ძნელია ეშმაკის დაჩოქება?! რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ, შესაძლებელი!

ძნელია ეშმაკის დაჩოქება?! რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ, შესაძლებელი!

პოლიტმასხარები,

შალიკოს ბუნგალოდან, გვეღლიცინებიან და გვარწმუნებენ, რომ „ქართული ოცნების “ მზე ჩასასვენებლად ემზადება! ისინი უკვე „აკომპლექტებენ“ კოალიციურ პარლამენტს და და კოალიციურ მთავრობას, მაგრამ, ჯერეჯერობით არ გვიმხელენ, რა ბედი ელის მათ ხელში ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს!

 

„ნაციონალების“

მიერ უვადოდ დაზომბირებული და უკურნებელი შხამით მოწამლული ე.წ. ფანები, ამტკიცებენ, რომ წარმატებით მიმდინარეობს ხელისუფლების „ნაციონალებისთვის“ გადაბარების პროცესი. ამის დასტურად, აშშ-ს სენატორების ზეწოლით ორი „უდანაშაულო“ „პოლიტპატიმრის“ განთავისუფლებას ასახელებენ.

 

მათ ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ივანიშვილმა ხელები უკვე მოკაკვა და ახლა მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს!

 

მეორე ფაქტორად ასახელებენ მიხეილ სააკაშვილის ხელახალ აღზევებას უკრაინაში, რაც სერიოზული ნახტომი უნდა გახდეს მისი საქართველოში დასაბრუნებლად - ასე უნდა სააკაშვილის პატრონს და წინ ვინ დაუდგება?! - გვარწმუნებენ ისინი...

 

პოლიტექსპერტობის მაძიებელნი

და უკვე ექსპერტის მანტია მოსხმულნი, უტიფრად გვიკიჟინებენ, რომ საქართველოში ყველაფერი რუსული სცენარით ვითარდება - მიშა რუსეთის კაცია!

 

ხოლო,

რაც შეეხება ამერიკის სენატორ-კონგრესმენებს, რომლებიც ისე ატრიალებენ დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც მოეპრიანებათ, მათ სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ და ისინი ხელისუფლების ცვლის პროცესში არ ერევიან.

 

გეყურებათ, როგორ გვაბოლობენ ისინი, ვისაც წესით უნდა ვენდოთ და დავუჯეროთ?!

 

ისინი,

ვისაც არა მარტო შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ბინძური პოლიტპროსტიტუციის მძევალები არიან, არამედ, სარგებლობენ ჩვენი გულუბრყვილობით და ირეალურ სამყაროში „გვასეირნებენ“, რომ ხვალ-ზეგ საერთოდ კაპიტულაცია გამოვაცხადოთ და ეს ყველაფერი პოლიტიკურ კონიუქტურას დავაბრალოთ!

 

ისინი,

არაფერს ამბობენ იმ შეთქმულებაზე, რომელიც კორონავირუსად წოდებულმა მსოფლიო ისტერიამ ბოლომდე გააშიშვლა და რომელიც, თუ წინ არ აღუდგა, კაცობრიობას განადგურებით ემუქრება!

 

ახლა

მიდი და თავი იმტვრიე, რომელს უნდა დაუჯერო , ან საერთოდ, უნდა დაუჯერო თუ არა ვინმეს!

 

მესამე მსოფლიო ომის

მთავარ იარაღად წოდებულმა „მესერშმიტმა“ - კორონავირუსმა, სულ გამოაკორონა ხალხი - ზოგი ისევ „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას შიშობს, ზოგი რაღაც იმედებს ამყარებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ, თვითონაც არ იცის, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ამ ბოლომდე გახრწნილი პოლიტისტებლიშმენტის შემხედვარეს, ზოგმა კი საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და ბედს შეურიგდა - ხვდება, რომ მის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, რადგან, მორჩილი საზოგადოება იმ ხვედრს გაიზიარებს, რასაც თავისი ბრმა მორჩილებით იმსახურებს!

 

სხვათაშორის,

რაც არ უნდა მოგვწონდეს, ეს უკანასკნელი ყველაზე ახლოს დგას რეალობასთან, რომ არა მისი უმოქმედობა - ბედთან ბრძოლის გარეშე სატანური ძალებისადმი დანებება!

 

„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნებისო“ - ჯერ კიდევ როდის ბრძანა ჩვენმა გენიალურმა თანამემამულემ შოთა რუსთაველმა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს ჩვენი გამოღვიძება უფრო სწადია, ვიდრე, ჩვენი განადგურება!

 

თუმცა, მარტო გამოღვიძება არ იქნება საკმარისი: ერთობაცაა საჭირო - ერთობა მტკიცე ნებისყოფისა და რეალურად მოაზროვნე ადამიანების, რომელთა წინაშეც ეშმაკიც კი დაიჩოქებს, რადგან, ჩვენთან იქნება ღმერთი!

 

P.S. არჩევნების თემას აქ მოკრძალებულად შევეხე, რადგან, მიმაჩნია, რომ არჩევნები არაფერს შეცვლის ჩვენს სასიკეთოდ, თუ ჩვენშივე სულიერი ტრანსფორმაცია არ მოხდება. თუმცა, საკუთარი აზრი გამაჩნია არჩევნებთან მიმართებითაც, რასაც ცალკე შევეხები...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: