Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (4)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
10-03-2021, 12:35
ნანახია: 624

ნოდარ ჭითანავა - ღვაწმოსილი საზოგადო მოღვაწე, ნოვატორი მეცნიერი, ღირსეული მოქალაქე

ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და  მეცნიერ-ეკონომისტის ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 85 წელი შესრულდა. რეგალიებისა და დამსახურებების ვრცელი ჩამონათვალის გარეშეც კი, მხოლოდ ამ გვარ-სახელის ხსენებაზე, უფროსი თაობის ადამიანებს პატივისცემის, მოწიწების განცდა ეუფლებათ.

 

ნოდარ ჭითანავას ზემაღალი ერუდიცია, უბადლო ნიჭი, განვლილი გზა, გაკეთებული საქმე, თავგანწირვა და ათას ქარტეხილს გამორიდებული უმწიკლო ბიოგრაფია საზოგადოებას კარგად ახსოვს - ბატონი ნოდარის კარიერულ წინსვლას მუდმივად ახლდა თავდაუზოგავი შრომა, ტოლუპოვარი კვალიფიკაცია და უბადლო კომპეტენცია; მცირესა თუ უმაღლეს სამსახურს თანაბრად მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, უანგაროდ იღვწოდა და გადაწყვეტილებებს დაფიქრებით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მიზანშეწონილობაზე გათვლით იღებდა. ამადაც შერჩა იგი კეთილშობილების, ღირსების, ერისშვილობის მაღალ ოლიმპოს და საზოგადოებისგან დამსახურებულ სიყვარულს იმკის!

 

ოდარ ჭითანავაზე თამამად შეიძლება ყველაზე აღმატებული ფორმით გამოხატო დამოკიდებულება და მაშინაც, შესაძლოა, გამოგრჩეს შესაფერისი ეპითეტი. იგი, - გამოცდილებით დახუნძლული და მასშტაბური ხედვის, მოვლენათა განვითარების განჭვრეტის უნარით მადლმოსილი დიდი მოაზროვნე, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის გარდაქმნების უახლოეს ისტორიაში ყველაზე ჩახედული, ობიექტური და პირუთვნელი მემატიანეა.

 

ნოდარ ჭითანავა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ეპოქის მკაცრი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა, მენტალურ და სისტემურ ცვლილებებს სწრაფად და სწორად აუღო ალღო. მალევე გამჟღავნდა მისი ორგანიზატორული და საქმიანი თვისებები. მოვლენების უზადო შეფასების, მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარის მეოხებით, წარმატებულად მიიკვლევდა აღმავალ გზას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში და ყველაზე ურთულეს დროს - აბობოქრებული ეროვნული მოძრაობის აღზევების, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირებისა და ახალი სახელმწიფოებრივი საფუძვლების ჩამოყალიბების ეტაპზე მოუწია ყოფილიყო ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი ინსტიტუციის - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მან საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სამსახურის იერარქიის ყველა საფეხური ისე აიარა, ფეხი არსად წაუკრავს, არ წაბორძიკებულა. თანამდებობიდან წამოსვლაც ღირსებით შეძლო და მერეც აღმშენებლობაზე ფიქრს, ზრუნვას, სამსახურს არ ჩამოცილებია - როგორც  ურყევი, ფესვმაგარი ბერმუხა, ახლაც რუდუნებით, ქვეყნის განვითარების სტარტეგიის განსაზღვრის, გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების პერსპექტივის უზრუნველყოფის ფერხულში დგას.

 

მისი სიბრძნის, წინდახედულობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების დამსახურებაა,  რომ სოციალისტური ეკონომიკის ფორმაციული ტრანსფორმაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირების პროცესები განსაკუთრებული გართულებების გარეშე წარიმართა.

 

დიახ, ბატონი ნოდარი სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ნიჭის და გამოცდილების განსახიერებაა, ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო ერს, სამშობლოს, როგორი რუდუნებითა და ერთგულებით აკეთო საზოგადო საქმე, იყო მასშტაბურად მოაზროვნე და გამორჩეული. 

 

სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობის წარუშლელ კვალსა და დამსახურებებთან ერთად, ფასდაუდებელია ნოდარ ჭითანავას ინტელექტუალური საგანძური - მეცნიერული მოღვაწეობა. იგი ჩვენი დროის დიდი ნოვატორი მეცნიერია, ქვეყნის ბედსა და მომავალზე ღრმად დაფიქრებული მამულიშვილი, რომელსაც თავდადებული შრომით, უნიკალური გამოცდილებით და აქტიური მეცნიერული მოღვაწეობით საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.  

 

მის სამეცნიერო ნაშრომებსა თუ მონოგრაფიებში ასახულია ღრმა ფიქრის, განსჯის, საკუთარი გამოცდილებისა და ემოციის წიაღში გამოვლილი მოსაზრებები, რომლებსაც, შესაძლოა, თამამად დაეფუძვნოს საქართველოს განვითარების სტრატეგია და  სახელმწიფოს ეროვნული იდეოლოგია.

 

ნოდარ ჭითანავას მეცნიერული მიღწევები განსაკუთრებით გამოიკვეთა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა იგი სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ბატონი ნოდარის ხელმძღვანელობით, უშუალო მხარდაჭერით, ათეულობით მაძიებელმა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები დაიცვა. ისინი დღეს წარმატებით აგრძელებენ ხელმძღვანელის მიერ გაკვალულ გზას - სამეცნიერო-კვლევით თუ პედაგოგიურ საქმიანობას.

 

ნოდარ ჭითანავას მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილება ასახულია მის ფუნდამენტურ ნაშრომებში „საბაზრო ეკონომიკა და აგროსამრეწველო კომპლექსის მართვის სრუყოფის პრობლემები“, „საბაზრო ეკონომიკის ფორმირების ორგანიზაციული პრობლემები“, „შერეული მრავალწყობიან სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა“, „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“ (3 ნაწილად), „სოციალური ეკონომიკა, ფორმირება, განვითარება“, „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“, „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“.

 

ნოდარ ჭითანავას მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი ორიენტირია ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ფასეულობების იდენტურობა. ეს ყველაზე ნათლად გამოიკვეთა 2000-იან წლებში გამოცემულ კრებულში: „ვაშინერს ბატონებო, საქართველოს დაშლა“, სადაც მისთვის ჩვეული სიღრმითა და პირდაპირობით ამხელს იმ მეტასტაზებს (დაპირისპირებას), რაც ყოველთვის უშლიდა და დღესაც უშლის ხელს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობას;

 

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ მისი მონოგრაფია: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“, უნიკალური „სამეცნიერო განძია“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდგომი პერიოდის ეკონომიკური გარდაქმნების შეფასება, ავტორის უკიდეგანო გამოცდილება, იდეები და საქართველოს განვითარების სტრატეგიაზე მოსაზრებები. 

 

განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა ნოდარ ჭითანავას წერილების სერია: „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში... გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური წახნაგები“, რომელიც მიეძღვნა კორონავირუსის ეპიდემიით შექმნილ გლობალურ გამოწვევებსა და აქედან გამომდინარე, კრიზისულ მოვლენებს. მეცნიერი პირველი გამოეხმაურა მასშტაბურობით, საუკუნის დასაწყისის ამ უდიდეს დამანგრეველ მოვლენას და განსახორციელებელ პრევენციულ, ანტიკრიზისულ და პოსტპანდემიური პერიოდის ღონისძიებებზე  მეტად საინტერესო მოსაზრებები შემოგვთავაზა. 

 

მის სამეცნიერო კვლევებში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს სტრატეგიული განვითარების პრობლემებს, ეროვნული თანხმობის აუცილებლობას, ურომლისოდაც შეუძლებელია სახელმწიფოს არსებობა და განვითარება, გლობალურ პროცესებთან ადაპტირება და საქართველოს დამკვიდრება ცივილიზებულ სამყაროში.

 

ნოდარ ჭითანავა ახალი თაობებისთვის გზის გამკვალავი, დამრიგებელი, ერისშვილობის, პატრიოტული სულისკვეთების მაგალითია. საუკუნეებს გადასწვდება ახალგაზრდებისთვის მისი მიმართვა: „იყავით ჩვენზე ძლიერი, ჯანმრთელი, მართალი, მუდამ და ყველგან ერთგულად ემსახურეთ სამშობლოს“. 

 

„მაღალი ნიჭი, ცოდნის თანამედროვე ჩარხზე გალესილი ჭკუა, ქვეყნის წინაშე უზენაესი პასუხისმგებლობა, ჩაკირულ-ჩადუღაბებული ქართული პატიოსნების ბალავარში - ის პირობა-ფაქტორია, რომელიც 21-ე საუკუნეში საქართველოს აღმავლობის დიდ გზაზე გაიყვანს“.

 

ვულოცავთ ბატონ ნოდარს სახელოვან იუბილეს. დღეგრძელობასა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებთ. 

 

მეგობრების სახელით

ოთარ ფაცაცია, გურამ ალექსიძე, გონერ არახამია, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, გივი ბედიანაშვილი, ვაჟა ბერიძე, დემურ გადელია, ლაშა გვასალია, ლარისა თაკალანძე, მურმან კვარაცხელია, იგორ კვესელავა, პაატა კოღუაშვილი, ლევან მებონია, ნაპო მესხია, გიორგი ნაჭყებია, მურმან ნაჭყებია, ზაურ ნაჭყებია, გური ოტობაია, იური პაპასქუა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზურაბ ხონელიძე, ოთარ ხუფენია, მიხეილ ჯიბუტი, ბონდო ჯიქია, დავით ჯალაღონია.