Iverioni
«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
ივნისი 2021 (6)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
19-02-2021, 15:28
ნანახია: 765

ბოლო-ბოლო ასრულდება თუ არა რეზო ჩხეიძის დანაბარები?!

 80 წლის იუბილეს ვულოცავთ

 

სახელოვან მამულიშვილს, ბატონ ნუგზარ შარიას!

 

 

ჩანაწერი, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ხუთი წლის წინ გამიკეთებია, როცა ბატონი ნუგზარი 75 წლის გახდა:

 

ჩვენო საყვარელო ბატონო ნუგზარ - გერმანია-ავსტრიაში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, დღეს დილით დავეშვი ქუთაისის აეროპორტში და ახლა შემიძლია ერთი დღის დაგვიანებით, მაგრამ გულით მოგილოცოთ ლამაზი იუბილე!

 

-უამრავი ვინმე იხდის იუბილეს და რასაკვირველია, ეს, ყველა მათგანის პირადი ნებაა, მაგრამ მცირედნი არიან მათ შორის გამორჩეულნი, როცა სადღეგრძელოების და სუფრასთან დატრიალებული დითირამბების იქით, მეორე დღეს, „პახმელიაზე“ გამოსვლის გარდა, არაფერი რჩებათ მოსაგონარი იუბილარის მესუფრეებს!

 

თქვენ, - გამორჩეულთა შორის გამორჩეული იუბილარი ბრძანდებით ნუგზარ ბატონო!

 

უთუოდ დიდი სამუშაო ექნება თქვენს მეისტორიეს!

 

2017 წელს, მაშინდელ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას წერილი მივწერე. მიმაჩნია მკითხველისთვის საინტერესო იქნება იგი და ამონარიდს ამ წერილიდან აქაც გამოვაქვეყნებ:

 

„...ერთმა საგანგებო შემთხვევამ, რომლის შემსწრე ამ რამდენიმე წლის წინ გავხდი, გადამაწყვეტინა თქვენთვის ამ წერილის მოწერა.

 

2014 წელს, დოკუმენტურ კინოფილმზე „რეზო ჩხეიძის მოგზაურობა საქართველოში“ მუშაობისას, ზუგდიდში დავგეგმეთ ჩასვლა.

 

ბატონ რეზოს, ჩემდა გასახარად, ცნობილ ქართველ კინოხელოვანებთან ერთად, ბატონი ნუგზარ შარია ჩამოჰყვა, რამაც დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი რეზო ჩხეიძის ჩამოსვლით გამოწვეული მაყურებლის სიხარული გააორმაგა. არ მოვყვები იმის აღწერას, თუ რა ხდებოდა ბატონი რეზო ჩხეიძისა და ნუგზარ შარიას - „ოსტატისა და შეგირდის“ ერთად გამოჩენისას, ანაკლიასა და ზუგდიდში, ქალაქის ბულვარში და დადიანების სასახლე-მუზეუმში, კინოდარბაზ „ატრიუმში“... ეს დიდი თემაა, მაგრამ იმას კი ვერ ავუქცევ გვერდს რა ხდებოდა დარბაზში ბატონი ნუგზარის გამოსვლისას - ორმოცდასამი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ ნუგზარ შარიას დადიანების სასახლეში დაწყებული საუბრის სიმძაფრე დარბაზშიც შემოჰყვა.

 

სამურზაყანოში დაბადებულს და „ენგურის ნაპირებზე“ გაზრდილს, თვალწინ მშობლიური თაგილონი დაუდგა, სადაც მამა-პაპათა საფლავებთან მისვლა აუკრძალეს, ზეცისკენ ხელებაპყრობილმა მაყურებელს „იქნებ ბიჭო პაპა იყო შენი, საფლავშიაც ბორკილები ედო!“ რომ წაუკითხა, ჩამოსულ სტუმრებსაც განუახლა აფხაზეთის ტრაგედიით გამოწვეული მოუშუშებელი იარა, თორემ ადგილობრივებს მას რა დაავიწყებს!..

 

ოვაცია და ცრემლები მანამ გაგრძელდა ვიდრე ბატონი რეზო ფეხზე ადგა და დარბაზი სმენად იქცა:

 

„ყველა გამომსვლელს და სტუმარ -მასპინძელს გულითად მადლობას ვწირავ, რაც შეეხება ნუგზარის გამოსვლას, მე იგი უთქმელადაც ჩამესმოდა მუდამ... ამ ბოლო დროს, საქართველოში, ცნობილი ხელოვანების ვარსკვლავების ჩადგმა დამკვიდრდა მათი ასპარეზი ადგილების თვალსაჩინო ალაგას. როგორც ვატყობ, ვერც მე და ნუგზარი გადავურჩებით ამ სასიამოვნო „განაჩენს“ და, თუ ეს ასე უნდა მოხდეს, მაშინ დავიბარებდი - ჩემი ვარსკვლავის გვერდით, ჩემი ერთგული მოწაფისა და მეგობრის ნუგზარ შარიას ვარსკვლავი ჩაიდგას!“

 

უსასრულო ოვაციები მოჰყვა ქართული კინოს პატრიარქის, ბატონი რეზო ჩხეიძის სამადლობელ სიტყვა-ანდერძს!..

 

ვიღაცამ იხუმრა:

 

„ეს ოვაცია, ენგურს გაღმა, შარიების ოდაბადეს მიწვდებაო უთუოდ!“

 

ბატონო დავით, ჩემამდე მოვიდა ხმა, რომ ბატონი ნუგზარის ვარსკვლავის ჩადგმის საკითხი გააქტუალურდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემერთა - ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, თუ დროს მოძებნით და მცირე დროით შეხვედრას დამინიშნავთ, საინტერესო მოსაზრებებს მოგაწვდით ამ თემაზე. საქართველოში ვიქნები 12 თებერვლამდე.“

 

სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიმიღია.

 

რას ვიზამთ, „თბილის ქალაქის თავი“ მეტად დაკავებული კაცია, ვერ მოიცალა ალბათ!

 

სამაგიეროდ უამრავი ადამიანი გილოცავთ ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, მეც ვუერთებ მათ ჩემს ხმას!

 

თბლისი, 2016 წლის 20 თებერვალი.

 

ამ წერილის დაწერიდან ხუთი წელი გავიდა და დღეს, 19 თებერვალს ბატონი ნუგზარი 80 წლის გახდა!

 

საქართველოში, რამდენიმე მამულიშვილს თუ გაახსენდა, ალბათ, ბატონი ნუგზარის საიუბილეო თარიღი. ჩვენ კი, იგი არ დაგვვიწყებია!

 

არ დაგვვიწყებია, იმიტომ, რომ:

 

ნუგზარ შარია და ენგურს გაღმა საქართველო, დღეს, ისევე შორია, როგორც „ენგურის ნაპირებზე“ გაზრდილი ბიჭი, ბატონი რეზო ჩხეიძის თქმით:

 

„ენგურის, მტრის ხელით დაშორებული, ორივე ნაპირის გამაერთიანებელ ერთადერთ დესპანად რჩება!“

 

როგორც, ბატონ ნუგზარის შვილმა, ასევე ცნობილმა მსახიობმა, ზურაბ შარიამ გვაუწყა:

 

დღეს, 19 თებერვალს, ნუიორკში, ბროდვეიზე, ჯოზეფინ ლევინის თეატრში აღნიშნავენ ნუგზარ შარიას 80 წლის იუბილეს, რაც ერთი კვირის წინ  თეატრის დირექტორმა ტედ ნენმა შეგვატყობინა.

 

მამამ მადლობა მოუხადა თეატრს დაფასებისთვის და სინანულით აუწყა, რომ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 19 თებერვალს, ვერ დაესწრება მის საიუბილეო საღამოს.

 

პასუხად, იუბილარს დაუდასტურეს, ეს მათ ხელს არ შეუშლის დაგეგმილი საღამოს ჩატარებაში და შეახსენეს, იმავე დარბაზში, 75 წლის იუბილეზე, სტივენ სპილბერგის მისალოც გამოსვლაში ნათქვამი სიტყვები:

„ნუგზარ შარია უდავოდ მოიაზრება ბროდვეის ხელოვანთა ოცეულშიო!“ 

 

 

ზემოთ ვახსენე, თბილისის მერს პრობლემებს და საზრუნავს რა გამოულევს, მაგრამ იმედს გამოვთქვამთ:

 

ბატონი კახი კალაძე საგანგებო ყურედღებით მოეკიდება აშშ-ს ოთხი ყოფილი პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულის საქართველოში, საქართველოს სახალხო არტისტის, გერმანიის სახალხო არტისტის, ისრაელის დროშის საპატიო მფლობელის, ბროდვეის თეატრის არტისტის, საქვეყნოდ ცნობილი ჩვენი თანამემამულის, ბატონ ნუგზარ შარიას დამსახურების დაფასებას და დიდი ქართველი რეჟისორის ბატონ რეზო ჩხეიძის დანაბარები მისი ვარსკვლავის გვერდით ნუგზარ შარიას ვარსკვლავის ჩადგმაც აღსრულდება!

 

 

ჩვენ კი, საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“ და მისი ერთგული მკითხველების სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ნუგზარს 80 წლის იუბილეს, ხანგრძლივ ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ მას!

 

 

დავით ქობალია