მიხეილ ჯიბუტი: ერთიანი ეროვნული გამოცდები - ერთიანი ეროვნული სისულელეა!

მიხეილ ჯიბუტი: ერთიანი ეროვნული გამოცდები - ერთიანი ეროვნული სისულელეა!

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავის დროზე  დადებითი როლი შეასრულა - უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები სადახლოს, აღებ-მიცემობისა და კორუფციის დაძლევის უმთავრესი მექანიზმი გახდა. მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 

 

დღეს უმაღლეს სასწავლებლების მიერ შემოთავაზებული ადგილები ჯამში აბიტურიენტთა რაოდენობას თითქმის არ ჩამორჩება, ხოლო ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში- აჭარბებს კიდეც მას. 

 

აბიტურიენტების მოზიდვაზე ორიენტაციის გამო, კომპეტენციების დონის დაწევამ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ფორმალურ ბარიერად და რაღაც ერთიან ეროვნულ სისულელედ აქცია. თვით ცხოვრებამ მოამწიფა საკითხი, უმაღლეს სასწავლებლებში მიღება უნდა იყოს თავისუფალი - ყოველი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, არ უნდა იყოს შეზღუდული უმაღლესი სასწავლებლები მისაღები კონტიგენტის რაოდენობით, თუ ისინი აკმაყოფილებენ უმაღლესი განათლების სერვისის მიწოდების სახელმწიფო სტანდარტებს. 

 

ასეთ შემთხვევაში, ჯერ ერთი, კონკურენცია აიძულებს ბევრ უმაღლეს სასწავლებელს გამსხვილებასა და გაუმჯობესებას. მეორე, იმის მიხედვით თუ რა კრიტერიუმებით განახორციელებს ესა თუ ის უმაღლესი სასწავლებელი მიღებას, მოხდება მათი ხარისხობრივი დიფერენცირება და წარმოიშობა ელიტური (სადაც მაღალი იქნება შერჩევის კრიტერიუმები) და რიგითი სასწავლებლები. შრომის ბაზარს ექნება სწორი ინფორმაცია კადრების შერჩევის დროს.

 

შედეგად, საშუალო სკოლის შეფასებას მიეცემა მნიშვნელობა და ამაღლდება სკოლის ავტორიტეტი.

 

საქართველო გადადგამს ნაბიჯს ევროპისკენ - მოახდენს განათლების სისტემაში ერთი რგოლის დესოვიეტიზაციას და ქვეყანა, ხალხი განთავისუფლდება ერთი დიდი სისულელისგან, ბავშვები - ფუჭი ნერვიულობისგან, მშობლები და სახელმწიფო - ხარჯებისგან. ამ საქმიდან მიღებული ეკონომია სასარგებლო იქნება სწავლების დისტანციური ტექნოლოგიებისა და ფორმების განვითარებაზე წარიმართოს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები არავითარ პირდაპირ, მით უმეტეს, დადებით, კორელაციაში არაა არც საშუალო სკოლაში და არც შემდგომ, უმაღლესი განათლების პროცესთან და ის უმტკივნეულოდ შეიძლება გაუქმდეს უკვე 2020 წლისათვის! 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: