ანზორ თოდრია - ქართველი ვან გოგი!

ანზორ თოდრია - ქართველი ვან გოგი!

იშვიათად მინახავს კაცი, ვისი შინაგანი სამყაროც (ხასიათი) აბსოლუტურად იდენტური იყოს მისივე შემოქმედების!

 

გუშინ ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე.

 

 

განა არ ვიცნობდი, ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს - როგორც იტყვიან, ერთი ჭერიც გვახურავს, ერთ სახლში, გვერდი-გვერდ სადარბაზოში ვცხოვრობთ.

 

იგი ჩვენი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა - თხემით ტერფამდე სუფთა, მოკრძალებული და ღიმილიანი კაცია, რომელიც შინაგანად ყოველთვის მზადაა ყველას ტკივილი და საწუხარი გულთან მიიტანოს - ხშირად თუ ქალაქის მერიასთან ვერაფერს გააწყობს, ცდილობს პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზა მოძებნოს...

 

ყოველთვის ეზოში, ან საკმაოდ მოზრდილ, სახელდახელოდ გაკეთებულ ავტოფარეხში ფუსფუსებს - რა არ გამოდის მისი მადლიანი ხელიდან!

 

ვიცოდი, რომ ხატავდა, ვიცოდი, რომ აღიარებული გრაფიკოსი იყო, მაგრამ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ორიგინალური ფერწერითაც თუ მოაჯადოებდა მისი ნამუშევრების დასათვალიერებლად მისულ პუბლიკას.

 

ანზორ თოდრიაზე მოგახსენებთ...

 

გუშინ საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში (კალისტრატე ქუთათელაძის #6) ახალი ანზორ თოდრია აღმოვაჩინე: თვითნაბადი ფერმწერი, სრულიად ახალი ხელწერის დიდოსტატი. სულაც არ არის ეს გაზვიადებული შეფასება - თავად კოლეგები (პროფესიონალი მხატვრები) ვერ მალავდნენ გაოცებას - მიხარიია, რომ მათ შეფასებებში გულწრფელი აღფრთოვანება იკითხებოდა.

 

საოცარია, თავად კოლეგებმაც არ იცოდნენ თურმე, რომ ბატონი ანზორი ასეთი მაღალი გემოვნების ფერმწერიც ყოფილა - იგი წლების მანძილზე ჩუმად, თავისთვის ქმნიდა თურმე ხელთუქმნელ შედევრებს. დღემდე არც პომპეზურ გამოფენებზე უფიქრია და არც ვინმეს კარი აუტალახებია: მომხედეთ და მაღიარეთო! აღიარებას კი ნამდვილად იმსახურებს...

 

დარწმუნებული ვარ, ვინმემ რომ მოინდომოს და მისი ფერწერული ტილოები უცხოეთში გაიტანოს (გამოფენა-გაყიდვა მოაწყოს), არც აღიარება დააკლდება და მისი უნიკალური ტილოების შესაძენად სოლიდურ თანხებსაც არ დაიშურებენ!

 

რაც შეეხება მის ფერწერულ შემოქმედებას, არ ვარ სპეციალისტი პროფესიონალურად შევაფასო ანზორ თოდრიას ფერწერული ტილოები. თუმცა, პროფესიონალური აღქმა არც სჭირდება, თვითნაბადი მხატვრის სიდიადე რომ შეიგრძნო. გულწრფელად ვიტყვი: გუშინ ისე დავიმუხტე, ასე მგონია, მის მიერ რუდუნებით შექმნილ სამყაროში დიდხანს ვიმოგზაურებ!

 

როგორც ვთქვი, კი არის ბატონი ანზორი მოკრძალებული პიროვნება, რომელიც წლების მანძილზე უჩუმრად ქმნიდა იშვიათ ფერწერულ ტილოებს და არც ფულზე და არც დიდებაზე უოცნებია, მაგრამ, დროა მისი შემოქმედება საქართველომ გაიცნოს და აღიაროს, რისთვისაც საჭიროა უნიკალური ნამუშევრების გამოფენა უფრო სოლიდურ სამხატვრო გალერეებში მოეწყოს. ამასთან, უნდა ვიფიქროთ ფერწერული ტილოების ალბომის გამოცემაზეც.

 

ჩვენი მამულიშვილური ვალია ყველა გვერდში დავუდგეთ ამ ღვთისნიერ და არაბუნებრივად მოკრძალებულ ხელმარჯვე ოსტატს, რომ მისმა შემოქმედებამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს ფერწერულ სამყაროში.

 

ნახეთ ეს ხელთუქმნელი ფერწერული ტილოები და ბოლომდე დატკბით.

 

P.S.საქართველოს მხატვართა კავშირისა და დანტერესებული ჯგუფის ინიციატივით მაისის ბოლო დღეებში ანზორ თოდრიას ფერწერული ტილოები გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში(გუდიაშვილის 3)ზუსტ თარიღს გაცნობებთ დამატებით.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: