Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-11-2012, 15:01
ნანახია: 5155

რატომ გაუჯიუტდა კახა შარტავა ბიძინა ივანიშვილს

საპარლამენტო უმრავლობის ერთ-ერთმა წევრმა, "ფორუმელმა" ანი მიროტაძემ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ "ეროვნული ფორუმი" მზად არის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოს" შეერწყას და იგი პოლიტიკურად და ორგანიზაციულად გააძლიეროს!


აღნიშნული ინიციატივა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში პარტიის ყრილობა იგეგმება და საბოლოო გადაწყვეტილებას იქ მიიღებენ. ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ გაერთიანებული პარტიის ლიდერი თვითონ იქნება.


დროული და სწორი გადაწყვეტილებაა _ მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო" ოფიციალურად დარეგისტრირდა და სტრუქტურულადაც, ასე თუ ისე ჩამოყალიბდა, არჩევნებამდე ძირითადი აქცენტი მაინც კოალიციის გაძლიერებისკენ იყო აღებული. მიზანი მიღწეულია _ კოალიცია "ქართული ოცნება", რომელიც რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება, ხელისუფლებაშია, მაგრამ უყურადღებოდ დარჩა უშუალოდ ივანიშვილის სახელთან ასოცირებული პარტია, რომლის ლიდერები საკანონმდებლო და აღმასრულებელ  ხელისუფლებაში გადაბარგდნენ.


პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" ორგანიზაციულად და სტრუქტურულად გაძლიერება უდავოდ სჭირდება! ამის აუცილებლობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: პირველი _ ჯერ კიდევ არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში შესვლის შემდეგ აუცილებლად დაიშლებოდა. ზოგადად, ასეთი გაერთიანებები საკმაოდ მყიფეა და მათი პოლიტიკური "ქორწინება" "განქორწინებით" სრულდება ხოლმე. თუმცა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შენარჩუნდეს.


აქედან გამომდინარე, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ პირდაპირ ვიტყვით, სუსტი პოლიტიკური წარმონაქმნის ამარა რჩება. სავსებით შესაძლებელია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოალიციიდან გასვლა პირველმა "რესპუბლიკელებმა" მოინდომონ. მათი გადაჭარბებული ამბიციები და დღევანდელ ხელისუფლებაში საკმაოდ წონადი პოზიციები ამის გაკეთების საშუალებას აძლევთ.


რაც შეეეხება ირაკლი ალასანიას, მისი საპრეზიდენტო ამბიციებისა და ივანიშვილთან პოზიტიური ურთიერთობის გათვალისწინებით შეიძლება ჯერჯერობით კოალიციიდან გაქცევა არ მოინდომოს, მაგრამ ყველანაირად ეცდება პარტიული პოზიციები გაიმყაროს. ამის ნიშნები არჩევნების დამთავრებისთანავე გამოიკვეთა. სხვაგვარადაა საქმე ძიძიგურთან და დავითაშვილთან მიმართებაში _ მათ ოქტომბრის არჩევნებში მაქსიმუმი მიიღეს და ეცდებიან ბოლომდე შეინარჩუნონ, ანუ ივანიშვილისგან გაქცევა მათ ინტერესებში არ შედის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად ქმნიან ისინი ამინდს დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობაში.


მეორეც, ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ (ამ ბოლო ხანებში დააკონკრეტა, რომ თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის აუცილებლობა იქნება არ იჩქარებს!) იგი ოპოზიციაში, ანუ სამოქალაქო სექტორში გადასვლას აპირებს (არჩევნებამდე იმასაც ამბობდა, რომ საკუთარ მთავრობას სამოქალაქო სექტორიდან გააკონტროლებდა).  აქედან გამომდინარე, ივანიშვილს საკუთარი პარტიის სახით ძლიერი პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდება, რისთვისაც დღეიდანვე უნდა იზრუნოს!
მართალია, "ეროვნულმა ფორუმმა" სურვილი გამოთქვა "ქართულ ოცნებას" შეერწყას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი პარტიული ბირთვი პარლამენტშია, არა მგონია, მათ "ქართული ოცნების" გაძლიერებისთვის მოიცალონ! ჯერჯერობით არ ვიცით, რა სამზადისი მიმდინარეობს "ქართულ ოცნებაში" და ვის ვიხილავთ ახალ სახეებად, მაგრამ პარტიას სერიოზული გაძლიერება რომ სჭირდება, ფაქტია.


რაც შეეხება კახა შარტავას, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და არც აღმასრულებელ სტრუქტურაში წასვლა მოისურვა, გვაფიქრებინებს, რომ იგი, ან კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ აღებულ კურსს არ ემხრობა და განზე გადგომას ამჯობინებს, ან ასეთი გაურკვეველი სიჯიუტით უფრო მეტის მიღებას ცდილობს. როგორც  კულუარულ წრეებში საუბრობენ, შარტავას საპრეზიდენტო ამბიციები გაუჩნდა და შესაძლოა ივანიშვილმა იგი ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზროს.


რადგან კახა შარტავაზე ვსაუბრობთ, აქვე დავამატებთ - ცოტა გაუგებარი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომ შარტავა ვერაფერზე დაიყოლია და იქნებ ჟურნალისტებმა გაარკვიონ, რატომ ებუტება იგი ახალ ხელისუფლებას! არა მგონია, ბატონმა კახამ ასკეტური ცხოვრება დაიწყოს და საზოგადოებას საერთოდ გაემიჯნოს, მაგრამ, ჯერჯერობით ძნელია დაადგინო, სად მარხია ძაღლის თავი. მიუხედავად "ივერიონის" ჟურნალისტების არაერთი ცდისა, შარტავასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა _ საინტერესოა, რატომ ემალება იგი ჟურნალისტებს!


ის ფაქტი, რომ განახლებულ-გაფართოებული "ქართული ოცნების" ლიდერი თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება, თავისთავად კარგია, მაგრამ არასაკმარისი პოლიტიკური სუბიექტის გასაძლიერებლად.


როგორც ზემოთ ვთქვი, კოალიცია მყიფე წარმინაქმნია და იგი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიშალოს, რაც ივანიშვილს აიძულებს სახელისუფლო პარტიის ორგანიზაციულ და სტრატეგიულ სრულყოფაზე იზრუნოს, მაგრამ ეს არ არის საზოგადოებისთვის მთავარი. მთავარია, როგორი პოლიტიკური ბალანსი იქნება ქვეყანაში.


თუ დღევანდელი მდგომარეობით შევაფასებთ, საპარლამენტო ოპოზიცია, ანუ "ნაცმოძრაობა" უფრო ჩასაფრებულის პოზიციაში იმყოფება და მის ოპონირებას, თუნდაც სიმართლესთან ახლოს იყოს იგი, "ოქროს ფასი" აღარ ადევს. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, შესაძლოა "ნაცმოძრაობის", როგორც პოლიტიკური სუბიექტის დემორალიზების მოწმენი გავხდეთ, რაც უფრო დიდ საფრთხეს ქმნის საკანონმდებლო რეალობის თვალსაზრისით _ შეიძლება კოალიცია ოპოზიციის გარეშე დარჩეს. ასეთ სიტუაციაში მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები კი უფრო  ცარიელ კარში ბურთის გატანის ტოლფასი იქნება.


რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც თუ გამონაკლისს არ ჩავთვლით, ფაქტიურად მთვლემარე მდგომარეობაშია, ვეჭვობ იგი ივანიშვილის საპირწონედ იქცეს _ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს ვგულისხმობ, რომელსაც ყველა ერთად აღებული ვერ დაუპირისპირდება. მითუმეტეს, ჩვენ მრავალგზის დავამტკიცეთ, რომ ქართული ამბიციების გამო ერთად ყოფნაც გვიჭირს.  რაც შეეხება კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქ დიდი როლი სწორედ ივანიშვილის ფინანსებმა ითამაშა _ უფულოდ და უფუნქციოდ დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტები იძულებულნი გახდნენ ივანიშვილს "ჩახუტებოდნენ".


ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება. თუ მეორეს _ "ნაციონალებს" გამოვრიცხავთ, მითუმეტეს დღის წესრიგში დაჩქარებული წესით დგება მისი ფორმირების აუცილებლობა. სხვანაირად ჩვენ შეიძლება ერთპოლუსიანი პოლიტიკური რეალობა მივიღოთ, რომელსაც  ავტორიტარიზმამდე მივყავართ. სხვათაშორის, საზოგადოებაში ამის საშიშროებაზე უკვე საუბრობენ.


თუ ეს ასეა, ყველაფერი ივანიშვილის კეთილ ნებაზე და საზოგადოების პრინციპულობაზე იქნება დამოკიდებული _ მან არ უნდა დაუშვას ავტორიტარიზმის ჩანასახი ქვეყანაში, რომელიც მომავალში "ნაციონალებსაც" მოგვანატრებს!


ზაურ ნაჭყებია