Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
22-02-2019, 14:05
ნანახია: 637

მამუკა გიორგაძე: დეკანოზი მამალაძე მხოლოდ საბაბია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ახალი ტალღა ააგორონ!

გრძელდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაცია - კერძოდ, სამღვდელოებასა და მრევლს შორის ბზარის გაჩენა, საზოგადოებისა და ეკლესიის დაპირისპირება. 

 

რაც დრო გადის კიდევ უფრო ხშირდება ტყუილი, ლანძღვა, ბეზღობა, შანტაჟის მცდელობები. სიტუაცია გამოდის რეალისტური ჩარჩოებიდან და სულ უფრო ემსგავსება ერთიანი ანტისახელმწიფოებრივი  სპეც-ოპერაციის მრავალმოქმედებიან აბსურდის თეატრს, სადაც, ბოლო პერიოდში, „უკრაინის ავტოკეფალიის სასწრაფო და უპირობო აღიარების“ უნიჭო და უაზრო პერფომანსი  „ციანიდის საქმის“ ახალმა აქტმა ჩაანაცვლა, რომელიც, თავის მრივ,  რამდენიმე მიზანსცენას მოიცავს.  მთავარი აქტორები კვლავ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი „ძველი და ნაცადი“  სახეებია!

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის მიერ დაჭერილი პაუზის მიზანშეწონილება არავითარ ეჭვს არ ბადებდა, ძალზე მკაფიოდ გამოიხატა ყვლასთვის ცნობილი ძალების მცდელობა აეძულებინათ საპატრიარქო ნაჩქარევი, მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმისკენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს ეკლესია დაადანაშაულეს არა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების ღალატში, არამედ, სქიზმისკენ გადახრაშიც კი. თუმცა ეს პროვოკაციულ-ცანცარული მცდელობები სულ მალე გაიშიფრა, ვინაიდან გაცხადდა, რომ საქართველოს საპატრიარქო თავის ღრმად დიპლომატიური პოზიციით, სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან ერთად, უმრავლესობაში იყო და თავად კონსტანტინეპოლისა და უკრაინის ეკლესიებში მიიჩნიეს ჩვენი ეკლესიის მოსაზრება  ლოგიკურ და ბუნებრივ პოზიციად.

 

თუმცა, უკრაინის ეკლესიის ბედი ამ ხალხს სრულადაც არ ანაღვლებს. ისინი ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას ეძებენ  საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.  საბაბის პოვნას რა უნდა, მით უმეტეს, რომ არსებობს  სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ შეგნებულად არაჯეროვნად გამოძიებული  ე.წ ციანიდის საქმე  და იერიშებიც დედაეკლესიაზე მეტი მუხანათობით განახლდა! 

 

რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ სასჯელმისჯილი მღვდელმსახურის „ზიარების“ აქციის ფორმით მოთხოვნა, მათ შორის, თავისი ათეისტური განწყობებით ცნობილი პირების მხრიდან, გახდა ახალი ანტიეკლესიური ტალღის მასტიმულირებელი. 

 

შესაბამისად, გააქტიურდნენ ეკლესიის შიგნიდან და გარედან  მისი განადგურების  მსურველები. დეკანოზ მამალაძის  ეკლესიის „მამხილებელი“ მითიური წერილები ციხიდან, პატრიარქის ნათესავების უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება და შეურაცხყოფა „მუხტის ასაწევად“  გამოიყენეს: არ მორიდებიან  პატრიარქის დის მიმართ სიცრუის ტირაჟირებას, დიდუბის ტაძრის იკონომოსი, მონაზონი დედა ნატალია  „გავლენიან ბიზნესმენად“ გამოაცხადეს და, რა თქმა უნდა, არც მეუფე დიმიტრი „დავიწყებიათ“ - მორიგი ტალახი მასაც ესროლეს (მისი მაღალი ავტორიტეტი მავანს მოსვენებას არ აძლევს). 

 

ნიშანდობლივია, რომ დეკანოზ მამალაძის ზიარების შემდეგ ეკლესიაზე შეტევა ახალი, არანაკლებ უტიფარი მოთხოვნით გაგრძელდა. კერძოდ, დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების  ისტერიის განვითარების ფონზე საქართველოს პატრიარქს წაუყენეს მოთხოვნა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას  მამალაძის შეწყალების მოთხოვნით (როცა დასჭირდათ აღიარეს მისი უწმინდესობის შეუბღალავი ავტორიტეტი და მისი სიტყვის ძალა). მართალია, შეეძლოთ არ „დავიწყნოდათ“ მცირე დეტალი - საქართველოს კანონმდებლობა მძიმე ჯანმრთელობის გამო ვადამდე გათავისუფლების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს, მაგრამ მათ დეკანოზი მამალაძისთვის ეკლესიისგან დევნილ-წამებულის იმიჯის შექმნა სჭირდებოდათ!

 

ძნელია გამოიცნო, ესმით თუ არა ამნაირი მოთხოვნის ავტორებს, რომ შეწყალება მხოლოდ დამნაშავის შეიძლება, ხოლო, ვისაც მიაჩნია, რომ ტყუილად ზის ციხეში, ის   გამართლებისთვის უნდა იბრძოდეს. სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში კი ეკლესია, მრევლი და საზოგადოებაც დაუჭერდა მხარს. მაგრამ, სამწუხაროდ მათ სხვა აირჩიეს (როგორც ჩანს, შეკვეთა ასეთია!).

 

დეკანოზ მამალაძის დაცვისა და მომხრეების ქმედებების საეჭვო არათანმიმდევრულობა ნათელს ფენს იმ გარემოებას, რომ ისინი დაცვაზე მეტად ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესებს ემსახურება.  ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ციანიდის“ საქმე თავიდანვე ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით იყო შეთხზული. ხელისუფლების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის ფონზე ამ ძალებს ექმნება დეკანოზ მამალაძით მანიპულირების შესაძლებლობა (ხვდება თუ არა ამას თვითონ დეკანოზი, ჩვენთვის უცნობია).

 

საქართველოს სახლხო პარტია ეკლესიაზე გახშირებულ თავდასხმებს პირველად არ ეხმაურება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ლაშქრობა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გაშლილი ფრონტის  უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 

 

დღესაც, საქართველოს ხელისუფლების ამორფულობის, პოლიტიკური ძალების სისუსტისა და საზოგადოების დეზორგანიზებულობის პირობებში საქართველოს ეკლესია გვევლინება ერთადერთ ინსტიტუტად, რომელსაც შეუძლია საქართველოს ინტერესების სრულფასოვანი დაცვა. ეკლესიის ავტორიტეტი, მის მიმართ ნდობა და მაღალი საზოგადოებრივი რეიტინგი ის საფუძველია, რაც მას მტრული თავდასხმების მთავარ ობიექტად აქცევს. სწორედ ეკლესია წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც შიშის ზარს სცემს საქართველოს მტრებს და აიძულებს მათ საკუთარი თავის გამომააშკარავებელ და დამღუპველ ნაბიჯებზე წასვლას.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთელ მოსახლეობას, სასულიერო პირებსა და მრევლს, ყველას, ვინც სიღრმისეულად აცნობიერებს შექმნილი ვითარების უკიდურესობას, ნუ ჩავათრევინებთ საკუთარ თავს ბინძურ კამპანიაში! 

 

ნუ ვიქნებით მოვლენებზე უმოქმედო დამკვირვებლები, ვიყოთ აქტიური მოქალაქეები! 

 

ჩვენი პასიურობით ნუ შევუწყობთ ხელს იმ  ილუზიის შექმნას, რომ თითქოს მათ შეუძლიათ  ისე მოეპყრონ საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც თავად მოესურვებათ.  

 

იცოდეთ,  ამაზე ყველა უმკაცრესად აგებთ პასუხს!