ნოდარ ჭითანავა: განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს!

ნოდარ ჭითანავა: განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს!

 

ერის უბედურება იწყება იქ, სადაც ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მქონე მამულიშვილებს უნდობლობას უცხადებენ!

 

 

სამყაროს წარმოშობა და განვითარება კანონზომიერებას ემორჩილება. უმაღლესი გონი და გენი წარმართავს სიცოცხლის ჯერ კიდევ ამოუხსნელ, აურაცხელი გამოვლინებებისა და უსასრულობაში გატყორცნილი მატერიის უკიდეგანო ერთიანობას. მოლეკულები, ბაქტერიები, პარაზიტები, ვირუსები ამ „მორჩილების წესრიგის“ შემადგენელია და ევოლუციურ პროცესებში მათ განსაკუთრებული დანიშნულება აქვთ. ვირუსული თუ სხვა სახის ეპიდემიები ისტორიას უთვალავი ახსოვს. უხსოვარი დროიდან ყვავილი, კეთრი, შავი ჭირი, მალარია, ქოლერა მძვინვარებდა ოთხივ კონტინენტზე. შედეგებიც განსხვავებული და სავალალო იყო, თუმცა ყველა შემთხვევაში, განსაცდელის გარდასვლის შემდეგ (თუნდაც მცირე ხნით), ახალი წესრიგი და მოსალოდნელი სხვა საფრთხეების განრიდების, აღორძინების სამზადისი ისადგურებდა.

 

გასული წლის დეკემბრის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის ეპიდემიის აფეთქებამ მსოფლიო შეაზანზარა. უძლიერესი ქვეყნების საზღვრების საიმედოდ დაცული ჯებირებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ შეეკავებინათ ფეხაკრეფით მოლასლასე კარსმომდგარი უჩინარი ურჩხული. მისი გაღვიძების ვერსიების სიმრავლის, ხელოვნურობაზე ჭორის, ქილიკის მიუხედავად, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების არეალი და მასშტბები უპრეცენდენტოა. მან ძლიერი, სუსტი, ცნობილი თუ უჩინარი ყველა დააფრთხო და სოციალური ურთიერთობების ფართო სპექტრი - ფსიქოლოგიური, რელიგიური, ფილოსოფიური მიმართულებებიც მოიცვა. უკვე სახეზეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის პოლიტიკური და ეკონომიკური გამოვლინებები. მალე კრიზისებიც  მოსახლეობის სახლის კარებს უბოდიშოდ მოუკაკუნებს.

 

კორონავირუსს აღმოსავლურმა ფაროსანამ დაასწრო - ტყეებს, ნათესებს, ბაღჩეულს და ხეხილს შეესია. აზვირთებულ ვირუსს „ეგვიპტის მერვე სასჯელად“ შერაცხული  კალიების „ჯარიც“ აედევნა, აფრიკას გასცდა, ახლა უკვე არაბეთის კუნძულს, ირანსა და თურქეთს მედგრად უტევს. 

 

გლობალიზაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესების შედეგად, მსოფლიოს ქვეყნები ისეა გადაჯაჭვული, რომ ვირუსული ინფიცირებით, კლიმატური კატაკლიზმებით, პოლიტიკური ბაცილებით თუ ეკონომიკური მოტივებით წარმოქმნილი საფრთხეების (რისკების) აზვირთება პოლუსიდან პოლუსამდე მალე ვრცელდება.

 

უკვე ჩამოყალიბებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პანდემიასთან გამკლავება, ისევე, როგორც მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია, შეუძლებელია ერთი სახელმწიფოს ფარგლებში. მასში ყველა უნდა მონაწილეობდეს და იცავდეს საერთო წესრიგს. განსაკუთრებით გამოიკვეთა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თვითდინებაზე მიშვებული ბაზრის მარეგულირებელ მექანიზმში მართვის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩართვის აუცილებლობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქედანვე უნდა დაიწყოს გარდასული და მიმდინარე მოვლენების პირუთვნელი შეფასება, პოსტპანდემიური პროცესებისა და შეჩერებული ეკონომიკის გამოცოცხლების მექანიზმებზე პროფესიული ზრუნვა. ამ პროცესში ყველამ, განსაკუთრებით კვალიფიციურმა აზრმა, წვლილი უნდა შეიტანოს.

 

მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის მოტივებიდან გამომდინარე, საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“ ამ გლობალური გამოწვევის პრევენციისა და ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებებზე სასაუბროდ იწვევს მეცნიერებსა და სპეციალისტებს. 

 

პირველი ინტერვიუ ვთხოვეთ ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, პროფესორ ნოდარ ჭითანავას.

 

საუბარს უძღვება იური პაპასქუა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსუ პროფესორი.

 

 

იური პაპასქუა: ბატონო ნოდარ, თქვენმა მრავალმხრივმა გამოცდილებამ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეოსტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბების მიმართ აქტიურმა პოზიციამ განსაზღვრა  თქვენთვის გვეთხოვა პირველს გამოგეთქვათ მოსაზრება ამ გლობალური გამოწვევის შედეგებსა და პრევენციის უმთავრეს ღონისძიებებზე. ორიოდ წლის წინათ გამოცემულ თქვენს მონოგრაფიაში: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“, განსაკუთრებით საყურადღები სხვა მიზანდასახულობებთან ერთად, გამოყოფთ გლობალურ გამოწვევებთან თავსებადობის იმუნიტეტის გამომუშავებისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების აუცილებლობას. დღეს სწორედ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ამ განჭვრეტის გარდაუვალობის წინაშე აღმოვჩნდით. კორონავირუსმა გადასაჭრელი ბევრი პრობლემა და გასათვალისწინებელი გარემოება გამოკვეთა. რა მივიღეთ, სად ვართ, რა ვაკეთოთ? კითხვები ბევრია, თუმცა ერთ შეხევედრაზე ყველაფერს ვერ შევეხებით.

 

ნოდარ ჭითანავა: რთული ვითარებაა, მაგრამ არა უსაშველო. კაცობრიობას არაერთხელ ქონდა განსაცდელი. მსოფლიო ახლა ადამიანი ჯანმრთელობას დამუქრებულ ვირუსს ებრძვის. იყო დრო, როცა ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის მძვინვარებდა ომები. ესეც ომია, თავისებური და განსხვავებული ორიენტირებით. პირველი, რაც უნდა ვთქვათ, მეტი წინგახედულობა და პანიკის განრიდებაა საჭირო. ეს განსაცდელი აუცილებლად ჩაივლის... 

 

ჯერ კიდევ ადრეა სრულფასოვნად შეფასდეს მძვინვარე ვირუსის შედეგები, მაგრამ საკმარისი დროა გასული იმისთვის, რომ შევნიშნოთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესები. ჩემი დაკვირვება ამჯერად სულ 10 თეზაში ეტევა:

 

1. კორონავირუსმა მსოფლიო მართლაც შოკში ჩააგდო - დაიზაფრა ცნობიერება; არამხოლოდ მოქალაქეები, სახელმწიფოებიც, ალიანსებიც, სამხედრო ბლოკებიც, ყოვლისშემძლედ აღიარებული საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური „მაშველი რგოლებიც“ დაიბნენ; მყისიერად შექმნილმა სიტუაციამ მათი უმწეობაც ამხილა; „რაც მსურს, იმას ვაკეთებ“ და პასუხისმგებლობისგან დაცლილი ყალბად აღქმული გამოხატვის თავისუფლებაც გაშიშვლდა;  მოქალაქე დაუცველი აღმოჩნდა.  საზოგადოდ დამკვიდრებული ეს მოვლენა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემაცაა. მისი გაცნობიერება საფუძვლიან ანალიზს და ნაციონალური სახელმწიფოს ამჟამად აღიარებული საერთო მოდელის კრიტიკულ შეფასებას საჭიროებს;

 

2. გლობალური აზროვნება, ლოკალური მოქმედება, სოციალური, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრინციპების ერთიანობა, ვირტუალური სლოგანი არ არის - ეს კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩამოყალიბებული რეალობაა.  ნებისმიერი სახელმწიფო ამ მოცემულობაში საკუთარ რესურსებსა და გარედან მხარდაჭერას ეფექტურად უნდა იყენებდეს. დღეს პოლიტიკურ სიმწიფეზე გამოცდას აბარებს ნაციონალური სახელმწიფო, ეფექტიანობაზე - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, სამოქალაქო თვითშეგნებაზე - საზოგადოება;

 

3. გამოცდილებამ დაადასტურა, რომ გლობალური ეპიდემიების და ბუნებრივი კატაკლიზმების რთულ პროცესებს პროგნოზირების უახლოეს მეთოდებსა და თანამედროვე ორგანიზაციულ, ტექნოლოგიური საშუალებებზე დაფუძნებული, გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარიანი ცენტრალიზირებული მართვა სჭირდება. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო, ნატო  და ევროკავშირი კორონასთან ბრძოლაში მოუმზადებელი და გლობალური პრობლემების გადაწყვეტის მიმართ უსუსური აღმოჩნდა. ნაციონალურ სახელმწიფოებს კი (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა), პანდემიამ  უმართავი ვითარება შეუქმნა.

 

4. თავი იჩინა მსოფლიოში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების ნეგატიურმა შედეგებმა. განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებიც პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას ცივილიზაციის განვითარების უმაღლეს ფაზად მიიჩნევენ და გლობალური პროცესების მართვაც თავის თავზე აიღეს, ისტორიული ამოცანის შესრულება ვერ შეძლეს. უფრო მეტიც. თავის დროზე საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური სტრუქტურების მიერ შეთავაზებულმა პოსტსოციალისტური ქვეყნების გარდაქმნების დოქტრინამ („ვაშინგტონის კონსენსუსი“) - „შოკურმა თერაპიამ“ (რომელიც ახალი გამოწვევების ადეკვატური სულაც არ იყო), ისედაც სუსტი ეროვნული ეკონომიკის მატერიალურ-ორგანიზაციული საფუძველი პირწმინდად მოშალა და კრიზისების მართვაში სახელმწიფოს - სისტემამაშემქმნელი ფაქტორის როლის იგნორირება გამოიწვია. მათი ამბიცია, რომ მხოლოდ დასავლეთის მოდელია ერთადერთი და ამიტომ ყველგან უნდა დამკვიდრდეს, წინააღმდეგობაში მოვიდა გლობალურ პროცესებთან ნაციონალური სახელწიფოების ადაპტირების უმთავრეს პრინციპთან - მრავალფეროვნებასთან. დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ერთპოლუსიან მართვასთან არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე ლოკალური ომები, სხვადასხვა ფერის ე.წ. რევოლუციები, ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები და სახეშეცვლილი („უხილავი“) დიქტატურის ფორმებიც (სხვადასხვა ყაიდის ტერორისტული ორგანიზაციები და ა.შ.). 

 

კორონავირუსის მძვინვარება სასტიკი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც  ერთ თარგზე გამოჭრილ პლანეტარული მსოფლხედველობით განსაზღვრულ ცხოვრების მოდელს (წესს) სთავაზობს ერთმანეთისაგან ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თავისებურებებით განსხვავებულ ქვეყნებს;

 

5. კორონასთან ბრძოლის ყველაზე საიმედო საშუალებად მსოფლიომ აღიარა ოჯახი (სლოგანი „დარჩი სახლში“). უკანასკნელი წლების კატაკლიზმებგამოვლილი ქართული ოჯახი, რომელიც პოლიტიზების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა (ოჯახის წევრების მსოფლმხედველობითი პოზიციები ხშირად დაპირისპირების საბაბიც ხდება), თავის ისტორიულ როლს თითქოს უბრუნდება. სიკვდილის შიშმა ოჯახის წევრების ერთად ყოფნას ხელი შეუწყო. პირდაპირი მნიშვნელობით, სახლში დარჩენა სულაც არაა გამოსავალი, უფრო მოძრაობა და მოქმედებაა უპირატესი, მაგრამ ეს პროცესი ერთობ მნიშვნელოვანია. იგი უხილავ წერტილებზე აღმოცენებული ის მუხტია, რომელსაც შეუძლია ყოვლის მომცველ პროცესს საჭირო ბიძგი მისცეს. გათითოკაცების სინდრომს, რომელიც დღეს ეროვნულ ცნობიერებას წარმართავს, აშკარად წინ აღუდგა ერთად ყოფნის ქართული ისტორიული გამოცდილება. ეს შანსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. ქართული ოჯახი ისტორიულად ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ძლიერი საყრდენი იყო. ის მუდამ ასრულებდა ქვეყნის, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური ორგანიზმის ფუნქციას და ასეთად უნდა დარჩეს მომავალშიც.

 

6. კორონავირუსის ეპიდემია და ბუნებრივი კატაკლიზმები ბევრად განაპირობა ეკოლოგიისა და ეკონომიკის კონფლიქტმა. ბუნება არ პატიობს ადამიანს იმას, რომ იგი მოზღვავებული სიხარბის გამო, მტაცებლურად ექცევა მას. ანგარება წარმართავს ეკონომიკის განვითარებას. მაქსიმალური მოგების ამოღებაზე აგებულმა ეკონომიკურმა სისტემამ, რომელიც ერთნიშნად, კაცობრიობის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა, მწვავე, თითქმის დაუძლეველი, რთულ კვანძებად ჩამოყალიბებული ეკოლოგიური პრობლემები შექმნა. მათი გადაწყვეტა მხოლოდ ძლიერ ეკონომიკას შეუძლია. კორონასთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას, ცხადია, დიდი სახსრები  სჭირდება. მაგრამ სწორედ აქ მანკიერმა წრემ თავი იჩინა. ბიოლოგიური კატასტროფის საფრთხის დასაძლევად 85 ტრილიონიანი მშპ-ს მქონე მსოფლიომ საჭირო სახსრები ვერ გამონახა.   ეს იმიტომ ხდება, რომ კაცობრიობამ აუცილებლობისას (არც თუ ისე ხშირად) ერთიანი ინტერესებით ცხოვრება ვერ ისწავლა; კოლონიზაციის ხაფანგებზე გამდიდრებული ეკონომიკის ქვეყნები, ადამიანთა მოდგმის კეთილდღეობისთვის ისტორიულ პასუხისმგებლობას გაურბიან.  

 

7. კორონასთან ბრძოლის იმპულსურმა ეიფორიამ რეალურად წარმოაჩინა თუ რატომ არის ცუდი სოციალურად პოლარიზირებული და დემორალიზირებული ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ დომინანტი კერძო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება. კატაკლიზმებისას ყველგან და ყოველ ნაბიჯზე თავს წამოყოფს თანამედროვე მსოფლიოს 5 უბედურება: სიღარიბე, უმუშევრობა, უწიგნურობა, ავადმყოფობა, უთანასწორობა. ცხადია, რომ ვირუსის დამარცხების შემდგომ აღნიშნული პრობლემები უფრო გამწვავდება. სწორედ მათი დაძლევისათვის უნდა იქნას გამოყენებული ყველა რესურსი, რაც გაგვაჩნია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ყველაზე რთული ამოცანაა. დღეს საზოგადოებაში პირად და ჯგუფურ ინტერესებს ამოფარებული რევანშიზმი მძლავრობს. პიროვნული თავისუფლებით თავაშვებული ადამიანები დიდ დროს უაზრო ლაპარაკსა და კინკლაობაში ატარებენ, საშოვარზე გადახვეწილი ოჯახის წევრის სიმწრის ოფლით ნაშოვნი ფულის გაფლანგვას შეჩვეულნი ფიზიკურ შრომას თაკილობენ და არც არავინ სთხოვს საკუთარ ოჯახში სარჩო რატომ არ შემოაქვს. ეს არის ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის მოდუნების, გლობალური აგრესიის ზეწოლის, ეროვნული ფენომენის საძირკვლის - მამული, ენა, სარწმუნოების რღვევის, ტერიტორიული მთლიანობის მოშლის, ენის დაჩაგვრის, მართლმადიდებელი იდეებისადმი უნდობლობის, წარსულისადმი ნიჰილიზმის ძალისმიერი მეთოდებით დანერგვის, შრომისადმი ამპარტავნული დამოკიდებულების და ათასი სხვა დაშვებული შეცდომის შედეგად თანდათანობით ჩამოყალიბებული რეალობა. აი, რატომ არა ვართ „ისტორიით შედუღებული ერთ სულ და ერთ ხორც მკვიდრთა კრებული“ (ილია). ეს მაშინ, როცა ქართველებს განგებისაგან მომადლებული ნიჭიც გვაქვს, საუკუნეებს გამორიდებული ღირსებაც და მისი დაცვის უნარიც. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, ასეთია ჩვენი ბედისწერა. 

 

8. მწვავე გამოწვევებთან ბრძოლის თითქმის 30 წლის განმავლობაში, გარედან ნაკარნახევი ილუზიებით მუდმივად დახშული ეროვნული სულისკვეთება, რომელმაც ძნელბედობის ჟამს ასპარეზი დაეთმო კრიმინალურ ცნობიერებას, „მთვლემარე მდგომარეობიდან“ გამოსვლის ნიშნებს ავლენს. იმედის სხივმა გაიელვა: ეროვნული ენერგიის მკვებავი წყარო არ დაწრეტილა, იგი სუფთაა და მისი გონივრული გამოყენებით (დროთა განმავლობაში დაგროვილი მინარევებისაგან გაწმენდით), შესაძლებელია ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნება - განმტკიცება. ეს დიდი იმედია, რეალურად გაცნობიერებული იმედი - ეროვნული თანხმობისკენ და სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმავალი ყველაზე სწორი და მოკლე გზა.

 

9. დადასტურდა, რომ ინტელექტუალური პოტენციალი, როცა მას ეროვნულ - სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის სწორად გამოვიყენებთ, უდიდესი ძალაა, იგი მილევადი არ არის, სიცოცხლისუნარიანია, მამა-პაპური შეუპოვრობით ყველა დონის გამოწვევებთან გამკლავების შემართება, ღირსება და ცოდნაც შენარჩუნებული აქვს. ეს მყისიერად სამედიცინო სფეროში გამოჩნდა. ძველმა, ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულითა და მაღალი პროფესიონალურ დონეზე აღზრდილმა მედიკოსთა თაობამ საზოგადოებას სანიმუშო მაგალითი მისცა. საბედნიეროდ, გამყრელიძეები, იმნაძეები, ცერცვაძეები ეზუგბაიები და სხვები ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მრავლად არიან. ერის უბედურება იწყება იქ, სადაც სახელმწიფო, საზოგადოება სამი არამატერიალური განძის - ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მფლობელ მამულიშვილებს (მოქალაქეებს) უნდობლობას უცხადებს, არარაობის გამოგონილ პერსონაჟებად მიიჩნევს. უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომლის მიმდინარე პროცესების ანალიზიდან გამოდის - უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობების პოტენციალის (როგორც პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის ეროვნული რესურსის) ქვეყნის ამოცანებისა და მასშტაბების შესაბამისად თანაზომიერი  გამოყენების აუცილებლობაა. ამ დღეებში საზოგადოებამ ნახა თუ როგორ იშვა ხანდაზმული ადამიანების, ავადმყოფების, ბავშვების მიმართ ზრუნვით, მედიკოსების მიმართ მადლიერების გამოხატვის მაგალითები.

 

უნდა ვირწმუნოთ, რომ საზოგადოებაში არა პოზიციათა უკომპრომისო დაპირისპირება, არამედ უპირატესად მთელი საზოგადოების მუდმივად მზარდი მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისთვის სახელმწიფოს, ეკონომიკის, საზოგადოების, მოქალაქეების ინტერესების „ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ბედნიერი მორიგებაა“ (ილია).

 

10. ერთხელ კიდევ დადასტურდა, რომ ხალხის მორალურ-ფსიქოლოგიურ განწყობას, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს; ძლიერი სახელწიფოს გარეშე ძლიერი ეკონომიკა არ არსებობს, მათ გარეშე კი პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია ფიქციაა. დღეს თანაბრად სჭირდება საქართველოს, როგორც ძლიერი და გამჭრიახი სახელწიფო, ასევე ძლიერი და მოქნილი ეკონომიკაც. სამწუხაროდ, თითქმის 30-წლიანი გამოცდილებით ვერ შევძელით ვერც ძლიერი სახელმწიფოს და ვერც ეფექტიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. ამას თავისი მიზეზები აქვს. 

 

ახლა მთავარია რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკონომიკა, რომელიც ჩვენივე აქტიური თუ პასიური პოზიციით შეიქმნა. ობიექტურად გავაცნობიეროთ, მოვლენებს, პროცესებს, ტენდენციებს, კანონზომიერებებს საკუთარი სახელი ვუწოდოთ და თანამედროვე მეცნიერული ლოგიკით, როგორც დიდი ილია იტყოდა, „ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ განვსაზღვროთ ამჯერად მაინც ქვეყნის განვითარების სწორი სტრატეგია. 

 

და ბოლოს, გულწრფელად გეტყვით, კორონავირუსთან გამკლავების უაღრესად რთული ამოცანის შესაბამისად კონკრეტული მოქმედებების ღონისძიებათა შემუშავება-განხორციელების პროცესში, საზოგადოებამ იხილა საქართველოს მთავრობის წევრების, პირველ რიგში, პრემიერის მხრივ მოვლენებში სწრაფად და სწორად გარკვევის უნარი, გამჭრიახობა, უმაღლესი პასუხისმგებლობა, სიდინჯეც. ეს იძლევა იმედს, რომ საქართველოს მთავრობა გამოწვევებთან ბრძოლის შეძენილ გამოცდილებას გამოიყენებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისა და ქვეყნის მაღალი ტემპებით აღმშენებლობისთვის.

 

იური პაპასქუა: მადლობა, ბატონო ნოდარ, შემდგომში ახალი კითხვებით დაგიბრუნდებით. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: