცები  უკვე „ქართულ ოცნებაში“  არსებულ  კრიზისზეც ალაპარაკდნენ - ფსონიც დადებულია, რომ „ოცნების“ „სოროსული“ ფრთა იმარჯვებს! არიან ისეთებიც, ვინც „ქართული ოცნების“ ერთიანი ორგანიზმის გახლეჩას, ანუ მარტივ მამრავლებად დაშლას წინასწარმეტყველებს. თუმცა, წინასწარმეტყველება არც არის საჭირო - ეკლექტური გაერთიანების დასასრული ყოველთვის ეს არის, ოღონდ, მთავარია, ამ ნანგრევებში ქვეყანაც არ მოვაყოლოთ!!!

 

„კობახიძე-ზარდიაშვილი-მდინარაძის კლანიც“ გასაგებია, მაგრამ ვერ გავიგე, რას ნიშნავს „ნამდვილები“ - ალბათ ისინი იგულისხმებიან, ვინც „ქართული ოცნების“ სათავეებთან იდგნენ, მაგრამ ივანიშვილმა უკვე გადააგდო ან მომავალში უპირებს გადაგდებას.

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ასეთ ადამიანებს არ ვენდობი, რადგან, მათი მიზანი ყოველთვის ხელისუფლებით ტკბობაა და არა სახელმწიფოს სამსახური!

 

თუ „ნამდვილია“, კეთილი ინებოს და ამხილოს არსებული რეჟიმი თავისი სიგრძე-სიგანით და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებიც დაგვანახოს. მარტო ივანიშვილზე ან „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზების გამო მათი „ნამდვილებად“ წარმოჩენა კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება. იგივე ითქმის „ძველ გვარდიაზეც“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კიდევ ერთხელ დააიმედეს და ისეთი პირი უჩანს, პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებენ.

 

ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს, ამ პროცესში ივანიშვილი მთავარი დირიჟორია, თუ საკუთარი ფულის მძევალი! არც ის მაინტერესებს, რას უმზადებს საკუთარი გარემოცვა „კობახიძე-ზარდიაშვილ-მდინარაძის“ თუ „კოლექტიური მურუსიძეების“ სახითდა შესაძლოა პირიქითაც. ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ საით მიაქანებენ ქვეყანას. ნათელია ისიც, რომ ბატონი ივანიშვილი არც 2011 წლის ოქტომბერში ყოფილა საზოგადოებასთან გულწრფელი და არც 2018 წლის ნოემბერში, როცა კიდევ ერთხელ შემოგვფიცა, რომ ყველა შეცდომას გაასწორებდა და ხალხისკენ მოიხედავდა...

 

საკამათო არ არის, რომ „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი დაწყებულია, სრულ დაშლამდე დროა დარჩენილი. უდავოა ისიც, რომ თუ ქვეყნის გადარჩენაზე იქნება საუბარი, ორივე ძალა - „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ ერთდროულად უნდა გავამგზავროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება, ხალხის მტკიცე ნებაც უნდა დავახმაროთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს პროცესები გარკვეული კატაკლიზმების გარეშე არ ჩაივლის.

 

ახლა ყველაზე კარგი დროა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, ოღონდ, ისევ არ უნდა შევცდეთ - ცრუ ლიდერების და ცრუ პატრიოტების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი