Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
11-12-2019, 10:19
ნანახია: 211

ავთანდილ კახნიაშვილი: ასეთი მიდგომით უსამართლო უზენაეს სასამართლოს მივიღებთ!

პარლამენტს მორალური უფლებაც არა აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატურები განიხილოს. მოსამართლე, რომელიც იუს წევრთა ლეგიტიმურობის საკითხს იხილავს, თავად მონაწილეობს მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში... 

 

ხვალ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში გამწესებას აპირებს.

 

არადა, თვითონ იუს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა დღემდე სადავო. ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილმა 10 მიზეზი დაასახელა, რის გამოც პარლამენტმა წარმოდგენილი 20 კაციანი სიის განხილვაზე უარი უნდა თქვას. მე ამჯერად მეთერთმეტეზე მინდა გავამახილო ყურადღება... 

 

 ვინაიდან, იუს არამოსამრთლე წევრთა შესარჩევი კონკურსები პარლამენტმა აშკარა კანონდარღვევებით ჩაატარა, მათი გაუქმების მოთხოვნით 2017 წლის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები შევიტანე. მივიჩნევ, რომ კონკურსები პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოქვეყნებინა...).

 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები შინაარსობრივად და რედაქციულადაც არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან (კონკურსის პირობა კანონს ეწინააღმდეგება...), კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ „შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს“ (ამ „ორგანოების“ ხელძძღვანელებმა წარადგინეს...) და დოკუმენტურად არც ის დგინდება, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ–ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“. კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო, მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ) და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ–ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა პირველ ტურში - იურიდიული კომიტეტში მოსმენაში - მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია), ამასთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემების ნაცვლად (რაც რეგლამენტით ევალებოდა), ფაქტობრივად, საკუთარი შეხედულებით შედგენილი მათი „მოკლე ბიოგრაფიული ცნობები" გააცნო... 

 

 მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე... შედეგად, წინასწარ შერჩეული, ფაქტობრივად, 2–2 „პირადი წარმომადგენელი“ კონკურსის გარეშე გაამწესეს იუს–ში... შესაბამისად, გასაგებია, რატომ არ გამოიყენა სასამართლომ უზრუნველყოფის საშუალება და არ შეაჩერა კონკურსი სასამართლოში დავის დასრულებამდე, რატომ არ დაესწრნენ ქვედა ინსტანციებში სასამართლო სხდომებს სასამართლოს მიერ მესამე პირებად საქმეში ჩართული არამოსამართლე წევრები (არც წარმომადგენელები გააგზავნეს) და რატომ არ არის დავა დღემდე დასრულებული... 

 

 სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ იმ მოსამართლემ (ქადაგიძემ) არ დამიკმაყოფილა, რომელიც იუს–მა პარლამენტში წარსადგენად შერჩეულ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შორის დაასახელა... 

 

 ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პარტლამენტის კანცელარია თბილისშიც გამართულად მუშაობდა, სარჩელები, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა... თავიდან, სასამართლოს თავმჯდომარეს (გოგოხიას) დაეწერა. ბოლოს კი, მხოლოდ ამ წლის დასაწყისში განიხილა იუს მიერ სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლე მილდენბერგერმა, რომელიც გამოსამართლებამდე უცხო ენას ასწავლიდა და გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა... ცხადია, მოთხოვნები არ დამიკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო...

 

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი სწორედ იმ დღეს, 17 ივლისს, განიხილა (მოსამართლე მეშველიანი), როდესაც იუს–ში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო... დარწმუნებული ვარ, ამ სასამართლოს თავმჯდომარე, იუს აქტიური წევრი, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებზე სხდომების უცვლელი წამყვანი (გვრიტიშვილი), არა თუ მის „სამფლობელოში“ შესული ყველა საქმის შედეგის, არამედ პარლამენტის მიერ იუს წევრებად ან მოსამართლეებად ასარჩევი პირების თაობაზეც წინასწარ ფლობს ინფორმაციას... შესაბამისად, „მესამე პირებმა“ (ქადაგიძე, ხარებავა, გზირიშვილი) სხდომებზე დასწრება საჭიროდ არ მიიჩნიეს, ვინაიდან, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ინტერესებს მოსამართლეებიც ეფექტურად დაიცავდნენ... თუმცა, უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს მიმართ მაინც გამოეხატათ პატივისცემა და საქმის არსს მაინც გასცნობოდნენ, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნის და/ან აბუჩად აგდების) მასშტაბებს. 

 

 სარჩელებმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინეს, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის (ბესელიას) ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების თაობაზე, ხოლო, ყოფილმა ვიცესპიკერმა (ჩუგოშვილმა) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მესამე პირების არჩევისას დაშვებული შეცდომები!!! 

 

 ფაქტია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ამასთან, სახალხო დამცველმაც პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგენისას დეპუტატებს იმ სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნა, რაც მართლმსაჯულების გამნახორციელებელი უმაღლესი ინსტანციის არაგონივრული პროცედურით დაკომპლექტებას შეიძლება მოჰყვეს.

 

 ადგილობრივმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეიტანეს ეჭვი მესამე პირების იუს-ის წევრებად გამწესების კანონიერებაში და პარლამენტს მათი გამოწვევა მოსთხოვეს. ახლახან კი, უკვე იუს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იუს არამოსამართლე წევრები ფარული გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო!!! 

 

 როგორც ჩანს, მოსამართლე შენგელია, კარგად არის ინფორმირებული პარლამენტის კულუარებში შემდგარი გარიგების თაობაზე და იცის, რომ ქალბატონ ნაზის კანდიდატურა სწორედ ჩინჩალაძესთან შეთანხმებულა...

 

 შედეგად, მართალია ყოფილი პრეზიდენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის „წარმომადგენლების“ აქტიურობამ იუს სხდომები პარლამენტისას დაამსგავსა და მოსამართლე წევრებსაც შეუქმნა გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ შესაბამის ორგანულ კანონში ჩადებული არაგონივრული მექანიზმი საშუალებას აძლევს მოსამართლეთა კორპორაციას (ოჯახს, „კლანს“) მათი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების დახმარებითაც მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები...

 

 ფაქტია, რომ იუს წევრებმა ყველაზე დაბალი ქულები, ყველაზე კვალიფიციურ და პრინციპულ კანდიდატებს (მაგ., თამარ ლალიაშვილს და როინ მიგრიაულს) დაუწერეს, ხოლო უმაღლესი ქულებით რეპუტაციაშელახული მოსამართლეები შეაფასეს (იურიდიულ ფაკულტეტზე მისაღებ გამოცდებზეც ნიჭიერ, მაგრამ „უპატრონო“ აბიტურიენტებს 4 ქულას უწერდნენ, ხოლო, კომისიის წევრების მიერ მომზადებულები „ფრიადებით“ იმარჯვებდნენ კონკურსებში...). შედეგად, იუს მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის არც აღიარებული მეცნიერია და არც ადვოკატი... არადა, ე. წ. ვენეციის კომისიამაც გვირჩია, უზენაეს სასამართლოში „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ“. 

 

 საქმის მასალებითაც, სწორედ ის დასტურდება, რომ დეპუტატებს იუს არამოსამართლე წევრები საკუთრი ნებით არ შერჩევიათ, ხოლო, საბჭო გადაწყვეილებაუუნაროა... დარწმუნებული ვარ, ამ დონეზე საარჩევნო პროცედურის დარღვევა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, თუ მასობრივ საპროტესტო აქციებს არა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას და საპარლამენტო ოპოზიციას სამართლიან აღშფოთებას მაინც გამოიწვევდა... ხალხის მიერ არჩეულ კანონმდებლებსა და მოსამართლეებს არც თავისუფალი ჟურნალისტები („მეოთხე ხელისუფლება“) შეარჩენდნენ კულუარულ გარიგებებს და არც დამოუკიდებელი ადვოკატები...

 

 აგვისტოს ბოლოს საკასაციო საჩივარი შევიტანე. ამდენად, უკვე უზენაეს სასამართლოს ეძლევა შანსი, პარლამენტის გარდა, იუს–შიც „აღადგინოს სამართლიანობა“. თუ სასამართლო კანონით იხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, პარლამენტს იუს არამოსამართლე წევრების შესარჩევად ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, ხოლო, იუს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების A შერჩევის შედეგები გაუქმდება, რაც მომავალ პარლამენტს საშუალებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევის გაცილებით გონივრული პროცედურა შეიმუშაოს, ხოლო, საქართველო ევროინტეგრაციის შანსს შეინარჩუნებს. 

 

 თუმცა, საქმისწარმოება უმაღლეს ინსტანციაშიც მეტად „სპეციფიკურად“ განვითარდა... როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც საკასაციო საჩივარი განსახილველად მიიღო, მოსამართლემ (როინიშვილი) თავადაც გადაწყვიტა იუს მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში მონაწილეობა და არამოსამართლე წევრების „ჩამჭრელ“ კითხვებსაც უკვე უპასუხა... 

 

 თუ გათვალისწინებით, რომ სასამართლოსგან ვითხოვ პარლამენტის მიერ 2017 წელს ჩატარებული იუს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსების და შესაბამისი დადგენილებების ბათილად ცნობას, გამოდის, რომ მოსამართლე, რომელიც შესაბამის დავას იხილავს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაში იმდენად არის დარწმუნებული, რომ საკუთარი თავი წარუდგინა შესაფასებლად! არადა, პარლამენტის წინააღმდეგ დავა, სამართალწარმოების არაგონივრული ვადით გაჭიანურების გამო, ფაქტობრივად, უკვე უზენაეს სასამართლოსთან მიმართებითაც უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან პარლამენტის მიერ თანამდებობებზე კანონდარღვევით გამწესებულმა იუს არამოსამართლე წევრებმა, ფაქტობრივად, თვითნებურად, უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩიეს. ამასთან, ზოგიერთი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრია.

 

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოდის რომ პარლამენტის მიერ იუს არამოსამრთლე წევრების და იუს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების (ფაქტობრივად, სასამართლო რეფორმის და ქვეყნის ევროინტეგრაციიის...) ბედიც მოსამართლე როინიშვილის ხელში აღმოჩნდა, რის გამოც იუს წევრებს მისი მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენა მოუწევთ და პარლამენტიც მხარს დაუჭერს... 

 

 შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობით, საქმის შედეგით ყველაზე დაინტერსებული პირი თავად საქმის განმხილველი მოსამართლე აღმოჩნდა და, დარწმუნებული ვარ, საკასაციო საჩივარს დასაშვებადაც კი არ მიიჩნევს, ვინაიდან, მოთხოვნების დაკმაყოფილება თანამდებობას დააკარგვინებს... ისიც გასაგები ხდება, რომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თაობაზე... ცხადია, მისი აცილება მოვითხოვე... 

 

 შუამდგომლობაში ისიც შევახსენე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ ჩვენი „ურყევი ნება დავამკვიდოთ სამართლებრივი სახელმწიფო“, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში რეალურად დანაწილებული ხელისუფლებების შექმნას გულისხმობა. ამდენად, თუ ქართული სასამართლო არ ჩამოყალიბდა კანონმდებლისგან რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად, ვერც ადამიანის უფლებებს დავიცავთ ეფექტურად და არც ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად გვაღიარებენ. სწორედ სასამართლო უნდა აკონტროლებდეს პარლამენტს და კანონმდებლობაში „გაპარულ შეცდომებზე“ ან უკანონო ქმედებებზე მიუთითებდეს.

 

 მივიჩნევ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანიას საქმის განხილვისაც შენიშნა და გადაწყვეტილებაში ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო...

 

 2019 წლის 16 ივლისს კი სასამართლოში უკვე უშუალოდ იუს წინააღმდეგ შევიდა სარჩელი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის (კონკურსის) შეჩერებაა მოთხოვნილი... ლოგიკურია, სასამართლომ არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა...

 როგორც ჩანს, მესამე ინსტანციაში ამ საქმესაც იუს მოსამართლე წევრების მიერ მესამე პირების დახმარებით ახლახან შერჩეული კანდიდატები უკვე მოპასუხის მიერ უვადოდ გამწესებული მოსამართლეების რანგში დახვდებიან ... ცხადია, მათ შორის როინიშვილიც იქნება მოსამართლე ქადაგიძეც, რომელმაც ორი წლის წინ უარი თქვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით პარლამენტის მიერ გამოცხადებული არამოსამართლე წევრების ასარჩევი კონკურსის შეჩერებაზე...

 

 ამდენად, თუ „მესამე პირები“ დარჩებიან თანამდებობებზე და მათ მიერ მანკიერი პროცედურით შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტმა ისევე გაამწესა „უზენაესში“, როგორც თავად არამოსამართლე წევრები იუს-ში, არც ევროპულ კავშირში მიგვიღებს ვინმე და ტერიტორიული მთლიანობაც რომ აღვიდგინოთ, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, ისევ პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობაზე, თვითნებობაზე და ტყუილებზე დაფუძნებული რეჟიმი) შეგვრჩება ხელში.

 

 შექმნილ ვითარებაში, ვინაიდან მოსამართლე, მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირები ურთიერთდამოკიდებულები გამოვიდნენ (იუს არამოსამართლე წევრების თანამდებობზე დარჩენა, ფაქტობრივად, მხოლოდ როინიშვილზეა დამოკიდებული, ხოლო, მისი უვადოდ გამოსამართლება, მხოლოდ იუს არამოსამართლე წევრებსა და პარლამენტზე...), შედეგით უშუალოდ დაინტერესების გამო, ლოგიკური იქნებოდა, როინიშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილოს და საკასაციო საჩივარი ისეთ მოსამართლეს გადაეცეს, რომლის თანამდებობაზე გამწესება პარლამენტისა და იუს დღევანდელ შემადგენლობაზე არ იქნება დამოკიდებული. 

 

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ პარლამენტს მორალური უფლებაც არ აქვს იუს მიერ შერჩეული კანდიდატურები განიხილოს (თავად იუს არამოსამართლე წევრები კანონდარღვევით შეარჩია, ხოლო დავა დღემდე არ დასრულებულა...). იმედი მაქვს, სამართლიანი არჩევნებით გზით საკანონმდებლო ორგანოში არჩეული მომავალი დეპუტატები იუს წევრებსაც გაცილებით გონივრულად შეარჩევენ და მოსამართლეებსაც.