Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
30-10-2019, 11:01
ნანახია: 439

ჩამოსაშლელი უნდა ჩამოიშალოს, ეკლესიას კი ამით არაფერი დაუშავდება!

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელსაც მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. წინასწარ ძნელი სათქმელია, რაზე იმსჯელებს და რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს წმინდა სინოდი, მაგრამ, სხდომა გადაწყვეტილების გარეშე რომ არ ჩაივლის, ფაქტია.

 

ბევრი ვარაუდობს, რომ საპატრიარქოში შექმნილი უმწვავესი პრობლემების გამო, ხვალ პატრიარქი გადადგომაზე გააკეთებს განცხადებას. თუმცა, არავინ საუბრობს იმაზე, რას შეცვლის ეს ამ კრიტიკულ მომენტში ,რომელი ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს და რაც მთავარია, რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკლესიის რეფორმას!

 

ორიოდე დღის წინ, როცა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება გააკეთა, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „იწინასწარმეტყველა“, რომ ამ ნაბიჯს ავტომატურად მოჰყვებოდა პატრიარქის გადადგომაც, რადგან მეუფე იაკობი მისი „უკანასკნელი მოჰიკანი და საყრდენი“ იყო.

 

TV I (ტვ. I) უფრო შორს წავიდა და დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ პატრიარქი იმ დღესვე მართლაც აპირებდა გადადგომას, მაგრამ გარემოცვამ უფლება არ მისცა - თბილისს გაარიდეს და ამით ხელი ააღებინეს განზრახვაზე...

 

ეკლესიაში ძირეული რეფორმები რომ ჩასატარებელია, ეს საკამათოდ არ უნდა გვეჩვენებოდეს, მაგრამ, გვავიწყდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში არავინაა ისეთი, დავით აღმაშენებლის ფუნქცია იტვირთოს! თუ გავითვალისწინმებთ დღევანდელი სინოდის შემადგენლობას და მის წიაღში არსებულ დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, შიდა რეფორმების ჩატარებაც სათუო ჩანს!

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ეკლესიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნიჰილისტური დამოკიდებულება დღითიდღე მატულობს. უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველოს ეკლესია ჩამოშლის პირასაა. არადა, საეკლესიო იერარქიაში არსებული პრობლემები ნამდვილად არ ნიშნავს ეკლესიის ჩამოშლას. გავიხსენოთ რას ამბობს უფალი: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას“.

 

ალბათ მცირედმორწმუნეობის ბრალია, რომ ჩვენ საპატრიარქოში და ეკლესიის წიაღში დღეს არსებულ ვითარებას ვაიგივებთ ზოგადად ეკლესიასთან-ქრისტეს სხეულთან. არადა, ცალკე აღებული უღირსი მღვდელი თუ მღვდელმთავარი არ არის ეკლესია - ეკლესია ქრისტეს სახლია, სადაც ჩვენ არა ქრისტეს მოციქულად შერაცხულ მღვდელს, ან მღვდელმთავარს უნდა ვეძებდეთ, არამედ, თავად ქრისტეს!

 

ხოლო ის, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში ხდება, ჩვენივე რწმენის გამოცდაა!

 

ამდენად, საქართველოს საპატრიარქოში არსებული მწვავე დაპირისპირებისა და სხვა ანომალიების გამო ეკლესიას ზურგი კი არ უნდა ვაქციოთ, აპათიაში კი არ უნდა ჩავვარდეთ, არამედ, პირიქით, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ უფალმა სულიერი თვალი აგვიხილოს და რწმენაშიც გავძლიერდეთ!

 

ზემოთ ვთქვი, დღევანდელ ხელისუფლებაში თანამედროვე დავით აღმაშენებელი არ მეგულება-მეთქი! კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული დღემდე, გარდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა (გამსახურდია ერთად-ერთი ხელისუფალი იყო, რომელიც ეკლესიის რეფორმის აუცილებლობაზე ღიად საუბრობდა, მაგრამ არ დასცალდა), ყველა ცდილობდა და დღესაც ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტაცია, ათასგვარი მანიპულაციებით ხელი შეუწყოს მაღალი იერარქიების ავტორიტეტების დაკნინებას და ამით ჩამოიშოროს ერთადერთი და შეუვალი ავტორიტეტი, რასაც საქართველოს ეკლესია ჰქვია!

 

აბა გავიხსენოთ, რა ავტორიტეტით (რეიტინგით) სარგებლობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ხელისუფალთა ავტორიტეტი თითქმის ნულამდე იყო დასული?!

 

მტკიცება ძნელია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე იაკობმა არაადექვატური ლექსიკით გააჟღერა საქართველოს მთავრობის ჩანაფიქრი კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, შეიძლება საფუძველს მოკლებულიც არ იყოს, რომ ასეც იქნებოდა!!!

 

ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი მოვლენები დაეჭვების საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

 

ამდენად, ძნელია იმის განჭვრეტა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ წმინდა სინოდი, მაგრამ, თუ საზოგადოების ვარაუდი გამართლდა, ვფიქრობ, არც პატრიარქის გადადგომა შეარბილებს საქართველოს საპატრიარქოში არსებულ განხეთქილებას.

 

დიახ, საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია...

 

P.S. ერთი რამ ფაქტია: დღეს საქართველოს ეკლესიას ისეთი მღვდელმთავრები და წმინდა სინოდი ჰყავს, როგორსაც ერი იმსახურებს.

 

რაც შეეხება საზოგადოების ვნებათაღელვას, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ეკლესია ჩამოიშალოს,მე პირიქით მგონია- ეკლესიას არაფერი ემუქრება, ხოლო, რაც ჩამოსაშლელია, აუცილებლად უნდა ჩამოიშალოს!!!

 

P.S.S. უფრო ღრმად ხვალ სინოდის სხდომის დამთავრების შემდეგ ვისაუბრებ.