ჩატეხილი ხიდი ასე განმრთელდების!

ჩატეხილი ხიდი ასე განმრთელდების!

 

 

უახლოეს დღეებში მკითხველი მიიღებს ფრიად საინტერესო კრებულს: „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ (გამომცემლობა „ივერიონი“), რომელიც თარგმნა და შეადგინა ახალგაზრდა აფხაზმა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ნიკა ბაძაღუამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ წლებში ქართველ მკითხველს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აფხაზი პოეტების შემოქმედებას, ეს პირველი ცდაა წარმოდგენა შევიქმნათ ზოგადად აფხაზურ პოეზიაზე.

 

გულწრფელი მადლობა ამ ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს, ნიკა ბაძაღუას ასეთი სითამამისთვის და იმ პასუხისმგებლობისთვისაც, რაც ანთოლოგიის შედგენას უკავშირდება.

 

საკამათო არ არის, რომ ლიტერატურა და ხელოვნება ანგრევს იმ ჯებირებს, რომელსაც ანტიადამიანური პოლიტიკა აშენებს.

დარწმუნებული ვარ, მკითხველი „აფხაზური პოეზიის ანთოლოგიას“ ინტერესით მიიღებს.

 

ნიკას კი შემოქმედებით აღმაფრენას და ახალ-ახალი პროექტების განხორციელებას ვუსურვებ.

 

გთავაზობთ, ანთოლოგიის რედაქტორისა და რედაქტორ-გამომცემლის წინასიტყვაობას.

 

 

ჩატეხილი ხიდი ასე განმრთელდების!

 

როდის დავიბრუნებთ აფხაზეთს?! ხშირად გვესმის ეს რიტორიკული კითხვა. 

 

მგონია, რომ კითხვა არასწორადაა დასმული, რადგან, აფხაზეთი, როგორც ტერიტორია, არსად წასულა!

 

ამდენად, ჩვენ კი არ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამედ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში! თუ როგორ, სამწუხაროდ, ამაზე ფიქრით არც ოფიციოზი და არც ქართველი საზოგადოება იტკივებს თავს... 

 

დიახ, ძალიან სუსტია სახალხო დიპლომატიაც. არადა, ერთმანეთის გულებთან მისასვლელი გზები თავად ჩვენვე უნდა ვიპოვოთ, რომ ჩატეხილი ხიდი განმრთელდეს და ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრებაც შევძლოთ!

 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება წინამდებარე ლიტერატურული პროექტიც – „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“, რომელიც უაღრესად ნიჭიერმა აფხაზმა ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ნიკა ბაძაღუამ გადმოაქართულა და თამამად შეიძლება ითქვას, უზადოდაც!

 

სწორედ ორივე ერის ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარული გაალღობს იმ ყინულს, რომელიც მიზანმიმართული პოლიტიკური თამაშების შედეგია...

 

მადლობა პროექტის მხარდამჭერებს: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აფხაზეთელ ლალი ბუთბაიას, რომელმაც ფინანსურად უზრუნველყო ეს მადლიანი ჩანაფიქრი. 

 

მიხარია, რომ ამ კეთილშობილურ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილიცაა.

 

ზაურ ნაჭყებია,

გამომცემელ-რედაქტორი, პუბლიცისტი.

 

 

 

 

წინასიტყვაობა

 

ორიოდე სიტყვა 

აფხაზური პოეზიის ანთოლოგიაზე

 

ძვირფასო მკითხველო, შენს ხელთაა უნიკალური წიგნი - აფხაზური პოეზიის პირველი ანთოლოგია, რომელშიც აფხაზი ავტორებიცა და მათი შემოქმედების თვალსაჩინო ნაყოფიც შერჩეულია არა პარტიულ-კომუნისტურ-იდეოლოგიური ნიშნით, არამედ მხატვრული დონისა და შინაარსობრივი ღირსებების მიხედვით. 

 

გავიხსენოთ, რომ აფხაზური პოეზიის ანთოლოგია და ანთოლოგიის ტიპის კრებულები ადრეც გამოცემულა ქართულ ენაზე, მაგრამ მათ შემდგენლებს ევალებოდათ, აუცილებლად შეეტანათ კომუნისტურ იდეოლოგიაზე გაწყობილი ნაწარმოებები. არცთუ იშვიათად თარგმნილ კრებულებში ჭარბობდა იდეოლოგიური ნაგავი. ამის გამო იჩაგრებოდნენ ის ავტორები, ვინც არ წერდა, ან იშვიათად წერდა კონიუნქტურულ ლექსებს კომპარტიის, ლენინის, სტალინის, მუშათა კლასის, კოლმეურნე გლეხების, ინდუსტრიალიზაციის, ხალხთა ყალბი მეგობრობის შესახებ. სწ3ორედ ამ მიზეზით, ქართულად გამოცემული, გულისამრევი პათოსით ამყაყებული ლექსები ფასს უკარგავდა ჭეშმარიტ პოეზიას და მკითხველი მეორედ აღარ კითხულობდა ხსენებულ წიგნებს. თუკი ვინმეს გულწრფელად სურდა იმის გაგება, რა დონეზე იყო ამა თუ იმ აფხაზი პოეტის შემოქმედება, რით სუნთქავდა იგი, რა აწუხებდა და რას შეჰხაროდა პოეტი, კეთილი უნდა ენება და სტრიქონებს შორის ეძებნა ჩაკარგული სათქმელი...

 

ამგვარი კრებულების გამოცემა ქართულ, რუსულ და საბჭოთა კავშირის სხვა ენებზე მაინც მომგებიანი იყო, ოღონდ, არა პოეზიისა და კულტურისთვის, არამედ ავტორთა ჯიბისა და ავტორიტეტისთვის – თარგმანში კარგი ჰონორარი გაიცემოდა, პოეტი ცნობილი ხდებოდა სხვაენოვანი მკითხველებისათვის და სამომავლოდ უფრო იოლად ეხსნებოდა გზა ახალი ჰონორარისკენ.

 

მეორე უდიდესი ნაკლი საბჭოთა პერიოდში გამოცემული კრებულებისა, ის იყო, რომ მათში შეტანილი ა რ ც ე რ თ ი ლექსი არ იყო თარგმნილი დედნის ენიდან პირდაპირ ქართულ ენაზე. აფხაზური პოეზია (და პროზაც!) ქართულ ენაზე გადმოჰქონდათ რუსულ ენაზე შედგენილი პწკარედების შუამავლობით: ჯერ ლექსს (უფრო სწორად, მის შინაარსს) თვითონ აფხაზი ავტორი, ან ვინმე სხვა აფხაზი „მორუსულე“ უმზადებდა პწკარედს, შემდეგ ამ პწკარედს ქართულ ენაზე გადაიღებდა და გალექსავდა ქართველი პოეტი, ან მთარგმნელი. ამ ორჯერ თარგმნა-გადაღების დროს მხატვრული მხარის, ტროპული სისტემის შენარჩუნება სრულიად შეუძლებელი ხდებოდა და ქართველი მკითხველის ხელთ აღმოჩნდებოდა ხოლმე მინიმუმ ორი კაცის მიერ გადაკეთებულ-გამოშიგნული ლექსები, რომლებიც მკითხველის გულსა და სულს იშვიათად ეკარებოდა. მიზეზი ის იყო, რომ პრაქტიკულად არ გვყავდა არც აფხაზური ენის ღრმად მცოდნე ქართველი პოეტი და პროფესიონალი მთარგმნელი და არც ქართული ენის ღრმად მცოდნე აფხაზი პოეტი და პროფესიონალი მთარგმნელი.

 

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ხაზგასმით ვიტყვი! წინამდებარე ანთოლოგია პირველი წიგნია, რომლის მთარგმნელ-შემდგენელი პოეტური ნიჭით უხვად დაჯილდოებული ახალგაზრდა კაცია, ვისთვისაც აფხაზური და ქართული ენები ერთნაირად მშობლიურია, ხოლო პოეზია - პურია არსობისა! 

 

სხვაგვარად რომ ვთქვა, ნიკა ბაძაღუას ყველაფერი უწყობდა ხელს, რათა საკუთარი ნებით ეკისრა ეს დიდი საქმე და შესდგომოდა სიზიფეს შრომას: შეერჩია ყველა თაობის აფხაზი პოეტები, გამოერჩია მათ ლექსებში საუკეთესონი და პირდაპირ აფხაზური ენიდან ეთარგმნა ისინი, თუმცა ავტორთა ამ პრინციპით შერჩევას თავისი ღირსებაც აქვს და ნაკლიც აღმოაჩნდა. ნაკლად ვგულისხმობ იმას, რომ ზოგი აფხაზი ავტორის, განსაკუთრებით პირველი თაობის წარმომადგენელთა  (მაგალითად, სამსონ ჭანბას...) შემოქმედება ძალიან პოლიტიზებული იყო და ნიკას ნამდვილად გაუჭირდა მათ ნაწერებში მაღალმხატვრული ლექსების პოვნა. მიმაჩნია, რომ ნიკა სწორად მოიქცა, როცა დუმილით არ აუარა გვერდი ამგვარ პოეტებს - ქართველმა მკითხველმაც უნდა დაინახოს იმდროინდელი აფხაზური დისკურსი, რაზე ფიქრობდნენ და წერდნენ აფხაზი პოეტები მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, როცა ლიტერატურული საქმიანობა მშვენიერი, სასარგებლო და საპასუხისმგებლო კი არ იყო, არამედ შემოქმედის ყოველი სიტყვა უზუსტო სასწორით იწონებბოდა და სიცოცხლის შეწყვეტის საბაბიც ხდებოდა. სასტიკი სასჯელის შიში უბიძგებდა ზოგ მედროვე პოეტს ეწერა კონიუნქტურული ლექსები, ზოგს სჯეროდა იმ საზიზღარი სისტემის სიკეთე და უმღეროდა კიდეც მას, ზოგი კი ბოლომდე კაცად დარჩა – არც წელში მოიდრიკა და სიცოცხლეც გასწირა, მაგრამ ახლანდელ თაობებს გადმოგვიგდო ელვარე სიტყვა, აზრი, იმპულსი... 

 

წინამდებარე კრებულის უმთავრეს ღირსებად, ჩემი აზრით, სწორედ 30-იან წლებში რეპრესირებული რამდენიმე აფხაზი პოეტის სათქმელის ქართველ მკითხველამდე მოტანაც უნდა ჩაითვალოს!

 

როგორც ენათმეცნიერმა, მინდა მკითხველს განვუმარტო ისიც, რომ, მართალია, აფხაზური და ქართული ენები ერთიმეორის მონათესავენი არიან და მრავალი საერთო ნიშან-თვისებაც გააჩნიათ მაგრამ ამ ენებს შორის სერიოზული სხვაობაც არსებობს. ამის გამო, რაგინდ უმაღლეს დონეზე უნდა იცოდე ორივე ენა, თარგმნის დროს მუდამ დარჩება ის დეტალები, რომელთა სრული სიზუსტით გადაღება შეუძლებელი ხდება. ეს ეხება ფრაზეოლოგიურ გამონათქვამებს, რთული აგებულების მქონე სიტყვებს, ეროვნული მსოფლაღქმისა და ტროპული აზროვნების თავისებურებებს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში მთარგმნელი იძულებულია, შეცვალოს ეს უთარგმნელი თუ ძნელად გადასაღები ლექსიკა ისე, როგორც პირადად თვითონ აირჩევს და ეს, რა თქმა უნდა, ნაკლად არ შეიძლება ჩაითვალოს... 

 

წიგნის კიდევ ერთ ღირსებაზე მივაქცევ მკითხველს ყურადღებას: კრებულის ბოლო ნაწილში წარმოდგენილია იმ ახალგაზრდა აფხაზ პოეტთა ლექსები, რომელთა სახელებიც სრულიად უცნობია, ან ნაკლებადაა ცნობილი პოეზიის მოყვარული ქართველი მკითხველებისთვის. პირადად მე მგონია, რომ სწორედ ამ თაობის წარმომადგენელთა შემოქმედება, მათი საწუხარი და სალხინო საფიქრალია ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, ვინაიდან, მათ კიდევ დიდხანს მოუწევთ მოღვაწეობა და, ჩვენი ორი ხალხის ადრინდელი ურთიერთობის აღდგენაში აქტიური მონაწილეობაც. ეს წიგნი გვივსებს სიცარიელეს და ნაწილობრივ მაინც გვიქმნის წარმოდგენას ამ კუთხით.

 

სათქმელი კიდევ ბევრია... 

 

მჯერა, აფხაზური პოეზიის ანთოლოგია ეტყვის თავის სათქმელს ქართველ მკითხველს, ხოლო, მისი შემდგენელ-მთარგმნელი ნიკა ბაძაღუა ასეთივე წარმატებით განაგრძობს საქმიანობას და აფხაზ მკითხველსაც წარუდგენს ქართული პოეზიის საუნჯეს (აქვე დავძენ, რომ ნიკამ დიდებული საქმე აღასრულა, როცა პირველმა შესანიშნავად თარგმნა აფხაზურ ენაზე ტერენტი გრანელის პოეზიის ნიმუშები!). 

 

კეთილი იყოს შენი მობრძანება, აფხაზურო პოეზიავ!

 

Бзиала уаабеит, аҧсуа поезиа! 

 

თეიმურაზ გვანცელაძე

პროფესორი, აფხაზოლოგი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: