Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
1-08-2019, 17:07
ნანახია: 594

ზაურ ნაჭყებია: რას ველოდებით, ხალხო?!

 

ამ ორიოდე დღის წინ, ერთმა, ჩემთვის ღრმადპატივცსაცემმა პროფესორმა, მისთვის ჩვეული სიდარბაისლით გაჯერებული ემოციით შემომჩივლა:

 

_ „დოლარი სამ ლარს უახლოვდება. მოსალოდნელია სოციალური ამბოხი, ძალიან მეშინია ამ ვითარების. თქვენ რამე პროგნოზი გაქვთ?!

 

ჩემი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო:

 

_ „ამ შემთხვევაში  პროგნოზირება ძნელია, თუმცა, ყველაფერი იქითკენ მიდის - ეტყობა, ხალხის მოთმინების ზღვარს ცდიან... თან მოახლოებული არჩევნების წინ.

 

ისე, უნდა გითხრათ, რომ მე სოციალურ ფონზე აჯანყების უკვე არ მჯერა - ხალხი დაჩმორებულია!“

 

განსაკუთრებით, ეს ბოლო წინადადება ჩემთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით - ხალხი უკვე ყველაფერს „ჭამს“, ყველაფერს ითმენს, რითაც დღევანდელი რეალობის შემოქმედნი შესანიშნავად სარგებლობენ.

 

ჩემი მეგობარი პროფესორი ძალიან მძიმე პერსპექტივას მიხატავდა - მიმტკიცებდა, რომ „ეს ყველაფერი დამთავრდება დიდი უბედურებით... შიმშილი მოადგება არაერთ ოჯახს, ზამთარი იქნება კოშმარული, არ ვიცი, უღონობა მკლავს!“

 

უზუსტესი დიაგნოზია, მაგრამ მე ყველაფერზე მეტად მისმა ბოლო სიტყვებმა შემაფიქრიანა: „არ ვიცი, უღონობა მკლავს“.

 

ეჭვიც არ მეპარება, რომ ბატონ პროფესორს, რომელსაც ხელისგულზე უდევს საქართველოს ისტორია, კარგად აქვს გააზრებული, საით მიექანება ქვეყანა. ისიც, რომ გათითოკაცებული პატრიოტები ვერაფერს შევცვლით, თუ ჩვენს სულში „კოსმიური აფეთქება“ არ მოხდა და პასუხისმგებლობის გრძნობამ არ გაიღვიძა.

 

ის, რომ ლარმა ახალი სიურპრიზი მოგვიწყო, ჩვენთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო - ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის „მყისიერი აფეთქება“ ამ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს დაბრალებოდა!

 

ხელოვნურად აგორებულ მიზეზებს რა გამოლევს, არც თითის გასაშვერი პერსონები თუ პერსონალიები დაგველევა.

 

დიახ, არავისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რომ 20-21 ივნისის მოვლენებს და გიორგი გაბუნიას აღვირახსნილობას რუსეთისგან ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა.

 

ერთი სიტყვით, ყველაფერი უზუსტესად იყო გათვლილი და რეალობაც ისეთი მივიღეთ, როგორც ამ რეალობის შემოქმედთ წარმოედგინათ.

 

როგორც წესი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე სხვადასხვა (გარე და შიდა) ფაქტორები მოქმედებენ, მაგრამ, ამ ბოლო დღეებში ლარის აფეთქება რომ ხელოვნურადაა გამოწვეული, ამის თქმას დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება!

 

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რაც ყველაზე მეტად დამაფიქრებელია.

 

ვფიქრობ, დღვანდელი ხელისუფლება (მათი პარტნიორების პატრონაჟით) ბოლომდე ცდის ხალხის მოთმინებას და ცდილობს უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანოს ადგილობრივი მოსახლეობა (ზოგს შიმშილით ამოხდება სული, ზოგი კი გაქცევით უშველის თავს, რაც ყველაზე მეტად შედის საქართველოს მტრების ინტერესებში), ან პირდაპირ გვეუბნება, რომ არჩევნების ბედი წინასწარ გადაწყვეტილია და ხალხის რეაქციის მას არ ეშინია!

 

თუმცა, თუ საზოგადოების ბოლო ორი დღის განწყობით (რეაქციით) ვიმსჯელებთ, ყველაფერი ორივე ფაქტორის გათვალისწინებით ხდება და ხალხს მხოლოდ ნახირის ფუნქციას უტოვებენ!

 

დიახ, ხელისუფლებას არ ეშინია სოციალური აფეთქების, რადგან, კარგად იცის, რომ შეიძლება დიდი, დიდი თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიღვიძოს თანამედროვე საქართველოში და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იფიქრონ, თორემ, პატრიოტული მუხტი და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა იმდენად დაკნინებულია, სოციალური ბუნტის ალბათობა ძალიან მცირეა.

 

ეტყობა, ხელისუფლებამ ნაგავში მოისროლა ლოზუნგიც: „აღარ იყოს ოღონდ ბუნტი“.

 

მე მაშინაც ვუთხარი ღრმადპატივცემულ პროფესორს და დღესაც გავიმეორებ: ჯერ-ჯერობით ერში ბრძოლის და რაღაცის სასიკეთოდ შეცვლის ნიშანწყალი არ ჩანს და მარტო „ღმერთო გვიშველეს“ იმედზე ყოფნა ხეირს არ მოგვიტანს!

 

რაც შეეხება ლარის „აფეთქებას“, მტკიცება არ სჭირდება, რომ ეს ხელოვნური ფაქტორებითაა გამოწვეული, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კიდევ უფრო გაღატაკებას უწყობს ხელს.

 

ისმება კითხვა: შეეძლო თუ არა სებ-ს (ეროვნულ ბანკს) ან საქართველოს მთავრობას შეეკავებინა ეროვნული ვალუტის მაქსიმალური გაუფასურება?

 

რა თქმა უნდა შეეძლო, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნებოდა. მითუმეტეს, მაშინ ხელოვნურ რყევებთან გვაქვს საქმე, რომლის მიღმა წინასწარგანზრახული ავანტიურა იმალება!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა არა გარე ფაქტორებს, არამედ, შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს უკავშირდება.

 

თუმცა, ხალხს ხომ ყველაფერს აჩვევენ, ხალხი ხომ ყველაფერს ყლაპავს?!

 

 

უნდა შეიქმნას „უფულო პატრიოტთა“ ერთობა!

 

დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის სტატუსი-მოწოდება დავდე: „უფულოებო, მაგრამ ქვეყანაზე შეყვარებულებო: გავერთიანდეთ იდეის გარშემო და 2020-ში ვაჩვენოთ პოლიტიკურ მძორებს „საქმენი საგმირონი“!

 

მეგონა, ამ ლოზუნგს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, რადგან, იგივე სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრია ჩვენს შორის, ვისაც გააზრებული აქვს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების აუცილებლობა. ყოველ შემთხვევაში, მეგონა დისკუსიის საგანი მაინც გახდებოდა.

 

თქვენც არ მომიკვდეთ - სულ 130-მა ადამიანმა დაუსვა ე.წ. „ლაიქი“, 18-მა დააკომენტარა, მათ შორის, მხოლოდ 2-მა მამაკაცმა.

 

თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ, ბევრს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული ყველაფერზე - არ სჯერათ, რომ რამეს შეცვლა შესაძლებელია. დანარჩენს ვერ წარმოუდგენია, რომ უფულოდ არათუ „საგმირო საქმეების“ კეთება, გორში ჩასვლაც არ თუ შეიძლება!

 

როგორც ვთქვი, ფეისბუქმეგობრების უმეტესობას საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩემს „ურა“ მოწოდებაზე. ისინიც, ალბათ, ზოგიერთი კომენტატორივით ფიქრობენ, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“, „უფულოდ არაფრის გაკეთება არ შეიძლება“, „ქართველების გაერთიანება უტოპიაა“ და ა.შ.

 

მე, პირადად, ყველაზე მეტად ამ ბოლო პოსტულატის მეშინია. ძალიან გვიჭირს (ნების ნიშანწყალიც არ არის ჯერ-ჯერობით) გაერთიანება საერთო იდეის, ანუ ქვეყნის ინტერესების გარშემო, თორემ რაღაცის შეცვლა რომ შეიძლება, ეჭვი არ მეპარება.

 

არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ უფულოდ იმაზე მეტს გავაკეთებთ საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად, ვიდრე, სათანადო „ინსტრუქციებით“ დახუნძლული უცხოური ფულით გაკეთებულა ამ ბოლო 30 წლის მანძილზე.

 

არადა, თუ რეალურად შევაფასებთ, ათჯერ და ასჯერ უფრო მეტი გაფუჭდა, ვიდრე, გაკეთდა!

 

ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: დღევანდელი საარჩევნო გარემოს (საარჩევნო კოდექსი, ყბადაღებული საარჩევნო სიები, ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და გაყალბების დახვეწილი ტექნოლოგიები) პირობებში არჩევნები ფაქტიურად აზრს კარგავს. მითუმეტეს, აზრს კარგავს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობებში.

 

საქმე იმაშია, რომ არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი (პოზიცია-ოპოზიცია) უკეთეს პერსპექტივას არ უქადის ქვეყანას. პირიქით, 2020 წლის არჩევნებით შესაძლოა უფრო უარესი რეალობა მივიღოთ - 0 პროცენტიანი ბარიერი საშუალებას აძლევს  ჭრელა-ჭრულა პოლიტიკურ სუბიექტებს შევიდნენ პარლამენტში. ახალი საპარლამენტო „აჯაფსანდალის“ ქმედითობა კი 0-ის ტოლფასი იქნება, რომ არაფერი ვთქვათ აიწონა-დაიწონაზე.

 

ცალკე საუბრის თემაა, რა ვაჭრობის საგანი გახდება ნებისმიერი საკითხის გატანა პარლამენტში.

 

რაც შეეხება მოსალოდნელი შედეგებით ხელოვნურად შეკოწიწებულ საპარლამენტო კოალიციას და ასევე ხელოვნურ კოალიციურ მთავრობას, მარჯვენას ნამდვილად არ ეცოდინება, რას აკეთებს მარცხენა!

 

მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ახალი პოლიტიკური წარმონაქმნები ძველი სახეებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანებში საკმაოდ ანგაჟირებული  ბანკირი მილიონერი აპირებს პოლიტიკურ ველში შემოჭრას, მიუხედავად იმისა, რომ ახალ-ახალმა ფსევდო-ჯგუფებმა შეიძლება მოინდომონ 2020 წლის ოქტომბრამდე გაფაფხურება, ეს არსებითად არაფერს შეცვლის!

 

საქმე იმაშია, რომ არც ერთ არსებულ პოლიტიკურ სუბიექტს (ძველს თუ ახალს), არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური პროგრამა და რაც ყველაზე სავალალოა, არ გააჩნია ამის პოლიტიკური ნება!

 

მეტიც, მათი პოლიტიკური ვექტორი ამერიკის ან რუსეთის ინტერესების გათვალისწინებისკენაა მიმართული, რომლის დროსაც განზე რჩება საქართველოს სისხლხორცეული ინტერესები.

 

ჩვენ უნდა ავირიდოთ თავიდან ლოზუნგებით მანიპულირება: „ამას ამერიკა არ დაუშვებს“, „ამას რუსეთი არ დაუშვებს“ და მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, უფალი რას დაუშვებს ამერიკის ან რუსეთის ხელით! უფრო სწორად, უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესატყვისი იქნება, უკვალოდ არ ჩაივლის.

 

საკმაოდ რეალისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ნებისმიერ ახალ წამოწყებას გარკვეული ფინანსური რესურსები სჭირდება, მაგრამ, როცა „უფულოების“ ერთობაზე ვაკეთებ მოწოდებას, უპირველესად, მხედველობაში მაქვს იდეის ერთგულება.

 

რაც შეეხება ფულს (თუნდაც, მინიმალურს), რომელიც აუცილებელია ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირებისთვის, თვით ხალხის ჯიბიდან უნდა ამოვიდეს - ვისაც რა შეუძლია, უნდა გაიღოს! თუმცა, იმაშიც უნდა დარწმუნდეს, რომ ეს გროშები საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას მოხმარდება!

 

ჩვენ იმპულსური ხასიათის ერი ვართ. თუ ასი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ჭეშმარიტი იდეის გარშემო გაერთიანდება, დარწმუნდებული ვარ, 100 - 1000-ად და 100000-ად იქცევა, მთავარია, პირველი „ხნული გაივლოს“!

 

სხვანაირად, ნუ გვექნება იმედი, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები რამეს სასიკეთოდ შეცვლის ქვეყანაში.

 

დავუშვათ, მოხდეს სასწაული და „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ ერთ დროს გაქრნენ პოლიტიკური ავანსცენიდან. ეს არსებითად არაფერს შეცვლის - დანარჩენი  პოლიტიკური სპექტრიც ტყუპისცალივით ჰგვანან დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებას: ისინი ერთი „მერქნისგან“ არიან გამოთლილები და ერთნაირი შხამით ნაპკურები.

 

ჩვენ სხვა ძალა უნდა ვშვათ - „უფულო“ ერთობა უნდა შევქმნათ, რომელთაც სხვა კრიტერიუმი გაერთიანებთ, ვიდრე დიდი ფულის გარშემო გაერთიანებაა.

 

P.S. ერთმა სახარებაში და წმინდა წერილებში ღრმად ჩახედულმა ნაცნობმა მითხრა, რომ 2021-ში ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკური ავანსცენიდან და არც „ნაციონალები“ იქნებიან მთავარ ოპოზიციაში. ამის დასადასტურებლად ბიბლიიდან  შესაბამისი ციტატებიც მომიყვანა. არ ვიცი, ვირწმუნო თუ არ ვირწმუნო, თუმცა, მაინც ურწმუნობას რწმენა სჯობს.

 

ისე, საინტერესოა, როგორ მოხდება ეს და როგორი იქნება პოსტივანიშვილისეული და პოსტნაციონალური საქართველო!