მომავალ „თბილისობას“ შევხვდეთ დავით აღმაშენებელთან ერთად!

მომავალ „თბილისობას“ შევხვდეთ დავით აღმაშენებელთან ერთად!

 

თბილისის საპატიო მოქალაქეების ღია წერილი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერს,

ბატონ კახა კალაძეს

 

 

ბატონო კახა!

 

გვეგონა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი რიგის საკითხი დიდი ქართველი მეფის, ერის სიამაყის დავით აღმაშენებლის დიღმის სატრანსპორტო და არქიტექტურულ-ურბანული ქაოსიდან მის ძველ საუფლოში გადმოტანა იქნებოდა. გადის მეშვიდე წელი, იცვლებიან მთავრობის ხელმძღვანელები, თბილისის მერები, საკრებულო და მისი თავმჯდომარეები, მდგომარეობა უცვლელია. დღემდე შედეგი არ მოჰყოლია ათეულობით ღია წერილს, ტელეგადაცემებს, მიმართვებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, თბილისის მერის დავით ნარმანიასადმი, რომლებსაც ხელს აწერენ ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, კომპოზიტორები, პედაგოგები, მსახიობები, რეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები.

 

დიდად სამწუხაროდ, არც თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა და საკრებულო დღემდე ვერ იჩენს საჭირო ინტერესს ამ საკითხისადმი.

 

გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება დიდი მეფისადმი. საიდან ასეთი უპატივცემულობა დიდი ქართველი მოქანდაკის, „ქართველ მიქელანჯელოდ“ სახელდებულ (სხვათა შორის, უცხოელების მიერ", მერაბ ბერძენიშვილისადმი _ ადამიანისადმი, რომელსაც საფლავში დარდად ჩაჰყვა ის, რომ „დავით აღმაშენებელს ტოვებდა დიღმის ტრასაზე“. შვიდწლიანი უმოქმედობით და უყურადღებობით მთელი საზოგადოება გახდა სააკაშვილი-უგულავას „ძეგლებთან ბრძოლის“ თანამონაწილე და დამკანონებელი.

 

კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ისტორიულ მოვლენებს და ქვეყნის გამოჩენილ მოღვაწეთა ღვაწლს მონუმენტებით და მემორიალებით აღნიშნავს. დრომ, დიდმა ხუროთმოძღვრებმა და მოქანდაკეებმა ჩამოაყალიბეს მონუმენტისა და ურბანულ- ლანდშაფტური გარემოს ჰარმონიის წესები და კანონები. ესაა: ძეგლის გარემოსთან თანამასშტაბურობა, ფონის სისუფთავე, სიმშვიდე.

 

ადგილის „სისუფთავე“ პირდაპირ კავშირშია დაფასებასთან, ღირსებასთან.

 

დავით აღმაშენებლის ძეგლის დღევანდელი დისლოკაცია აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ წესებისა.

 

კულტურა არ არის მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სფერო. კულტურა არ აწყობს რევოლუციებს და გადატრიალებებს, მაგრამ ის აქტიურად და მკაფიოდ აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, საზოგადოებრივ განწყობილებას. ამის ნათელი დადასტურება იყო საპრეზიდენტო არჩევნები.

 

შერჩეულია ძეგლის ადგილი თავად მერაბ ბერძენიშვილის მიერ. ადგილი შეთანხმებულია ყველა სატრანსპორტო უწყებასთან, შექმნილია ესკიზური პროექტი მისივე მონაწილეობთ. არსებობს მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

 

საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება. მომავალ „თბილისობას“ მაინც შევხვდეთ დავით აღმაშენებელთან ერთად!..

 

ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეები:

 

გიგა ბათიაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, დემიკო ლოლაძე, ალი ისაევავარსკი, ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, ჯემალ ჭკუასელი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, ომარ ნაფეტვარიძე, თენგიზ უთმელიძე, თემურ წიკლაური, გივი თოიძე, ქეთი მატაბელი, როინ მეტრეველი, თამაზ გერსამია, გიორგი კვესიტაძე, გივი შახნაზარი, მურაზ მურვანიძე, ჯანო ბაგრატიონი, თემურ ჩალაბაშვილი, ჯამლეტ ხუხაშვილი, ლადო კახაძე, ვაჟა ორბელაძე, რეზო ამაშუკელი, მაია მანია, ნოდარ ცერცვაძე, დიმიტრი ერისთავი, კახი კავსაძე, გოგი შხვაცაბაია, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია, გურამ საღარაძე, ვახტანგ ტატიშვილი, მარიკა კვალიაშვილი.

 

 

P. S. ხელმომწერთა თანმიმდევრობა შეესაბამება ხელმოწერის რიგს.

 

საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს უხდის თბილისის იმ საპატიო მოქალაქეებს, რომლებსაც ტექნიკური მიზეზების გამო ხმა ვერ მივაწვდინეთ.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: