ნოდარ ჭითანავა - მამულის კაცი!

ნოდარ ჭითანავა - მამულის კაცი!

(შტრიხები ნოდარ ჭითანავას პორტრეტისთვის) 

    

არიან ადამიანები, რომელთა მიწიერი სიცოცხლეც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვასა და ფიქრში ჩაივლის. ისინი ამისთვის მოვლინებულან სამყაროს. მაგრამ, უფლის განგებით, იბადებიან ისეთი  კაცებიც, რომელთაც მთელი სიცოცხლე ერთგული ხარებივით მამულის უღელში უწევთ შრომა, სამშობლოს სცენაზე ბერდებიან. მათს ღვაწლს ხან ხედავენ და ხანაც ვერა, სამწუხაროდ, შემფასებლებიც ასცდებიან ხშირად. ბედნიერება კი ისაა, რომ ისინი მამულის კაცებად იბადებიან, მისი წიაღისთვის მსახურობენ, თაობებს გზას უკვალავენ. მათი ნააზრევი, ფიქრი, არსი, განცდა, ღირსება, სიყვარული მოქცეულია ყველაზე დიდ კიდობანში, ერის სულის ნიჟარაში და ერის მარადიულობას ერთვის.

 

ისიც მამულის კაცია, დიდი საქმეების მკეთებელი კაცი. მისი ფესვი სამეგრელოშია, მისი „ოდაბადე“, ადგილის დედა - კოლხეთია. მის სულში დღემდე შეყუჟულია იქ გატარებულ დღეთა სითბოც და ცრემლიც, ტკივილიც  და ღიმილიც. რვა ათეული წელი ჩამოემარცვლა უკვე... ნოდარ ჭითანავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.

 

ამ დიდებულ პიროვნებას არ უყვარს, როცა მისი მოწაფეები მასზე მისი დამსახურების თუნდაც მეასედს ვიტყვით და ზრდილობიანად მიგვანიშნებს მის დამსახურებაზე ნაკლები ვთქვათ და დროს დავუტოვოთ სათქმელი ადამიანზე, რომელიც ორი სახელმწიფოებრივი წყობის გზაგასაყარზე იმყოფებოდა, ისტორიული პროცესები ობიექტურად აღიქვა, ყველაფერი სწორად და სიღრმისეულად შეაფასა, გაანალიზა, დადებითი და უარყოფითი თვისებები სამართლიანად აწონა და შთამომავლობას დაუტოვა სწორად აზროვნებისა და დასკვნებისთვის ობიექტური შეფასებების მთელი უტყუარი მასალები...

 

 „ვაშინერს, ბატონებო, საქართველოს დაშლა!“ ეს მისი ერთ-ერთი წიგნია. დამერწმუნებით, სათაურიც  ორიგინალურია, რაღაც საკრალურის მიმანიშნებელი.  მას უფრო მემუარულ ჟანრს მივაკუთვნებთ. იქ გაეცნობით ავტორის რთულ და წინააღმდეგობებით განვლილ გზას. ესაა წიგნი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ, ბევრჯერ შეიძლება ცრემლიც ჩაგიგუბდეთ თვალებში. ოდაბადეს მინდა ისევ დავუბრუნდე. აი, მისი ავტორისეული შეფასებაც: „ოდაბადე“ ჩვენეული გაგებით მოწიწებითი ავტორიტეტია ადამიანისთვის - მისგან ხელოვნურად მოწყვეტის მცდელობაც ბუნებისა და საზოგადოებისგან დაუსჯელი არ რჩება. არც ის არის შემთხვევითი, როცა ადამიანებში ცხოვრების რიტმით აფორიაქებული აზრების ჭიდილში უფრო მეტად ამოტივტივდება „ოდაბადესთან“ დაკავშირებული მოგონებები. არც ის უნდა გაგიკვირდეს, რომ ადამიანები სიცოცხლესთან განშორების ჟამს გულწრფელად ისურვებენ „ოდაბადეში“ ჰპოვონ მარადიული სასუფეველი“. ბატონი ნოდარისთვის „ოდაბადე“ ის წმინდა ადგილია, საიდანაც სამშობლო იწყება, ამავე დროს ის „საკუთარი ცხოვრების ამოსავალი საწყისიცაა“.

 

ბატონ ნოდარ ჭითანავას ადგილის დედა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშია. იქაა მისი ბავშვობის ნაფეხურები, მშობლიური სურნელი, მეგრული „ნანას“ იდილია, დღესაც იქ გრძნობს მხოლოდ დედის თბილი ხელის ალერსს. ცრემლის გემოც ერია ბავშვობას, 31 წლის დედა სამუდამოდ მიეჯაჭვა ლოგინს, უფრო მეტი სიმწარე კი 8 წლის დის გარდაცვალებამ დაუტოვა. თითქოს გამუქდა ყველაფერი, დღესაც უმძიმს გახსენება. „პირველად მაშინ ვიგრძენი გულწრფელი ცრემლის ძალა“. ასეთმა სევდაგაყოლილმა დაამთავრა ვერცხლის მედალზე წალენჯიხის საშუალო სკოლა. შემდეგ დედაქალაქი, სტუდენტობა, პარალელურად მუშაობა.

 

„ოდაბადემ“, ადგილის დედამ, გამოაყოლა ყველა კეთილი თვისება, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა, ქვეყნის სასიკეთოდ აზროვნება, ცოდნის დაგროვება და რაც ყველაზე მთავარია, მას უნდა ევლო მართალი კაცის სახელით. გამარჯვებებიც ნაბიჯ-ნაბიჯ  მოდიოდა, რა თქმა უნდა, დიდი შრომის ფასად. ყოველთვის კრიტიკული იყო საკუთარი თავისადმი.

 

1966 წელს ჩაირიცხა მოსკოვში, უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც შემდგომ საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიად გარდაიქმნა. 1968 წელს წარჩინებით  ამთავრებს აღნიშნულ სასწავლებელს, პოლიტიკური ეკონომიისა და ფილოსოფიის განხრით. საკანდიდატო მინიმუმიც იქ ჩააბარა, დისერტაცია კი თბილისში დაიცვა.

 

სხვადასხვა წლებში ბატონ ნოდარ ჭითანავას უწევს პარტიულ სამუშაოებზე ყოფნა. ის იყო პარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ამ ხნის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს ასსზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ათეულობით მონოგრაფია.

 

ბატონი ნოდარი ხდება ქართველი ერის დიდი ხნის ოცნების - თავისუფლების მოპოვების მოწმე და მომსწრე. ღრმად აქვს გააზრებული ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესები. მოულოდნელად უხდება იერარქიის უმაღლესი საფეხურიდან წამოსვლა: „ცხოვრების ლოგიკის ერთი განსაკუთრებული ნიუანსი ახალგაზრდულ ასაკში კარგად აღვიქვი. როცა სამსახურებრივად იერარქიის კიბეზე ასვლას იწყებ, უნდა შეგეძლოს თავი იმაში დაარწმუნო, რომ საბოლოოდ ჩამოსვლის დროც დადგება. 1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან   წავედი. მაშინ 54 წლის ვიყავი. საკმაოდ უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებით. ყველა რგოლი პირველი საფეხურიდან ბოლომდე წაბორძიკებების გარეშე გავიარე, რაც მაშინ იშვიათად ხდებოდა“.

 

 ახალი საქართველოს მშენებლობას ასეთი გამოცდილების და განათლების მქონე პიროვნება მავანთა აზრით, ჯერ-ჯერობით არ სჭირდებოდა. ბატონ ნოდარს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. იგი ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ახლა სადაა მისი ადგილი, სად უნდა იღვაწოს. სულში კვლავ იგრძნო ძახილი თავისი „ოდაბადისა“, თავის შვილს უხმობდა ადგილის დედა: 1990 წლის 17 ნოემბერს ბატონი ნოდარი წავიდა მამასთან, სოფელ ჭკადუაშში. „მიწასთან ახლოს ყოფნა მაშინ, როცა შინაგანად დამშვიდებაა საჭირო, ყველაზე კარგი თერაპიული ფაქტორია ადამიანისათვის. ალბათ, უკეთესი “განმკურნავი“ საშუალება ბუნებაში არც არის. საბოლოოდ ემოციები მოვთოკე. ჩემი ადგილი მშვიდად განვსაზღვრე ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ ახალ სქემაში. ჩავთვალე, რომ იერარქიული კიბის უმაღლესი საფეხურიდან ძირს მშვიდობიანად  დაშვება განხორციელდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული შედეგი ეს იყო. ამჯერად მთელი არსებით გადავერთე მეცნიერებაში“.

 

მშობლიური მიწის სურნელმა სულ სხვა ენერგია მისცა, იწყებს ეზო-კარმიდამოს მოვლას და სულ მალე ახალ იერსახეს იღებს თავისი ბავშვობის სანახები. „ოდაბადესთან“ შეხვედრა წარმატებით შედგა, მთელი არსებით იგრძნო ის ხიბლი და მადლი, რომელიც მხოლოდ მის ფესვებს ჰქონდა.

 

 გადის არცთუ ისე დიდი პერიოდი და ეროვნული ხელისუფლება ისევ უხმობს თბილისიდან წასულ საქმის კაცს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს სთავაზობენ. იწყება შრომა ახალი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. თუმცა, მოკლე ხანში რადიკალურად იცვლება ქვეყნის განვითარების ვექტორი და ისევ დგება სტაგნაციის პერიოდი. ყოველგვარ პროფესიონალიზმსა და სათანადო გამოცდილებას მოკლებული მასა ცარიელი ენთუზიაზმით ცდილობს ახალი, სრულიად უცნობი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის დამკვიდრებას. თუმცა ყოველივე ეს მოკლებულია მეცნიერულად გააზრებულ სიღრმეებსა და წარსულის პირუთვნელ შეფასებას. ბატონ ნოდარს ეს სათანადოდ აქვს გააზრებული და არაერთი შემოთავაზებისა, სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობაზე უარს ამბობს. მან დიდი ენთუზიაზმითა და რწმენით თავისი „მაღალი ნიჭი, ცოდნის თანამედროვე ჩარხზე გალესილი ჭკუა“ ერისა და ქვეყნის სამომავლო ვექტორის განსაზღვრის თეორიული მიმართულებების შექმნისკენ მიმართა. აქ სრულიად სხვაგვარად წარმოჩინდა „კავკასიური გონის“ სიდიადე - ახალ დროებასთან ადაპტირების  განსაკუთრებული უნარი, მსოფლიო მეცნიერული მიღწევების ახალ რეალობასთან მორგების სისტემური შესწავლა და მისი შედეგების ეროვნულ ეკონომიკურ ცხოვრებაზე სწორად მისადაგების სრულიად ახალი მიმართულებების განსაზღვრა. ბატონი ნოდარის მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფიები და მეცნიერული სტატიები ეს არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  ფუნდამენტური ორიენტირები, რომლებიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მომავლის პირუთვნელ გზის გამკვალავად.

 

საქართველოში მეცნიერ-ეკონომისტთა საზოგადოებაში ღირსეული ადგილი უჭირავს ბატონ ნოდარ ჭითანავას, როგორც ჭეშმარიტ სწავლულსა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მეცნიერსა და მოღვაწეს. ეს თვისებები მას ანიჭებს უნარს გაიხედოს მომავლისკენ, მომავალ თაობებს ჩაუნერგოს იმედის გრძნობა და შთააგონოს ისინი - „იყავით ჩვენზე ძლიერი, ჯანმრთელი, მართალი. მუდამ და ყველგან ერთგულად ემსახურეთ სამშობლოს“. ეს რწმენა თვით მისი ცხოვრებისეული წესიდან მოდის და მისი ცნობიერების ბალავრის ქვაა.

 

 ერის დიდი მამა ილია ჭავჭავაძე, ადამიანს კაცობის მისეული კრიტერიუმებით აფასებდა. ეს სრულად ესადაგება ბატონ ნოდარის ფენომენს,- იგი ოჯახის, გვარის, თემის, ერის და ზოგად კაცია. კაცობის ასეთი „ბედნიერი  მორიგება“ ღვთის რჩეულთა ხვედრია და იმ „კავკასიური გონის“  შედეგია, რომლის ღრმა ფესვები ქართულ მიწაშია ჩაბუდებული.

 

 ადამიანური ურთიერთობა, ფუფუნების უმაღლეს მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს. მასთან ყოველთვის აკადემიურობა და იმედია, ცხოვრების კრედო - წარსულისადმი, როგორც მომავლის მკვიდრი საძირკვლისადმი პატივის მიგებაა, აწმყოს რეალურ  შტრიხებში აღქმა და ხვალინდელი დღის ოპტიმიზმით გაჯერებული ღვთიური რწმენაა. ეს სამება ერთად კრავს  დროსა და სივრცეში მისი როგორც ადამიანის  ისტორიულ როლსა და დანიშნულებას ქვეყნის წინაშე. ბატონი ნოდარის  “დროების ქერქში ჩაჯდომა“ და მისი ობიექტური შეფასებების განსაკუთრებული უნარი მომავლის უტყუარი განჭვრეტის საფუძველს იძლევა. ვფიქრობთ, მომავალი თაობებისთვის „გზის გამკვალავის“ ფუნქციას შეასრულებს ბატონ ნოდარის გონების ნაკარნახევი ფორმულა - „მაღალი ნიჭი, ცოდნის თანამედროვე ჩარხზე გალესილი ჭკუა, ქვეყნის წინაშე უზენაესი პასუხისმგებლობა, ჩაკირულ-ჩადუღაბებული ქართული პატიოსნების ბალავარში - ის პირობა-ფაქტორია, რომელიც 21-ე საუკუნეში საქართველოს აღმავლობის დიდ გზაზე გაიყვანს“. ეს არის ქვეყნის ჭეშმარიტი ჭირისუფალის სულიერი სიმაღლის უცილობელი დასტური, ქვეყნის ერთიანობისა და მისი გაბრწყინების ოპტიმიზმით სავსე გზავნილი  დიდი მამულიშვილისა.

 

სამეგრელოში ერთ-ერთი გამოსვლისას ბატონმა ნოდარმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „კოლხებს ერთი უძლიერესი სიტყვა გვაქვს - „ვაშინერს“. ვაშინერს, ბატონებო, საქართველოს დაშლა. ღმერთი ამას არ გვაპატიებს“.

 

ამ შეგონებით 1992 წელს დაგვმოძღვრა ბატონმა ნოდარ ჭითანავამ, თითქოს მისი გული წინასწარმეტყველებდა ქვეყნის დიდ ტრაგედიას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დროებით ჩამოშორებას დედასამშობლოსთან. ერთიანობა ყველაზე დიდი დუღაბია ერის წინსვლისთვის, გამარჯვებისთვის, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ეს უნდა შთავუნერგოთ მომავალ თაობებს.

 

არ შეიძლება არ შევჩერდე ბატონ ნოდარ ჭითანავას ბოლო პერიოდში გამოცემულ იმ ორ უმნიშვნელოვანეს მონოგრაფიაზე, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობისაა როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ასევე მას შეუძლია დიდი როლის შესრულება ზოგადად საქართველოს მსგავსი ქვეყნების ეკონომიკური რეფორმების წინსვლისა და პროგრესის საქმეში. ამათგან ერთ-ერთია 2018 წელს გამოცემული „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“. აქ მეცნიერი ეპოქის შესაბამისი სიღრმით იხილავს იმ რთულ და წინააღმგეგობრივ პროცესებს, რომელიც სამწუხაროდ, თანმდევი გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ავტორი მართებულად აღნიშნავს, რომ „ისტორიულ გამოცდილებასაც  ხშირად ვივიწყებთ: - დრომ ბევრი ქვეყანა (ცივილიზაცია) აღგავა პირისაგან მიწისა. ამასთან, დაგვიტოვა ისტორიული მეხსიერება, რომ საქართველომ ქარტეხილებში გამოატარა დროსთან ადაპტირების (თავსებადობის) ეროვნული ენერგია, რომელიც მკაცრი ეპოქების გავლენით დანაწევრებული, მეტ-ნაკლები მსხვერპლით უმკლავდებოდა გარე და შიდა ფაქტორების  ერთობლივი მოქმედებით ჩამოყალიბებულ გამოწვევებს. ქართველმა ხალხმა მოახერხა ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნება. უფრო მასშტაბურად დადგა გლობალურ სივრცეში ქართული ფენომენის თვითრეგულირების უნარის შენარჩუნება-განმტკიცების საგანგებო ამოცანა“. აქ დიდი ხელოვნებითაა გააზრებული წარსულისა და მომავლის, დღევანდელობაზე მკვიდრად დაფუძნებული  ორი დროების ფენომენის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების გზაზე. მეცნიერის უპირველესი მოვალეობაა წარსული სწორად და რეალურად შეაფასოს, რომ ქვეყანას მომავალი ახალი გამოწვევების სიმძიმე ააცილოს  და ახალი ცვალებადობის გზაზე უმტკივნეულოდ გაიყვანოს. სწორედ ამას ემსახურება პროფესორ ნოდარ ჭითანავას ეს მონოგრაფია, რომელიც ეპოქის შესატყვის გააზრებასა და აღქმას მოითხოვს.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონ ნოდარ ჭითანავას ბოლოდროინდელი მონოგრაფია „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“. აქ ავტორი იჩენს მეცნიერულ სითამამეს, რომელიც ასე დამახასიათებელია ნოდარ ჭითანავას შემოქმედებისათვის და მთელი სკურპლუოზურობითა და სისტემური მიდგომით  იხილავს ბევრ საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, რომელთა დროული და ადეკვატური გადაწყვეტა საყოველთაო პროგრესის ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა უახლოეს მომავალში.

 

მონოგრაფიაში დასმული პრობლემები მრავალმხრივია და გლობალური სივრცის უმთავრესი შემადგენელი ნაწილიცაა, რომელიც თვალსაჩინოდ ჩანს ეკონომიკურ სიბრტყეზე და მოითხოვს დროულ და გააზრებულ გადაწყვეტას. ეს არის ორიენტირი სწორად და დროულად დადგინდეს ქვეყნის განვითარების სწორი სტრატეგია და ქვეყანა გახდეს გლობალური სივრცის ღირსეული ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სწორი ვექტორის მიღმა.

 

მონოგრაფიას წითელ ხაზად გასდევს ქვეყნის მამულიშვილთა დაფასებისა და აღიარების ის მტკივნეული ზოგადქართული პრობლემა, რომელიც ეხება ასაკობრივი ცენზით ნიჭიერ და ცოდნით დახუნძლულ ადამიანთა უარყოფას და ერის სიმძიმის არც თუ ისე გამოცდილ თაობაზე გადაბარებას. ეს ძირშივე მცდარი ტენდენცია საზოგადოებრივი პროგრესის დამამუხრუჭებელ ფაქტორად უნდა ვაღიაროთ და ვეძებოთ მისი სინერგიული ეფექტი...

 

ბატონი ნოდარი აკეთებს სწორ და ყოვლისმომცველ დასკვნას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სისტემურ კრიზისში იმყოფება და ყოველგვარი შელამაზების გარეში უკეთებს მას ღრმა ანალიზს და სახავს სწორ ორიენტირებს მის აღმოსაფხვრელად. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყველა ეს ძვრები გლობალიზაციის კონტექტში იხილება და დასკვნებიც შესაბამისია. ავტორი ეხება  ყველაზე საჭირო და მტკივნეულ საკითხს, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას, რომელიც დღეს ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს პრობლემა საინტერესოა და გლობალიზაციის შეუქცევადობის ერთ-ერთ ფაქტორადაც შეიძლება მოგვევლინოს. წიგნში განსაკუთრებული სიღრმით და რუდუნებითაა განხილული ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც ეხება მიწასა და მის რესურსებს, რომელიც პირველი ფენომენია ილიასეულ ტრიადაში. მის მიერ გაკეთებული დასკვნები ყურადსაღებია და სერიოზული დაფიქრების საშუალებასაც იძლევა. 

 

პროფესორ ნოდარ ჭითანავას მოღვაწეობა ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა. იგი მრავალმხრივი შემოქმედია ქართულ წიაღში დაბადებული და ქართული მიწის ძალით ნასაზრდოები, საქართველოს ბედიღბალზე მოფიქრალი მამულის კაცი.  

 

ბატონო ნოდარ, ქართული სიტყვიერების კარაბადინში არსებობს ერთი დიდი და ლამაზი სიტყვა, რომელსაც თავისი სითბო და ხიბლი აქვს - მადლობა!  ბუნებრივია, ის ვერ დაიტევს იმ ემოციას, რომლის ღირსიც თქვენი პიროვნება ბრძანდება, მაგრამ გეფერებით და გეუბნებით მადლობას იმ განვლილი ცხოვრებისეული ბილიკებისთვის, რომელნიც ასეთი სიმართლით, ღირსებით, შრომით, რუდუნებით, ერისკაცობით გაიარეთ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასავლელი და თქვენი კალამი ორლესულია, ჭრის საქართველოს მომავლისთვის მეტად საჭირო და აუცილებელ გზის გამკვალავ ორიენტირებს. ეს კი, რჩეულთა ხვედრია. ჟამთა სიმრავლე და სიჯანსაღე დაგანათლათ უფალმა. იმრავალჟამიერეთ!

 

მურმან კვარაცხელია,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: