Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
29-03-2019, 09:58
ნანახია: 599

ტრანსდისციპლინარული აზროვნების საუკეთესო ნიმუში

ია საკანდელიძის რომანი „ხურდაში მოქცეულთა სიყვარული“ მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებო ნაწარმოებია. 

 

 

რომანში ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. იგი სავსეა ცხოვრებისეული სიუჟეტებითა და გულწრფელი დიალოგებით. 

 

დრამატიზმით აღსავსე სასიყვარულო ისტორიის ფონზე ავტორი მრავალ საჭირბოროტო პრობლემას განიხილავს. იგი ღრმად აანალიზებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თანამედროვე საქართველოს ყოფას და მის როლს კაცობრიობის ისტორიაში. 

 

„ხურდაში მოქცეულთა სიყვარული“ თავის წიაღში რამდენიმე მეცნიერულ დისციპლინას აერთიანებს. შეიძლება ითქვას, იგი ერთდროულად მეტაფიზიკური, ფილოსოფიური, თეოლოგიური აზროვნების ინოვაციური ვარიანტია. 

 

ავტორი ეყრდნობა რა საუკუნეების მანძილზე დაგროვებულ ცოდნას, ცდილობს გააანალიზოს დღევანდელი რეალობა, მოიძიოს პრობლემა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხება გამოიწვია და გამოიტანოს იგი საზოგადოების სამსჯავროზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ იგი არც გამოსავლის თავისებური ვარიანტის შემოთავაზებას ერიდება! 

 

რომანი ტრანსდისციპლინარული აზროვნების საინტერესო ნიმუშია - მისი გმირები ნოოსფეროს ადამიანები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანის გონივრული მოქმედება განვითარების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მათი მოსაზრებები მრავალმხრივ საინტერესო და ობიექტურია. მთავარია ხალხის გონება უმოქმედობისგან განიკურნოს - ფიქრობენ ისინი. მათი დასკვნით, ჩვენი ყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, როცა ყველა გააცნობიერებს, რომ სიტყვები: „ეგ ჩემი პრობლემა არ არის“ ანუ „ეს მე არ მეხება“ დანაშაულის ტოლფასია და ყველა გაუთვალისწინებელი პრობლემა, ადრე თუ გვიან ბუმერანგივით უბრუნდება მთელ საზოგადოებას (მტყუანსა თუ მართალს)!

 

საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებელ უებარ საშუალებად ავტორს სულიერი განათლების სრულყოფა ესახება. სწავლა-განათლება მუდამ იყო ქართველი კაცის პრიორიტეტი. სწავლის სურვილი თან სდევდა ჩვენს ერს ყველაზე ძნელბედობის ჟამსაც კი!

 

მეტიც, როცა ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ქართველი გამოსავალს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში პოულობდა. ამის მაგალითი მრავლად მოიპოვება საქართველოს ისტორიაში. ამაზე მოგვითხრობენ საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული ცენტრებიც!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხის სულიერი სამყარო, მისი ზნე და ხასიათი ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ისტორიულ სარბიელზე. დღევანდელ ყოფაში კი ეს მუხტი თითქოს გაქრა - ერის თვითმყოფადობა თითქმის განადგურდა, ან განადგურების პირასაა მისული: წინა პლანზე წამოიწია მატერიალურმა ფაქტორმა. უზნეობა ჩვეულებრივ ნორმად იქცა, ლიბერალიზმისა და თავისუფლების სახელით შენიღბული მანკიერი ზნე-ჩვეულებანი კი ადგილს მყარად იმკვიდრებენ ადამიანების ცნობიერებაში! 

 

ცხადია, ისინი დამახინჯებული აზროვნების ნაყოფს წარმოადგენენ და არავითარი საერთო არა აქვთ ნამდვილ სულიერ თავისუფლებასთან,რომელიც ზნეობრივ და მორალურ პრინციპებს ემყარება და სამყაროს კანონზომიერებასთანაა მორგებული... 

 

დროა თანამედროვე ადამიანმა გაითავისოს, რომ სწორედ სულიერი მოთხოვნილებები განაპირობებენ ადამიანის ადამიანად ყოფნას. თუმცა, გარდა სულიერი და მეტაფიზიკური წიაღსვლებისა, რომანში ეპოქის პოლიტიკურ და სოციალურ ანალიზსაც ვხვდებით. ავტორი არ უშინდება გლობალური თემების განხილვას და თამამად გვამცნობს თავის მოსაზრებას მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ჩრდილოვან მხარეებზე. იგი საუკეთესო პოლიტიკურ სისტემად შერეულ, ანუ სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების შერწყმას მიიჩნევს! 

 

მისი აზრით, ფული მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ და არა ცხოვრების წარმმართველი ძალა! არაფრით არ შეიძლება საშუალება იქცეს მიზნად. კაპიტალიზმის გაფეტიშება ცივილიზაციას სრულ კრახამდე მიიყვანსკაცობრიობას, რადგან იგი ფულის კულტს ეთაყვანება და  ფულის კულტის იდეოლოგიას ნერგავს.

 

ქალბატონი ია თავის რომანში დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ საჭიროა აზროვნების გამთლიანება, რათა გადავლახოთ ფსიქიკური საზღვრები და ავაშენოთ ახალი სამყარო! რომანის მთავარი გმირი ბაია, კი ფიქრობს, რომ, თუ ქვეყნის განვითარება არ ემყარება ზნეობრივ და რელიგიურ დოგმებს, მას მომავალი არ გააჩნია... მისი აზრით, უნდა გავითავისოთ ჩვენი ყოფის დანიშნულება, რათა ერის სულს ახალი სივრცე გავუხსნათ! 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაწარმოები თემატურად მრავალფეროვანია.იგი მოიცავს როგორც მეტაფიზიკის სფეროს, ისე ასტროლოგიისა და ფილოსოფიის ანალიზსაც - საინტერესოა მისი დამოკიდებულება კოსმოსთან მიმართებაშიც. ნაწარმოებში ვხვდებით ასტროლოგიისა და თეოლოგიის უჩვეულო სინთეზს. ავტორი პერსონაჟთა დასახასიათებლად ასტროლოგიურ ზოდიაქოს ოსტატურად იყენებს... აქ ჩვენი მოსაზრებები თითქოს იხლართება (ცნობილია, რომ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ფილოსოფოსები შეეცადნენ საეჭვოდ მიეჩნიათ დებულება კოსმიური ძალების ზეგავლენისა ადამიანის ბედ-იღბალზე და თავი გაენთავისუფლებინათ ასტროლოგებისა და მაგების ზეგავლენისგან. მათ სასაცილოდ არ ყოფნიდათ ის აზრი, რომ ვარსკვლავებისა და ციური სხეულების მდებარეობა ადამიანის მომავალს განსაზღვრავს).

 

თუ ყველაფერი ხორციელდება ბუნების პრინციპების მიხედვით გამოდის, რომ ადამიანი საშუალებაა მიწიერის და ღვთაებრივის კავშირისა. სინამდვილეში კი ადამიანი თავისი არსებობის შემოქმედია. ღმერთმა უთხრა ადამს: მე დაგაყენე სამყაროს შუაგულში, რომ უფრო ადვილად მიმოიხედო და აღმოაჩინო, რა არის მის სიღრმეში. მე შეგქმენი შენ ისეთ არსებად, რომელიც არც მოკვდავია და არც უკვდავი. არც მიწიერი და არც ციური, მხოლოდ იმისთვის, რომ შენ თვითონ გახდე საკუთარი თავის თავისუფალი შემოქმედი. შენ შეგიძლია ცხოველადაც გადაგვარდე და ღმერთის მსგავსიც გახდე. ცხოველს დაბადებიდანვე დაჰყვება ის, რაც უნდა ჰქონდეს, ხოლო, უმაღლეს სულებს აქვთ ის, რაც მარადიულად გააჩნიათ! მხოლოდ შენ გაქვს განვითარების საშუალება - თავისუფალი ნება. შენშია ცხოვრების ჩანასახი!.. 

 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადარჩენისთვის ბრძოლისას მთავარ გმირები საკუთარ პრინციპებს ღალატობენ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში მოყვანილი არგუმენტები, ერთი შეხედვით,ზოგჯერ გულუბრყვილოდ გვეჩვენება, ავტორის თვალსაზრისი ადამიანის დანიშნულებაზე საგულისხმოა, რადგან, მისი მსოფლმხედველობა გულწრფელია და უანგარო!

 

რომანის მთავარი გმირი მეოცნებე, რომანტიული ხასიათის, კეთილი გულუბრყვილო ქალია - მუდამ მართალი და სიმართლისთვის თავდადებული, მოყვასის მოყვარული, გულწრფელი და სადა! პირად ცხოვრებაში იგი გაურკვეველი და დაბნეულია, ვერც დროს აუწყო ფეხი და არც მედროვეებთან ურთიერთობა ეხერხება. წარმატების ფორმულა, რომლითაც მისი ნაცნობები ახერხებენ საზოგადოებაში ინტეგრირებას, მისი ფაქიზი სულისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და უსარგებლოა. მისი იდეები წინ უსწრებს დროს, თუმცა, ეს უდაოდ საინტერესო ნაწერები უსარგებლოდ აწყვია დამტვერილ თაროზე და ამაოდ ელოდება დღის სინათლეს. საგულისხმოა, რომ მუდმივმა წარუმატებლობამ ბაიას გონებაზე დადებითი ზეგავლენაც მოახდინა - მას გაუმახვილდა ფიქრისა და განსჯის უნარი და აზროვნება ღრმა და ანალიტიკური გაუხდა!

 

ბაიას გონებაში იბადებიან გრანდიოზული გეგმები. იგი ჩამოაყალიბებს მომავლის ადამიანის ზნეობრივ სახეს და ქვეყნის გადარჩენის პერსპექტივას დასახავს. მთავარია, ხალხს შეეძლოს თავისი ღირსებისა და ნაკლის ცხადად დანახვა. წარსულის გადაფასება და სწორი დასკვნების გამოტანა. თუ ისინი ამას მოახერხებენ, მაშინ ნათელი მომავლის გეგმას დაისახავენ და ღირსეულად გაემართებიან ამ სინათლის შესახვედრად - ფიქრობს იგი.

 

ბაიას მგრძნობიარე სულს ერთი სანუკვარი ოცნებაც გააჩნია - ადამიანის არსებობის უმაღლეს მიზანთან შეხვედრა. იგი ჭეშმარიტ სიყვარულზე ოცნებობს, სუფთა, ამაღლებულ სიყვარულზე,რომელიც ადამიანებს აკეთილშობილებს. ბაიამ იცის, რომ სიყვარულის უდიდესი ნიჭი გააჩნია და მთელი არსით მიილტვის ამ გრძნობისკენ!

 

და აი სიყვარულის კონტურებიც იკვეთება - ბაია ხვდება დაჩის. ქალი მასში სულის თანამოზიარეს შეიცნობს და მიენდობა. ცოტა ხანში ბაიას საზღვარგარეთ წასვლის პერსპექტივა გაუჩნდება. ეს, თითქოს, ერთგვარი გამოცდაა ცხოვრების სხვა საფეხურზე გადასასვლელად. მას ვერაფრით წარმოედგინა, როგორ ტოვებდნენ ადამიანები ახლობლებს, სამშობლოს და უცხო ქვეყანაში გადაიხვეწებოდნენ. თუმცა, ახლა მკაცრი რეალობა აიძულებს სულის სიმტკიცე გამოიჩინოს და მისთვის მიუღებელი ნაბიჯი გადადგას. ცხადია, ეს მისთვის ორმაგად ძნელია. მაგრამ გარდაუვალი!

 

ბაია ამერიკაში გაემგზავრება. რომანის მიხედვით, მისი თავგანწირვა გმირობის ტოლფასია. სამშობლოს, საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილი იგი მიუსაფარი და საბრალოა. თითქოს გამოუსადეგარი და ზედმეტი. ბაიამ იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების სურვილი მხოლოდ ილუზიაა და თავის მოტყუება. იგი შვებას საქმის ერთგულებაში ეძებს. მისი გულმოდგინება შეუმჩნეველი არ რჩება. მალე პატივისცემას და სიყვარულს მოიპოვებს, მაგრამ... წინ ახალი განსაცდელი ელოდება - მან უნდა გაიგოს სიმართლე ყველაზე ძვირფასი ადამიანების შესახებ.

აქ უნდა გამოჩნდეს, მიაღწია თუ არა მისმა სულმა იდეალურ ჰარმონიას - თუ პატიებას შესძლებს, მაშინ იგი უმაღლეს ბედნიერებას ეზიარება!

 

ახლა ისევ დაჩის დავუბრუნდეთ: იგი სიმპათიური, ჭკვიანი, საკუთარ თავზე შეყვარებული წარმატებული მამაკაცია. საკმაოდ განებივრებული ქალების ყურადღებით და მეგობრების პატივისცემით. მისთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, თუმცა, ფინანსური პრობლემები გარკვეულ სირთულეებს უქმნის ცხოვრებაში, ერთხელაც მეგობარი სარფიან გარიგებას შესთავაზებს, რომელსაც საბოლოოდ მისი ფინანსური პრობლემების გადაჭრაც შეუძლია. საქმე ეხება ერთი ბიზნესმენის უკანონო ქონების განკარგვას. დაჩი ჯერ იუარებს ამ უსიამოვნო გარიგებას, მაგრამ, როცა გაიაზრებს რამდენი სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი ბევრი ფულით, მისთვის ახლობელი ხდება გამოთქმა: მიზანი ამართლებს საშუალებას!

 

დაჩი მოაზროვნე პიროვნებაა, სამართლიანი, ამასთან, პატრიოტიც. თუმცა, უკუღმართმა დროებამ მას რწმენა შეურყია - მან ირწმუნა ფულის ყოვლისშემძლეობა. ამიტომ, იგი მთელი მონდომებით შეუდგება ბაიას მოხიბლვას, რათა დიდი ფულისკენ გაიკვლიოს გზა. მალე გაირკვევა, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. იდენტურია მათი მორალური თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებანი - ორივეს უპირველესი საზრუნავი კი საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბალია. თურმე ისინი ერთი გზით მიდიან, მხოლოდ ბრძოლის წესებია სხვადასხვა. 

 

ბაიას სულიერი სილამაზე მალე იქცევა მამაკაცის მოუთოკავი გრძნობების გაღვივების ნაპერწკლად. მაგრამ დაჩი იძულებულია თავს მოერიოს და პირველარჩეულ გზას გაჰყვეს. ეს უბრალო მოკვდავის სავალი გზაა - სამართლის ძიება აკრძალული მეთოდებით. დაჩი ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის! ახლა ის მდიდარია ეკონომიურად, მაგრამ ღარიბი სულიერად. მას დარღვეული აქვს წონასწორობის გრძნობა, შეშფოთებულია, დაღლილი და მოუსვენარი. იგი თავის თავში მტანჯველ ტვირთს ატარებს და გრძნობს, რომ ეს ტვირთი მას ბოლოს მოუღებს.

 

მალე დაჩის შვილი ავარიაში მოხვდება. ბიჭი თითქმის განწირულია სასიკვდილოდ, რამაც მას ეკლესიისკენ უბიძგა. იქ იგი უდიდესი სასწაულის ღირსი გახდება - მას გამოეცხადება წმინდანი და ღვთაებრივ თვალს აუხელს! 

 

დაჩი უკვე ფლობს უმაღლეს ცოდნას. იგი გადაწყვეტს ეკლესია ააშენოს, რათა ადამიანებსაც აუხილოს თვალი - შეიცნონ მარადიული ჭეშმარიტება. 

 

თითქოს მონანიებითა და მარადისობასთან ზიარებით უნდა დასრულებულიყო კიდევ ეს რომანი, მაგრამ ასე არ ხდება. ნაწარმოები მიჯნურთა შერიგებით სრულდება. ამით ავტორი ხაზს უსვამს, რომ ჭეშმარიტი სიყვარულია ღმერთი, მის შესაცნობად კი საჭიროა სრული ფერიცვალება!

 

რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ ია საკანდელიძის რომანი „ხურდაში მოქცეულთა სიყვარული“ თანამედროვე ქართული პროზის თვალსაჩინო ნიმუშია. ავტორი ყურადღებას იპყრობს არა მარტო თემატური სიახლით, არამედ, წერის ორიგინალური მანერითაც - თხრობის სტილი დახვეწილი და მარტივად აღსაქმელია, არ არის გადატვირთული სლენგებით, რითაც მშობლიური ენისამდმი პატივისცემაც იგრძნობა.

 

წარმატებებს ვუსურვებ ავტორს შემოქმედებით საქმიანობაში.

 

 

თამარ სვანიძე, ლიტერატორი