ზაურ ნაჭყებია: ფუი, ეშმაკს! ანუ, ვინ დაიცავს პატრიარქს?!

ზაურ ნაჭყებია: ფუი, ეშმაკს! ანუ, ვინ დაიცავს პატრიარქს?!

გუშინდელი დღე (წმინდა სინოდის სხდომას და აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს ამაზრზენ განცხადებას ვგულისხმობ) შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ქართველი მართლმადიდებელი (და არა მარტო) მრევლისთვის. განსაკუთრებით მძიმე იყო აწ უკვე ყოფილი ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის, მეუფე პეტრეს განცხადება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცალი ფეხი აქვს ეკლესიაში შეყოფილი და იქ არა ქრისტეს, არამედ, სპეტაკ, ღვთივგანბრძობილ სასულიერო პირს (პირებს) ეძებს.

 

თუმცა, პირადად ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა აწ უკვე ყოფილი მეუფის მკრეხელური განცხადება (სიმართლე მხოლოდ უფალმა იცის და სასჯელის ზომაც მას მივანდოთ!). არ ყოფილა იმდენად, რამდენადაც ამ ამაზრზენ განცხადებას წინ უძღოდა გარკვეული წინაპირობები, რომელიც ყველა შემთხვევაში მისი მხრიდან სიბინძურის „მხილებით“ უნდა დაგვირგვინებულიყო - მას ყველა თავხედობა ეპატია და ამით გათამამებულმა ვა-ბანკზე წასვლა, არა მარტო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის, არამედ, მთელი სასულიერო დასის რეპუტაციის ლაფში ამოსვრა და მცირედმორწმუნე მრევლის (მორწმუნეებს ეს ბინძური განცხადებაც არ დააბრკოლებს) დაბრკოლება მოინდომა! მეტიც, ამით ყოფილი მღვდელმთავარი განხეთქილების ვაშლის შეტანას (გახლეჩას) შეეცადა საქართველოს ეკლესიაში.

 

ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ განვითარდება მოვლენები და ბოლომდე რამდენად პრინციპული იქნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, მაგრამ „მავრმა“ (ამ შემთხვევაში, ეშმაკმა) თავისი საქმე რომ გააკეთა, ცხადია.

 

დიახ, ეს იყო გავეშებული ეშმაკის კუდის მოქნევა, რომელმაც მიზანს ასე თუ ისე მიაღწია. თუმცა, ჩვენზე, მართლმადიდებელ მრევლზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად აღვიქვამთ ეშმაკის ჩანაფიქრს, უფრო გავძლიერდებით რწმენაში, თუ ეს ბინძური კამპანია დაგვაბრკოლებს!

 

ნებისმიერი სასულიერო იერარქი მიწაზე მოსიარულე ადამიანია და ამდენად, ცოდვისგან არ არის დაზღვეული, მაგრამ ის, რაც აწ უკვე ყოფილმა მეუფემ „ბრალდების“ სახით გააჟღერა, ზნეობის ყოველგვარ ნორმას სცილდება. ჯერ ერთი, ცრუ „მოწმეებს“ რა გამოლევს სოდომ-გომორის ცოდვითა და ულტრალიბერალიზმით გაჯერებულ ეპოქაში. მეორეც, თუ მას „მამხილებელი“ ფაქტები ჰქონდა, რატომ იკავებდა თავს აქამდე?!

 

ფაქტი ერთია: ყოფილი მეუფეს განცხადება საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის საბოლოოდ დაკნინებას (არადა, პატრიარქიც არ არის საქართველოს ეკლესიის საპირწონე - ის მოცემულ მომენტში ქართველი ერისთვის გამორჩეული სულიერი მწყემსმთავარია) ისახავდა (ისახავს) მიზნად და მცირედმორწმუნე მრევლის დაბრკოლებისკენ იყო მიმართული. მადლობა ღმერთს, არ გამოუვიდა!

 

ამაზე სინოდის სხდომის შემდგომი კომენტარებიც მეტყველებს. მეტიც, ამ „ინციდენტმა“ კიდევ ერთხელ გააშიშვლა ეკლესიის მტრები და დააფიქრა მართლმორწმუნე მრევლი.

 

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც რამდენიმე კითხვა მაწუხებს:

 

პირველი: როგორ მივიდა აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრე მღვდელმთავრის ხარისხამდე, როცა მისი ახალგაზრდობისდროინდელი ბიოგრაფია საეჭვო რეპუტაციას იძლეოდა?! მითუმეტეს, სავლე პავლედ ყოველთვის არ გადაიქცევა.

 

აქამდე რატომ არ იმსჯელა წმინდა სინოდმა მღვდელმთავრის შეუფერებელ საქციელზე უფრო მკაცრად და დროულად არ აღკვეთა მისი თავხედობა?!

 

აწ უკვე ყოფილი მეუფის ბინძურმა განცხადებამ გუშინ კიდევ ერთხელ გაამართლა ცნობილი გამოთქმა: ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგაცოცდებაო!

 

მეორე: რას ნიშნავს ქართველმა მრევლმა უნდა დავიცვათ პატრიარქი? როგორ, რა ხერხებით ან ვისგან უნდა დავიცვათ იგი?!

 

საქართველოს პატრიარქი უფლის რჩეულია - უფალმა მოცემულ მომენტში დაგვიდგინა ერის სულიერ მწყემსმთავრად და მისი ყველაზე დიდი დამცველი სწორედ უფალია!

 

დიახ, თუ უფლის ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვივარდება, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს სულიერ მწყემსმთავარს - თავად უფლის რჩეულს?!

 

სხვა საკითხია, თუ ლოცვას გავაძლიერებთ და უფალს მის დღეგრძელობას, ხოლო, საქართველოს ეკლესიაში სიმშვიდის დავანებას შევთხოვთ!

 

სასაცილოა, როცა ზოგადად საქართველოს ეკლესიაში და კონკრეტულად გუშინ წმინდა სინოდის სხდომაზე განვთარებულ მოვლენებს ზოგი ამერიკას, ზოგიც კი რუსეთის სპეცსამსახურებს აბრალებს!

 

რომელი მხარეც არ უნდა მონაწილეობდეს საქართველოს ეკლესიაში დღეს არსებული აჟიოტაჟის ინსცენირებაში, ისინი მხოლოდ „ინსტრუმენტებია“ უფლის ხელში და საბოლოოდ ჩვენი - მართლმადიდებელი მრევლის სულიერ გამოცდას ემსახურება!

 

თუ ასე არ მივუდექით, მუდმივად ბნელ ოთახში იმ შავი კატის დამჭერის როლში აღმოვჩნდებით, რომელიც არ ჩანს!

 

ასე რომ, გავაძლიეროთ ლოცვა და საკუთარი სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ. ეკლესიას - ქრისტეს სხეულს ვერც გახრწნილი ლიბერალები და ვერც მეუფე პეტრესნაირი მღვდელმთავრები მოერევიან!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: