არის შემთხვევები, როცა არ შეიძლება

არის შემთხვევები, როცა არ შეიძლება

 

 

თვალები დავხუჭოთ და ყურები დავიხშოთ!

 

 

ასეთ შემთხვევას მიეკუთვნება ნატოს გადამდგარი გენერალ ბენ ჰოჯესის გამოსვლა (10.01.2023, 20:25 სთ.) TV პირველ-ზე, სადაც იგი „ანაკლიაპორტის“ პროექტის ჩავარდნაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს!

 

არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოს მთავრობის ადვოკატობა ვიკისრო, როცა მე თვითონ მაქვს მასთან პრეტენზია „ანაკლიაპორტის“ საუკუნის პროექტის თაღლითებისგან დაუცველობის გამო, მაგრამ როცა ამ თემაზე ვიღაცა ტყუის, იგი თუნდაც აშშ-ს მოქმედი გენერალი იყოს, ვერავინ მაიძულებს გავჩუმდე! 

 

როცა „ანაკლია პორტის“ ტენდერი, საქართველოს მაშინდემა პრემიერ მინისტრმა და მისმა მოადგილემ, კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ქართველ-ამერიკელ თაღლითებს _ მამუკა ხა ზარაძეს და კურტ კონტის ლანგარზე დადებული მიართვეს (08.02.2016), ბატონი ჰოჯესი მოქმედი გენერალი იყო და ვის, თუ არა მას უნდა სცოდნოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა „ანაკლია პორტის“ აშენებას და მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როცა სამთავრობო და ბიზნესთაღლითების ხელში მოექცა ლამის საკონტინენტთაშორისო მნიშვნელობის პროექტი!

 

სამწუხაროდ ეს არ მოხდა, რადგან, მაშინ სხვაგან იყო „ძაღლის თავი დამარხული“, რომელიც „პოლიტსამყაროში ყველასათვის მოულოდნელად შექმნილმა გარემოებამ“ გააქრო და მისი მობრუნება შეუძლებელი გახდა!

 

საუკუნის პროექტად წოდებული „ანაკლია პორტის“ პროექტის მოსალოდნელი ფიასკოს შესახებ, ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებიდან ორ კვირაში ვრცელი სტატია გამოვაქვეყნე პერიოდულ პრესაში („საერთო გაზეთი“, N6 (359) 25.02.2016; „ილორი“) და ინტერნეტგამოცემებში, რასაც ამ მოკლე შესავლის გაგრძელებად გთავაზობთ. 

 

 

 

რატომ გამოცხადდა გამარჯვებულად 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში კომპანია, რომელიც 

სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პირობებიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებდა?

 

„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი”-ს ტენდერში გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის”, იგივე „ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი“-ს გამოცხადებამ გაკვირვება გამოიწვია.

 

ცხადია, გაკვირვება იმ ადამიანებმა გამოხატეს, ვინც ღრმად არიან ჩახედული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ მნიშვნელოვან საკითხებში. სამწუხაროდ, სწორედ ის „მნიშვნელოვანი საკითხები“ გამორჩათ, ან შეგნებულად გამოტოვეს მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და მთავრობის მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ.

 

თავშივე უნდა ვახსენო: საქართველოს მთავრობამ უცხოელ ექსპერტებს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა 5,5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული პროექტისთვის – „ღირსეული, გამოცდილების და შესაბამისი ფინანსების მქონე ინვესტორის შერჩევაში!“

 

კაცმა რომ თქვას, კი ღირს ეს საქმე მილიონნახევარი ევრო, მაგრამ – შეასრულეს კი, საქართველოს მთავრობის შეკვეთა „უცხოელმა ექსპერტებმა“ და რაში მდგომარეობდა იგი?

 

ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის თქმით: „რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც მოხდა აღნიშნული კონსორციუმის შერჩევა, იყო 4 ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის განვითარების კონცეფცია, ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მიმართულება”.

 

ხელშეკრულებას, რომელსაც მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს სთავაზობს, დეტალებში ვერ განვიხილავთ, რადგან იგი უსაშველოდ დიდია. ამიტომ აქ შევჩერდეთ და გადავხედოთ უმთავრეს პირობებს, რომელიც – „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესების გამოხატვაში“ მონაწილეს უნდა წარმოედგინა:

 

1. 100 მილიონი და მეტი ტვირთბრუნვის დამადასტურებელი პროგრამა-წინა საპროექტო მოსაზრება.

2. პორტის პროექტი უნდა იკავებდეს ზღვის სანაპირო ზოლის მაქსიმალურად მცირე ნაწილს.

3. უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ უნდა ეხებოდეს დასახლებულ ტერიტორიას.

4. წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს მომგებიანი და ტექნიკურად შესრულებადი.

5. ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ინვესტორები პროექტის დაფინანსების დამადასტურებელი საბანკო საბუთებით.

 

ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე აიშალა ნაცების პოლიტჭილყვავი: 

„ანაკლიაში პორტის აშენების იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და თქვენ ნუ მიიწერეთო!“

 

პატივცემულ მკითხველს უნდა შევახსენო – როცა მიშა სააკაშვილმა, 2009 წელს, თეიმურაზ ქარჩავასგან ანაკლიაში უნიკალური პორტის აშენების შესაძლებლობის შესახებ შეიტყო, იდეა მოეწონა და იმწამსვე აიტაცა. უმნიშვნელო ფორმალობების გავლის შემდეგ, პორტის ასაშენებელი (2100ჰა) მიწაცშეასყიდინა (არა ერთ ლარად, არამედ სახელმწიფოს მიერ, იმ დროისთვის დადგენილ საბაზრო ფასად) ბატონ ქარჩავას, პორტის მშენებლობაც დაიწყო. 

 

...მაგრამ, ოკეანისგაღმელ „მამებთან” საკონსულტაციოდ ჩასული სააკაშვილი, სულ სხვა გეგმით დაბრუნდა საქართველოში და – ქარჩავასეული „ანაკლია პორტის” ნაცვლად, უსახური „ლაზიკა პორტი” და ხუთასი ათას მოსახლეზე ქალაქ „ლაზიკას” მშენებლობის იდეა ჩამოიტანა, რომელიც რამდენიმე ესკიზში გამოიხატა და იგი საკმარისად ჩაითვალა მის დასაწყებად.

 

ასე გაჩნდა, ყოველგვარი ნებართვის და პროექტის გარეშე, პორტის ასაშენებელ ტერიტორიაზე, სადაც გემები უნდა შემოსულიყო, – არარსებული ქალაქ „ლაზიკას იუსტიციის სახლი“ და ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის ტერიტორიაზე „ლაზიკა პორტის” მომავალი ადმინისტრაციის ორი ხუთსართულიანი შენობა. 

 

ე.წ. „ლაზიკა პორტი”-ს მშენებლობა კი ანაკლიის დასახლებულ ტერიტორიაზე დაიგეგმა.

 

ეს კიდევ არაფერი, მოძალადე ხელისუფლებამ, ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კომპანია „ანაკლია პორტი და ეკო პარკს”-ს კერძო საკუთრებაში მყოფი და სახელმწიფისგან შესყიდული მიწები უკანონოდ ჩამოართვა და ასი მილიონი ამერიკული დოლარი ჯარიმა დააკისრა. 

 

ყოფილი ხელისუფლებისგან, მსგავსი საქციელი, მაშინ არავის გაჰკვირვებია.

 

მართალია, 2013 წელს სასამართლომ უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა გააუქმა, რასაც უკანონოდ ჩამორთმეული მიწების დაბრუნება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ოთხი წელია სასამართლო დავა გრძელდება, სახელმწიფო უწყების მიერ ჩადენილი კრიმინალი „კერძო საკუთრების უკანონოდ ხელყოფა“ სახეზეა, სამართალი კი, როგორც იტყვიან, „ურმით მოდის”!

 

კარგა ხანს გვეგონა „ლაზიკა პორტი” და ქალაქი „ლაზიკა” მიშა სააკაშვილის ხუშტურები იყო, მაგრამ მოვლენათა განვითარებამ სულ სხვა ფაქტების წინაშე დაგვაყენა.

 

უნდა ვაღიარო, მე მათ დიდხანს ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაშინაც კი, როცა 2011 წელს ჰამბურგიდან ასტანაში მივფრინავდი ცნობილი გერმანული ფირმა VIESSMANN-ის წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად შემთხვევით, ჩემს გვერდით მჯდომი მგზავრისგან შევიტყვე, რომ „ანაკლიაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზა შენდება“ (ალბათ, სხვა დროს, უფრო დაწვრილებით გავიხსენებ ამ ამბავს), მოლაზღანდარე ევროპელის გადამეტებულ აქტიურობად ჩავთვალე იგი და ყურადღება არ მივაქციე.

 

მაგრამ, მას შემდეგ, რაც „ანაკლია პორტი”-ს ტენდერში გამარჯვებულად „ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი” გამოცხადდა. მეც დავიჯერე, ხუთი წლის წინ ჩემი გერმანელი თანამგზავრის მიერ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე მოყოლილი „ანაკლიაში სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის“ ნამდვილობა!

 

მკითხველი რომ არ დავაბნიო, განვმარტავ: 

 

მე ანაკლიაში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის დარჩენილი ლიმიტი იქ მინდა ამოვწურო და არავის ინტერესებს არ მოვერიდები, როცა შევატყობ, იქაურობას საშიშროება ემუქრება!

 

იმედი მაქვს, ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ, „ანაკლია პორტი და ეკო-პარკი”-ს მარცხის მიზეზი ჩინური მეგაკომპანია „ფაუერ-ჩაინათი“, ჩინური ინვესტიციით და ჩინური ტვირთების გარანტიით მარტივი ასახსნელია!

 

რაც შეეხება 500 ათას მოსახლეზე ანაკლიაში ქალაქ „ლაზიკა”-ს აშენებას, დღევანდელ პირობებში, არც ის მეჩვენება უტოპიად. მართალია, სანახევროდ დაცარიელებულ საქართველოში „ლაზიკაში” ჩასასახლებელი 500.000 ადამიანი არ მოგროვდება, მაგრამ – სირიელი ლტოლვილებისგან შეშინებულმა ევროპამ, რომ ნახევარ მილიონს საქართველოსკენ უყოს პირი, არავის გაუკვირდება!

 

მით უმეტეს, ორი კვირის წინ, თუ არ ვცდები კახეთში, 72 თავშესაფრის მთხოვნელ უცხოელს, აშშ-ს საელჩომ კომფორტული საცხოვრებელი სახლი აუშენა, როცა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი სახლებიდან გამორეკილი ნახევარი მილიონისთვის ვერ მოგვივლია ჯეროვნად!

 

მოდით, ჩვენ მაინც მივყვეთ ისტორიას – „ანაკლია პორტის” მშენებლობა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა რეალური პროექტი და იგი განახლებული სახით ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კონსორციუმმა „ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი” წარმოადგინა, რომლის შემადგენლობაში, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „პაუერ-ჩაინა” გაერთიანდა ამერიკულ „აეკომთან” ერთად.

 

„ანაკლია პორტის” მშენებლობის ტენდერის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა და 12 მონაწილეს შორის ვიხილეთ – „კონტი-ჯგუფი” და „თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

 

წინადადებები, რომლითაც ხაზარაძის კონსორციუმი შემოდის, სახელმწიფოსთვის არარეალურიც არის და საზიანოც.

 

„ხაზარაძე და კონტი-ჯგუფის” პროექტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ:

 

1. იგი ვერ ასრულებს ტენდერის უმთავრეს მოთხოვნას – 100 და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვას წელიწადში. ექსპერტთა დასკვნით, წარმოდგენილი კონცეფცია ვერანაირად ვერ გასცდება წელიწადში 30 მილიონ ტონა ტვირთბრუნვას და მას შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. უკიდურეს შემთხვევაში, მისი ტვირთბრუნვის გაზრდა ისედაც შეზღუდული ზღვის ნაპირის ხარჯზე უნდა მოხდეს.

2. იგი იკავებს ზღვის სანაპირო ზოლის 4 კილომეტრს.

3. პირდაპირ დამიზნებულია ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობაზე და ითხოვს 200 ოჯახის გასახლებას.

4. პორტის მშენებლობა დაგეგმილია გაშლილ ზღვაში, რაც მის საეჭვო დანიშნულებას უსვამს ხაზს.

5. საგანგაშოა ის, რომ „ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ეძებს ინვესტორს და დამფინანსებელს, აცხადებს, რომ ჩინეთშიც ჰყავს პარტნიორი მოძიებული, მაგრამ მას საიდუმლოდ ინახავს!..

 

კონსორციუმ „ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი”-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრება:

 

1. წარმოდგენილ კონცეფციას გააჩნია გარანტირებული, შემდგომი განვითარების პერსპექტივა და იგი გაანგარიშებულია წელიწადში 100 და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვაზე.

2. იგი ზღვის ნაპირის მხოლოდ 800 მეტრს იკავებს.

3. საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიას.

4. პორტი შენდება ხმელეთზე და 350 მეტრი სიგანის არხით უერთდება ზღვას.

5. კონსორციუმ „ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრების ტექნიკურად გადაწყვეტა, მსოფლიოში აღიარებულ (ERNST & YOUNG) კომპანიაში ექსპერტიზაგავლილი დოკუმენტაციის თანხლებით ეჭვს არ იწვევს. დასაბუთებულია მისი ეკოლოგიურად გამართულობა და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე, მზადყოფნაში აქვს ინვესტორთა მიერ წარმოდგენილი პორტის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო გარანტიები.

 

ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის განცხადებით – „ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” იგივე „ხაზარაძე და კონტი-ჯგუფს” მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და სატენდერო კომისიამ ასიდან 80 ქულა მიანიჭა!“

 

როგორც ზემოთ ვიხილეთ, დიდი ინჟინრული ცოდნა არ არის საჭირო, კონსორციუმ „ანაკლია-პორტი და ეკო-პარკის” ხმელეთზე დაგეგმილი პორტის პროექტი განასხვავო, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ხაზარაძე და კონტი-ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ნაცოდვილარისგან.

 

სასწრაფოდაა გასარკვევი: 

 

– რატომ აირჩიეს ზემოთხსენებულმა უცხოელმა ექსპერტებმა და სამთავრობო კომისიამ კომპანია, რომელსაც სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი ხუთი ძირთადი მოთხოვნიდან ხუთივეში, თითქმის გადაუჭრელი პრობლემები გააჩნია?

 

– რაში მიენიჭა გამარჯვებულს – „ასიდან 80 ქულა?

 

ეს ის კითხვებია, რომლებიც, _ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს სცილდება და მას შესაბამისმა ორგანომ უნდა მიხედოს.

 

როგორც ცნობილია, ტენდერში გამარჯვებულსა და მთავრობას შორის ხელშეკრულების ხელმოწერა სამი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ:

 

საფუძვლიანად იქნას შესწავლილი ყველა საკითხი და ამის შემდეგ მაინც მოხდეს ორივე კომპანიის მიერ ტენდერში წარდგენილი მასალების გასაჯაროება!

 

დავით ქობალია

(25 თებერვალი, 2016 წ.)

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: