Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
19-06-2020, 15:34
ნანახია: 605

მიხეილ ჯიბუტი: „ალმასური გაბრწყინება“ საქართველოს პარლამენტში!

ა.წ. 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ისეთი რამ მოხდა, რომელიც ყოველმხრივ წახალისებასა და მომავალში გაძლიერებას მოითხოვს.

 

ამ დღეს, უარი ეთქვა კანონპროექტს, რომელიც ითხოვდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და მისი ფუნქციების გადატანას („პორტირებას“) საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 

ამ გადაწყეტილების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ის ეხება ათი ათასობით მეწარმე სუბიექტს, ათასობით ბუღალტერს, აუდიტორს და შემფასებელს, იმ საზოგადოებრივ ორომტრიალში, რომელიც ქვეყანაშია პანდემიით დაწყებული და მომავალი საპარლამენტო არჩევნებით დამთავრებული, მაინც პერიფერიულია. 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის status guo - ს შენარჩუნების გადაწყვეტილების აღნიშნული მასშტაბურობის მიუხედავად, უფრო მეტი აღრფთოვანებისა და წახალისების საგანი, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მასში გამოვლენილ არგუმენტებით მსჯელობასა და პარლამენტის გარედან გამოხატული მოსაზრებების გათვალისწინებაშია. 

 

მე ვერ ავღწერ პარლამენტარიზმის იმ „გემოს“, რომელიც „ვიგრძენი“ მაშინ, როდესაც საკითხის გადაწყვეტისას, ქვეყნის, მეწარმეების, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად დადგა პოზიცია და ოპოზიცია!

 

მას ხელი შეუწყო იმანაც, რომ არავის არ უცდია საკითხის პოლიტიზირება, მაშინ როდესაც თავისი შინაარსით, აღნიშნული სფეროები, ნეიტრალურია პოლიტიკისაგან და ეკონომიკის ფუნქციონირების მექანიზმებს წარმოადგენენ. ბუღალტერი შეიძლება პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მაგრამ ბუღალტერია - არა. შეიძლება ეს უკანასკნელიც მოხერხდეს, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ეს, იმედია, გარდასული ეტაპია საქართველოს პოლიტეკონომიური ცხოვრებიდან.

 

შედეგად, გადაწყვეტილებას არ გამოუვლენია „გამარჯვებულები“ და „დამარცხებულები“. პირიქით, სწორმა პროცესმა, ყველა გააერთიანა და იქვე დაისახა სამომავლო პერსპექტივები.

 

კერძოდ, პაატა კვიჟინაძემ („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) გამოთქვა მოსაზრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ავტონომიურად ფუნქციონირებად სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ; რომან გოცირიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) არსებული მდგომარეობის, მიმდინარე პრაქტიკის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე მიანიშნა: ნიკოლოზ გაგუამ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე) ისაუბრა კომუნიკაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და აღნიშნა, მათ შორის, შემფასებლობითი საქმიანობის სრული საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა.

 

ყველაფერი ეს, უპირველესად, განაპირობა, სხდომის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის სხდომის წაყვანის „რბილმა“ სტილმა და საკითხისადმი „მკაცრმა“ პროფესიულმა პოზიციამ, რომლის უკანაც იგრძნობოდა საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობისა და უპირველეს ყოვლისა, მისი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მხარდაჭერა.

 

პერსონალური მადლობა მათ და ყველას, ვინც ეს მაგალითი შექმნა საქართველოს პარლამენტში.

 

აღსანიშნავია, რომან გოცირიძის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის გამო „პარტიული ბოიკოტის“ დარღვევა, რამაც განხილვას სრულფასოვანი ხასიათი მიანიჭა.

 

მე მესმის, რომ ვსაუბრობ, ზღვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან, „ერთ წვეთ“ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს ის წვეთია, რომელშიც იმედია მოცემული. ეს „კვანტური წვეთია“, რომელიც რადგანაც წარმოიშვა 17 ივნისს, ხვალ შეიძლება იყოს ყველგან - მასში მოცემულია საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების პოტენციალი.

 

ამ „ერთი წვეთი“ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქართველები რაღაცას კი ვერ აკეთებენ, არამედ არ აკეთებენ!

 

ამ „ერთი წვეთი“ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ერთმა და იგივე პარლამენტარებმა ერთი საკითხი განიხილეს სხვანაირად და შემდეგ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ მდგომარეობას.

 

ერთი და იგივე ელემენტებისგან შედგება ნახშირი და ალმასი, განსხვავება მხოლოდ მათ წყობაშია. 

 

17 ივნისს, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთი ალმასური გაბრწინება იყო. წარმატებები ქართული პარლამენტის „გაალმასებას“!

 

გაუმარჯოს, ქართულ პარლამენტარიზმს!