Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
28-11-2019, 11:45
ნანახია: 593

„თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო“!

გუშინ, ბიზნეს-ცენტრ „კინგ დავითში“, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საინტერესო შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან - დევიზით: „ქართველი ინტელიგენცია დუმილს არღვევს“!

 

სხვა საუბრის თემაა, რატომ დუმდა ქართველი ინტელიგენცია აქამდე და რატომ ითმენდა იობის სიმშვიდით იმ უმსგავსობებს - ხელისუფლებაში მოტყუებით მოსული ე.წ. პოლიტიკოსების პარპაშს, რომელმაც ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა ქვეყანა...

 

ამჯერად, ერთ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნიუანსზე შევჩერდები, რის გამოც ნამდვილად ღირდა ამ სახელდახელო შეხვედრაზე დასწრება.

 

მართალია, გამომსვლელებმა დღეისთვის აქტუალურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრეს, მაგრამ, ამ შეხვედრის გვირგვინი იყო ცნობილი დიპლომატის, ამჯერად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის გამოსვლა, რომელმაც ბევრ, ჩემთვის გაუცემელ კითხვებზეც გასცა ამომწურავი პასუხი.

 

მის კომპეტენტურობაში და დიპლომატიურ სიმწიფეში ეჭვი არც აქამდე მეპარებოდა, მაგრამ, ნიშანდობლივია, რომ ბატონი ზურაბი აუდიტორიის (სხვათაშორის, ინტელექტუალური და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის) წინაშე წარსდგა არა მარტო როგორც საღად მოაზროვნე დიპლომატი, არამედ, პოლიტიკური სტრატეგიც, რომელსაც სწორად ესმის საერთაშორისო გამოწვევები და ამ ფონზე ქვეყანაში მიმდინარე კრიტიკული პროცესებიც.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ მისი დიპლომატიური ლექსიკა შეზავებულია რეალობის კრიტიკულ აღქმასთან და პრინციპულობასთან - მას ხელეწიფება ობიექტურად წარმოადგინოს არა მარტო კრიზისის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, არამედ, დაგვანახოს გზებიც, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან თავის დაღწევა ისე, რომ ქვეყანა გადაარჩინო და ხარკიც გადაუხადო გლობალიზაციის მკაცრ გამოწვევებსაც!

 

ყოველთვის მოზომილი ვარ ასეთი რანგის ადამიანების შეფასებებში და არც ამჯერად ავყოლილვარ ემოციებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მისი სახით საქმე გვაქვს არა მარტო დახვეწილ დიპლომატთან, არამედ, შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსთან, რომელსაც გააზრებული აქვს, თუ როგორ შეიძლება აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტასთან მიახლოება.ამასთან,გააზრებული აქვს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიაც და ტაქტიკაც.

 

სამწუხაროდ, მისთვის განკუთვნილი დროის რეგლამენტის ფარგლებში მან ვერ მოახერხა ბოლომდე გაეხსნა „გორდიას კვანძი“, თუმცა, ლიმიტირებული დროც საკმარისი აღმოჩნდა წარმოდგენა შეგქმნოდა, თუ რა დონის ანალიტიკოსთან და სტრატეგთან გვაქვს საქმე ზურაბ ხონელიძის სახით!

 

ხელისუფლების კეთილი პოლიტიკური ნების (იგივე, ნორმალური ხელისუფლების) პირობებში ზურაბ ხონელიძე ნამდვილად იქნება საუკეთესო საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მისი ინტელექტუალური რესურსებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ხელისუფლების უფრო მაღალ ეშელონებშიც არ გაუჭირდებოდა საკუთარი ხელწერის დამკვიდრება (მითუმეტეს, დღევანდელი სახელისუფლებო ნიუროკრასტიის შემხედვარე).

 

სწორედ ამაზეა ნათქვამი: „თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო“!

 

P.S.სასურველი იქნებოდა, მისი მოხსენება უფრო დიდ დარბაზში, უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე მოგვესმინა და საქმიანი დისკუსიაც გაგვემართა.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი