მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ კავკასიელი და არავითარი ევროპელი!

მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ კავკასიელი და არავითარი ევროპელი!

შეუძლებელია ადამიანები ერთსა და იმავე თემაზე ერთნაირად ფიქრობდნენ - ასე რომ იყოს, მრავალფეროვნება დაიკარგებოდა და ცხოვრებასაც აზრი არ ექნებოდა.

 

თუმცა, არის თემები, რომელიც სისხლხორცეულად უკავშირდება ერის (სახელმწიფოს) სასიცოცხლო ინტერესებს და რომელზეც პოზიციის შეჯერება, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან, აუცილებელია.

 

მე პატივს ვცემ ნებისმიერ მოსაზრებას, თუნდაც, ჩემთვის არსებითად მიუღებელი იყოს იგი (ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება), მაგრამ, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი აზრი არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ვყოფილვარ გუშინდელი აქციის მონაწილე, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც რწმენითა და იმედით იდგა მთავრობის სახლის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ევროპას უმტკიცებდა, რომ არ გვინდა ოკუპანტი რუსეთი და ძალიან გვინდა ევროპულ ოჯახში შესვლა.

 

კი ბატონო, კარგია, რომ გვინდა, მაგრამ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ილუზიების ტყვეობაში?! ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო, არავინ მიგვიღებს, მოლოდინი კი დიდხანს გაიწელება.

 

სწორედ ამ მოლოდინში ისეთი „საშინაო დავალებები“ შეიძლება მოგვცენ, რომ მიუღებელი აღმოჩნდეს ქართველი ერისთვის!

 

მე პირადად, ოდესმე რომ მოისურვონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ნამდვილად არ მინდა ასეთი „ჯილდო“,  საკუთარი იდენტობისა და ეროვნული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე!

 

ეს რომ ასე იქნება, ევროპარლამენტის ცნობილი რეზოლუციიდან და ევროკომისიის დადგენილებიდანაც აშკარად გამოიკვეთა. უფრო მეტად არ დავკონკრეტდები...

 

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიპლომატიურად, მაგრამ, გასაგებად გვითხრა: საქართველოს წევრობის სტატუსს ვერ მივანიჭებთ, გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობის გამოო! ამაზე მეტი რა უნდა გვითხრან, რომ მივხვდეთ, იქ მივძვრებით, სადაც ჩვენს ადგილს ვერ ხედავენ?!

 

სხვათაშორის, ჭარბი ემოციურობა და „ხბოს აღტაცება“ ჩვენთვის, ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ აქციაზე.

 

შედეგი?

 

დაველოდოთ 24 ივნისს, იქნებ გული მოვულბოთ ევრობოსებს და წევრობის სტატუსი გვიწყალობონ?!

 

დავუშვათ, მოხდეს სასწაული და წევრობის სტატუსი გვიფეშქაშონ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად (ჯერ მათაც არა აქვთ გარანტირებული), ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა გარანტირებული აქვს?! აგერ მეზობელი თურქეთის მაგალითი ავიღოთ, რომელიც თითქმის 25 წელია ამაოდ ელოდება ევროპის ოჯახში შესვლას.

 

სამწუხაროდ, თუ რეალურად უყურებ მოსალოდნელ შედეგებს და ამას ღიად აფიქსირებ, უცებ დაგაცხრება ტვინამღვრეულთა და სპეციალურად დაგეშილთა სექტა და რუსოფილობას დაგაბრალებენ...

 

არა ბატონო, ჩემთვისაც ისეთივე საჩოთიროა რუსეთთან „ჩახუტება“, როგორც თქვენთვისაც, მაგრამ, რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს დასაკუთრებული და თუ ბევრს ვიკუნტრუშებთ, საერთოდ საკუთარ მარწუხებში მოგვაქცევს - მერე უყარეთ კაკალი!

 

ამიტომ, ხელოვნურად აგორებული ანტირუსული ისტერიით კი არ უნდა ვცდილობდეთ რუსეთთან საქმის „გარჩევას“, არამედ, ურთიერთობის დალაგებაზე უნდა ვზრუნავდეთ. პირწავარდნილი პროვოკატორი და საქართველოს მტერია ის, ვინც „ამტკიცებს“, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არა აქვს, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება (ჯერ ერთი ვინ მიგვიღებს) გვიხსნის რუსეთის კლანჭებისგან, რომ ევროპის ოჯახში შესვლა საქართველოს ეკონომიკის აყვავების წინაპირობა იქნება!

 

ჯერ ერთი, ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არ არის, რუსეთის აგრესიისგან გვიხსნას (ნატო-მ კი არაო!), მეორეც, ევროკავშირის წევრობაც არ იქნება გარანტია, საქართველო ეკონომიკურად ფეხზე დადგეს!

 

- ამას ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა, საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსების მობილიზება(და არა საქართველოდან გაქცევა ფიზიკური გადარჩენის მიზნით) სჭირდება, რომლის ნებაც ქვეყანაში არ არსებობს!

 

ჩემთვის მიღებელია გამოთქმა, მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

 

არა, მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ კავკასიელი!

 

მივხედოთ საკუთარ კავკასიას, აღვადგინოთ ძველი (ინტენსიური) ურთიერთობები მეზობლებთან და ჩვენ გადავრჩებით!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: