„კარიმარი, კარიმარა!“ ანუ აბსურდის თეატრი

„კარიმარი, კარიმარა!“ ანუ აბსურდის თეატრი

ყველა ქვეყნის ცხოვრებაში ჟამიდან ჟამამდე ბობოქარი გონის აფეთქების დრო დგება. გაგიხარია, ეს რომ პროგრესისა და საყოველთაო სიახლის საწინდარი იყოს, მაგრამ როცა ის ემსახურება სხვა სამყაროში მოხარშული ცინიზმის შემოქმედთა ილუზიების დაკმაყოფილების სინდრომს, ძნელია, ნდობით აღივსო შენი ქვეყნის „ძე შეცდომილთა“ მიმართ...

 

დაინგრა დიქტატურა, დაიბადა (ჩვენთვის) კაცობრიობისათვის არცთუ ისე დაღვინებული დემოკრატია. ეს რომ საუკეთესო არაა, ჩვენთვისაც არ ახალია, ძველია. ცნობილია, რომ ტერიტორიული ნიშნით შექმნილი საზოგადოება, ქვეყანა მისი (ზოგჯერ!) საუკეთესო წარმომადგენელებისაგან ქმნის სახელმწიფოს საკუთარი ცხოვრების წარმართვისთვის. ასე შეიქმნა ძველი სისტემის ნანგრევებზე კვაზი ხარისხის მატარებელი სახელმწიფო, სადაც მკაცრად ჩამოყალიბებული თვისობრივი მონაცემები არ სჭირდება ჰომოსაპიენს იმისათვის, რომ იდგეს სახელმწიფოს მართვის სათავეებთან  და დემოსის ნება მოარგოს თავის არცთუ ისე ჯანსაღ ინტერესებს.

 

ასეთი მდგომარეობა არაჯანსაღია და მყიფე ბოძებზე დგას. მისი რყევის ამპლიტუდა ქანქარასავით მოძრაობს და პროგრესს ნაკლებად უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ამის ნათელი მაგალითია ახლად დაბადებული სახელმწიფო, რომელიც სამი ათეული წელია უსუსური ბავშვივით გამოიყურება. ყველაზე ძლიერი დამანგრეველი ბანგი, სახელმწიფოს ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ერთ დროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულის ოჰაბიტაციური მიტევება, დემოკრატიის მის ტანზე მორგებულ მანტიაში გახვევა და ისევ მბრძანებლის მწვერვალზე აბობღვის შესაძლებლობის სურვილი, ქვეყანას ძალაუნებურად ერეკება ქაოსისა და უიმედობის ბურუსში. თვითდაჯერების  ინსტინქტი იმდენად გამჯდარი აქვთ დაბურულ გონებაში, სხვა, ვისაც ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ქვეყნის ბედის გაურკვეველი მომავალი, ადვილად ხვდება მათ ნასროლ ბადეში. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება იხლიჩება ორად, მდინარის ერთ ნაპირზე რჩება ძირითადი მასა, მეორე ნაპირზე - მემაბოხეთა კასტა. მთავარი ნაპირის ბინადარნი მათ სინანულით ადევნებენ თვალყურს და ცოდვილებად მიიჩნევენ. ეს იმიტომ, რომ  ერთი მძლავრი და საყოველთაო ბერკეტი აერთიანებთ სახელად დემოკრატია. თუმცა სად იწყება და სად მთავრდება დემოსის უფლებების დაცვა-დარღვევის ფილოსოფია არავინ იცის და არც არავის ინტერესებშია. ორივე ერთნაირად დადის მაგიურ წრეზე და არც კი ცდილობენ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმას. მათ შორის ხომ დემოკრატია არის წამოწოლილი!  შორიდან დუმილი (ხმამაღალი ლაპარაკი არავის ესმის!) მათ ქმედებას ორ სიტყვაში აქცევს - „კარიმარი, კარიმარა!“ (რაბლე) - მარჯვნივ წახვალ ინანებ, მარცხნივ წახვალ, მაინც ინანებ! 

 

„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ მართლა რა „აჭამა“ ამ ხალხს „სეთურის“ დემოკრატიამ! თუმცა, კამიუს თუ დავესესხებით, დემოკრატიის მთავარი მონაპოვარია „ყველაფერი ნებადართულია ნიშნავს, არაფერი არ არის აკრძალული?!“ რამეთუ ასეთ მიდგომას მივყავართ აბსურდამდე!

 

დიახ, ქვეყანა გადაიქცა აბსურდის თეატრად! აი, ახალი ჰომოსაპიენსების მიერ ღია ცის ქვეშ ჩამოყალიბებული აბსურდის თეატრი თავისი ავანსცენით! თუმცა ბოლო მაინც ერთი იქნება. დიახ ბატონებო, შეეგუეთ,  - „აბსურდი არ ათავისუფლებს, ის ბოჭავს, ის ყველაფრის ჩადენის უფლებას არ იძლევა. ყველაფერი ნებადართული არ ნიშნავს, რომ არაფერია აკრძალული!“

 

დღეს კი, ჯერჯერობით, აბსურდის თეატრი ნელ-ნელა წინ მიიწევს თავისი პოსტულატებით. აბა ვნახოთ, რას გვიქადის ეს უაზრო წარმოდგენა. ავანსცენაზე გახუნებული ფარდა ჰკიდია და არც ჩამოეშვება სცენის დასახურად. მაშ, რა სახის აბსურდთან გვაქვს საქმე, ჩემო დემოსისა და კრატოსის თაყვანისმცემლებო?! 

 

ქვეყანას, რომ პატრონობა სჭირდება ამ „საოცარ და მახინჯ“ სამყაროში, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა. ეს განსაკუთრებით ჩვენზე ითქმის, ვინაიდან, კარგად ვიცით, როგორ „შაგრენის ტყავივით“ პატარავდებოდა ჩვენი მიწა-წყალი, სხვები კი იზრდებოდნენ ჩვენს ხარჯზე! სწორედ ეს ალაპარაკებდა და აწუხებდა ერის მამას ილია მართალს, როცა გვმოძღვრავდა „ჩვენ თუ არ ვუპატრონეთ ჩვენს მშვენიერ მიწა-წყალსა, მას, როგორც უპატრონო ეკლესიას,  ეშმაკები დაეპატრონებიანო.“ ქვეყნის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმთვრესი გზა ერის გამთლიანება, საერთო ნიადაგზე დგომა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნვაა. 

 

ქვეყანას სჭირდება ჭეშმარიტი ჭირისუფალი. სამყაროს ყველაზე მრისხანე მსაჯული, დრო არავის და არაფერს არ ელოდება. შენ უნდა ნახო გზა და სახსარი წინსვლისთვის, რამეთუ მედროვეებსა და საკუთარ კეთილდღეობას გამოკიდებულებს ნაკლებად მიუღწევიათ საერთო ბედნიერებისთვის, ისინი საკუთარი საზომით უდგებიან ქვეყნის ბედსა და უბედობას, იმ განსხვავებით, რომ მათთვის საკუთარი სიმშვიდე და სიმდიდრე „განსაცვიფრებლად არის მთავარი“. დღევანდელობამ კი თავისი წიაღიდან ზედაპირზე ამოატივტივა გაუნათლებელთა და უტიფართა გაურკვეველი მასა, რომელიც ირონიით ცდილობს ქვეყნის სათავეში ხელმეორედ მოქცევას და მბრძანებლის  კვერთხის ხელში დაჭერას. ამ გზაზე მათგან დანდობის ელემენტები მთლიანად იგნორირებულია და ყოველგვარი აკრძალული ხერხი მისაღებია დემოკრატიისა და „მეგობარი ქვეყნების“ სიტყვიერი მხარდაჭერის საბაბით. ისინი აბსურდის იდეებით იკვებებიან და თავიანთ მეხოტბეებსაც შთააგონებენ იგივეს. მათთვის უცხოა ქართული ერის წინაშე დასმული ისტორიული კითხვა - „რანი ვართ და რანი შეიძლება ვიქმნეთ!“ ილიას ეს ცნობილი შეგონება მათი ინტერესების სფეროს ბევრად სცილდება. ეს აბსურდისკენ გადადგმული კიდევ  ერთი ნაბიჯია... 

 

ქვეყანას წინსვლა და სიყვარული სჭირდება, ბატონებო!  დღევანდელი ავანსცენის ნიღბიანი გმირები კი ისევ და ისევ იშველიებენ დემოკრატიის უზოგადეს და ქიმერულ პრინციპებს. ამან განაპირობა ის, რომ ხალხის ღვთიური ნების აკუმულირება (უტიფართა ყვირილისა და ბღავილის ფიონზე!...) ერთი მუჭა სირცხვილის ზღვარგადასულ პერსონათა ხელში აღმოჩნდა. ისინი მოქალაქეების სახელით დღენიადაგ აფრქვევენ  თითიდან გამოწოვილ გამოგონილ „ახალ-ახალ“ თემებს და ცდილობენ, ცრურწმენის გახუნებული უსახური აზრები მოახვიონ ისედაც უამრავი სიდუხჭირის წინაშე მდგარ ადამიანებს. ამის საბოლოო მიზანი არცთუ ისე შორეულია, გათვლილი სხვის ნებაზე ბატონობასა და საკუთარი უპირატესობის მიღწევაზე. 

 

შეუძლებელია, სრულ ჭკუა-გონებაზე მყოფმა ადამიანმა იწამოს ამ უტიფართა მიერ გამოგონილი ვირტუალური სამყაროს, „მარტოობის ასი წელიწადის“, ნათელი მომავალი.

 

დროთა მდინარება ერთ უმკაცრეს კანონს ემორჩილება, რომელიც სულმნათმა ილიამ ერთ თეზაში  მოაქცია - „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო, მომავლისა.“ ეს ნიშნავს კავშირის უწყვეტობას ამ სამ დროებას შორის, პატივისცემასა და აღიარებას იმ საძირკვლისა, რომლის მხრებზე დგას მყობადიცა და მომავალიც. ყოველგვარი წარსული, უახლესი წლების ნაშემოქმედარიც, თურმე, მათი აზრით, აბსურდია და ეს არ შეიძლება მომავლის საზოგადოებას ბალავრად გამოადგეს. მხოლოდ და მხოლოდ მათი „სეთურისებური“ ხედვაა, ის, რომ წინაპართა მიერ ჩაყრილი საძირკველი თურმე ფუყე ქვებით ყოფილა ავსებული,  არის წარსულისადმი ნიჰილისტური და ამავე დროს უპატივისცემლო დამოკიდებულებების შედეგი, რომელსაც ასე რუდუნებით ახმოვანებენ აბსურდის თეატრის ყალბი მსახიობები. ისეთ ზეაფსურდამდეც კი მიდიან, რომ ამაყად აცხადებენ, თითქოს ეს ქვეყანა მაგათ შექმნეს.

 

წარსულის გამოცდილების გაზიარება, შეფასება და მისგან რაციონალურის აღება  ერის წინსვლის საწინდარია. მან თავისი მძიმე ტვირთი ატარა ისე, როგორც შეეძლო, მომავალს კი დაუტოვა ფიქრისა და განსჯის საშუალება, დიდი გამოცდილება. ღირებულებათა შკალა შეიცვალა. ყოველივე ამის სწორად და ღრმად გააზრებას დიდი ნიჭი და შემართება სჭირდება, უნდა შეგეძლოს იმ მიზიდულობის დაძლევა, რომელიც ყოველთვის უკან გექაჩება და შენ კი გგონია, რომ წინ მიდიხარ. ჯერ კიდევ არ იციან აბსურდის თეატრის გმირებმა, რომ ორი შედეგობრივი არჩევანის წინაშე დგანან, ან დარჩნენ ავანსცენაზე მარადიულ ირეალური სამყაროს მარგინალურ გმირებად ან ნელ-ნელა დატოვონ ტრაგიკომედიის მაყურებლის გარეშე დარჩენილი სივრცე და ისევ საზოგადოებას დაუბრუნდნენ. მათ ავიწყდებათ დიდი იოანე საბანისძის შეგონება: „მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაის“ ჭეშმარიტება.

 

როგორც ჩანს, ჯერჯერობით, „შორია გურჯისტანამდე“... ჯერ კიდევ მტკიცედაა ფესვებგადგმული ქართველთა ისტორიულ გენეტიკაში სხვისი მოიმედობისა და მათ მოწოდებაზე უაპელაციოდ ყურის გდების სინდრომი. ეტყობა, ჯერ ვერ გათავისუფლდა ქართველთა ზნე-ჩვეულება თავისი ქვეყნის გარეთ ხსნის გზის ძიებისგან და უჭირს საკუთარი ქვეყნის ისტორიული განვლილი გზის ჭეშმარიტების დანახვა. რა გამოდის? მართლაც ყველაფერი ნებადართულია მავანთათვის და არაფერი არ არის აკრძალული?! ...ეს ხომ ეროვნული ღირებულებების დაკნინებაა. 

 

ჩვენდა საუბედუროდ, აბსურდის თეატრი ისევ თავის სტიქიაშია. ავანსცენაში ჩაკეტილი უნიჭოთა ბრბო არაფერს და არავის უწევს ანგარიშს. მათ ხომ „სეთურისტების მამები“ და მათ მიერ გაღმერთებული „დემოკრატია“ იცავს, რომ თმა არ ჩამოუვარდეთ. მათი მიზანია დაღალონ საზოგადოება და სახელმწიფო(!) უკიდეგანო ყირამალობითა და მაისის კატის კნავილით. მაგრამ მათთა საუბედუროდ და ჩვენდა საბედნიეროდ  (ისინი ხომ აღიარებენ საზოგადოების პოლარიზაციას და არ შეიძლება ამაში არ დავეთანხმოთ მათ!) ავიწყდებათ ერთი დიდი ჭეშმარიტება - „არ არსებობს უნაყოფო და უიმედო შრომაზე საშინელი სასჯელი“ (კამიუ). აქედან ლოგიკური  დასკვნის გაკეთება შეიძლება - ეს ყველაფერი არაფერია, მათ მიერ არჩეული გზა გვარწმუნებს იმაში, რომ უფარდო ავანსცენის მოქმედი „გმირები“ „მძიმე, მაგრამ თანაბარი ნაბიჯებით მიემართებიან თავისი დაუსრულებელი სატანჯველისაკენ“. (ეს არის იმ ფიროსმანის შთაგონება, რომელიც მეთევზეს წითელ ფერებში  ხედავს)... 

 

მაგრამ ვხედავთ, რომ აბსურდის თეატრმა ნელ-ნელა, სპილოს სიდინჯით, შვა კვაზი ბელადი, რომელიც  საბოლოოდ ჩაიძირა აბსურდის სამყაროში. მით უმეტეს, უკვე ელანდება და ესმის (და ეს რეალურად ასე ჰგონია?!) „ჩურჩული ანგელოზთა“, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ მძიმეწონიან მტერზე, რომელიც მაცილის გამანადგურებელი ხარხარით ცდილობს „ბელადის“ მოკვდინებას. ის დარწმუნებულია აბსურდის თეატრის შორეული მაყურებლის სურვილისა და მოქმედების თანხვედრაში მტრის ავ მიზანთან. სეთურის გვირაბის მთხრელები კი მისი სურათის თანხლებითა და ნიანგის ცრემლებით „პოლიხრონიონს“ უმღერიან მათ „ბელადს“.

 

თუმცა, საზოგადოების დაღლა რომ ცალმხრივი არ არის, ესეც ცხადია. უკვე ახლოვდება აბსურდის თეატრის ავანსცენაზე უიმედო აპათეაში  ჩაძირული ჩამურული და დაღლილ-დაქანცული უნიჭო, ამორფული მასა, რომელიც ძლივს სუნთქავს. ამ აბსურდის თეატრის ბოლო მოჰიკანი მაღლა ღმერთისკენ ხელებაშვერილი ხრიალით ამოუშვებს  უკანასკნელ ამოსუნთქვას და მიკნავებული ხმით ძლივს იტყვის  - პოლიხრო... 

 

...გახუნებული ფარდა ისევ ჰკიდია უძრავად ავანსცენის თავზე. მაყურებელი იმედგაცრუებული და დამარცხებული ნელ-ნელა ტოვებს დარბაზს და იძირება თავის ტკივილსა და უიმედობაში, სადღაც გულის კუნჭულში დარჩენილი ბოლო „იმედის“ საძებნელად... ყურში კი დაუსრულებლად ჩაესმის „დამოუკიდებლობა“...  „დიქტატორი  და დიქტატურა“...  და ყველაზე ახლობელი და შორეული სიტყვა „დემოკრატია“... 

 

აბსურდის თეატრი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რეალური ცხოვრება გრძელდება... თუ მოვიშველიებთ ქართული გონის წინასწარმეტყველურ სიბრძნეს, ცხადი გახდება სამომავლო ვექტორთან  როგორი დიდი სიფრთხილე გვმართებს... 

„რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა... მოკვდა!“ (მ. ჯავახიშვილი). თქვენ არ გაგაჩნიათ სამყაროს ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა - სიყვარული. შეგიძლიათ ლაფში  ამოთხვაროთ ყველა ის ქართველი, რომელიც თქვენთვის მიუღებელია, როგორი ქველმოქმედიც არ უნდა იყოს იგი. თქვენი ბელადი უტიფრად იმეორებს თავის საყვარელ ფრაზებს: „პუტინის მონებო!  ივანიშვილის ლეკვებო!“

 

ქართველი ერის „მეორე სვეტი“ ილია მართალი რამდენი ხნის უკან ბრძანებდა - „სამშობლოზე არ აღმართო ხელი და ხმალი! არასოდეს, გესმის? არასოდეს! რაც უნდა მოხდეს! რაც არ უნდა მოხდეს! რაც არ უნდა შეგპირდნენ! (!!!) რა მუქარითაც არ უნდა დაგაშინონ!“... 

 

ეს დიდი გაფრთხილება არ უნდა გახსოვდეთ, აბსურდის შემოქმედნო? დიახ, შემოქმედნო, იმიტომ რომ ყოველგვარი ხერხით ცდილობთ მიუღწეველი და რეალურ მომავალს მოწყვეტილი ილუზიებით კვებოთ ის არშემდგარი ჰომოსაპიენსები, რომლებიც სეთურის გამოგონილ სამყაროში სხედან და თავდაჯერებით კნავიან  „გმირი ბელადის“ სადიდებელ უნიჭოდ შეთხზულ მონოლოგებს!.. ისევ ილია მართალი: „უმეცრება და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია“... 

 

უთუ თქვენ არ ფიქრობთ, უმეცრებისა და უვიცობის მორევში რომ ხართ შეტოპილები, ეს ცხადზე უცხადესია. თქვენს თავზე „ჭირზე უფრო ჭირია“ დამტყდარი. ესეც სახეზეა. ამ დროს თქვენს მიერ სახელდახელოდ მოწყობილ ავანსცენაზე არ ჩანს ის „ჟანა დარკი“, რომელიც შესძახებს: „ჭკუით ქართველებო!“ (ჭ. ამირეჯიბი). ჩვენს უკან სამშობლოა! აქ თავმოყრილი უნიჭოების გროვა დღე და ღამე აბსურდული აზრებით საკუთარი თავის დარწმუნებასა და შთაგონებაში არიან, დაჯერებულნი ამ მიზნებისა და საქციელის ჭეშმარიტებაში. ეს კი ნიშნავს საკუთარი მეს გამეტებას „მარადიული სატანჯველისთვის“ აბსურდისკენ მიმავალი გზით.

 

თავიანთი იდეებით შთაგონებული აბსურდის თეატრის „გმირები“ პიროვნულ ზნეობას შესასვლელ კარებთან ტოვებენ. ისინი სრულიად „განბანილნი“ შედიან მოგონილ სამყაროში, რომელიც რეალურ გარემოს წაართვეს, თავისი ილუზიური რწმენით დახუნძლულები და არად დაგიდებენ მათი მოქალაქეობრივი ზნეობის საწყისებს... როდესაც ზნეობა არ სცილდება ამ „გმირთა“ შინაგანი ერუდიციის ღარიბ სამოსელს, ის ვერც მოაწესრიგებს თავის ქცევის ნორმებს. ეს კი შეუძლებელს ხდის დიდი სახელმწიფოებრივი ინტერესების მსახურების ვალდებულებას, რაც ვლინდება იმაში, რომ თავის პირად მოთხოვნილებებს ფარისეველთა საჭიროებებს უთანხმებს სახელმწიფოს ინტერესების იგნორირებით, რომელიც  სიცოცხლისა და კეთილდღეობის ყველაზე მძლავრი გარანტია.

 

აბსურდის ავანსცენის გმირები ერის სამსახურში დგომით კეკლუცობენ, თუმცა ერის ცნებაში არასოდეს იგულისხმებენ ხალხის სურვილსა და ნებას, თუნდაც, ეს უმრავლესობას ეხებოდეს. საინტერესო ისიცაა, რომ საკუთარი „მარტოობის ასი წელიწადის“ ილუზორული სამყაროს შექმნით, სამშობლოს ცნებას პირადი კრიტერიუმებით ზომავენ. მათ ავიწყდებათ ან, იქნებ, არც არასოდეს იცოდნენ და  უფიქრიათ ყველაზე ამაღლებულ და ყოვლისშემძლე ძალაზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია. „სიყვარული - უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ. მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს, ყოველივე ამას ზიარებული კაცი - მამულიშვილია, პატრიოტია“ (ჭ. ამირეჯიბი). როგორც ვხედავთ, აბსურდის თეატრის“ გმირები“, მათ „ბელადთან“ ერთად, მამულიშვილობასა და სამშობლოს ყველაზე გულანთებულ ჭირისუფლობაზე დებენ თავს. ეტყობა, მისი მთავარი არსი მათ არ ესმით, უბრალოდ, სურვილი აქვთ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ და ძალითა და და სხვა ხერხებით(!) შეიტყუონ მათ მიერ შექმნილ ავანსცენაზე და ამით მთელი ქვეყანა აქციონ აბსურდის თეატრად. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში მრავლადაა მამულიშვილური გრძნობით ანთებული „ჭკვასნიერი“ (ილია) კაცი, რომელიც კარგად ხედავს იმას, თუ ვის უნდა ანდოს მამულის ბედ-იღბალი და თვითონ როგორ დადოს აგური მის გასაბრწყინებლად.

 

მაგრამ, დღეს ნაღდი მამულიშვილების გვერდით ცრუ ჭირისუფალთა რიცხვიც მომრავლდა. პარადოქსი ისაა, რომ წარსულის ნოსტალგიით გათანგულნი და რეანიმაციის სენით შეპყრობილნი, დემოკრატიის საყვირით მთელ ქვეყანაში დარბიან და მის მხსნელ მესიად წარმოადგენენ თავს. ისინი უფრო შორსაც მიდიან. არად დაგიდებენ იმავე დემოსის ნებას და კვაზი დაპირებებითა და სიცრუის კორიანტელის დაყენებით, ცდილობენ ქართული სახელმწიფოებრიობა ბნელ წარსულში დააბრუნონ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ  მხოლოდ და მხოლოდ უკვე მილევადი აბსურდის თეატრის შემოქმედნი არიან...

 

დღეს კი, სახელმწიფო კარგად ხედავს რევანშისტებისა და სხვა გარე მოქილიკეთა უსარგებლო და უშედეგო ღავღავს. ისინი დემოკრატიის მოშველიებითა და ურცხვი მანიპულაციებით ცდილობენ დამალონ თავიანთი ნამდვილი მიზანი, უსუსურობა და სხვადასხვა უთავმოყვარეო ყოველგვარი ზღვარგადასული ქცევა და ჩაგრულებად წარმოადგინონ საკუთარი თავი. ეტყობა ქვეყნისა და ნორმალური ცხოვრების მოტრფიალე ადამიანების ნამდვილი ჭირისუფლობა მათთვის მიუღებელია, რადგან სიცრუის მანქანა უშედეგოდ თუხთუხებს  აფრენის მოლოდინში. 

 

დაბოლოს: აბსურდის თეატრის მოქმედ პირთა გალერეა საბოლოო დამარცხებისთვისაა განწირული. მალე დასრულდება ბელადომანიისა და წარსულში დაბრუნების მოსურნეთა ისტერიკული ღრიანცელი. მე კი, ვიტყოდი,  „რამეთუ კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კიჩხიბი მართლად ვალს“. 

 

გახსოვდეთ, „კარიმარი, კარიმარა!“- მარჯვნივ წახვალ, ინანებ! მარცხნივ წახვალ, მაინც ინანებ! მაშ, წინ და მხოლოდ წინ!

სამშობლოს ეიმედები,  ჯანსაღო ქართველო ერო! 

 

 

მურმან კვარაცხელია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: