ზაურ ნაჭყებია: რას გვპირდება „სახალხო ლაშქარი“?!

ზაურ ნაჭყებია: რას გვპირდება „სახალხო ლაშქარი“?!

 

გუშინ, ქუთაისში ჩატარებულმა მრავალათასიანმა აქციამ დაამტკიცა, რომ ხალხს ჯერ კიდევ გააჩნია აქტიური პროტესტის, სახელმწიფოს აშკარა ღალატთან შეუგუებლობის უნარი.

 

ნიშანდობლივია, ისიც, რომ საპროტესტო მუხტი აგორდა არა ბოლომდე მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიების ინიციატივით, არამედ, რიგითი ადამიანების ძალისხმევით, რომლებმაც იგრძნეს, თუ რა მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონია წინა და დღევანდელ ხელისუფლებას.

 

საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გააცნობიერა ისიც, რომ დღეს დუმილი ერის სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფაზე თანხმობის ტოლფასია.

 

სხვათაშორის, ამ სპონტანურად აგორებულ მოძრაობას მხარს უჭერს შრომით ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილიც. ისინი საკუთარ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.

 

დიახ, გუშინდელმა აქციამ, რომელსაც რამდენიმე გამაფრთხილებელი აქცია უძღოდა წინ, დაადასტურა, რომ ხალხში პროტესტის გრძნობამ გაიღვიძა, რომ ხალხი „ყველაფერს არ ჭამს“ (არ შეეგუება)!

 

თუმცა, მთავარია გავიაზროთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს „სახალხო ლაშქრობა“ მასობრივ პროტესტში გადაიზრდება და საბოლოოდ მძლავრი პოლიტიკური მოძრაობის სახეს მიიღებს?!

 

ცხადია, ნამახვანჰესისა და ზოგადად, რიონის ხეობის პრობლემების გარშემო აგორებული პროცესი სისხლხორცეულია ერის მომავლისთვის, მაგრამ, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ის ძირითადი მიზეზი, რომელმაც უნდა შეკრას ზოგადად საზოგადოება, რომ ხელისუფლების მხრიდან მომავალშიც მსგავსი ღალატი გამოირიცხოს!

 

ისმება კითხვა:

რა სარგებლობისა და ზიანის მოტანა შეუძლია ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს, თუ ეს მუხტი სწორ კალაპოტში არ ჩადგება და მითუმეტეს, თანმიმდევრულ, უწყვეტ ხასიათს არ მიიღებს?!

 

1. სამწუხაროდ, პროტესტის ძირითადი მახვილი მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების წინაააღმდეგ, რომელმაც გააფორმა ეს კაბალური ხელშეკრულება, მაგრამ, ნაკლებად ისმის საპროტესტო ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, ვინც სათავე დაუდო ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, ბოლომდე ვერ მიიყვანა!

 

2. ჯერ კიდევ უცნობია „ამბოხებულთა“ სტრატეგია. მათი ძირითადი სამიზნე რიონის ხეობისა და ნამახვანჰესის გადარჩენაა თუ ე.წ. „სახალხო ლაშქრის“ ფორმირება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესებში და საბოლოოდ პოლიტიკური ველიდან განდევნის წინა და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ წარმონაქმნებს?!

 

3. უდავოა, რომ სახალხო პროტესტის ქუთაისში გადატანა და მხოლოდ კონკრეტული პრობლემის გარშემო გაერთიანება, ხელისუფლებას აძლევს მანოპულირების საშუალებას, რაც მთავარია, ასუსტებს (ენერგიას აცლის) საპროტესტო მუხტით გაჟღენთილ ადამიანთა ჯგუფს.

 

4. საპროტესტო მახვილის მხოლოდ ხელისუფლებაზე მიმართვა, ე.წ. ოპოზიციის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც, ბუნებრივია, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ - ხალხი კი პირში ჩალაგამოვლებული დარჩება!

 

5. იმისთვის, რომ შენარჩუნდეს საპროტესტო მუხტი და პროცესებმაც საყოველთაო ხასიათი მიიღოს, აუცილებელია გაფართოვდეს მოთხოვნები (ულტიმატუმი ხელისუფლების მიმართ სხვა არსებით პრობლემებზე) და მოძრაობას ორგანიზებული (თანმიმდევრული) ხასიათი მიეცეს, სადაც აუცილებლად გამოიკვეთებიან წინამძღოლებიც (სიტყვა „ლიდერი“ იმდენად გაცვეთილია, უკვე უარყოფითი დატვირთვა შეიძინა).

 

6. კატეგორიულად უნდა აიკრძალოს მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიებისა და ე.წ. ლიდერების მონაწილეობა მსგავს საპროტესტო აქციებში - მათ ფარისევლური და მოღალატეობრივი პოლიტიკით, კარგა ხანია დაამტკიცეს მავნებლობა საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

 

ერთი სიტყვით, ეროვნული მუხტის სწორ კალაპოტში ჩაყენება და ასევე სწორი სტრატეგიის ფორმირება, იქნება ის ძირითადი ბერკეტი, რომელიც ქვეყანას მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნის!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: