ალექსი პეტრიაშვილი ევროპაში ვიზიტს აგრძელებს

ალექსი პეტრიაშვილი ევროპაში ვიზიტს აგრძელებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ვიზიტის  ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა  ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან,  ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან მარკო მიჰკელსონსა და ტაავი როივასთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები  სხადასხვა სფეროებში. ალექსი პეტრიაშვილმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი უცვლელია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ახალი მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა მეგობარი ქვეყნის - ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრებზე, ასევე, ვრცლად ისაუბრა "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს უცვლელი პოზიციისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა ესტონეთის მიერ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარებისა და ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაში მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ესტონეთის მხარესთან შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ახლადარჩეული მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც  მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირების ეფექტურ მექანიზმს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ალექსი პეტრიაშვილის სხვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: