ბენ ჰოჯესი „ანაკლია პორტის“ პროექტის ჩავარდნის გამო „დამწუხრებულია“!

ბენ ჰოჯესი „ანაკლია პორტის“ პროექტის ჩავარდნის გამო „დამწუხრებულია“!

წინამდებარე სტატია, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს და ნატოს გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის მიერ „ანაკლია პორტის“ საუკუნის პროექტის ჩაშლასთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადების პასუხად ქვეყნდება!

 

მავანმა შეიძლება ირონიულად ჩაილაპარაკოს: „წერეთ და იკითხეთ, ბენ ჰოჯესი ამას მაინც ვერ ნახავსო!“

 

თქვენ დარდი ნუ გაქვთ, მთავარია ქართველმა წაიკითხოს, რომ ქართველ-ამერიკელმა თაღლითებმა, მომავალში მაინც ვერ შეძლონ ჩვენი ქვეყნის იმედის დასამარება, როგორც ეს, შემოთავაზებულ სტატიაშია მოყოლილი, თორემ, მერწმუნეთ, მას ბენ ჰოჯესიც და მასზე უფრო ბევრად ცნობილი და გაქექილი უცხოელი ავანტიურისტებიც წაიკითხავენ! 

 

გთავაზობთ სტატიას, - „ანაკლია პორტზე“, რომელიც სამთავრობო მოხელეების და ამ თემით დაინტერესებული შინაური და უცხოელი მკითხველისთვისაა გათვალისწინებული. 

 

შობა-ახალი წლის დღეებში „ანაკლია პორტის“ ხსენების შემდეგ, კომპიუტერის მეხსიერება არ ჩერდება და განუწყვეტლივ მახსენებს წლების წინ გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი, თუ რატომ ჩაიშალა „საუკუნის პროექტი“!

 

ექვსი წლის წინ დაშვებული შეცდომა, თუ ავანტიურა, რომ არ განმეორდეს და „ანაკლია პორტის“ ახალი ტენდერიც თაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს, პრევენციის მიზნით გთავაზობთ, - 2018 წლის 5 ივლისს, „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებულ სტატიას.

 

დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ „ანაკლია პორტის“ პრობლემებზე ახალი არაფერი მაქვს დასაწერი!

 

ქვეყნის მთავრობას რომ ყურადღება მიექცია „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ (იგი „ანაკლია პორტის“ პროექტის საკონტროლოდ შეიქმნა, ქართველი და უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით) საგანგაშო განცხადებებისთვის, რომლებიც „საუკუნის პროექტის“ ჩაძირვას ამხელდა, ეს საქვეყნო საქმე დაღუპვამდე არ მივიდოდა, - მაგრამ...?

 

მოდით, ჯერ ეს სტატია წავიკითხოთ, გავიაზროთ რა მოხდა სინამდვილეში და ზემოთხსენებულ „მაგრამს, მრავალწერტილს და კითხვის ნიშანს“ შემდეგ სტატიებში გავცემთ პასუხს!

 

 

 

ვინ ამოზიდავს ზედაპირზე კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-

ხაზარაძის „ბერმუდის სამკუთხედში“ ჩაძირულ ანაკლიის პორტს?

 

სკანდალური ინტერვიუ ბატონ თეიმურაზ ქარჩავასთან, რომელიც გამაოგნებელ ისტორიას ჰყვება იმ მაქინაციების შესახებ, რის შედეგადაც სატენდერო კომისიამ უარი უთხრა 70 მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონე „პაუერ ჩაინას“ და არჩევანი სრულიად უსახო და უცნობ „კონტიზე“ გააკეთა!

 

შეერყა თუ არა სავარძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და მის „ბიზნესპარტნიორ-მინისტრ“ ქუმსიშვილს „ანაკლია პორტის“ პროექტში, „ყაჩაღ ბანკირ“ ხაზარაძესთან ერთად, უმოწყალოდ აიშალა სამთავრობო და საპარლამენტო ჭილყვავი, ჟურნალისტებთან ერთად!

 

ბუნებრივია, ამას მოველოდით, მაგრამ ყველა ერთად ანკლიას თუ მიადგებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რამდენიმე მიზეზის გამო:

 

* 2013 წლიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაიმე საქმიანი არავის დაუწერია „ანაკლია პორტზე“ გარდა შეკვეთილი წერილებისა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მათმა ავტორებმა პორტზე (მითუმეტეს, მშენებარე „ღრმაწყლოვან პორტზე“), საერთოდ არაფერი იცოდნენ.

 

* ერთ- ერთმა მათგანმა კი, ამასწინათ, ყოველგვარი „გამოძიების“ გარეშე, განაჩენი გამოუტანა ანაკლიის „ათასწლეულის“ პროექტს!

 

მის „საბრალდებლო დასკვნაში“ ნათქვამია – „…ხაზარაძემ და მისმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად კერძო ინვესტიცია ვერაფრით მოიზიდეს, რადგან მსოფლიოს გავლენიანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის აბსოლუტურად უტოპიურ და ჩანასახშივე წარუმატებლობისათვის განწირულ პროექტში ფულის ჩადება არ მოინდომეს.“

 

არადა, „ანაკლია პორტის“ პროექტის დროებითი ჩავარდნა, ამ პროექტის უტოპიურობის კი არა, მრავალ მიზეზთან ერთად კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის კორუფციული გარიგების შედეგია და იგი არ უნდა მიებას ფოთის პორტს და მის დღევანდელ მფლობელს!

 

ადრეც, არაერთხელ აღვნიშნე – ფოთის პორტში მოქმედ, მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გადამზიდავ კომპანია „მაიერსკს“, სანამ ანაკლიაში „ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა“ ანონსირდებოდა, არასოდეს გამოუხატავს ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროექტისადმი. მაგრამ, როგორც კი ტენდერის გამარჯვებულად „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოცხადდა, პორტის მშენებლობის ნაცვლად „კონტეინერების ტერმინალის“ პიარს მიჰყვეს ხელი და ყველა საინფორმაციო საშუალება ანაკლიის „კონტეინერების ტერმინალის“ მშენებლობაზე აუწყებდა მკითხველს, მე პირადად გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ „მაიერსკი“ უსათუოდ იტყოდა თავის სიტყვას, რაც მოხდა კიდეც!

 

ბუნებრივია, „ხაზარაძე-კონტისეული“ ანაკლიაში მშენებარე „კონტეინერების ტერმინალი“, ფოთში არსებული ტერმინალის უშუალო კონკურენტია და მისი მეპატრონე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშენებლობა არ განხორციელდეს, ან თუნდაც შეფერხდეს და სანამ აშენებულა სახელი გაუტყდეს!

 

ამ პროცესის თანამონაწილენი არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც უარგუმენტოდ, ზოგადი „ბრალდებებით“ ამტკიცებენ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უპერსპექტივობას, ისევე, როგორც ზოგიერთი, მთავრობის წარმომადგენელი და პარლამენტარი. 

 

გერმანულმა კომპანიამ, რომელსაც ტენდერის 12 მოწილეს შორის ყველაზე ღირსეული, ტენდერის პირობების უნაკლოდ შემსრულებელი უნდა შეერჩია, ამ მომსახურებისთვის ორ მილიონამდე ევრო მიიღო!

 

გერმანელებმა გასაგებია, რა მოგებაც ნახეს ამით, მაგრამ საქართველომ რა შედეგი მიიღო?

 

* * *

ვესაუბრებით, კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ პრეზიდენტ, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას:

 

– 2016 წლის ივნისში დასაწყები „ანაკლია პორტის“ მშენებლობა დღემდე არ დაძრულა. არადა, ეს პუნქტი, ტენდერის ერთერთი უმკაცრესი მოთხოვნა იყო!

 

– მკითხველს უნდა შევახსენო: კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ და მასში შემავალი, ჩინური კომპანიის „ფაუერ ჩაინას“ ტენდერის ბოლო ეტაპზე ჩამოშორება, დიდწილად, საქართველოს მთავრობის მიერ (სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, რომლებიც სახელმწიფოს უნდა მოეგვარებინა), სწორედ, პორტის მშენებლობის, 2016 წლის პირველ ივნისს დაწყების, დაჟინებულმა მოთხოვნამ გამოიწვია!

 

ტენდერის ფინიშზე დარჩენილი „ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან“ განსხვავებით, ჩვენი კონსორციუმი რამდენიმე წელიწადი ემზადებოდა და ამუშავებდა „ანაკლია პორტის“ მშენებლობის კონცეფციას. დეტალებში იყო გათვლილი ყველა ტექნიკური საკითხი (არაფერს ვამბობ პროექტის დაფინანსებაზე, რადგან, ამ საკითხის საეჭვოობის შემთხვევაში არასერიოზულია „ათასწლეულის პროექტზე“ საუბარი), ბუნებრივია, მათი შესრულების ვადებთან ერთად. ამიტომაც მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ასამდე კითხვა გავუგზავნეთ, რომელთა შესწავლა და გადაწყვეტა აუცილებლად მიგვაჩნდა, სანამ სახელმწიფოსა და ტენდერში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება დაიდებოდა.

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ კითხვებში, მშენებლობის დაწყების ვადის პირველი ივნისის ნაცვლად, 2016 წლის ბოლომდე გადატანა იყო, რაზედაც კატეგორიული უარი მივიღეთ.

 

ასევე, სახელმწიფოსგან ვითხოვდით, პორტის მშენებლობის პარალელურად ინფრასტრუქტურის სინქრონულად მოწყობის გარანტიას, რომელიც, მიუხედავად ჩვენი კონსორციუმის წინადადებისა – ინფრასტრუქტურაც ჩვენ დაგვეფინანსებინა და აგვეშენებინა არ იქნა მიღებული და ეს თხოვნაც უპასუხოდ დარჩა ყველა სხვა დანარჩნთან ერთად, რომელთა ჩამოთვლა საგაზეთო ინტერვიუში შეუძლებელია!

 

მახსენდება, ჩვენი შეკითხვების სიმრავლის გამო, მთავრობიდან ასე გვიპასუხეს – „რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკურენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?“

 

ჩვენი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო – ჩვენ პორტის მშენებლობას სერიოზულად ვაპირებთ და შეკითხვებსაც ამიტომ ვსვამთ!

 

ბუნებრივია, საქმისადმი ასეთი მიდგომა, ქვეყნის ანგაჟირებული მთავრობის თვალში, ჩვენი მისამართით გაღიზიანებას იწვევდა და საბოლოოდ, ყველა ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. არადა, ბოლო მომენტამდე ველოდით, მთავრობაში მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მიახვედრებდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ მინისტრებს და უშუალოდ პრემიერმინისტრს, რომ ტენდერში გამარჯვებულის – „სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტენდერის პირობებზე უპრეტენზიო თანხმობა“ ათასწლეულის პროექტს ჩაშლიდა, რაც, სამწუხაროდ აცხადდა კიდეც!

 

თქვენი შეკითხვის არ იყოს – მესამე ივნისი მიიწურა „ანაკლია პორტის“ მშენებლობა კი დღემდე არ დაძრულა!

 

- მესამე ივნისი მიიწურა, რაც თქვენ საქართველო დატოვეთ და აქ არ გამოჩენილხართ. რა ვუთხრათ „ანაკლია პორტის“ მშენებლობით დაინტერესებულ მკითხველს:

- ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ, მთავრობის უნდობლობის გამო განაწყენებულმა დატოვა საქართველო?

- სად მოღვაწეობდა იგი ამ დროის მანძილზე?

- ფუნქციონირებს თუ არა თქვენი კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“?

- საბოლოოდ ჩამოშორდა ბატონი თეიმურაზ ქარჩავა „ანაკლია პორტის“ ფაქტიურად ჩაშლილი მშენებლობის იდეას, თუ, შეიძლება იგი კვლავ ჩადგეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის უკეთესი მომავლის სამსახურში?

- ის, რომ, „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ ანაკლია ში პორტის ამშენებლები არ იყვნენ, ჩემთვის, მათი ტენდერში გამოჩენისთანავე იყო ცნობილი!

 

იქნება მკითხოთ - რა არგუმენტზე დაყრდნობით ვაცხადებ ამას?

 

ამ კითხვაზე საქართველოს მთავრობამ გვიპასუხა ფინიშის სწორზე - „რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკურენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?“

 

როცა, ასეთი უპასუხისმგებლო მონაწილე გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად (სინამდვილეში „ანაკლია პორტის“ ტენდერს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი კონსორციუმი, ქვეყნის მთავრობისგან სატენდერო პირობებზე უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მოლოდინში თამაშგარეთ დატოვეს), ჩემი საქართველოში დარჩენა, უამრავ კითხვას გააჩენდა და ისედაც გართულებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებდა...

 

მომიყვნენ, - მავანმა ისიც კი სცადა, ჩემთვის დაებრალებინა საქართველოს მთავრობის და მისი რჩეულის „ხაზარაძე და კონტი ჯგუფის“ წარუმატებელი, ფულის სამათხოვრო ვოიაჟი დედამიწის გარშემო!

 

წარმოიდგინეთ, ეს ორი წელი საქართველოში რომ ვყოფილვიყავი, რამდენ პროვოკაციებს მოაწყობდნენ ჩემი და ჩემი კონსორციუმის წინააღმდეგ, ოღონდ, თავი დაეძვრინათ ჩასვრილი საქმიდან!

 

აქვე უნდა ვთქვა - მიუხედავად ყველაფრისა, ყურადღებით ვადევნებდი თვალს საქართველოს მთავრობის და მისი „რჩეულის“ მცდელობას, მოეძიათ პორტის ასაშენებელი თანხები (რაც ტენდერში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებამდე მზად უნდა ჰქონოდათ!) და მზად ვიყავი შესაძლებლობების ფარგლებში დავხმარებოდი კიდეც, მაგრამ, როცა ისინი, ჩემი კონსორციუმის წევრებს მიადგნენ ფულის სამათხოვროდ, მაშინ მივხვდი, რა დონის ავანტიურისტებთან გვქონდა საქმე მე და საქართველოს მოსახლეობას!

 

-ასეთ ხალხს როგორ უნდა გავუნაწყენდე?

-

მაშინაც კი არ გავნაწყენებულვარ ამ მთავრობაზე, როცა - 2015 წლის აპრილში ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთ უდიდეს გადამზიდავ კომპანიას MSc-სთან მიღწეული შეთანხმება - ანაკლია პორტის, კონტეინერების ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება (1 200 000 000$) ჩამიშალეს. 

 

შეხვედრიდან მეოთხე დღეს, როცა ურთიერთთანამშრომლობისა და კონტეინერების ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულებაზე უნდა მოგვეწერა ხელი, მორიდებით მაუწყა კომპანიის წარმომადგენელმა, რომ MSc-ს სამეთვალყურეო საბჭომ, საქართველოს მთავრობიდან მიიღო შეტყობინება - „ბატონ თეიმურაზ ქარჩავას და მის კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკს“ ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა არ გააჩნიაო!“

 

მაშინ ვიფიქრე - მტერი მყავს ალბათ და მთავრობის სახელი გამოიყენა-მეთქი!

 

განაწყენებულს არ დამიტოვებია საქართველო, - გულდაწყვეტილი კი წამოვედი ორი წლის წინ, იმის გამო, რომ ამ ჩინოვნიკებს, სახელმწიფო სამსახური პირად ბიზნესად აქვთ ქცეული!

 

რას ვაკეთებდი საქართველოდან წასული?

 

- ბუნებრივია, უსაქმურად არ ვყოფილვარ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რომ იტყვიან, საქართველოში ერთი ცენტი არ მიშოვია, მე იქ „ბიზნესი“ არ მქონია. 

 

უპოვართა თანადგომა, ქველმოქმედება, ელესია-მონასტრების აღდგენა, ახლის მშენებლობა, ანაკლია პორტის პროექტთან დაკავშირებული 20 წლის მანძილზე ჩემი საქმიანობა და ინვესტიციები პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ დამიგეგმავს, ყველა ეს საქმე ჩემი ქვეყნის და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყო გამიზნული.

 

გვიან მივხვდი, - ურთულესი საქმე ყოფილა, ჩვენს დროში, საქართველოში კეთილი საქმის კეთების ნებართვის მოპოვება!

 

კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ რა თქმა უნდა ფუნქციონირებს (ჩვენი, აწ უკვე ყოფილი კონკურენტის მსგავსად, იგი სახელდახელოდ არ შეგვიქმნია „ანაკლია პორტის“ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად), მასში შემავალ კომპანიებთან ერთად, მათ შორის „ფაუერ ჩაინასთან“ ერთად და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. აქტიურად ვმონაწილეობთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მეგაპროექტების განხორციელებაში, როგორც ინვესტიციებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

 

მეც მაქვს შეკითხვა თქვენს გაზეთთან და საქართველოს მთავრობასთან!

 

- ბრძანეთ!

 

- ყურადღება მიაქციეთ, რა მოთხოვნებს უყენებდა ქვეყნის მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს და როგორ შესრულდა იგი:

 

„ანაკლია პორტის“ ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს, - „სახელმწიფოსთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღიდან არა უგვიანეს 10(ათი) კალენდარული დღისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა გადაიხადოს აუნაზღაურებადი „ხელმოწერის ბონუსი“ 3.000.000 (სამი მილიონი აშშ დოლარი) აშშ დოლარის ოდენობით.“

 

ამის გარდა, ტენდერში გამარჯვებულს მზადყოფნაში უნდა ჰქონოდა - „წინასამშენებლო გარანტია. პერფორმანს გარანტია 20 მილიონის ოდენობით ყოველი გაფართოების ფაზისთვის. ასევე, დამატებითი პერფორმანს გარანტია 40 მილიონის ოდენობით, რომელიც მთელ საინვესტიციო პერიოდზე ვრცელდება.“

 

- რა ბედი ეწია ამ ზემოთხსენებულ მილიონებს?

 

- ხომ არაფერს გეუბნებათ ის ფაქტი, რომ ზღვის ნაპირის ჩიჩქნა ბიუჯეტის ფულით დაიწყეს?

 

- ვინ გვიპასუხებს - სად არის ეს თანხები?

 

ვიდრე „ანაკლია პორტის“ მშენებლობის ახალ შესაძლებლობაზე ჩამოვაგდებდეთ სიტყვას, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, სადაც მიუკერძოებელი უცხოელი აუდიტი ჩაერთვება. დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, როგორ მოხდა უფულო კონსორციუმის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადება, რა გაკეთდა 2016 წლის 8 თებერვლიდან დღემდე, ვისი და რა ოდენობის თანხები დაიხარჯა ანაკლიაში ჩატარებულ სამუშაოებზე, მოსახლეობის გასახლებისთვის გადახდილი კომპენსაციის ჩათვლით!

 

ხომ არ ავიწყდება მთავრობას, სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ჩემი კომპანიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული პორტის ასაშენებელი მიწების საკითხი, დღემდე სასამართლო პროცესებს რომ ელოდება?

 

აქამდე ვიმედოვნებდი საქმე დაიძვრებოდა, მაგრამ, დღეს, როცა ყველაფერი გამოაშკარავდა და ცხადია ესენი ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ არიან, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილონ ჩემი კომპანიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 2100 ჰექტარი მიწის ფართობის დაბრუნების საკითხი!

 

საქმე მზად არის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სასამართლოზე გასატანად.

 

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, მე და ჩემი კონსორციუმის წევრები „ანაკლია პორტის“ მშენებლობაში ჩართვაზე!

 

უახლოეს დღეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და იქ უფრო ვრცლად ვისაუბროთ!

 

ხაზარაძის ბანკირობა არაფერს ნიშნავს, მსგავსი პროექტების დაფინანსების ნდობის მოსაპოვებლად. არც მისი კომპანიონი, ამერიკელი კონტი გახლავთ დიდი ხვითო, საერთაშორისო საინვესტიციო სარბიელზე! 

 

უცხო არ უნდა იყოს, რასაც ახლა ვიტყვი - ამერიკელი „კონტი“ ანაკლიის მიდამოებში სამუშაოს (შეკვეთის) საძებნელად გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაჩაღდა საუბარი. გასაოცარია, როგორ გახდა იგი მეგაპროექტის ინვესტორი?!

 

შედარებისთვის, თქვენი ნებართვით ჩვენი კონსორციუმის „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ წევრებს დაგისახელებთ:

 

1.POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი);

2.AECOM TECHNIKAL SERVICES INC (აშშ);

3.BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი);

 

მიმაჩნია, ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის, თუ რა წინასამშენებლო გარანტიები გააჩნდა ჩვენს კონსორციუმს, რომლებიც საქართველოს მაშინდელ მთავრობას წარედგინა:

 

თურქული სამშენებლო კომპანია „B. ERGÜNLER YOL YAPI INSAAT TAAHHUT MADENCILIK AS“-ის საბანკო გარანტია 180 მილიონ აშშ დოლარზე.

 

ყოველივე ზემოთთქმულისა და წარმოდგენილი გარანტიების შემდეგ, საუბარი „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ უპერსპექტივობაზე და მისი დაფინანსების საეჭვოობაზე მხოლოდ ამ პროექტისადმი მტრულად განწყობილს შეუძლია!

 

ალბათ დამიჯერებთ, რომ - მე არ მინდა იგი, საქართველოს მთავრობის ან ქართული მედიის წარმომადგენელი იყოს!

 

„ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ სახელით

დავით ქობალია 

 

P.S. 2014 წელს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში, საბანკო ექსპერტებთან ერთად კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ „ანაკლია პორტის“ პროექტის განხილვის შემდეგ დადებული დასკვნის მოკლე შინაარსს გავიხსენებ:

 

„კონსორციუმ ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის დამფინანსებლის ჩამონათვალი უნიკალურია, სადაც წამყვანი პოზიცია ჩინურ სახელმწიფო გიგანტ კომპანიას „ფაუერჩაინას“ უკავია. 

 

ის, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აძლევს საბანკო, ან სახელმწიფო გარანტიას ტენდერში გამარჯვებულს და მიუხედავად ამისა, ჩინური სახელმწიფო კომპანია „ფაუერჩაინა“ მზადყოფნას გამოთქვამს დააფინანსოს პროექტი, თვითონვე ააშენოს იგი და მისი ექსპლოატაციაც უზრუნველყოს, პროექტის გარანტირებულ წარმატებას განაპირობებს. 

 

ბატონებო, ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის დაწყებას, პროექტის მასპინძელი ქვეყნის მთავრობის კეთილი ნება აკლია მხოლოდ!“

 

აქვე მკითხველს ვთავაზობ, „ფაუერჩაინა“-ს საზღვარგარეთის ბიზნეს-დანაყოფის პრეზიდენტის ბ-ნ დინგ ჩენგგუოს მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გამოგზვნილ წერილს, სადაც იგი საქართველოს მთავრობას აუწყებს:

 

„...ჩვენ აღნიშნულ პროექტში ინტერესთა გამოხატვის ადრეული ეტაპიდან ღრმად ვართ ჩართულნი ბატონ თეიმურაზ ქარჩავასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად. 

 

როგორც პოტენციურმა ინვესტორმა, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისათვის, რომ ჩინეთის ხელისუფლებისგან წინამდებარე პროექტისათვის სახელმწიფო მხარდაჭერა მოგვეპოვებინა. ჩვენ კარგად გვესმის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა თქვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და ამ პროექტში მონაწილეობის მიღების ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია საჭირო შესაძლებლობა და გამოცდილება ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისათვის.

 

თქვენო აღმატებულებავ, „ფაუერჩაინას“ მტკიცე განზრახვა ანაკლია პორტის პროექტთან მიმართებაში არ შეცვლილა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობის მიერ შერჩეულ იქნება კეთილსინდისიერი საინვესტიციო პირობები და შეიქმნება რისკის განაწილების მექანიზმი მთავრობასა და ინვესტორს შორის, იმისათვის, რომ ძირითად ინვესტორად მოზიდული იქნას პორტის საინვესტიციო კომპანია და ასევე იმისათვის, რომ ბანკებმა წინამდებარე პროექტი მიიღონ, როგორც დაფინანსებადი პროექტი.“

 

როგორც ხედავთ, ბატონი დინგ ჩენგგუოს ოპტიმიზმი არ გამართლდა. „შესანიშნავმა სამეულმა“ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის შემადგენლობით სულ ფეხებზე დაიკიდეს „ფაუერჩაინა“ თავისი 70 მილიარდიანი ბრუნვით და ისეთი ხელოვნური ბარიკადები აღმართეს, ისეთი აბსურდული მოთხოვნები წაუყენეს, ისეთი ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული აბლაბუდები დახლართეს, „ფაუერჩაინა“ მიხვდა, რომ ამათთან საქმის დაჭერა არ ღირდა.

 

როგორც ამბობენ, - სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, „ფაუერჩაინა“ თვითონ ამბობს უარს პროექტის განხორციელებაზე და საკუთარი ნებით ტოვებს ასპარეზსო!

 

შედეგი: ქვეყანას ხელთ შერჩა მოპარტახებული ანალიის სანაპირო და პორტის აშენების გაურკვეველი, ბუნდოვანი, პესიმისტური პერსპექტივა.

 

ტენდერი რომ მიკერძოებულად, კანონის სრული დარღვევით, სატენდერო პირობების უგულვებელყოფით ჩატარდა, ამის გამორკვევა და დამტკიცება ადვილზე ადვილი საქმეა, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იმ დოკუმენტებს გადაავლებს თვალს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამწუხარო და გამაოგნებელ ისტორიას ასახავს.

 

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ამ დოკუმენტების შესწავლა, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი თვითონ მონაწილეობდა და თვითონ ლობირებდა ანაკლია პორტის ტენდერის გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში.

 

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა ობიექტურად შეისწავლის ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ამ საუკუნის აფიორაში მონაწილე ყველა პირს სათანადოდ მიუზღავს.

 

კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე - ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედი იყო, სადაც ნელ-ნელა იძირებოდა და უჩინარდებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.

 

მადლობა ღმერთს, ეს სამკუთხედი დაიშალა, მაგრამ სანამ ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება და არ ამოიძირკვება ის შხამიანი ფესვები, რაც მათ ქართული ეკონომიკის წიაღში ასე ღრმად ჩაუშვეს, მანამდე ეკონომიკის წინსვლა უკიდურესად შეფერხდება.

 

დ. ქობალია 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: