Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
9-01-2019, 12:39
ნანახია: 390

ვასილ ბესელიას სიყვარულით გაცისკროვნებული პოეზია, ანუ „ვიდრე იყავ და... ვიდრე არა ხარ!“

წინასაახალწლოდ გამომცემლობა „ივერიონმა“ ქართული ჭეშმარიტი პოეზიის თაყვანისმცემლებს კარგი საჩუქარი გაუკეთა - გამოვიდა თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის, ვასილ ბესელიას ლექსების კრებული „ვიდრე იყავ და... ვიდრე არა ხარ!“.

 

როგორც ავტორი წიგნის წინასიტყვაობაში წერს, ეს მისი თავანკარა შემოქმედების რჩეულია - „ეს მთელი ჩემი პოეტური შემოქმედებაა. აქ ყველაფერს მოვუყარე თავი, რაც გამოქვეყნების ღირსად ჩავთვალე - გადავახარისხე და თითქოს უკეთესები ამოვარჩიე“.

 

ბუნებრივია, ეს სიტყვები ჭეშმარიტი კალმოსნის გადამეტებულ თავმბდაბლობად უნდა ჩავთვალოთ - რა გადახარისხება სჭირდება ვასილ ბესელიას პოეზიას, რომელიც ნაკადულივით მორაკრაკებს და სულს მალამოდ ეფონება?!

 

თუმცა, არ მიკვირს: იგი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, თითოეულ სიტყვას დაჰფოფინებს და სულის სიღრმიდან ამოხეთქილ სტრიქონებს სიყვარულით ძერწავს: „მხოლოდ სიყვარული მასულდგმულებდა და სიყვარულზე ვწერდი, იმაზეც ვწერდი, რაც სიყვარულში ხელს მიშლიდა“ - ამბობს ბატონი ვასილი წიგნის წინასიტყვაობაში.

 

დიახ, სიცოცხლის, სიკეთის, სამშობლოს, ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარული ასულდგმულებს მის ნატიფ პოეზიას და ამითაცაა იგი გამორჩეული პოეტი!

 

ცალკე საუბრის თემაა ვასოს (როგორც მეგობარს, შემიძლია ასე მივმართო) პოეტური ოსტატობა, რომელიც უდაოდ შერწყმულია პასუხისმგებლობასთან - მის ლექსებში არა თუ ყალბ რიტმსა და რითმებს, ზედმეტ წერტილ-მძიმესაც ვერ იპოვით!

 

სწორედ ეს არის ვასილ ბესელიას, როგორც თანამედროვეობის გამორჩეული კალმოსნის, თვითნაბადი პოეტის (ნამდვილად არ არის ხმამაღლა ნათქვამი) ღირსება.

 

„შემოქმედისთვის მოუწესრიგებელი ცხოვრებით ვიცხოვრე და ამან ჩემი პოეზია დააზარალა. მოუწესრიგებელში ცხოვრების სირთულესაც ვგულისხმობ - ყველას უწევს ლუკმა-პურის საშოვნელად რაღაცის დათმობა. ამ შემთხვევაში, დროის კარგვასთან ერთად, დასაწერი ლექსებიც იკარგება... უქმადაც ბევრი ვიხეტიალე...“.

 

დამეთანხმებით, ვასილ ბესელია აქაც გულწრფელია - მართლაცდა, მოუწესრიგებელი ცხოვრება რომ არა, იგი, როგორც თვითნაბადი შემოქმედი, პოეზიის უფრო მაღალ მწვერვალებს დაიპყრობდა და ჭეშმარიტი სიტყვის თაყვანისმცემლებსაც მეტად გააოცებდა, მაგრამ, რაც „მოუწესრიგებელ ცხოვრებაში„ შეძლო, საკმარისია იმისთვის, რომ მისი წრფელი და თავანკარა პოეზია მკითხველის გულებამდე მივიდეს!

 

სწორედ „მოუწესრიგებელი ცხოვრების“ ბრალია, რომ ამ პოეტური სიმაღლის შემოქმედმა მხოლოდ ახლა შეძლო თავისი „რჩეულის“ გამოცემა და ისიც მადლიანი ადამიანების წყალობით!

 

რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვასილ ბესელიამ, რომელიც ბავშვობიდანვე ელაციცებოდა რიტმსა და რითმას და არცთუ ურიგოდ გამოსდიოდა კიდეც, აქამდე მხოლოდ ორი მოკრძალებული პოეტური კრებულის გამოცემა შეძლო. ეს მაშინ, როცა ბოლო ორი ათეული წელია სოკოებივით მომრავლდნენ თვითმარქვია პოეტები, რომლებიც წიგნებს წიგნებზე აცხობენ და გამაოგნებელი პრემიებითა და სიგელ-გუჯრებით იწონებენ თავს!

 

ვასილ ბესელიას არასდროს ჰქონია პრეტენზია ყალბ დიდებაზე, მითუმეტეს, გამოგონილ პრემია-სიგელებზე, მაგრამ, ჭეშმარიტად დასაფასებელი ხომ უნდა დაფასდეს? აბა, სხვანაირად როგორ გამოვარჩიოთ ყალბი ნამდვილისგან?!

 

არ მინდა ყურადღების მიღმა დარჩეს ვასილ ბესელიას ახალი „გატაცება“ - ბოლო თვეებში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნოველებით მან დაამტკიცა, რომ იგი ნიჭიერი ნოველისტია, ქართული სიტყვის ჭეშმარიტი ოსტატი, რომელიც ახალ-ახალი სიურპრიზებით გვანებივრებს!

 

რაც შეეხება მის „რჩეულს“, დაწვრილებით განხილვას არ შევუდგები, რადგან, წიგნს დართული აქვს მაღალპროფესიონალი ფილოლოგის, ბ-ნ გია მურღულიას ობიექტურობის ნიშნით დადაღული რეცენზია, სათაურით: „მერვე დღის შვილი“.

 

იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკოსის მახვილი თვალი ყურადღების მიღმა არ ტოვებს ვასილ ბესელიას პოეტურ ღირსებებს და მკითხველს უადვილებს მისი ლექსების აღქმას, რეცენზიას გთავაზობთ სრულად.

 

ზაურ ნაჭყებია

 

მერვე დღის შვილი

 

რა არის აღწერისა და გამოხატვის ღირსი - ნამდვილ პოეზიად რომ იქცეს და დროს შეჭიდება გაუბედოს? 

 

ისეთი კითხვაა, რომელსაც შესაძლოა უნივერსალურად დამაჯერებელი პასუხი არც ჰქონდეს - აი, ისეთი, დაუსრულებელ დისკუსიებს რომ არ იწვევს.

 

მავანი იტყვის, პოეზიამ ცხოვრება უნდა აღწეროს და გამოხატოსო, მაგრამ რა არის „ცხოვრება“? სხვა სიყვარულს ახსენებს, კიდევ სხვა - სიკვდილს. თუმცა ადამიანებმა ვერაფრით განსაზღვრეს სიყვარულის რაობა, სიკვდილზე ხომ წარმოდგენაც არ აქვთ. ან იქნებ „ჭეშმარიტება“ ან „სიბრძნე“ უნდა ვახსენოთ? პილატეს კითხვამდეც მივედით, მაგრამ უკვე რამდენი საუკუნეა, არც მას აქვს ერთმნიშვნელოვანი „გამოსავალი“.

 

გონებით ძალიან ძნელია (ალბათ - შეუძლებელიც) შემოქმედების არსებაში შეღწევა. სოკრატედან დაწყებული, ბევრი ცდილობდა ადამიანისგან შექმნილი რეალობის ლოგიკურ აღქმას, მაგრამ ძველ კითხვებს მხოლოდ ახლები დაემატა, უთუმცაო პასუხები კი დღემდე არ ჩანს. ის, რაც კაცისგან არის და არა ღმერთისგან (უფლის შექმნილის მსგავსად), როგორც ძველები ამბობენ, „სულითა ხოლო საცნაურ არს“ - მხოლოდ სულით შესაცნობია.

 

მოკლედ, პოეზიას უფრო ადრე შეიგრძნობ, ვიდრე შეიმეცნებ, მოგეწონება, მაგრამ ასე ადვილად ვერც კი ახსნი, რატომ მოგწონს. ჯერ ჩვეულებრივი ფრაზისა რა ვიცით, რომ რიტმულ ან გარითმულ ფრაზას გავუგოთ რამე? ან რას ნიშნავს აზრის გარითმვა? რა საჭიროა ეს - რას ემსახურება, ან რა აზრით ხდება საჭირო თუ საინტერესო? როგორ „ლაგდებიან“ სიტყვები ან ზოგიერთი მათგანი სტრიქონთა ბოლოს (თუ ზოგჯერ - მათ შიგნითაც) სხვებზე მეტად რატომ მიანიშნებენ ერთმანეთს?

 

მკლავი შენი - კლავიშები... ჩატევა - მჩატე ვარ... ვეცადე - ზეცამდე... დაგვლოცავდეს - ამ მოცარტებს... მკაცრი ცა - გაცრიცა... რისთვის ერითმება სიტყვა სიტყვას? რა განცდას ბადებს ეს ადამიანში და რატომ ჰგონიათ, რომ ამას რაიმე დამატებითი მნიშვნელობა აქვს?

 

ამ ფიქრის ინსპირაცია პოეტის წიგნია - „ვიდრე იყავ და... ვიდრე არა ხარ“. განსაზღვრება არ გამომიყენებია - პოეტი ან ხარ, ან არა. 

 

ბიბლიური ტრადიციით, ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო და როდესაც შესაქმე დაასრულა, შექმნა შემოქმედი - ადამიანი. მეშვიდე დღეს უფალმა დაისვენა. ადამიანთა მთელ ისტორიას კი, სიმბოლურად, „მერვე დღე“ ეწოდა, რადგან საკუთარი ცხოვრებით სწორედ ისინი ქმნიან „სიახლეს“. ღმერთს ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ემსგავსება (განა მათეს სახარება ამას არ მოგვიწოდებს?), როცა რაღაცას ქმნის. თუ მერვე დღის შემქმნელთა შორის ხარ, რისთვის გჭირდება განსაზღვრებები?

 

ვასილ ბესელია პოეტია. ის „მერვე დღის“ ნამდვილი შვილია. მის ტექსტებში პოეზია მკითხველის თვალწინ იბადება და დიდხანს ცოცხლობს - ძალიან დიდხანს. 

 

ამ წერილში ვეცდები განვმარტო, რატომ ვფიქრობ ასე.

 

ჩვენ არ გვავიწყდება ან ნაკლებად გვავიწყდება სასიამოვნო ან იდუმალი მოულოდნელობები. სასიამოვნოდ მოულოდნელი ის არის, რაც არ იცი და თავს მოგაწონებს. სხვაც არის - როდესაც რაღაც იცი და უკვე „შენია“, მაგრამ ახალი სულით ან სამოსით წარმოგიდგება. მოულოდნელის პოეზია ვასილ ბესელიას სტიქიაა - ზემოხსენებული ორივე განზომილებით. რა თქმა უნდა, ლექსი მხოლოდ მთლიანად არსებობს (დაიბადება თუ არა, განუყოფლობის მხატვრული ბედისწერა თან ახლავს), მაგრამ მხოლოდ დაწერის შემდეგ ხდება ცხადი, რა უბრალოდ და რა ძნელად სათქმელია ასეთი ფრაზები:

 

„რა ცოტამ იცის - ძილგატეხილი ღამე ვარსკვლავებს რომ ახამხამებს“ (35); „ბეჭედნატრული არათითებით დაბერდნენ ჩემი ლამაზმანებიც“ (45);  ცას მიწერილი არარსებულ წიგნის სარჩევი ჩემს არარსებულ არსებობას ყელამდე ყოფნის (114); „რაც ჩემში ხდება, ჩემი ბედია...და მაინც გეტყვი ამბავს არახალს: ეს უშენობა ბევრად მეტია – ვიდრე იყავ და, ვიდრე არა ხარ!“ (201); „მიმაქვს სიცოცხლე ნაკლული პეშვით და თითებიდან წამები წვეთავს“ (267).

 

შედარება პოეტური აზროვნების დასაწყისია. ვისაც ორი რაღაცის შედარება არ შეუძლია, ის არც პოეტია. თუმცა, რა რას უნდა შეადარო და როგორ - ამ საიდუმლოს გამხელამდე ცოტა თუ შესწვდება. ამ კრებულში ამგვარ „ლხინიან ოსტატობას“ ბევრჯერ ვხვდებით: 

 

„...ღამეა ძველი, დამტვრეული, ცამდე მაღალი, და მტკივან მხარზე მთვარე უზის პეპელასავით...“ (37); „თამაშობ ჩემი სიზმრების ბისზე და არც სიზმარი წამით არ იცდის და ჩემს სიცოცხლეს განვიცდი ისე – მკვდარი რომ თავის სიკვდილს განიცდის“ (გვ. 134);  „ასე კარგავენ მზერას და ღიმილს – შენი ლანდი რომ დაკარგა სარკემ... და გულისპირზე ამწყდარი ღილი ბოლო ცრემლივით დაეცა პარკეტს“ (გვ. 150); „დილაბნელზე სიზმარს ვკეცავ – მიკავია ჭინკა თმებით...მივაბნიე ღამე ზეცას ვარსკვლავების ჭიკარტებით...დილაბნელზე ვლულავ თვალებს, (მეჩეთიდან მოლა კივის) ჩანს ჭიკარტებს შორის მთვარე გატეხილი ფოლაქივით...“ (231).

 

ვასილ ბესელიას ლექსებმა იციან, რომ სათქმელის არსებობა იმაზე ნაკლები მნიშვნელობისა არ არის, თუ როგორ ამბობ ამ სათქმელს. ამიტომ არის, რომ კითხვის ინტერესი არ კვდება - ის მოლოდინს ბადებს. ყოველი ახლად წაკითხული ლექსი სულს „ეხახუნება“ - ღიმილს იწვევს, სევდას თუ ირონიას, ყოველთვის ბუნებრივია და ხელოვნურობის გრამიც არ სცხია. ძალიან ბევრ სტროფს გინდა, გამოეხმაურო - რაღაც უთხრა, შეიამხანაგო, დაიმახსოვრო და სხვებსაც გაანდო შენი ფიქრი. თუმცა, ასეთი წერილების წერისას, ეს ძალიან სახიფათოა - შესაძლოა, ნაწერი საკუთრივ კრებულზე დიდი გამოვიდეს.

 

ამწუთას, რატომღაც, „დათა თუთაშხია“ გამახსენდა - დუქნის სცენა, ვახტანგ შალითურის ამპარტავნებას ერთი გასროლით რომ აშოშმინებს ორი მეგობარი. რამ გამახსენა? რამ და, იმან, რომ სიყვარულის დაწერა და გამოხატვა ძალიან ძნელია. ადვილად შეიძლება „ააცილო“ და უგემოვნობის ან ბანალური ჩვეულებრივობის სივრცეში აღმოჩნდე, საიდანაც პოეტური სამარცხვინოობის მდგომარეობამდე ერთი ნაბიჯია. ჰო, უკიდურესად ძნელია სიყვარულის დაწერა - აგერ ვასილ ბესელიას შეუძლია ეს ათიდან ცხრაჯერ!

 

„არ მასვენებდა შენი თვალები და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა“ (7); „ვიცი, გაცვდება მუსიკა ქარში, ახარხარდება ეშმა შიშველი, რა მეშველება, მითხარი მაშინ, როცა ვერაფერს ვეღარ მიშველი?!“ (112); „მთელი ცხოვრება ამ ლექსს შევაკვდი – შენ რომ დასცქერ და...არც კი კითხულობ“. (204); „ერთხელ ვიყავი სასომიხდილი, და გულმა მისად ერთხელ გიწყვილა...ერთხელ შემეძლო შენთვის სიკვდილი, მაინც გადავრჩი – ჩემდა სირცხვილად...“ (253); „და შენც სიცოცხლევ, ხან რომ ავდები, ხან სასოების დგახარ თავდებად ...მადლობელი ვარ – მე რომ ვთავდები და სიყვარული რომ არ თავდება“. (348)

 

ჯერ კიდევ ძველებმა შეამჩნიეს, რომ სამყაროსა და მის გამოვლინებებს კონტრასტულობა, დაპირისპირებულობის ჰარმონია ახასიათებს. ორი რამ მოვლენა, განწყობა თუ ფიქრი შესაძლოა ერთმანეთს გამორიცხავდეს, მაგრამ უერთმანეთოთ ვერც არსებობდეს. ძალიან უცნაურია, მაგრამ უკვე იმდენმა დაინახა და შეიცნო, რომ არ შეიძლება ილუზია იყოს. რა თქმა უნდა, ასეთი ხედვა პოეზიის ერთ უმთავრეს მოდუსად იქცა. ვასილ ბესელიას ლექსები პირდაპირ სუნთქავს „კონტრასტის მშვენიერებით“ - მათში არაერთხელ (და ნატიფი ფორმით) შეხვდებით მხატვრულ სახეებს, რომელთა ნაწილები უკიდურესად „მტრობენ“, მაგრამ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე და არსებობა არ შეუძლიათ:

 

„დამდევდა მარღი თვალი ავსულთა და წუთისოფლის ჭრელი იგავი... რომ მოვედი და ტანჯვა დასრულდა, მივხვდი – არ უნდა მოვსულიყავი!) (7); “არც ისე გესლიან საყვედურს გაგატან, თუ მკითხავ – იმ მწარე ცრემლების მიხედვით – ჩემგან რომ წახვედი, არ გითვლი ღალატად, სხვა იმან იკითხოს, ვისთანაც მიხვედი...” (8); “სარკეში მუნჯივით ვიკეტები, ყვავილის მიმყვება აგონია... და როცა სარკიდან ვიხედები, სარკის წინ თუ ვდგავარ... არ მგონია!..”(11) “მსურდა ასე თუ ასე არ მსურდა... მერე კი წლებმა გზები დანაღმა...მე მაშინ ვიყავ ძალიან ცუდად და ყველაფერზე ვიყავ თანახმა. სადღაც სამარის ვიყავ მახლობლად ჭირისუფლის და ბახის თანხლებით... მას მერე ვფიქრობ, და იმ თანხმობას მთელი სიცოცხლე არ ვეთანხმები” (26); “ისიც იცოდე, შემპარავ რჩევით, შენ – სიამაყის ვარდი რომ გთენთავს, თუ არ დავკარგე მე თავი ჩემი, შენ ვერასოდეს იპოვი შენ თავს“. (148)

 

ვიხსენებ ქართველ პოეტებს - ნამდვილ პოეტებს, რომლებსაც ამქვეყნად ყველაფრის გამოხატვა შეუძლიათ (მადლობა ღმერთს!) და მათ შორისაც ცოტა მეგულება, ვისაც სიყვარულისა და სამყაროს კონტრასტულობის ასე დაწერა ხელეწიფება:

„იქ დარჩა ცეცხლი და სულის პური და შიში დადგა სულის ამკლები – როს ერთმანეთზე ვიძიეთ შური და ერთმანეთით დავრჩით ნაკლები...დავკარგეთ ასე თავი და ბოლო, ეს ლექსიც გამშრალ ხსოვნის წვეთია...და რაც ერთმანეთს გვაგონებს, მხოლოდ უერთმანეთო ერთმანეთია!..”(98)

 

ზემოთქმულს თვალსაჩინო ბუნდოვანებით უკავშირდება პოეტის მიერ შეყვარებული „ალოგიზმის ესთეტიკა“ - როდესაც ყველაფერი თითქოს ძალიან ნათელია, მაგრამ მოსალოდნელის საპირისპირო განწყობას ბადებს. ეს მომენტი, ზოგადად, ახასიათებს ქართულ პოეზიას (იქნებ აქ ისიც გავიხსენოთ, რაც, თავის დროზე გაიოზ იმედაშვილმა შენიშნა - ქართული სული მშვენიერებას აღიქვამს არა როგორც სიმეტრიის, არამედ ასიმეტრიის ჰარმონიას) და ამ კრებულშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი:

 

„რომ ახლაც შენი მელექსე ვარ, ის მაწევს დარდად, რომ ვარ გაჭრილი ხოტბად შენად, შენად ქებადა...შენ ვერაფერი გაიმეტე – სხეულის გარდა, სხეულის გარდა, კაცმა რომ თქვას, არც რამ გებადა...“ (30); „მე გამამტყუნებს მიზეზი ერთი, რომ მართლა არ ვარ შენთან მტყუანი“ (60); 

 

„ცრის მხოლოდ ჩუმი სინანულის მლაშე წვეთები, (დრო ისეც გვაცლის გამოსაცლელს სულს და არაქათს...) თქვენ თქვენს ერთადერთ დაკარგულ გზას ისევ ნებდებით, მეც, დაკარგული გზების გარდა, სხვა გზა არა მაქვს!“ (37)

 

რაკი ქართული პოეზია ვახსენე, უნდა ვთქვა, რომ კრებულში არაერთხელ შეხვდებით ლიტერატურულ ალუზიებს, რომლებიც ძალდაუტანელი ბუნებრივობით აღიქმებიან - განა პოეზიის ისტორია ჩვენი ყოველდღიურობა არ არის?

 

აგერ ტიციანი და მისი „ანანურთან“: „მივდივარ, თუმცა წასვლაც არა ღირს მკვდარი გზებით და მკვდარი ქუჩებით, ამ მოწამლული დროის კარნახით შხამსა და ტალახს ვერ გადვურჩები... „...გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები...“ (62).

 

 აგერ გალაკტიონის „მე და ღამე“: „მერე მეცხრე ცაზე შეგსვი, მწყემსად მოგიჩინე ლექსი, დაგასიზმრე სამოთხე და„წუთი წუთზე უამესი“...(265) 

 

ცალკე სათქმელია ერთი უმშვენიერესი და უჭკვიანესი ხალხური ლექსი, რაჭაში რომ ჩაიწერეს ამ რამდენიმე ათეული წლის წინ:

 

„არაფერი არ მინდოდა,

არაფრისთვის მოველ ცადო,

არაფერი არ გამოდის,

არაფრისთვის უნდა ვცადო!“

 

აგერ ალუზიაც:

 

„დაბზუის ქარი, სულის ამწეწი...არაფრის ლოდში ვარ მოჭეჭკილი, მაქვს ის, რაც არ მაქვს ერთი ნამცეცი – არაფრის ხვავი მიდგას ჩეჩქივით...არაფრის ზღვაში არ ჩანს ნაპირი, არც ზღვის ტალღა და, არც ზღვის მიქცევა... არც საშველი ჩანს, ეს არაფერი, რამედ რომ მაინც გადაიქცევა!..“(118)

 

ამბობენ, რომ პოეზია თავისუფლების ყველაზე დიდი სივრცეა. როგორ უნდა წერო თავისუფლებაზე, რომ სადმე პათეტიკის “თავისუფლებას” არ გადაეყარო (არადა, ის ხომ ყველგან არის!)? ამის მშვენიერი პასუხი შეგიძლიათ ვასილ ბესელიასთან იპოვოთ. ეს არის ზღვარს მიტანებული ზომიერება - აი, ცოტაც და რომ გადასცდება. თუმცა ეს ზღვარი არსად ირღვევა:

„ხომ გავხედნით ამ სიბერეს ამ ბუზღუნა ამინდებით, ხომ ღვინოში ჩაწვეთებულ ერთი ცრემლით ავინთებით...ვენთოთ, სანამ დაღლილ ფერში ვარდის სხივი გარჩენილა...მერე ღდინიც გაგვვარდნია, ვითომ სულ არ გავჩენილვართ...“ (40)

 

ადამიანი არ არის მხოლოდ სიცოცხლე - ის სიკვდილიც არის. ეს ორი რამ განუყოფელია. განა ქართველებმა ყოველთვის არ იცოდნენ, რომ ასეა? – „წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი“. პოეზია ორივე განზომილებაში თავისუფალია. მეტიც - ორივეგან შეიძლება თვითირონიულიც იყოს:

„ჰაერივით მაკლდა ბედი, უბედობის ასთმა მქონდა, დარდი მქონდა თმაზე მეტი, თუმცა ბევრი არც თმა მქონდა. ვინ ასულა ფორთხვით ცაში, მეც რომ დაფნით შეგემოსე...ვწევარ ახლა ოთხ ფიცარში გაშხვართული ჩემ გემოზე...ციხეს ვგავდი თუ ნაციხარს, მხედავ ღვთისგან გადაჯეგილს, ნუ მაწუხებ თუ კაცი ხარ და სხვის ქვაზე გადაჯექი...“ (44)

 

და ამგვარი „სასიკვდილო“ თვითირონიის შემდეგ ვისაც ტარიელივით შეუძლია „სიცოცხლის მოთმენაზე“ ილაპარაკოს, სწორედ ის გვაძლევს ნამდვილი - არც სიცოცხლით და არც სიკვდილით შეშინებული - თავისუფლების მაგალითს:

„ჩვენი ვინც იყო ყველა წავიდა, სხვადასხვაგვარად ვცოცხლობთ თავიდან, შენ როგორ უძლებ – მითხარი, თორემ, მე აქ სიცოცხლეს, ალბათ, ავიტან“.(46)

 

ამ ყველაფერს არსებობის სევდაც ახლავს - „ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა, ერთი სიკვდილი – ძალზე ბევრია...“ (325), - მაგრამ თავისუფალი პოეზიის სივრცეში სევდა ყოველთვის ღირსებაა და არა ადამიანური ნაკლოვანების სამწუხარო ნიშანი.

 

ამ პატარა წერილში მხოლოდ თეზისებია და ბევრი რამ უთქმელი რჩება, მაგრამ როგორ არ ვახსენო, რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“, როგორც, ზოგადად, პოეზიის, ისე ამ კრებულის შესანიშნავი თვისებაა. ვისაც არ შეუძლია მთელი ცხოვრების ორ სტროფად მოყოლა, ის პოეტად ვერ მოიხსენიება:

 

„დაბერდა შენი „ბებოს იმედი“, და სიბერეშიც ზმანებად ჩაჰყვა: კლასელი გოგო,

ველოსიპედი, ხმელა ჭადი და ბაბუას ჯაყვა. ახლა, როს ძილიც გაუსტუმარდა, დაედო ფასი

წამებს და წუთებს, ისევ შენ ზიხარ მის სასთუმალთან და სიკვდილის წინ სიბერეს უთევ“ (42)

 

ძალიან „იდეალური“ წერილი ხომ არ გამომივიდა? ნუთუ ეს კრებული „აბსოლუტური პოეზიაა“ და მასში ასე ყველაფერი საუცხოოდ კარგია?

 

რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა. ასეთ კითხვებს პასუხები არ სჭირდება, მაგრამ ამ ერთხელ სტანდარტი დავარღვიოთ და სიტყვა თავად პოეტს მივცეთ. ის გეტყვით, რომ პოეზიის მიზანი იდეალურობის კი არა, ცხოვრების გამოხატვაა, რომელიც მხოლოდ ისეთია (რეალურადაც და ლექსშიც), როგორიც არის და არსებობის დამატებითი პირობების მოთხოვნა თუ გამოხატვა ისეთივე არაბუნებრივია, როგორიც უკუღმა მოთხრობილი ამბავი:

 

„მადლობელი ვარ შენიც უფალო (ხატებს მირონი ისევ რაკი სდის), რომ არ დამინდე ამ სულ უბრალო სიმდიდრისა და სიღატაკისთვის“. (349)

 

გია მურღულია

 

 

 

P.S. ვასილ ბესელიას პოეზიის თაყვანისმცემელთა სურვილის გათვალისწინებით, თებერვალში დაგეგმილია რჩეულის: „ვიდრე იყავ და... ვიდრე არა ხარ!“ პრეზენტაცია მწერალთა სახლში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც გაცნობებთ დამატებით. იქვე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენაც.